Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული კატასტროფა იაპონიაში


ფუკუშიმას ატომური ელქტროსადგური
ფუკუშიმას ატომური ელქტროსადგური
იაპონიის ფუკუშიმას ატომურ რეაქტორზე მეოთხე აფეთქების შემდეგ ვითარება უკიდურესად სერიოზული გახდა, რადგან შიშობენ, რომ დაზიანდა რეაქტორის დამცველი შიდა შრე. იაპონიის ხელისუფლება არ უარყოფს, რომ რადიაცია, რომელიც ამ აფეთქებების შედეგად გამოიყოფა, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად ზემოქმედებს. იაპონიიდან მიღებული ცნობების გამო მთელ მსოფლიოში იზრდება შეშფოთება.

ადგილობრივი დროით დილის ექვს საათსა და ექვს საათსა და თხუთმეტ წუთს შორის მოხდა ფუკუშიმას მეორე რეაქტორზე დიდი აფეთქება, იუწყებოდა ატომური ელექტროსადგურის მწარმოებელი ფირმა „ტეპკო“. თავიდან არ იყო ცხადი, დაზიანდა თუ არა ექვსიდან ერთ-ერთის დამცველი გარსი. მთავრობამ ეს დაადასტურა, თუმცა ბირთვული უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ გარსს ხვრელი არა აქვს. ამას კი მოჰყვა ცნობა, რომ საკითხს იკვლევენ. ამ ეტაპზე ელექტროსადგურის გარშემო რადიაციის დონემ საშიშს მიაღწია. პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი ტელევიზიით გამოვიდა და ხალხს მიმართა, „რეაქტორებიდან რადიაცია გავრცელდა და მისი დონე, ჩანს, ძალიან მაღალია, დიდია რისკი, რომ რადიაქტიური ნაწილაკების გამოყოფა კვლავ მოხდებაო.“
აფეთქება ატომურ ელექტროსადგურზე იაპონიაში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:45 0:00
გადმოწერა

რეაქტორის გარშემო ოც კილომეტრში მცხოვრებთა - 200 ათასი ადამიანის - ევაკუაცია მოხდა. მათ, ვინც 20-დან 30 კილომეტრამდე არეალშია, შინ დარჩენა ურჩიეს. ბირთვული კომპლექსი დედაქალაქ ტოკიოდან 250 კილომეტრშია. ტოკიოში გაზომეს ოდნავ გაზრდილი რადიაცია, რომელიც, ქალაქის მთავრობის თანახმად, არაა საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სამშაბათ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად, შიშობენ, რომ რეაქტორში დაზიანდა „დამცველი გარსი“. მის შიგნით ჩვეულებრივ მიმდინარეობს ბირთვული რეაქცია, რომლის კონტროლიდან გამოსვლა იწვევს ბირთვული საწვავის დაზიანებას, ჩხირების დნობას. ამ დროს ზიანდება გარსი, რასაც მოჰყვება კატასტროფა, უკიდურესად საშიში დონის რადიაციის ატმოსფეროში გასვლა. ეს არის დიდი მასშტაბის ბირთვული ავარია. სამშაბათსვე მეოთხე რეაქტორზე გაჩენილი ხანძარიც იძლევა იმის საფუძველს, რომ რადიაციის გაჟონვა მოხდა.

იაპონიის კაბინეტის თავმჯდომარემ იუკიო ედანომ გარკვეულად თქვა, სიმართლე ისაა, რომ რადიაციის ამ დონეს ადამიანზე ზემოქმედება შეუძლიაო.

მოგვიანებით ედანომ დაადასტურა, ელეტროსადგურზე რადიაციის დონე კვლავ დაეცა, მაგრამ მეხუთე და მეექვსე რეაქტორის გამაცივებელი სისტემა, ჩანს, არ მუშაობსო. გამაცივებელ სისტემაში უწესივრობა იწვევს რეაქტორის გადახურებას, რასაც მოჰყვება ხოლმე ავარია - ყველაზე უარეს შემთხვევაში, ბირთვული ჩხირების დნობა. რეაქტორებზე მომუშავე ადამიანები გამალებით ცდილობენ ზღვის წყლის საშუალებით ამ დნობის თავიდან აცილებას. ელექტროსადგურზე ყველა აფეთქება - ორშაბათს, მანამდე კვირას - გამოიწვია გამაცივებელი სისტემის მუშაობის შეწყვეტამ.

საფრანგეთის ბირთვული უწყების თანახმად, იაპონიაში მომხდარი ბირთვული კატასტროფა, საერთაშორისო შეფასებების შვიდბალიანი სკალით, მეექვსე საფეხურისაა, რადგან მიიჩნევენ, რომ გარსი დაზიანდა. თუმცა ამას არ ეთანხმება იაპონია, იქაური შესაბამისი უწყება მეოთხე საფეხურზე ლაპარაკობს. შეგახსენებთ, ამავე სკალით, ჩერნობილის კატასტროფა უმაღლესი, მეშვიდე საფეხურისა იყო.

როგორც ითქვა, ტოკიოში რადიაციული ფონი გაზრდილია, მაგრამ არა საშიშ დონემდე. თუმცა, მიუხედავად სიმშვიდისკენ მოწოდებებისა, მოსახლეობა მაღაზიებს მიაწყდა და სურსათს იმარაგებს. უცხოეთის ქვეყნების საელჩოები ცდილობენ სამშვიდობოს გაიყვანონ თანამშრომლები და თავიანთი მოქალაქეები. საშიშროებამ, რომ იაპონიის მეზობელ ქვეყნებს შეიძლება მიაღწიოს რადიაციამ, გადააწყვეტინა ჩინეთის მთავრობას, გააძლიეროს ატმოსფეროს კონტროლი და შეწყვიტოს მიმოსვლა იაპონიის დედაქალაქში. რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში რადიაციას, ოფიციალური ცნობით, არ მოუმატია.

ბირთვული აფეთქებები მოჰყვა დამანგრეველ მიწისძვრას იაპონიაში, რამაც გამოიწვია გამანადგურებელი ცუნამი. დღეისთვის დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 2700-ია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი ათი ათასამდე გაიზრდება. იაპონიის მთავრობა თვლის, რომ ეს, მეორე მსოფლოს შემდეგ, უდიდესი კრიზისია ამ ქვეყნისთვის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG