ამ დასკვნის გამოქვეყნებამდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე აფასებდა 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეპრესიებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი კი წერს, რომ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.
რადიო თავისუფლება 28 ნოემბერს დაწყებულ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.
31 წლის რატი ბოქოლიშვილი 1 დეკემბრის დილას, დაახლოებით 7 საათისთვის დააკავეს რუსთაველის გამზირზე, კაფე გალერის სიახლოვეს - ამ დროს ის ცოლთან და მეგობართან ერთად აქციიდან სახლში ბრუნდებოდა
რატი 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე საღამოს 10 საათისთვის მივიდა და გამთენიამდე რუსთაველზე დარჩა. ავტომობილი რუსთაველის მეტროსთან, მაკდონალდსის სიახლოვეს ჰყავდა დატოვებული და როცა აქციიდან სახლში წასვლა გადაწყვიტა, სწორედ ამ მიმართულებით წამოვიდა ფეხით მეუღლესთან და მეგობართან ერთად. ამ დროს რესპუბლიკის მოედანზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული და იქვე იდგა აქციის დაშლისთვის საჭირო სპეცტექნიკა.
„რესპუბლიკის მოედანს რომ მოვუახლოვდით, ზეთისხილის ხესთან უკვე ჩანდა, რომ მობილიზაცია ჰქონდათ. გავაგრძელეთ გზა არა ველოსიპედის ძეგლისკენ, მარცხენა მხარეს, მაკდონალდსისკენ. ჩვენს გარშემო ალბათ 3-4 კაცი იყო სულ, გამოყოფილები ვიყავით დანარჩენი ხალხისგან. უცბად შევამჩნიეთ, რომ ეს გდდ-ს [განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის - რ.თ.] ხალხი გადმორბოდნენ ჩვენსკენ - სანამ ჯაჯგური არ დაიწყეს, არ მიგვიქცევია ყურადღება, ჩვეულებრივ ვაგრძელებდით სიარულს. არც გავქცეულვართ, არც ტემპი აგვიჩქარებია, არც არაფერი.
რომ გვეცნენ, გოგოებმა სცადეს ჩემი დაცვა, ვეჭირე, რომ არ გაეტანებინათ ჩემი თავი - გვაგინებდნენ, გვირტყამდნენ. უცბად ერთმა თქვა, არ დაასხათ გოგოებს სპრეი და შეწყვიტეთ დარტყმა, ვიღაც იღებსო - ლაივი ქონდა თურმე ვიღაცას იქიდან. მერე ეს გოგოები რაღაცნაირად მომაშორეს და წამათრიეს კაფე რესპუბლიკისკენ, სადაც ეს შავი მანქანები ჰყავდათ გაჩერებული.
ამ წათრევის დროს მემუქრებოდნენ, მაგინებდნენ, მირტყამდნენ, - “ხო დაგიჭირეთ, ახლა სადღა წახვალ”, “დედას მო****ნავთ,”, “აქ რა გინდოდა” და ეგეთებს იძახდნენ კმაყოფილები - მანქანასთან რომ მიმიყვანეს, იკითხეს, საით წავიყვანოთო, ვიღაცამ უთხრა იქო. [იქ] მარშუტკა იყო, გამოაღეს კარი და შემაგდეს შიგნით. მე რო შემაგდეს, ეგრევე შემოაგდეს მეორე ბიჭიც, როგორც ჩანს, ის სხვა ჯგუფმა დააკავა - ეგრევე შემოვიდნენ 5 კაცი და დაგვიწყეს რტყმა. მე როგორც მახსოვს, ორ-ორი გვირტყამდა თითოს და ის ერთი ორივეს. ამ პირველ შემოსვლაზე ცხვირში თავი მომარტყეს და ეგრევე დამიზიანდა ძგიდეც და ძალიან ბევრი სისხლი წამომივიდა. იმ მეორე ბიჭს სათვალე ეკეთა და ერთმა გააფრთხილა გარედან, შედარებით უფროსი კაცი ჩანდა, ამას სახეში არ ურტყათ, სათვალე არ ჩაემტვრესო და იმას ძირითადად სხეულზე ურტყამდნენ. ამ პირველი ცემის მერე ეგრევე წაგვართვეს ტელეფონები, ვინც ამომიღო ჯიბიდან, იმან მისცა სხვას, ვინც კარში იდგა, რო დაინახა iPhone 15 pro იყო, მოეწონა და ეგრევე გაიქცა. კოდიც კი არ უკითხავთ, ისე ჩქარობდნენ“, - ასე იხსენებს რატი დაკავების პირველ წუთებს. მინიავტობუსში, სადაც ის და კიდევ ერთი დაკავებული შეაგდეს, სპეცრაზმის წევრები კიდევ სამჯერ დაბრუნდნენ მათ საცემად - ტელეფონის გარდა რატის წაართვეს ზურგჩანთაც, სადაც ტელეფონის დამტენები, მანქანის გასაღები, ხელთათმანი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები ეწყო. წაართვეს ჩაფხუტი და რესპირატორიანი ნიღაბიც.
