უკრაინული მედიის თანახმად, NATO-უკრაინის მორიგი ერთობლივი საზღვაო სწავლების საჰაერო მხარდაჭერას და მანევრის მონიტორინგს უზრუნველყოფდა ალიანსის ავიაცია, მათ შორის თურქეთიდან (კონია) აფრენილი შორეული აღმოჩენის რადიოსალოკაციო სისტემით აღჭურვილი „ავაქსის“ თვითმფრინავი.
ამგვარი ინტენსიური სწავლების ჩატარება არავის უკვირს უკრაინაში, რომელმაც ერთ სწავლებას უკვე უმასპინძლა 2021 წელს.
ხოლო ივნის-ივლისში უკრაინა აშშ-ისა და NATO-ს მასშტაბური საზღვაო სწავლების Sea Breeze-ის მასპინძლობისთვის ემზადება. „ეს იქნება ყველაზე ინტენსიური სტრატეგიული სწავლება, რომელშიც, როგორც წესი, 10-ზე მეტი ნატოს წევრი ქვეყნის 10 000 სამხედრო პირი და ათეულობით სამხედრო გემი ღებულობს მონაწილეობას. როგორც წესი, ასეთი სწავლებები ნერვულ რეაქციას იწვევს რუსეთის მხრიდან, რომელიც მანევრებს აღიქვამს, როგორც მისი გავლენის სფეროში ჩარევის მცდელობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინელი ექსპერტი მიხაილო სამუსი, პროფესიული სინდიკატის „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.
მოსალოდნელია, რომ წელსაც საკმაოდ დაძაბული პროპაგანდისტულ-ისტერიული რეაგირება იქნება, მაგრამ უკრაინა აგრესორი მეზობელი ქვეყნიდან წამოსულ კრიტიკას მშვიდად ხვდება და განაგრძობს დასახული გზით სიარულს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
თვალით შეუმჩნეველი მანევრი გაშლილ ზღვაში
10 მარტს უკრაინის ოდესის საზღვაო პორტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს ნატოს დროშებით მცურავ თურქეთის, ესპანეთისა და რუმინეთის სამხედრო გემებს, რომლებიც შავ ზღვაში 25 თებერვალს შევიდნენ.
ლაპარაკია ნატოს მეორე მუდმივ ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფში გაერთიანებულ 4 გემზე, რომელთა ეკიპაჟებიც საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ მალევე მოიყვანეს რუტინულ მზადყოფნაში სამხედრო მანევრებზე ღია ზღვაში გასასვლელად.
ნატოს მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი - ეს არის ალიანსის სწრაფი რეაგირების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც შედგება სამეთაურო ხომალდისა და არა უმეტეს 7-8 გემისგან. ამ ჯგუფის მიზანია საზღვაო ნაღმების მოძებნა და განადგურება, ასევე ხომალდების თანხლება და გაცილება ნაღმებიანი დაბრკოლებების გავლით.
ღია ზღვაში ასეთი სპეციფიკური სწავლება შეუიარაღებელი თვალისათვის შეუმჩნეველია, მით უფრო, რომ ოდესის მახლობლად, შავი ზღვის აკვატორიის ჩრდილოეთ სექტორში გამართულ მანევრებს ჰქონდა საავიაციო სეგმენტი, რომელიც NATO-ს პრესსამსახურის რამდენიმე ფოტოკამერამ დააფიქსირა.
გავრცელებული ცნობით, 10 მარტს შარლ დე გოლის სახელობის ავიამზიდიდან აფრენილმა Rafale-ის კლასის ორმა ფრანგულმა მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა იმიტირებული იერიში განახორციელა ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილე ოდესის პორტისკენ დაძრულ მტრალავ (საზღვაო ნაღმების აღმომჩენ და მომსპობ) გემზე.
საერთოდ, სამეთაურო-საშტაბო მანევრებს ახასიათებს ინსცენირება, იმიტაცია და წამოსახული სცენარების დამუშავება რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში.
თუმცა, ვინაიდან შავ ზღვაში, განსაკუთრებით უკრაინის ნაპირებთან, საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს NATO-სადმი აგრესიულად განწყობილ რუსეთს, სწავლების ორგანიზატორებმა იზრუნეს იმაზეც, რომ შავ ზღვაში შესულ ნატოს ხომალდებს შესაბამისი საჰაერო დაცვაც ჰქონოდა.
ალიანსის მუდმივ ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფში გაერთიანებულ 4 გემს ჰაერიდან დარაჯობდა F-16 კლასის სამი რუმინული გამანადგურებელი, შავ ზღვაში კი სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებდა კონიადან (თურქეთი) აფრენილი „ავაქსის“ სადაზვერვო თვითმფრინავი, აღჭურვილი შორეული აღმოჩენის თანამედროვე რადიოლოკაციური მოწყობილობით.
ასეთი, მოწინავე ძალებთან ერთობლივი, მანევრები აძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეტაპობრივად გადაეწყონ ნატოს სტანდარტებზე.
