20 დეკემბერს „ფეისბუკმა“ განაცხადა, რომ ასეულობით ანგარიში წაშალა საკუთარი პლატფორმიდან „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო. საიტი არ ასაჯაროებს, თუ კონკრეტულად რომელ ანგარიშებზეა ლაპარაკი და მხოლოდ იმას წერს, რომ მათ უკან მდგომი პირები ცდილობდნენ შეენიღბათ საკუთარი ვინაობა და დაკავშირებული იყვნენ სარეკლამო სააგენტო - „პანდასთან“ და მმართველ პარტია - „ქართულ ოცნებასთან“.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელიცზოგიერთ ამ ანგარიშს ჯერ კიდევ 2018 წლიდან იკვლევდა, აცხადებს, რომ დაადგინა ნაწილი იმ გვერდებისა, რომელიც უტყუარად არის წაშლილი „ფეისბუკის“ მიერ.
ორგანიზაციის ცნობით, მათ იდენტიფიცირებული ჰქონდათ 174 პროსამთავრობო გვერდი, რომლებიც თავისი შინაარსით „ოპონენტების, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების და აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით ანონიმურად და კოორდინირებულად მოქმედებდნენ“.მათ ასევე გამოავლინეს 38 გვერდი, რომლებიც „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული ამ 174 გვერდიდან, ორგანიზაციის ცნობით, „ფეისბუკმა“ წაშალა 88. მათ შორისაა „მიხეილ უკრაინოლოგი“, „პოლიტიკური სამრეცხაო“ და „გიორგი აღაპიშვილის ბლოგი“.
კიდევ 15 გვერდი დეაქტივირებულია - სავარაუდოდ მათივე ადმინისტრატორების მიერ. მათ შორისაა „ორი გვამი უნდათ“ და „იყავი და გაგეკეთებინა“.
ამას გარდა, მიუწვდომელია 18 გვერდი, თუმცა უცნობია, ვინ გააუქმა ისინი - „ფეისბუკმა“თუ ამავე გვერდების ადმინისტრატორებმა.
დღეის მდგომარეობით, კვლავინდებურად აქტიურია ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი 53 გვერდი.
ISFED-ის იურისტმა, ნინო რიჟამაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებს“ განუცხადა, რომ ამ გვერდებს ერთი წლის განმავლობაში 33 ათასზე მეტი პოსტი ჰქონდათ გამოქვეყნებული „ფოტოს, ვიდეოს ლინკის სახით გაზიარებული და ინტერაქცია - კომენტარების გაზიარებების და რეაქციების ჯამი 9 მილიონზე მეტი იყო, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას“ - თქვა ნინო რიჟამაძემ.
ISFED-ის ცნობით, „ფეისბუკის“ მიერ ჩატარებული წმენდის შემდეგ დისკრედიტაციის კამპანიამ ახალი სახეები მიიღო. ორგანიზაცია სამ მიმართულებას გამოყოფს.
ერთი მიმართულება ახალი გვერდების შექმნა და პოსტების დასპონსორებაა - უკვე 24 დეკემბერს შეიქმნა, ორგანიზაციის ცნობით, ცრუ მედიის კატეგორიის ახალი გვერდი „პოლიტ მაცნე“, რომელსაც ამავე დღეს 2 დასპონსორებული პოსტი ჰქონდა.
მეორე გზა ძველი, მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე ანონიმური გვერდების დეაქტივაცია და მათი ზუსტი ანალოგების შექმნაა. ISFED წერს - გააქტიურდნენ ადმინისტრატორების მიერ დეაქტივირებული გვერდების ერთგვარი „კლონები“, რომლებიც შექმნილია 2019 წლის ივლისში და ადმინისტრატორების მიერ „დამალული“ გვერდების ზუსტ ანალოგებს წარმოადგენენ სახელწოდების, პროფილის, ბანერის და გამოქვეყნებული პოსტების შინაარსის მიხედვით. ასეთებია, მაგალითად გვერდები: „ორი გვამი უნდათ“ (შექმნილია 2019 წლის 29 ივლისს), „პოლიტიკური სანაგვე“ (შექმნილია 2019 წლის 30 ივლისს), და „იყავი და გაგეკეთებინა“ (შექმნილია 2019 წლის 30 ივლისს).
მესამე მეთოდი „ფეისბუკის“ მრავალათასიან ჯგუფებში პოსტების გაზიარება და საკუთარი გზავნილების ამ მეთოდით გავრცელებაა.
„ფეისბუკის“ გამოყენებით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით დისკრედიტაციული და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ მომდევნო სრულ ანგარიშს და რეკომენდაციებს „სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნებს.