გლეხი სტეპან კარაგოდინი 1937 წლის 1 დეკემბერს დააპატიმრეს ტომსკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომი) განყოფილების თანამშრომლებმა. მალევე გაასამართლეს, როგორც „იაპონიის სამხედრო დაზვერვის რეზიდენტი და ჯაშუშურ-დივერსიული ჯგუფის თანამშრომელი“, და დახვრეტა მიუსაჯეს.
სამშობლოს ღალატისათვის დასჯილის შვილთაშვილმა დენის კარაგოდინმა გადაწყვიტა დაედგინა ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სტეპან კარაგოდინისა და „ხარბინის საქმეზე“ სხვა დაპატიმრებულების წინააღმდეგ საქმეები შეთითხნა; წარმოეჩინა დანაშაულის მთელი ჯაჭვი, დიდი ტერორის მთავარი ინიციატორებიდან დაწყებული და დამთავრებული სულ უბრალო შემსრულებლებით - იქნებოდნენ ისინი ე.წ. „ჩორნი ვორონკის“ მძღოლები თუ მემანქანეები, რომლებიც შინსახკომის დოკუმენტებს ბეჭდავდნენ.
დენის კარაგოდინის გამოძიება, რომელზეც რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა პირველად 2016 წელს უამბო მსმენელს, დასასრულს უახლოვდება. მის ფინალად უნდა იქცეს სასამართლო პროცესი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც კარაგოდინი უწოდებს "მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ ვითარებაში".
მის საიტზე ჯერჯერობით გამოქვეყნებულია არასრული სია მკვლელებისა, რომელთა სიმბოლურ პასუხისმგებლობაში მიცემასაც დენისი აპირებს. მას სურს, რომ სასამართლომ ისინი გაასამართლოს როგორც ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავეები.
სიკვდილმისჯილებს ძალაყინებით ულეწავდნენ თავებს და ახრჩობდნენ, გვამებს კი კაშტაკსის მთის მახლობლად მდებარე თხრილში ყრიდნენ.
სიაში თავდაპირველად ჩამოთვლილია ტომსკის შინსახკომის განყოფილების ჯალათების, ანუ დანაშაულის უშუალო შემსრულებლების, გვარები. მაგალითად, როგორც დენის კარაგოდინმა გამოიკვლია, სერგეი მირონოვ-კოროლმა, დასავლეთ ციმბირის ოლქის შინსახკომის განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც საკუთარ თავს „სტალინის ძაღლს“ უწოდებდა, 1937 წელს ოპერატიული თათბირი ჩაატარა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შერჩეულიყო განაჩენის სისრულეში მოყვანის ადგილი და სად უნდა დაემარხათ მათი გვამები.
სიკვდილმისჯილებს ძალაყინებით ულეწავდნენ თავებს და ახრჩობდნენ, გვამებს კი კაშტაკსის მთის მახლობლად მდებარე თხრილში ყრიდნენ.
სიაში ასევე შედიან: გამომძიებლები, რომლებიც ეჭვმიტანილთა დაპატიმრების სანქციებს გასცემდნენ და საქმეს იძიებდნენ, ასევე ტომსკის ციხის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელები ტომსკსა და მოსკოვში, პროკურორები, საბჭოთა შინსახკომის მაშინდელი ხელმძღვანელი ნიკოლაი ეჟოვი, კომუნისტური პარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს წევრები და, სულ ბოლოს, მათი ბელადი, იოსებ სტალინი. ამგვარად, დენის კარაგოდინს სურს მთელი ამ უზარმაზარი საბჭოთა სისტემის გასამართლება, სისტემისა, რომელმაც 82 წლის წინ სრულიად უდანაშაულო ადამიანი, მისი დიდი პაპა, მოკლა.
თავისი გამოძიების დასკვნითი ეტაპის შესახებ დენის კარაგოდინმა რადიო თავისუფლებას შემდეგი უამბო:
"ძირითადი მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს ტომსკში მდებარე იმ ციხის თანამშრომლების ვინაობის დასადგენად, სადაც პატიმრებს ხვრეტდნენ - დგინდება შემადგენლობა ჯალათების ბრიგადის, ზედამხედველების, ადმინისტრაციულ-სამეურნეო ჯგუფის და ტომსკის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებისა 1930-1950 წლებში.
უკვე გამოვლენილია კოლპაშევ-იარის ცნობილი ჯალათების ბრიგადა, ასევე ქალაქ მარიინსკის დამხვრეტთა ციხის ჯალათების ბრიგადა.
ოქტომბერ-ნოემბერში მოგვიწევს დიდი სამუშაოს ჩატარება ნოვოსიბირსკში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) ურალის არქივში. მუშაობის პროცესში ამოწეული იქნება „ხარბინის ოპერაციის“ მსვლელობისას დახოცილი ყველა პირის - დაახლოებით 2119 ადამიანის - საქმე.
საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ყველა მონაცემის გადმოწერა ხელით მოგვიხდება (ქსეროასლის გაკეთება აკრძალულია, ასეთია ფსბ-ს პოზიცია). მძიმე შრომა გველის, ამაში ჩემთვის დახმარება დონატის ექსპედიციის მხარდაჭერით არის შესაძლებელი.
უკვე გამოვლენილია კოლპაშევ-იარის ცნობილი ჯალათების ბრიგადა, ასევე ქალაქ მარიინსკის დამხვრეტთა ციხის ჯალათების ბრიგადა.
2018 წლის დეკემბერში დასრულდა ფორმირება იმ ჟურნალისტების ჯგუფისა, რომლებიც უპირატესი უფლებით ისარგებლებენ მას შემდეგ, რაც ჩემი პაპის მკვლელების სასამართლო პროცესი დაიწყება."
რადიო თავისუფლება: როგორ წარმოგიდგენიათ ამ საქმის დასრულება, სასამართლო პროცესი? რა ვუყოთ ამ დანაშაულის ჩადენის ხანდაზმულობას?
დენის კარაგოდინი: გამოძიების ბოლოს შეიქმნება პოსტი სახელწოდებით „საბრალდებო დასკვნა“, რომელშიც თავს მოიყრის მკვლელობის გარემოებების ფაქტობრივი ბაზა. შემდეგ დაიწყება ფორმალური მიმართვების სერია სასამართლოებსა და მართლწესრიგის ორგანოებში. განცხადება ისე იქნება შედგენილი, რომ შეუძლებელი იქნება მისი არმიღება. შემდეგ დარჩება იურიდიული დეტალებისა და სასარჩელო ტაქტიკის დადგენა. დანაშაულის ხანდაზმულობას მნიშვნელობა არ აქვს, იურიდიულად ძალიან იოლია ამის გვერდის ავლა. და დამნაშავე პირების მთელი ჯაჭვი იქნება აღიარებული ჩემი პაპის მკვლელად.