„შარშანდლიდან უკრაინა, სარდლობის მმართველობისა და სტრუქტურის მხრივ, ნატოს სტანდარტებზე გადავიდა და 2020 წელს აშშ-ის, ბრიტანეთისა და ალიანსის სხვა ქვეყნების მონაწილეობით ჩატარდა სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელზეც პრაქტიკულად უკვე დამუშავდა NATO-ს შტაბების პროცედურები. ეს პრაქტიკა წელსაც გაგძელდება და მას უკვე სტრატეგიული დონე ექნება“, - ამბობს მიხაილო სამუსი.
უკრაინელ ექსპერტს მხედველობაში აქვს ნატოს წევრ ქვეყნებთან 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო მანევრები და, უპირველეს ყოვლისა, მასშტაბური სწავლება Sea Breeze-2021, რომელიც წელს 21-ჯერ გაიმართება.
ამ ტიპის მრავალეროვნულ სამხედრო მანევრებში რეგულარულად მონაწილეობენ საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების მცურავი საშუალებები და ეკიპაჟები, რომლებიც სტრუქტურული რეფორმის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში არიან გაერთიანებული.
უკრაინა აშშ-დან წელს მეტ სამხედრო დახმარებას ელის
თუ NATO უკრაინას ძირითადად მაინც დასავლურ სტანდარტებზე შეიარაღებული ძალების მართვის, დაგეგმარებისა და რესტრუქტურიზების პროცესში ეხმარება, ალიანსის წევრი აშშ უკრაინას ფინანსებით და საბრძოლო იარაღითაც უწევს დახმარებას. ეს ორი დახმარება კი ერთმანეთს ავსებს. აშშ ხშირად შეახსენებს კიევს, რომ ფინანსურ დახმარებას სჭირდება ეფექტური მენეჯმენტი და კორუმპირებული ბიუროკრატიისგან გათავისუფლება.
მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყებამ უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო 125 მილიონი დოლარის ოდენობით. მასში შედის ორი შეიარაღებული საპატრულო კატარღა, რომლებიც გამოყენებული იქნება ტერიტორიული წყლების დასაცავად. Mark VI-ის კატარღების გარდა უკრაინას გადაეცემა არტილერიის საწინააღმდეგო რადარები, თანამგზავრული გამოსახულების, და მისი შესაძლო ანალიზისთვის, ასევე, სამხედროების სამედიცინო დახმარებისა და საომარი ევაკუაციის აღჭურვილობა.
პენტაგონმა გამოაცხადა, რომ სამხედრო დახმარების დარჩენილ 150 მილიონ დოლარს, რომელიც კონგრესის მიერ 2021 საბიუჯეტო წლისთვისაა დამტკიცებული, უკრაინას არ გადასცემენ, სანამ სახელმწიფო უწყებები და თავდაცვის სამინისტრო არ დაუმტკიცებენ კანონმდებლებს, რომ უკრაინამ მიაღწია „საკმარის პროგრესს თავდაცვის სფეროში საკვანძო რეფორმების გატარებაში“.
1 მარტის განცხადებაში საუბარია კერძოდ უკრაინის თავდაცვითი სექტორის სხვა საკვანძო სფეროების მოდერნიზებაზე, ნატოს პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად.
„სწორედ ამ მიზნით უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნება აშშ-ის სამხედრო ძალების საწვრთნელი მისია. უკრაინა მომავალშიც ელოდება ვაშინგტონისაგან ახალ ლეტალურ შეიარაღებას. დაბოლოს, უკრაინასთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, როგორც ჩანს, განიხილება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების 250 მილიონიდან 500 მილიონ დოლარამდე გაზრდის საკითხი“, - ამბობს მიხაილო სამუსი.
თებერვლის ბოლოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ სერიოზულად არის დაინტერესებული უკრაინის გაძლიერებით.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და არასოდეს აღიარებს კრემლის მიერ მეზობლის ტერიტორიის ანექსიას.
კომენტარი ჯო ბაიდენმა გააკეთა 26 თებერვალს, როცა უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის, ანექსიის წლისთავი აღნიშნა.
ეს იყო ტერიტორიის პირველი მიტაცება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე. რუსეთმა 2014 წელს დაიკავა ყირიმი, რასაც მალევე მოჰყვა სეპარატისტების ამბოხი და საბრძოლო დაპირისპირება აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც დღემდე გრძელდება სნაიპერებისა და ე.წ. ნაღმების ომის სახით.
10 მარტს, იმ დროს, როდესაც ოდესაში NATO-ს ხომალდებმა ჩაუშვეს ღუზა, უკრაინის შესახებ ილაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
კონგრესში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრის დროს ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგება ყირიმის ანექსიას და იმას, რასაც რუსეთი აკეთებს დონბასში.
აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის ხელისუფლებასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებს შორის. ბრძოლების შედეგად ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.
უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები სწორედ რუსეთს ადანაშაულებენ დონბასელი სეპარატისტების სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაში.
მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირებას ცენტრსა და რეგიონს შორის არსებულ შიდა კონფლიქტს უწოდებს.