Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოულოდნელი შემოწმების“ კავკასიური განზომილება


რუსეთის სამხედრო ძალების სწავლება
რუსეთის სამხედრო ძალების სწავლება

ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო „ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება“, რომელიც კრემლმა რეგულარულად აქცია ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში საომარი კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, შემოწმებამ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად შესწევს რუსეთის არმიას უნარი, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში და მოამზადოს ნიადაგი სექტემბერში ფართომასშტაბიანი სწავლების, „კავკასია-2020“-ის (Кавказ-2020), ჩასატარებლად.

„ტერორისტული ხასიათის სერიოზული საფრთხეები“

17 ივლისს ვლადიმირ პუტინის, რუსეთის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ბრძანებამ განგაშით წამოყარა 150 000 სამხედრო მოსამსახურე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-გეოგრაფიული დარაიონების თვალსაზრისით, სამხრეთი და დასავლეთი სამხედრო ოლქები, როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, განაცხადა, „მოიცავს 35 სახმელეთო და 17 საზღვაო პოლიგონს, შავი და კასპიის ზღვების აკვატორიას“.

რუსეთის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ტოვებენ საშტატო იარაღასხმული ჯარისკაცები, საავტომობილო და ჯავშანტექნიკა, ავიაცია და გემები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს და მიეშურებიან საბრძოლო სწავლების რაიონისკენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტის თანახმად, საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება ასევე მოიცავს ცენტრალური ქვემდებარებისა და ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტების საჰაერო-სადესანტო ძალებს, ანუ რუსეთის ელიტურ სწრაფი რეაგირების ძალებს, რომლებსაც სხვადასხვა ამოცანის შესრულება ევალებათ, მათ შორის: მოწინააღმდეგის ზურგში ჯარების მართვის მწყობრიდან გამოყვანა, დიდი სიზუსტის მიწისზედა შეიარაღების ხელში ჩაგდება და განადგურება, პლაცდარმის შექმნა, ცალკეული რაიონებისა და ფლანგების დაცვა, მოწინააღმდეგის დესანტის ბლოკირება და განადგურება.

„აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა იმ მიზნით, რომ შეფასდეს შეიარაღებული ძალების უნარი, უზრუნველყოს უსაფრთხოება რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, სადაც ნარჩუნდება ტერორისტული ხასიათის სერიოზული საფრთხეები“, - განაცხადა რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან გამართული ოპერატიული თათბირის დროს თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.

რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელს სხვა დაზუსტება არ გაუკეთებია, თუმცა იმავე აბზაცში მკაფიოდ მიანიშნა, თუ სად ხედავს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა „ამ საფრთხეების“ წყაროს.

„კავკასია-2020“ და მისი შორეული ექო

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით მრავალ სახმელეთო და საზღვაო პოლიგონზე ჩატარდება 56 ტაქტიკური დონის სწავლება, რომელშიც, საერთო ჯამში, 150 000 სამხედრო მოსამსახურე, 26 000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის შეფასების მიზნით დაწყებული ეს მასშტაბური ღონისძიებები კიდევ ერთ მიზანს ემსახურება: სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია-2020“-ის მომზადება, რომლის ჩატარებაც სექტემბერში იგეგმება.

ამ სწავლების ლეგენდა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რუსეთი ყოველ წელს ცდილობს „კავკასიის“ გეგმაში გაითვალისწინოს და დაამუშაოს ისეთი ელემენტი, რომელიც მას შემდეგი პრაქტიკული ამოცანის შესრულებას გაუადვილებს სამხრეთის მიმართულებაზე რეალურ საბრძოლო მოქმედებაში.

ასე იყო 2008 წელს ჩატარებული სამხედრო წვრთნის - „კავკასია-2008“-ის დროს.

მაშინაც მანევრების მთავარ მიზნად სახელდებოდა, სიტყვასიტყვით, „რუსეთის სამხრეთში ტერორისტული საფრთხის პირობებში“ ერთობლივი მოქმედების შეფასება.

მაგრამ ყველაფერი ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის მაშინდელი სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა იგორ კონაშენკოვმა, პირდაპირ განაცხადა, რომ სწავლების მეორე ეტაპი მიზნად ისახავდა ასევე ერთ-ერთი წარმოსახული ქვეყნის „მშვიდობისათვის იძულებას“, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ მიმართული მუქარა ამოიკითხა.

კონაშენკოვის ფორმულირება კი მაშინ ასე ჟღერდა: „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში ვითარების გამწვავების გამო, სწავლების დროს ასევე დამუშავდება საკითხები სამხედრო ოლქის ჯარების მონაწილეობისა მშვიდობისათვის იძულების სპეციალურ ოპერაციებში“.

ეს სიტყვები 2008 წლის 20 ივლისს წარმოითქვა, რუსეთის საქართველოში შემოჭრამდე სამი კვირით ადრე.

ძალის მასშტაბური დემონსტრირება შავ ზღვაზე

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხრეთი და დასავლეთი სამხედრო ოლქები უშუალოდ ესაზღვრება ასევე უკრაინას, რომლის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები კვლავ აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს.

რუსეთის სამხედრო სწავლება
რუსეთის სამხედრო სწავლება

13 ივლისს, უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა: ერთი - სეპარატისტების სანგრებიდან სროლის შედეგად, მეორე - დასახლებულ პუნქტ ზაიცევოსთან ნაღმზე აფეთქდა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა გაგრძელდა მეორე დღეს, როდესაც სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაიცევოსთან დაცემული მებრძოლის ცხედრის წასაღებად მისული სამხედრო ექიმების ჯგუფს. სროლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო ექიმი დაიღუპა.

ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული სამხედრო კონფლიქტის მხარდაჭერის პარალელურად, რუსეთმა მოუხშირა საბრძოლო მდგომარეობის მოულოდნელი შემოწმებებისა და სამხედრო მანევრების გამართვას.

დასავლეთის სახელმწიფოებმა, ცხადია, ბევრჯერ გამოხატეს შეშფოთება ნატოს წევრი და დაწინაურებული პარტნიორების - უკრაინისა და საქართველოს - საზღვრებთან რუსეთის მიერ ჩატარებული მრავალრიცხოვანი სამხედრო სწავლების გამო.

მაგრამ რუსეთი კვლავ განაგრძობს ძალის მასშტაბურ დემონსტრირებას, მათ შორის, სულ უფრო აქტიურად - შავი ზღვის აკვატორიაში.

ზუსტად ერთი დღის წინ, ანექსირებულ ყირიმში დასრულდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბატალიონის დონის ტაქტიკური სწავლება, რომელშიც მონაწილეობდა 500 ფეხოსანი და 70-მდე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, სწავლება მაქსიმალურად მიახლოებული იყო საბრძოლო ვითარებასთან და მიზნად ისახავდა „შავი ზღვის ფლოტის საარტილერიო მხარდაჭერით პირობითი მოწინააღმდეგის დესანტსაწინააღმდეგო ზღუდეების გარღვევას და ბრძოლით დაკავებულ სიმაღლეებზე მძლავრი თავდაცვითი პუნქტების შექმნას“.

მაგრამ ნატო და მისი მოკავშირეები მხოლოდ სიტყვიერი შეშფოთებით როდი უპასუხებენ რუსეთის სამხედრო ძალის დემონსტრირებას.

ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როდესაც, პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი საბრძოლო შემოწმება დაიწყო, მათ შორის, შავი ზღვის აკვატორიაში, ბულგარეთის სანაპიროზე დასკვნით ფაზაში შევიდა საერთაშორისო სწავლება „Breeze 2020".

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც ოფიციალურად 19 ივლისს დასრულდება, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობას იღებენ ნატოს 9 წევრი და ერთი არაწევრი საქართველოს სამხედრო ძალების ოფიცრები.

სწავლება „Breeze 2020“ მიზნად ისახავს ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას და ტაქტიკური ურთიერთქმედების ელემენტების დამუშავებას შავ ზღვაში ერთობლივი ოპერაციების განსახორციელებლად.

მანევრებში მონაწილეობს 27 გემი, 9 თვითმფრინავი და, დაახლოებით, 2413 სამხედრო მოსამსახურე. სხვადასხვა მცურავ საშუალებას შორის „Breeze 2020“-ში მონაწილეობს ასევე აშშ-ის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი USS Porter-ი.

აღსანიშნავია, რომ USS Porter-ი ცოტა ხნის წინ, 23 ივნისს, პირველად ესტუმრა საქართველოს და ღუზა ბათუმის პორტში ჩაუშვა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG