Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის თითები


„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოსთხოვა მას 4 მილიონი.
„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოსთხოვა მას 4 მილიონი.

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი ორისათვის“ მიცემულ ინტერვიუში 1,5 საათი ილაპარაკა„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრების, მისი აღწერით, უკანონო ქმედებებსა და ინტერესებზე, რის სათავეში, ბიზნესმენის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას. ოქუაშვილთან ინტერვიუს წინ უძღოდა ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკთა მამხილებელი ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელება.

ოცნების ცისარტყელის გახსნა 4 მილიონად

ღიმილის ბიჭები

„თიბისი ბანკიდან“ არასამუშაო საათებში გატანილი მილიონები

2 მლნ-იც ივანიშვილის დეიდაშვილს

პატრიოტთა ალიანსსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის

ოცნების ცისარტყელის გახსნა 4 მილიონად

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოსთხოვა მას 4 მილიონი.

„ივანიშვილი თვითონ გახდა იძულებული მოეთხოვა ფული: მაჩვენებდა ოთხ თითს. შემდეგ იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ“, - ზაზა ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და გიორგი გახარია - მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და დღეს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი.

ფარცხალაძე პოზიტიურად იყო განწყობილი. მითხრა, რომ ჩემთვის იხსნებოდა ოცნების ცისარტყელა, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო 4 მილიონი, რათა გაეცათ 2004-2005 წლებში ჩვენს მიერ მიღებული ზარალი, დაახლოებთი 25 მილიონი. ფარცხალაძემ მითხრა, რომ ბიძინასგან და ბიძინას დავალებით მოქმედებდა...
ზაზა ოქუაშვილი

ზაზა ოქუაშვილის თქმით, მისგან 4 მილიონის წინასწარ გადახდას ითხოვდნენ ე. წ. სამართლიანობის აღდგენისა და 2004-2005 წლებში განცდილი ზარალისათვის 25 მილიონის კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ, რაშიც დახმარებას და კონსულტაციებს უწევდა სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი. სწორედ ლევან ყიფიანთან ერთად შეხვდა ზაზა ოქუაშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. ოქუაშვილის თქმით, შეხვედრა, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის რჩევით, ფარცხალაძის ბინაში შედგა.

„ფარცხალაძე პოზიტიურად იყო განწყობილი. მითხრა, რომ ჩემთვის იხსნებოდა ოცნების ცისარტყელა, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო 4 მილიონი, რათა გაეცათ 2004-2005 წლებში ჩვენს მიერ მიღებული ზარალი, დაახლოებთი 25 მილიონი. ფარცხალაძემ მითხრა, რომ ბიძინასგან და ბიძინას დავალებით მოქმედებდა“, - ამბობს ზაზა ოქუაშვილი, რომლის თქმითაც, ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო მისი კომპანიების თანამშრომლების დაშინება და სხვადასხვა სახის ზეწოლა, რის გამოც, როგორც ბიზნესმენი ამბობს, ლევან ყიფიანს სთხოვა შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ყიფიანი რატომღაც შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც, ზაზა ოქუაშვილის სიტყვებით, აღმოჩნდა „პატარა კაცი“. ბიძინა ივანიშვილს საყვედურიც კი უთქვამს ყიფიანისთვის, ჩემი უფროსი ხომ არ გეგონაო.

„უკმაყოფილო იყო ივანიშვილი. გადასცა ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ყიფიანი არასწორი მიმართვისა და აქტიურობისთვის. სარდაფში ჩააგდეს... მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა“, - ამბობს ზაზა ოქუაშვილი, რომლის თქმითაც, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირველ წრეზე იმყოფებიან უჩა მამაცაშვილი, გიორგი გახარია და ვანო ჩხარტიშვილი.

ღიმილის ბიჭები

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ბრალდებებს ერთი მსახიობის თეატრი და ღიმილის მომგვრელი უწოდა შს მინისტრმა და ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ, რომელმაც დაადასტურა ივანიშვილისა და ოქუაშვილის შეხვედრის ფაქტი.

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„შეხვედრა შედგა. მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ძალზედ ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და ვერ ვგრძნობდი. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესის საკითხი და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც დააგროვა ამხელა ვალი სახელმწიფოს წინაშე. მე გავცემ პასუხს ყველა კითხვაზე ყველგან - თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც - და ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრის ფაქტი არც ბიძინა ივანიშვილმა უარყო.