„თითქოს რაღაც განძი მედო ზურგჩანთაში, ისე ჩხრეკდნენ. სულ სხვადასხვა ხალხი შემოდიოდა და ვინც შემოდიოდა, ყველა ითხოვდა ტელეფონი მომეციო - დასწრებაზე იყო, როგორც მივხვდი. ყველა, ვინც ამოდიოდა, ყველა გვაყენებდა შეურაცხყოფას. რუსებს გვეძახდნენ, პიდარასტებს, რო არ ვპასუხობდით, მაგაზე დამატებით გვირტყამდნენ, თუ რამეზე გაგვეცინებოდა, მაგაზე კიდევ უფრო. ბოლოს შემოვიდა ერთი ტიპი, მარტო ნიღაბი კი არ ეკეთა, აბჯარიც ეცვა და მითხრა, მოდი ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო? რა აზრი ქონდა, მერე მე მცემდა ათი კაცი ერთად და გამიშვებდნენ ციხეში“, - ჰყვება რატი და კიდევ ერთ სპეცრაზმელს იხსენებს, რომელმაც ცემის დროს ჰკითხა, სად იყო 2008 წლის ომის დროს. რატის პასუხზე, რომ 2008 წელს ის 15 წლის იყო, სპეცრაზმელმა უთხრა, რომ თვითონაც 16 წლის იყო მაშინ, მაგრამ „მისი წონის ტყვია აქვს ნასროლი რუსის ჯარისთვის“.
„ამაზე გამეცინა, მეთქი ყოჩაღ! რო გამეცინა, უფრო მცემეს. უფრო მცემეს იმაზე, რომ ჰოვერბორდის ხელთათმანი მეკეთა უკეთესი დაცვით - ამით გვირტყამდი ჩვენო. რო არ ვტიროდი და არ ვკვნესოდი, ამაზეც მცემეს. “ყველა ერთსა და იმავეს ამბობთ, თქვენ რომ გკითხოთ არავის არაფერი არ გისვრიათ, ყველა სახლში მიდიოდითო”, - იძახდნენ. იმ დღეს სამი დაკავებული ვნახე და სამივე მართლა სახლში მიდიოდა, როცა დააკავეს“.
ავტომანქანაში რამდენიმეეპიზოდიანი ცემის შემდეგ ის კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟმა გადაიბარა სამმართველოში წასაყვანად - სამმართველოში ჩხრეკის, დაზიანებების აღწერისა და დაკავების ოქმის შედგენის შემდეგ გადაწყდა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება იყო საჭირო.
„ფურცელი რომ გამომიწოდეს, ეწერა, რომ მე ვძალადობდი, არ ვემორჩილებოდი პოლიციას, არ მქონდა არცერთი პირადი ნივთი დაკავებისას, - ამეებზე ხელი არ მომიწერია, მარტო იმაზე მოვაწერე ხელი, რომ სასამართლოში გამოვცხადდებოდი, როცა დამიბარებდნენ და მერე წამიყვანეს კლინიკაში. სასაცილო ის იყო, რომ ამ კლინიკაში შედგენილი “ფორმა 100” იწყებოდა ასე: პაციენტის მოყოლის მიხედვით, პოლიციასთან ჩხუბის შედეგად მას აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები და მერე უკვე სამედიცინო ენით გრძელდებოდა დაზიანებების ჩამონათვალი. ამან დამაეჭვა, იქნებ რა ჩაწერეს და იქიდან რო წამოვედი, მერე კიდე სხვა კლინიკაში გადავამოწმე, სადაც მართლა აღმოჩნდა, რომ ტვინის შერყევაც მქონდა ძგიდის დაზიანებების გარდა“, - სამედიცინო შემოწმებების შემდეგ რატის ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი ჰქონდა. პირველ დღეებში გულ-მკერდთან დაჟეჟილობის გამო, რომელიც გარეგნულად არ ჩანდა, უჭირდა ღრმად სუნთქვა. მას ჯერ კიდევ წინ აქვს ცხვირის ოპერაცია, რომლის გაკეთებაც ყველაზე ცოტა, ერთი თვე, კიდევ არ შეუძლია - შეშუპებები ბოლომდე უნდა ჩაცხრეს. ტკივილები დღემდე აქვს.
სპეცრაზმისგან წართმეული ნივთების ღირებულებას და სამედიცინო ხარჯებს თუ შევკრებთ, აქციაზე ერთხელ გასვლის გამო მისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზარალი ათი ათას ლარს აჭარბებს.
რატიზე პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევაზე ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც მისგან ჩვენების მისაღებად პირველი შეტყობინებიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ მოიცალა. გაკეთებული აქვს ექსპერტიზაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შეხვდა წამების საერთაშორისო კონსორციუმის ექსპერტებსაც. დაკავებიდან 10 დღის შემდეგ გაიმართა მისი სასამართლოც.
„ლაშა მაკარაშვილი იყო უფროსი და მიხეილ სულაძე იყო ის 19 წლის ბიჭი, რომელიც განყოფილებაში დამხვდა. 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ის რუსთაველზე არ ყოფილა. სასამართლოზე რომ შევედი, ის გოგოებიც იყვნენ მოსულები, ვინც ესწრებოდნენ ჩემს დაკავებას, მოწმეებად, და სანამ გამოიძახებდნენ, ეს ჩემი მეგობარი გოგო აღმოჩნდა ამ 19 წლის პოლიციელის კარის მეზობელი. ამ ბიჭმა რომ დაინახა ეს გოგო, რომელიც ძალიან აქტიური და უშიშარია, მივიდა და დაიწყო იმის მტკიცება, მე არც იქ ვყოფილვარ, არც მიცემიაო და ამის მერე შემოვიდა სასამართლოზე და დაიწყო მოყოლა, რომ მაგან დაავალა გდდ-ს ჩემი დაჭერა იმის გამო, რომ 100 აგრესიულ მოქალაქეს შორის ვიდექი და ხელით ისეთ ჟესტებს ვაკეთებდი, რაც გინებად აღიქმებოდა. რამდენჯერაც დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ნივთები მომპარეს, მცემეს და ა.შ., მოსამართლემ იმდენჯერ შემაწყვეტინა, ეს მე არ მეხება, მე ამას არ განვიხილავო. ლელა მილდენბერგერი იყო ჩემი მოსამართლე, რომელმაც მართალია დამნაშავედ მცნო, მაგრამ არ დამაჯარიმა, სიტყვიერი გაფრთხილებით გამომიშვა“, - ეს უკვე რატის სასამართლოში მიღებული გამოცდილებაა. მან მოგვიანებით გაიგო, რომ ის ბიჭი, რომელიც მასთან ერთად იყო ე.წ. საწამებელ მარშუტკაში, სასამართლომ 7 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მას შედეგ, რაც 48 საათი უკვე გატარებული ჰქონდა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს - ეს ომბუდსმენის დათვლილი სტატისტიკაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციებზე ასზე მეტი პოლიციელიც დაშავდა, რადიო თავისუფლებამ უწყების პრესსამსახურს სთხოვა აქციაზე დაშავებულ პოლიციელებთან ინტერვიუების ჩასაწერად მათთან დაკავშირება, რაზეც უარი მიიღო.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ფორუმი