Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ატომური კრიზისი ევროკავშირში ბირთვული ენერგიით შეშფოთებას იწვევს


გერმანიის ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგური
გერმანიის ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგური
იაპონიაში მიმდინარე ბირთვული კრიზისი, რაც, როგორც იცით, პარასკევს მომხდარმა გამანადგურებელმა მიწისძვრამ გამოიწვია, აქტიურად განიხილება ევროკავშირში. სამშაბათს მიღწეული შეთანხმებით, კავშირი ატომური სადგურების გამძლეობის შემოწმებას ჩაატარებს.

იაპონიაში პარასკევს მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრა და ცუნამი - და მის შედეგად ატომური სადგურების დაზიანება - ევროკავშირში აქტიურად განიხილება. ოფიციალური პირები და ექსპერტები იმის შესახებ მსჯელობენ, თუ რა დასკვნის გამოტანა შეუძლია ევროპას ბირთვული უსაფრთხოების თაობაზე იაპონიის მოვლენებიდან.

იაპონიის ხელისუფლება შიშობს, რომ პარასკევს მომხდარ მიწისძვრას და ცუნამის, სულ მცირე 10,000 ადამიანი ემსხვერპლა. ბუნებრივ კატასტროფას ისიც დაემატა, რომ მიწისძვრამ ატომური ელექტროსადგურები დააზიანა. სხვადასხვა ობიექტებზე ოთხი აფეთქება მოხდა. ამჟამად მთავარ საფრთხეს, ცხადია, რადიაციის დონის ზრდა და მასშტაბური ბირთვული კატასტროფა წარმოადგენს.

სამშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ატომურ სადგურებზე უსაფრთხოების შემოწმება ჩატარდება.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ყველა ატომურ სადგურზე უსაფრთოხოების შემოწმებას ჩავატარებთ...
ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი გუნტერ ოტინგერი აცხადებს, რომ შემოწმება „ნებაყოფლობითი“ ხასიათის იქნება. მიზანი კი იმის დადგენაა, რამდენად გაუძლებს კონტინენტზე მოქმედი 153 ატომური რეაქტორი, რომლებიც ამის ნახევარი რაოდენობის სადგურზეა განთავსებული, მიწისძვრებს, ცუნამის და ტერორისტულ თავდასხმებს.

იაპონიის კატასტროფას ევროკავშირის მოქალაქეებში ატომური ენერგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ზრდა მოჰყვა. შაბათს გერმანიის ქალაქების ქუჩებში 60,000-მდე ადამიანი გავიდა პროტესტის გამოხატვის მიზნით. საზოგადოებაში არსებულ განწყობას კანცლერი ანგელა მერკელი სწრაფად გამოეხმაურა - განაცხადა, ქვეყნის ყველაზე ძველი ატომური რეაქტორები დროებით დაიხურებაო. საქმე ეხება შვიდ რეაქტორს, რომლებიც მინიმუმ სამი თვის განმავლობაში იქნება დაკეტილი:

„[იაპონიაში] შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ყველა ატომურ სადგურზე უსაფრთოხოების შემოწმებას ჩავატარებთ. ამის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია ფედერალურ და მხარეთა მთავრობებს შორის. ის ატომური სადგურები, რომლებმაც მუშაობა 1980 წლამდე დაიწყეს, [სამთვიანი] მორატორიუმის თანახმად, დროებით დაიკეტება. ისინი არ იმუშავებს.“

იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში მიწისძვრები იშვიათად ხდება და, როგორც წესი, სუსტია, მერკელი თვლის, რომ უსაფრთხოების ზომების გადახედვა მაინც აუცილებელია.

ამ განცხადებამდე, ორშაბათს, მერკელმა სამი თვით შეაჩერა შარშან მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება იმის თაობაზე, რომ გერმანიის ბოლო 17 რეაქტორის გამორთვა 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის უნდა გადადებულიყო.

გამოკითხვები ცხადყოფს, რომ გერმანიის მოქალაქეთა უმრავლესობა ატომური ენერგიის წინააღმდეგია. მერკელის პარტიამ მალე მნიშვნელოვან რეგონალურ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამ ნაბიჯმა მას შესაძლოა მხარდაჭერა მოუტანოს.

მნიშვნელოვანია ევროპელებმა გაიაზრონ, რომ ატომურ კატასტროფას მაინცდამაინც მასშტაბური მიწისძვრა არ იწვევს...
ბირთვული სადგურების უსაფრთხოების შემოწმებას ავსტრიის მთავრობაც მოითხოვს. ფინეთში კი ოპოზიციონერი მემარცხენეთა ალიანსის წევრები აცხადებენ, ქვეყანაში მეტი ატომური სადგური აღარ უნდა აშენდესო.

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ატომურ ენერგიას მხოლოდ 13 იყენებს, თუმცა ნებისმიერი სერიოზული კატასტროფა მთელ ბლოკზე იქონიებს გავლენას.

ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე შეხვედრებში ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი გუნტერ ოტინგერიც მონაწილეობს, რომელსაც ბირთვული ენერგიის მხარდამჭერად იცნობენ. ამ პოსტზე მის დანიშვნას შარშან დადებითად შეხვდნენ ბრიუსელში, სადაც ოფიციალურ პირებს ენერგეტიკის წყაროების დივერსიფიკაცია და ბლოკის რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირება სურთ.

გასული წლის ნოემბერში ევროკომისიამ განაცხადა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რადიაქტიული ნარჩენები მომავალში მიწაში ღრმად უნდა ჩამარხონო, თუმცა ამ ინიციატივას მწვავე კრიტიკით შეხვდნენ გარემოს დამცველები. მათ ინიციატივას პიარაქცია უწოდეს, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპელების დარწმუნებას, თითქოს ბირთვულ ნარჩენებთან გამკლავება შესაძლებელია.

ევროკავშირის მოქალაქეებს შორის ბირთვული ენერგიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ზრდას დიდწილად შეუწყო ხელი 1986 წელს უკრაინაში ჩერნობილის სადგურზე მომხდარმა კატასტროფამ. საზოგადოებრივი შეხედულებების ფორმირების პროცესში მნიშვნელოვან როლს გავლენიანი გარემოს დამცველი ორგანიზაციებიც თამაშობენ - იქნება ეს „გრინპისი“ თუ სხვა.

„მნიშვნელოვანია ევროპელებმა გაიაზრონ, რომ ატომურ კატასტროფას მაინცდამაინც მასშტაბური მიწისძვრა არ იწვევს“, - აცხადებს „გრინპისის“ წარმომადგენელი, იან ჰავერკამპი, რომლის სიტყვებს სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს. „დადგა დრო გავემიჯნოთ სახიფათო და ძვირად ღირებულ ბირთვულ ენერგიას და რეალურად განვავითაროთ განახლებადი ენერგეტიკაო“, დასძენს გარემოსდამცველი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG