Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Sea Breeze-ი, რუსული მილიტარიზმი და საქართველო


Sea Breeze-ი (2019)
Sea Breeze-ი (2019)

20 ივლისს უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში საზეიმოდ გაიხსნა ნატოს საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze - 2020“.

სწავლების ლეგენდა შავი ზღვის ერთ-ერთ კრიზისულ რაიონში გაერთიანებული ძალებით უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სწავლებაში მონაწილეობს ნატოს ექვსი და ორი პარტნიორი ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს, 2 000-მდე ჯარისკაცი, 27 გემი და 19 სამხედრო თვითმფრინავი.

საქართველოს ნატოს მრავალეროვნულ სწავლებაზე წარმოადგენს სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) და მისი ეკიპაჟი, რომელმაც მანამდე ბულგარეთში გამართულ ათდღიან საზღვაო სწავლება "Breeze 2020"-ში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სწავლებების სცენარსა და მანევრების სამხედრო სარდლობის ოფიციალურ განცხადებებში აქცენტი მხოლოდ წარმოსახულ მოწინააღმდეგესა და ვირტუალურ საფრთხეზე კეთდება, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ყველასთვის ნათელია, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს რეალურ საფრთხეს დანარჩენი შავი ზღვისპირა სახელმწიფოებისათვის.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც უკრაინის ოდესის პორტში ერთიან საზეიმო მწყობრში იდგნენ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მეზღვაურები, ყირიმის დასავლეთში მდებარე ქალაქ ქერჩში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელიც მანამდე 16 ივლისს გეგმავდა იქ ჩასვლას.

სწორედ ანექსირებულ მიწაზე გამოცხადდა 20 ივლისს ექვსი ახალი საბრძოლო გემის მშენებლობის დაწყების შესახებ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის, რომელიც, პუტინის თქმით, „განსაკუთრებულ როლს თამაშობს რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ხელს უწყობს მსოფლიოში სტრატეგიული ბალანსისა და სტაბილურობის დაცვას“.

წარმოსახული მოწინააღმდეგეები და რეალური გამოწვევები

ვინაიდან პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობა ნატოსათვის ძალიან ფასობს, ამიტომ, კორონავირუსის ეპიდემიის გათვალისწინებით, მე-20, საიუბილეო, „Sea Breeze“-ის სცენარში გარკვეული ცვილებები შევიდა. კერძოდ, მინიმუმამდე შეიზღუდა სამხედროებს შორის კონტაქტი და სამხედრო სარდლობამ უარი თქვა სახმელეთო კომპონენტზე.

იმ ერთი კვირის განმავლობაში, როცა „Sea Breeze-2020“, ხატოვნად თუ ვიტყვით, ოდესის სანაპიროზე იქროლებს, მხოლოდ ავიაციას და გემებს მოუწევთ საერთაშორისო საზღვაო ოპერაციის ჩატარება შავი ზღვის ერთ-ერთ კრიზისულ რაიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ყველაზე კრიზისული რაიონი შავი ზღვის რეგიონში ამჟამად რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულია, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საარმიო კორპუსმა სწორედ „Sea Breeze-2020“-ის წინ ჩაატარა სწავლება საზღვაო დესანტის განადგურების მიზნით.

რუსული სწავლების სცენარშიც მთავარი ამოცანა ყოველთვის წარმოსახული მოწინააღმდეგის განადგურებაა, თუმცა სამხედრო მანევრის შენიღბულ ლეგენდაში ისევე არ იმალება რეალური მეტოქე, როგოც ხალთაში - შუბი.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, სწავლება მაქსიმალურად მიახლოებული იყო საბრძოლო ვითარებასთან და მიზნად ისახავდა „შავი ზღვის ფლოტის საარტილერიო მხარდაჭერით პირობითი მოწინააღმდეგის დესანტსაწინააღმდეგო ზღუდეების გარღვევას და ბრძოლით დაკავებულ სიმაღლეებზე მძლავრი თავდაცვითი პუნქტების შექმნას“.