„მართლაც შევხვდი ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია და ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან მიდის პრემიერამდე, ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან - ყველას აქვს მაქსიმალური განცდა დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ, სხვა დანარჩენი ღიმილის მომგვრელია. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, მაგრამ რატომღაც ამ შეხვედრის ჩანაწერი არ აქვს. სად არის ეს ჩანაწერი? გამოიტანოს და გვაჩვენოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„თიბისი ბანკიდან" არასამუშაო საათებში გატანილი მილიონები?

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ის ზეწოლის შესამცირებლად („ცოტა რომ დამშვიდებულიყვნენ“) იძულებული გახდა of-shore-ულ ზონაში დაეფუძნებინა კომპანია და მის ანგარიშზე „თიბისი ბანკში“ გადაერიცხა 4 მილიონი. ოქუაშვილის თქმით, მისი გეგმა ასეთი იყო: თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ (ვერ მოასწრებდნენ). შესაბამისად, მასთან არ ექნებოდათ პრეტენზია და მერე რაღაცას მოიმოქმედებდა, მაგრამ, ოქუაშვილის გასაკვირად, ბანკის გენერალური დირექტორი თვითონ მივიდა ოპერატორთან და დაავალა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გაეცა მოთხოვნილი თანხა.

„წარმოუდგენელი იყო, რომ 24 საათის წინ დაფუძნებული კომპანიის ანგარიშიდან ბანკს ერთ სამუშაო დღეში გაეცა ამხელა თანხა, მაგრამ დაირღვა ყველა პროცედურა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო. ზეწოლა იყო გახარიასგან და ფარცხალაძისგან, რომ გაცემულიყო ფული. დაიბარეს ბანკის გენ. დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, ბუცხრიკიძე და ხაზარაძე. იძულებითი ოპერაცია იყო, ვერ დაბლოკეს. „თიბისი ბანკს“ უნდა დაებლოკა. ეს იყო აბსოლუტურად ყველა პროცედურის დარღვევა: ის, რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო; ის, რომ ერთბაშად 4 მილიონი ნაღდი ფულით არ უნდა გაცემულიყო; ის, რომ დამფუძნებელი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი... ვინ არის, იქნებ ბინ ლადენია?! თანავუგრძნობ ბუცხრიკიძეს... ყველა ვერ გაუძლებს ზეწოლას გახარიასგან, ივანიშვილისგან“, - ამბობს ზაზა ოქუაშვილი, რომლის თქმითაც, ბანკიდან გამოსულ კომპანიის დირექტორებს გარეთ ელოდებოდნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც, ფაქტობრივად, ძალით წაიღეს ფული.

„ეს იყო დაყაჩაღება! ეს იყო ქურდობა!“ - აზუსტებს ზაზა ოქუაშვილი, თუმცა, მისივე თქმით, ამით ზეწოლა არ დასრულებულა, რადგანაც, ყიფიანის გადმოცემით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ამ 4 მილიონიდან არაფერი შეხვდა და ამის გამო გამოთქვამდა უკმაყოფილებას.

ივანიშვილი თვითონ გახდა იძულებული მოეთხოვა ფული: მაჩვენებდა ოთხ თითს. შემდეგ იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ...
ზაზა ოქუაშვილი

ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს ის 2015-2016 წლებში ორჯერ შეხვდა. ბიზნესმენი ასევე ასახელებს ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას („პირველ წრეს“), რომელიც აქტიურად მონაწილეობს არაფორმალურ მმართველობაში: ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი გახარია.

„4 მილიონის შემდეგ, ითხოვდნენ „ომეგას“ 50 პროცენტის წაღებას „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

თუმცა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს პასუხად „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ზაზა ოქუაშვილის მონათხრობი, თითქოსდა „თიბისი ბანკმა", გიორგი გახარიას ზეწოლის შედეგად, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე ჩამოართვეს შეიარაღებულმა პირებმა.

„ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას. ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროება. „თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბურობის საპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 მლნ-იც ივანიშვილის დეიდაშვილს?

ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ 2 მილიონი დოლარი მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, - მოსთხოვა დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ. საქმე ისაა, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთის“ საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 717 000 ლარი, რომლის ძირითადი ნაწილი, სამინისტროს განმარტებით, დაგროვდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობით.

„ამ ვალის რესტრუქტურიზაციაში ითხოვდა უჩა 2 მილიონ დოლარს. არადა, ჩვენ განცხადება გვქონდა შეტანილი ფინანსთა სამინისტროში და კანონით გათვალისწინებულ ორი თვის ვადაში ველოდებით პასუხს. ამ საქმეში ასევე ჩარეული იყვნენ ლევან ყიფიანი და ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი“, - ამბობს ზაზა ოქუაშვილი.

უჩა მამაცაშვილი
უჩა მამაცაშვილი

უჩა მამაცაშვილის გვარმა არაერთხელ გაიჟღერა ფარულად გაკეთებულ აუდიოჩანაწერებში, რომლებსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად აქვეყნებდა „რუსთავი ორი“, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენმა დეიდაშვილმა ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კავშირი „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფთან“.

"ლეგენდები ჩემი ე.წ. განსაკუთრებული გავლენების შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ. გამონაკლისი არც „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ამ ბოლო დროს მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს", - ნათქვამია უჩა მამაცაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პატრიოტთა ალიანსსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას ასევე მოსთხოვა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსება.

"ესეც ივანიშვილისგან მოდიოდა", - განმარტა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა. - “მივიღე შემოთავაზება, თხოვნა თუ მოთხოვნა, მაგრამ რაც არ მინდოდა, არაფერს არ ვაფინანსებდი. კორუფციაში არ ვმონაწილეობდი“.

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხს ფეისბუქზე გამოეხმაურა ირმა ინაშვილი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომლისთვისაც არადამაჯერებელია ის, რომ ივანიშვილი „ალიანსის“ დაფინანსებას მოითხოვდა.

ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

"ერთადერთი, ვისაც აწყობს დღეს მსგავსი განცხადება, სწორედ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობაა“. თუმცა ბატონი ზაზა თავისი ინტერვიუს ფინალში ღიად უცხადებს მხარდაჭერას სწორედ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან მიკვირს ბატონი ზაზასგან ჩვენი მისამართით გაკეთებული ეს განცხადება".

ზაზა ოქუაშვილმა მართლაც არ დამალა, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს ქომაგობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2004-2005 წლებში ამ პარტიამ დიდი პრობლემები შეუქმნა მის ბიზნესს, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებას ელოდება.

„მე ვიცი, უნდა დამარცხდეს ივანიშვილის კრიმინალური ბანდა თავიანთი პროკურორებით და პოლიციის მინისტრებით. თუ გავიხსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიფილტრა და იმ ფილტრში დარჩა ის ხალხი, რომლებიც დღეს სხვაგან არიან", - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კი დარწმუნებულია, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები რეალურია და საქართველოში ბიზნესზე ხდება ზეწოლა.

„მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ. მაფიამ, სხვა სიტყვა არ არის, დაგვაბრუნა არა 90-იანი წლების საქართველოში, არამედ დაგვაბრუნა 90-იანი წლების რუსეთში, სადაც ბიზნესს უთოებით აუთოვებდნენ... ამ ე.წ. ხელისუფლების პირობებში, როდესაც თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკური ოპონენტები და ბიზნესიც იდევნება, ვერავითარ რეალურ გამოძიებას ვერ მივაღწევთ, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს", - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ ზაზა ოქუაშვილი, რომელმაც ბიუჯეტის მიმართ დაახლოებით 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა, ცდილობს ვალი არ გადაიხადოს, რისთვისაც „უკადრებელს კადრულობს“.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას დროული და სანდო გამოძიება თუ გადაარჩენს.

„მე ფანტასტიკის სფეროდან მგონია, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა რაღაც რეკეტში. ეს წარმოუდგენლად მეჩვენება, თუმცა რადგან ყველა ვექტორი მასთან მიდის, მისი ღირსების საქმეა, რომ ყველაფერი იქნეს გამოძიებული და დასასჯელი - დასჯილი. ჩვენ შეიძლება ვერ დავიჯეროთ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დავიჯერებ, ვიღაცების მხრიდან მისი სახელის გამოყენებით თაღლითობის მცდელობა არ ხდებოდეს”, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, თუ საზოგადოებაში დარჩა განცდა, რომ რაღაც დიდი სიბინძურეა მოხარშული, მაშინ საზოგადოება ამ ხელისუფლებას აუცილებლად დასჯის.

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ოქუაშვილის მეუღლე და ბიზნესპარტნიორი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩვენებები პროკურატურაში მისცეს თუ სასამართლოში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG