ოკუპირებულ დონეცკში, არტცენტრ „იზოლაციის“ ტერიტორიაზე, რომელმაც სახელწოდება საიზოლაციო ქარხნიდან მიიღო, ახლა საპატიმროა, ფაქტობრივად - საკონცენტრაციო ბანაკი. მასში მოთავსებული არიან „განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედები“.
30 წლის ჟურნალისტი და ბლოგერი, უკრაინის პენ კლუბის წევრი სტანისლავ ასეევი „ჯაშუშობის“ ბრალდებით მოხვდა აქ და მასში გაატარა ოცდარვა თვე - ე.წ. რუსული ჰიბრიდული ძალების ტყვეობაში ყოფნის უმეტესი დრო.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს მისი მშობლიური დონეცკი რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა, ასეევი განაგრძობდა მუშაობას მთელი რიგი უკრაინული მედიასაშუალების, მათ შორის, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისთვის.
2017 წლის 2 ივნისს ის გაიტაცეს დონეცკის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რასაც ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.
2019 წლის ოქტომბერში დონეცკის დე ფაქტო სასამართლომ ასეევს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა „ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნისთვის“. 2019 წლის 15 ნოემბერს ის სეპარატისტებსა და კიევს შორის ტყვეთა და პატიმართა გაცვლის პროგრამაში მოხვდა.
ტყვეობაში ასეევმა წიგნის წერა დაიწყო, მაგრამ პირველი ხელნაწერები ჩამოართვეს. ის ხელახლა შეუდგა წერას. პატიმრების გაცვლისას მას სხვა პატიმარი, ტანკისტი ბოჰდან პანტიუშენკო დაეხმარა ხელნაწერების ფარულად გამოტანაში. პანტიუშენკომ ისინი თავისი ცოლის წერილებში დამალა.
გთავაზობთ ფრაგმენტებს ასეევის წიგნიდან.
ყოფნა-არყოფნა: სუიციდი ტყვედ ყოფნისას
ნაწილი სუიციდის მცდელობებისა, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში იყო „იზოლაციაში“ ყოფნისას, ერთობ ნიშანდობლივია. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა ადამიანი შეეცადა ლურსმნით გადაეხსნა ვენები შოკურ მდგომარეობაში, რომელშიც წამების შემდეგ იმყოფებოდა. მაგრამ ამ სიტუაციაშიც არ დამდგარა ლეტალური შედეგი: მას განუწყვეტლივ უთვალთვალებდენ და გააჩერეს, რის შემდეგაც სამარტოვედან საერთო საკანში იქნა გადაყვანილი, სადაც უკვე თავად პატიმრები უთვალთვალებდნენ.
იქ ჩემდა უნებურად გავხდი მოწმე მისი საუბრისა დაცვასთან, რომელმაც ჩვენი საკნების წინ დერეფანში ჩაიარა. ზედამხედველი მის დამშვიდებას ცდილობდა, მაშინ როცა ის გაჰყვიროდა „თქვენ არ გესმით! ამას ვეღარ გავუძლებ!“ და აღწერდა წამების ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სახეობას - ელექტროდით სწორ ნაწლავში. არ ესმოდა, რომ იქ ასეთი რამე უბრალოდ სისტემაა, რიგითი შემთხვევაა და ეს ადამიანი გულწრფელად ცდილობდა აეხსნა ზედამხედველისთვის ყველაფერი, რაც გაუკეთეს და რაც თავად მას ჯერჯერობით ვერა და ვერ დაეჯერებინა.
წამება - ესაა მთელი კომპლექსი ზომებისა, რომლებიც არ დაიყვანება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მიყენებაზე.
სუიციდის სხვა შემთხვევა ეხებოდა ადამიანს, რომელსაც ერთ მაგიდაზე აწამებდნენ თავის ვაჟთან ერთად. უნდა ითქვას, რომ წამება - ესაა მთელი კომპლექსი ზომებისა, რომლებიც არ დაიყვანება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მიყენებაზე. ამიტომ, როცა მისმა ვაჟმა ჩაისველა კუნთების უნებური შეკუმშვის გამო (ორივეს დენს ურტყამდნენ სწორ ნაწლავში და სასქესო ორგანოებზე), მამამისს ამის ყვირილი დაუწყეს: „შეხედე შენს შვილს - ლეკვივით ჩაიფსა!“.
ამ ადამიანის თქმით, არც თავად წამებას, არც სიკვდილით მუქარას არ მიუყენებია მისთვის ისეთი ტკივილი, როგორსაც იმ მომენტში გრძნობდა. მაგრამ ეს საუბარი ბევრად მოგვიანებით იქნება, მანამდე კი ჩვენთან საკანში შემოიყვანეს ადამიანი ღრმა ელექტროდამწვრობებით და სისხლჩაქცევებით თავზე. სისხლჩაქცევები სწორედ მისი თვითმკვლელობის მცდელობა იყო, როცა „იზოლაციის“ სარდაფში შეეცადა, ციხის ტახტის ლითონის კუთხეზე გაეტეხა თავის ქალა.
ჩვენს საკანში იმიტომ გადმოიყვანეს, რომ მასთან „მუშაობა“ უკვე შეწყვიტეს და ახლა ადმინისტრაციის ამოცანა იყო, რომ მას თავი არ მოეკლა. მაგრამ საღამოსთვის სხვა პრობლემა გამოჩნდა: შვიდიდან ცხრის ნახევრამდე ამ ადამიანმა სრულიად დაკარგა ორიენტაციის უნარი, არ ესმოდა, სად იმყოფებოდა და ბოდვით მდგომარეობაში ვარდებოდა. საქმე ისაა, რომ მას სწორედ ამ დროს აწამებდნენ მთელი ერთი კვირის განმავლობაში. და როგორც კი საღამო დგებოდა, დერეფანში ოდნავი ფეხის ხმის გაგონებისას ხელების კანკალი ეწყებოდა, თავად კი კარებთან ჯდებოდა ტახტის კიდეზე და უაზროდ იმეორებდა: „მოითმინე, შვილო, მოითმინე, მოითმინე, მოითმინე“ და მართლა ეგონა, რომ იმ წუთას სარდაფში იმყოფებოდა თავის ვაჟთან ერთად. რაც უნდა გვეთქვა და გვეცადა მისი დამშვიდება, პრაქტიკულად არავითარ რეაქციას არ ავლენდა, რის გამოც იძულებული ვიყავით, მაგიდასთან დაგვესვა, ოდნავ დაგვეჭირა დამტვრეულ ნეკნებზე და მხოლოდ ამის შემდეგ მისი ყურადღება თევზაობასა და მაღაროს შესახებ საუბარზე გადაგვეტანა (ის მაღაროელი და მეთევზე იყო).
უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში მისი ვაჟი გაათავისუფლეს, მამას კი ახსენებდნენ, რომ ყოველთვის შეეძლოთ მისი უკან მობრუნება, თუკი სასამართლოზე რამე ისე არ იქნებოდა, როგორც საჭირო იყო. მახსოვს, როცა მისი ვაჟი გარეთ აღმოჩნდა, რატომღაც სწორედ მის მაგალითზე გავიფიქრე, რომ, აი, ასე გასვლა რაღაცით უარესია, ვიდრე ციხეში დარჩენა. ჯერ კიდევ გუშინ ტკბებოდი სიცოცხლით და ბავშვს ელოდი საყვარელი ცოლისგან, დღეს კი მამასთან ერთად სარდაფში ხარ შიშველი, წყალს გასხამენ და დენს გარტყამენ, ერთი თვის შემდეგ კი გათავისუფლებენ, უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ საქმისთვის მამაც საკმარისია. განა ცხოვრება სრული აბსურდი არაა?
შეგნებულად აირჩიო სიცოცხლე იქ, სადაც ყველაფერი სიკვდილის სასარგებლოდ მეტყველებს - სწორედ ამაშია პასუხი ყველაფერზე.
მე თვითონ თითქმის ორი წელი დამჭირდა, - „იზოლაციაში“ ორი წელი ცხოვრება, - რათა მივსულიყავი მთავარ აზრამდე, რომელიც გამოვიტანე იქაურობის შესახებ. შეგნებულად აირჩიო სიცოცხლე იქ, სადაც ყველაფერი სიკვდილის სასარგებლოდ მეტყველებს - სწორედ ამაშია პასუხი ყველაფერზე. პასუხი საზრისზე, პატიებაზე, თუკი ასეთი საკითხი საერთოდ შეიძლება დადგეს, ჩვენი „მე“-ს არსის შესახებ. მე უფრო ვგრძნობ, ვიდრე მესმის ეს პასუხი, მაგრამ ლაპარაკი ნამდვილად არაა სიცოცხლის მიმართ უცებ გაჩენილ სიყვარულზე ან რამე ასეთზე. სიცოცხლის სიყვარული იქ, სადაც წამებისგან ყვირიან და ყეფენ ციხის ტახტის ქვეშ - მკრეხელობაა და საკუთარი თავის წინაშე სიმართლე გაიძულებს აღიარო, რომ სუიციდი აქ საღი აზრია. მაგრამ საქმე ისაა, რომ „იზოლაცია“ ომს არ ეხება. ის ეხება ადამიანს. შევეცდები ავხსნა ჩემი აზრი.
შეცდომა იქნებოდა მიგვეჩნია, რომ ამ კედლებში აწამებდნენ მხოლოდ იმათ, ვისაც ჰქონდა „ჯაშუშობის“ მუხლი. პირიქით, ჩვენ ისე გვიყურებდნენ, რომ თან შესაძლო გაცვლაზე ფიქრობდნენ, ეს კი ნიშნავდა, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონოდა აშკარა იარები, დამწვრობები და მოტეხილობები. მაშინ, როცა საკუთარი ხალხი - ე.წ. „მოხალისეები“, „სამინისტროების“ თანამშრომლები და სხვები - იყო ნამდვილი ხორცი, სავარჯიშო მასალა, რომელიც შეგიძლია პირდაპირ იატაკში ჩააჭედო ისე, რომ შედეგების არ გეშინოდეს.
„იზოლაციის“ ადმინისტრაციას მშვენივრად ესმოდა, რომ რუსეთის არცერთი ტელეარხი არასოდეს არ აიღებდა მათგან ინტერვიუს, არცერთი ადგილობრივი გამოცემა არასოდეს არ დაწერდა მათ შესახებ. ეს ადამიანები არ არსებობდნენ, მათი ტანჯვა არ არსებობდა, ისინი არავინ იყვნენ. სწორედ ამიტომ „იზოლაცია“ - ესაა ზღვარი, რის გადალახვის შემდეგაც ადამიანი თავს ღმერთად გრძნობს, როცა სატანასავით იქცევა. „იზოლაცია“ არის მონათხრობი ყოველი ჩვენგანის შესახებ და განსაკუთრებით მათზე, ვინც ეს გამოიარა და მზად იყო, თავადაც ასე მოქცეოდა იმათ, ვინც მას აწამებდა.
მე ურთიერთობა მქონდა ბევრ პატიმართან და უმრავლესობას ერთი და იგივე აზრი ჰქონდა: შურისძიების შანსი რომ ჰქონოდათ, ერთი წამითაც არავინ დაფიქრდებოდა. ამ ნიღბიანი მტანჯველების სახეებში შენ თვითონ აირეკლებოდი და გესმოდა, რომ წამების ან უბრალოდ მათი სიცილის დროს იმაზე უფრო მეტი სისასტიკისთვის იყავი მზად, ვიდრე ისინი გიკეთებდნენ შენ. და „იზოლაციის“ ადმინისტრაციას რომ ყველა ჩვენი ფიქრი სცოდნოდა, ხელბორკილების გარეშე აღარ გაგვიშვებდნენ საშხაპეში. სხვათა შორის, ფიქრებზე შორს არავის წასვლია საქმე: იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვენებს იჭრიდნენ, მაგრამ დაცვას მაინც არავინ დასხმია თავს. და ეს კიდევ ერთი ცალკე შეკითხვაა - რატომ იყო ასე? უარეს შემთხვევაში ხომ „იზოლაციის“ პატიმართა რიცხვი 70-ს აღწევდა.
ჯანდაბას ყველაფერი?
ისევ რომ ვახსენოთ სუიციდი, - ან, როგორც ერთმანეთში ვეძახდით, „ჯანდაბას ყველაფერი“, - საკმარისია აღინიშნოს, რომ როგორც კი ადამიანს სულის მოთქმის და პირველადი შოკიდან გამოსვლის საშუალებას აძლევენ, როგორც აღმოჩნდა, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დგას სავსებით მიწიერი ფაქტორები, რომლებიც მას მიწაზე ტოვებს. ესაა განათლებაც, რელიგიურობაც, ახლობლების მხრიდან სიყვარულიც და ახლობლების სიყვარულიც, სიკვდილის შიშიც და ცხოვრებისეული ეგოიზმიც კი. მაგალითად, ზოგი ჩვენგანი ამბობდა, რომ თვითმკვლელობისთვის უკვე იმიტომ არ იყო მზად, რომ სუიციდი ხაზს გადაუსვამდა ყველაფერს, რის გადატანაც უკვე შეძლეს. გამოდის, რომ წამებისა და დამცირების ყოველი ახალი დღე სტიმული იყო მომდევნოს ასატანად.
სიცოცხლის გაგრძელების მიზეზთა შორის ზოგს ერთადერთი რამ რჩებოდა - შურისძიება.
ჩემი ერთი თანასაკნელი, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში აწამებდნენ და სარდაფში ბორკილებით ჰყავდათ მიჯაჭვული გისოსებზე (ისე, რომ იძულებული იყო, აშმორებული წყლის ბოთლი ფეხებით აეღო ხოლმე), ასეთ რამეს მომიყვა: „არ მინდა, ასე იაფად გავიღო ჩემი სიცოცხლე. ფრონტზე მეომრად სიკვდილი - კი. მაგრამ აი, ასე ჩაძაღლება, ციხის ტახტზე, რომ დაწერონ მორიგი „გულის უკმარისობა“ - ამას არ დავთანხმდები“. საინტერესოა, რომ ეს ადამიანი პრინციპულად არ იცვლიდა პაკეტს, რომელშიც აწამებდნენ და „კანტორაში“ ასე დადიოდა, სკოჩის ნაფლეთებით, რომელსაც ახვევდენ, სანამ ელექტროგაყვანილობას უმაგრებდნენ. როცა ვკითხე ამის შესახებ, ხუმრობით მომიგო, პაკეტი მეძვირფასება როგორც სახსოვარიო. ჩემი მხრივ დავძენ, რომ სიცოცხლის გაგრძელების მიზეზთა შორის ზოგს ერთადერთი რამ რჩებოდა - შურისძიება.
ასე თუ ისე, საკითხი სუიციდზე სასაზღვრო ვითარებაში, რომელთანაც ახლოსაა ტყვეობა და ციხის პატიმრობა, დიდად სცდება მხოლოდ ფსიქიატრიის ფარგლებს და უფრო ეგზისტენციალური ბუნებისაა, ვიდრე მექანიკურის. მართლაც, თუკი ჩვეულებრივ გარემოში თვითმკვლელობაზე ფიქრები უკვე თავისთავად მიანიშნებს იმას, რომ აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია ან, სულ მცირე, ადამიანთან ღრმა მუშაობა, - განა შეიძლება გადახრად ჩაითვალოს ტანკისტის გადაწყვეტილება, რომელიც თავში ტყვიას ამჯობინებს ცეცხლმოდებულ ტანკში ტანჯვით ნელა სიკვდილს? ხოლო იმ გარემოში, სადაც ფიზიკური ტანჯვა ღრმა ფსიქოლოგიურ ტრავმას ერწყმის, სუიციდზე ფიქრები გამოიყურება არა გადახრად, არამედ უფრო ნორმად, რომელიც ამ ტანჯვისგან ხსნისთვისაა მოწოდებული.