ამ მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებისათვის მთავარი გამოწვევა სევასტოპოლიდან, დაახლოებით, 600 კილომეტრით დაშორებულ ოდესაში განლაგებული უკრაინული სამხედრო-საზღავო ძალებია.

2014 წელს, როდესაც რუსეთმა სამხედრო ძალით ხელთ იგდო ყირიმის ნახევარკუნძული, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაკარგეს თითქმის ყველა გემი, მეზღვაურების უმრავლესობამ ან სამსახურზე თქვა უარი ან დეზერტირად იქცა. მოკავშირეების დახმარებით უკრაინა ცდილობს აღადგინოს სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოწინააღმდეგის პირისპირ ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან.

ყველას კარგად ახსოვს ორი წლის წინანდელი საზღვაო ინციდენტი რუსეთსა და უკრანას შორის. 2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს, ხელში ჩაიგდეს ისინი და ტყვედ აიყვანეს უკრაინის 24 მეზღვაური. ინციდენტი მაშინ მოხდა ქერჩის სრუტეში, რომლის გავლითაც უკრაინული ხომალდები აზოვის ზღვაში უკრაინის პორტ მარიუპოლში შესვლას აპირებდნენ.

კატარღები „ნიკოპოლი“, „ბერდიანსკი“ და ბუქსირი „იან კაპი“ უკრაინამ შარშან ნოემბერში დაიბრუნა, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების დიდი გაცვლის ფარგლებში.

მაგრამ უკრაინელი სამხედრო მეზღვაურები ოცნებობენ იმ დროზე, როდესაც ისინი კვლავ დაბრუნდებიან სევასტოპოლში - თავიანთი მთავარი ბაზირების საპორტო ქალაქში.

ამაზე სრულიად აშკარად მიანიშნა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ალექსეი ნეიჟპაპამ, რომელიც 11 ივნისიდან შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, მაგრამ მოსკოვის თვალში უკვე იქცა პერსონა ნონ-გრატად.

ნეიჟპაპა რუსეთს უწოდებს „იმპერიას“ და არ გამორიცხავს რუსეთთან ფართომასშტაბიან კონფრონტაციას, თუ რუსეთის ჯარი შეეცდება ყირიმიდან შეიჭრას ხერსონის ოლქში, რათა შესაძლებელი გახდეს მდინარე დნეპრის წყლის გაშვება ჩრდილოეთ ყირიმის არხში.

„მე არ გამოვრიცხავ ასეთ მოქმედებას რუსეთის იმპერიის მხრიდან. ჩვენ ვემზადებით. ყველაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ, აი, ერთი პატარა ფაქტი: სარაკეტო კომპლექს „ნეფტუნის“ სროლის სიშორე შესაძლებლობას იძლევა ის გამოყენებულ იქნეს მატერიკული უკრაინიდან სევასტოპოლის მისადგომებამდე. ჰოდა, მაშინ ვნახოთ“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში უკრაინელმა ვიცე-ადმირალმა ალექსეი ნეიჟპაპამ, რომელიც ზემოხსნებული „Sea Breeze-2020“-ის ხელმძღვანელია, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი.

რუსეთის სახიფათო მილიტარიზმი და ნატოს პასუხი

რუსეთში უკვე განაცხადეს, რომ ნატოს შავი ზღვის ნაპირებზე აქტიურობა და სწავლება „Sea Breeze-2020“ რეგიონალურ უსაფრთხოებას კი არ აძლიერებს, არამედ ასუსტებს.

ეს მორიგი ფრაზებია, რომელთაც რუსული დიპლომატია მანტრასავით იმეორებს ყოველთვის, იქნება ეს ნატოს სამხედრო მანევრები უკრაინაში თუ კავკასიელ მეზობელ საქართველოში.

მაგრამ ნატოს მრავალეროვნული სწავლებების ხანგრძლივობა და მასშტაბები ახლოს ვერ მივა საბრძოლო მზადყოფნის იმ ტოტალურ შემოწმებასთან, რომელიც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 17 ივლისს დაიწყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და რომელიც სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს მასშტაბური სწავლება „კავკასია-2020“-ით.

საბრძოლო განგაშის ბრძანება, რომ იტყვიან, დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ვლადიმირ პუტინი ანექსირებულ ქალაქ ქერჩში ჩავიდა და იქიდან გამოაცხადა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის განკუთვნილი 6 ახალი საბრძოლო გემის მშენებლობის დაწყების შესახებ.

„დღეს რუსეთის წამყვან სამ გემთმშენებელ ქარხანაში საფუძველი ეყრება შორეული საზღვაო ზონებისათვის განკუთვნილი ახალი ექვსი გემის მშენებლობას. აქ, ქერჩში, ეს არის ორი უნივერსალური სადესანტო გემი, ორი ფრეგატი -სანკტ-პეტერბურგში და ორი ატომური წყალქვეშა კრეისერი - სევეროდვინსკში“, - განაცხადა ქერჩში მყოფმა ვლადიმირ პუტინმა 20 ივლისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ოდესაში სტარტი აიღო ნატოს მრავალეროვნულმა სამხედრო-საზღვაო წვრთნამ, „Sea Breeze- 2020“-მა.

პუტინის ეს სიტყვები მოწმობს, რომ, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს არმიის გადაიარაღების ძვირადღირებულ სახელმწიფო პროგრამას.

„შეცვლილი კონსტიტუციით დღეს ვხედავთ კიდევ უფრო აგრესიულ რუსეთს, რომელიც თავისი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ უფრო მეტად უპირისპირდება დასავლეთს. ბოლო სამხედრო სწავლება შავ ზღვაზე, მოულოდნელი სამხედრო განგაში და დაგეგმილი სამხედრო სწავლებების ინტენსივობა და მასშტაბები, ისევე როგორც ნატოს სამხედრო თვითმფრინავებისა თუ სამხედრო გემების ადევნება ამის ნათელი ილუსტრაციაა, კრემლის პოლიტიკურ განზომილებასთან ერთად“, - უთხრა თეონა აქუბარდიამ, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელმა, რადიო თავისუფლებას.

ამ ფონზე ძალიან საყურადღებოა ის განცხადება, რომელიც ოდესაში აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალმა, იუჯინ ბლეკმა, გააკეთა.

„შავი ზღვა - ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო გზა. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ევროპის სტაბილურობისთვის. ამიტომ, როდესაც ადამიანები მეკითხებიან, თუ რატომ ღებულობენ არა შავი ზღვის ქვეყნები მონაწილეობას („Sea Breeze- 2020“-ში), ჩემი პასუხია: იმიტომ რომ აშშ-ს, ნატოელ მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს გაცნობიერებული აქვთ არა მხოლოდ შავი ზღვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელობა, არამედ იმ შესაძლებლობის მნიშვნელობა, რომ ვიმოქმედოთ ერთად და შევაკავოთ მოწინააღმდეგის აგრესია“, - განაცხადა 20 ივლისს მეექვსე ფლოტის სარდალმა და ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა, გენერალმა იუჯინ ბლეკმა.

შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო

ნატოს მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2020“-ში წარმმართველი ხომალდის, ფლაგმანის როლს ასრულებს აშშ-ის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი USS Porter-ი.

ამ გემს საქართველოში კარგად იცნობენ.

სარაკეტო გამანადგურებელ USS Porter-ს სულ ახლახან, 23 ივნისს, ღუზა ფოთში ჰქონდა ჩაშვებული.

უკრაინაში დაწყებულ საზღვაო სწავლებაში მონაწილეობს ნატოს ექვსი და ორი ასპირანტი პარტნიორი ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს, 2 000-მდე ჯარისკაცი, 27 გემი და 19 სამხედრო თვითმფრინავი.

საქართველოს ოდესაში მიმდინარე ნატოს მრავალეროვნულ სწავლებაზე წარმოადგენს სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) და მისი ეკიპაჟი.

ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კუთვნილი მცურავი საშუალება, რომელმაც მანამდე ბულგარეთში გამართულ ათდღიან საზღვაო სწავლება "Breeze 2020"-ში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.

აქვე ვიტყვით, რომ “Sea Breeze”-სა და „Breeze”-ს შორის განსხვავება მინიმალურია.

თუ პირველ შემთხვევაში მასპინძელი ქვეყანა უკრაინაა, "Breeze"-ი ბულგარეთის საზღვაო ძალების ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი, საზღვაო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ოპერაციული და ტაქტიკური ურთიერთქმედების გაძლიერებაა.

შავ ზღვაზე მანევრები ნატოს დიდი იმპერატიული ამოცანის, „შავი ზღვის უსაფრთხოების“, ნაწილია.

და შავი ზღვის ყველაზე პატარა სახელმწიფოს, საქართველოს, ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის გარდა, სხვა მხრივაც შეუძლია დივიდენდის მიღება ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის რეალიზებისგან, - ამბობს თეონა აქუბარდია.

„ორივე ქვეყანა, საქართველო და უკრაინა, არის რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის მსხვერპლი, თუმცა ორივეს გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ნატოს უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს სტრატეგიული ბალანსის აღდგენა შავ ზღვაზე, რაც ყოვლად შეუძლებელია როგორც ანექსირებულ ყირიმის, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის გარეშე. გარდა ამისა, შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივა, იმ საზიარო დემოკრატიულ რეფორმებთან და ღირებულებებთან ერთად, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ნატოს თითოეული წევრის დასარწმუნებლად გაწევრიანების კუთხით“, - ამბობს თეონა აქუბარდია, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი.

ვინაიდან საქართველო შავი ზღვით, როგორ საზღვაო საზღვრით, ნატოს სამ წევრ სახელმწიფოს - თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს - უკავშირდება, შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციამ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში გააჩინა მოლოდინი, რომ პერსპექტივაში იგი საქართველოსათვის გადაიქცეოდა ერთგვარ „უკანა კარებად“ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესასვლელად.

ამ მოსაზრებას იზიარებს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თუმცა მიიჩნევს, რომ ამჟამად შესაძლოა არ იყოს ხელსაყრელი პერიოდი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.

„მხოლოდ ბრიუსელში მისია ვერ დაგვეხმარება, თუ დედაქალაქის აქტიურობა მინიმალიზებულია. აქ კი საგარეო ფლანგი თავდაცვის ხაზით სრულად მოშიშვლებულია. ამას ემატება თურქეთის ენთუზიაზმის კლება მისი უპირობო ლიდერობის გარეშე რამე გადაწყვეტილების მიღების კუთხით. ამიტომ ერთგვარი ინერციაა და ახალი იდეები არ ჩანს. არ არის პასუხი არც იმ კითხვაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ სრულად ინტეგრირებული და არც იმაზე, თუ როგორ უნდა ვიყოთ. ეს კი ჩვენი საქმეა და ნარატივი ჩვენი შესაქმნელია“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

ჯერჯერობით ნატოს შემდგომი გაფართოების თარიღსა და შესაძლო კანდიდატებზე ბრიუსელში არავინ ლაპარაკობს. კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში.

მაგრამ რაც შეეხება აწმყოს, საქართველო ამჟამად ნატოს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსს ფლობს, როგორც ავსტრალია, ფინეთი, იორდანია, შვედეთი და უკრაინა, რომელმაც ეს სტატუსი 12 ივნისს მიიღო.

ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შესაძლო წევრობისთვის. კერძოდ, ესენია: ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

„მოკავშირეები აღიარებენ რეფორმირების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რომელიც ეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წინსვლაში ნატოში გაწევრიანებისთვის მზადებისას და რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს“, - ნათქვამია 2018 წლის ნატოს სამიტის დეკლარაციის ტექსტში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG