თავად სალომე ზურაბიშვილის გარდა, ზუსტი გეგმა ამ ეტაპზე არავინ იცის. მასთან შეხვედრების მონაწილეებს ამბავი მხოლოდ ფრაგმენტულად და ვარაუდების დონეზე გამოაქვთ, მაგრამ გარკვეული სურათის შექმნა მაინც შესაძლებელია.
„დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე. ვიქნები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით, და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
ვადა იწურება
არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პრეზიდენტი დარწმუნებულია ახალი არჩევნების გარდაუვალობაში, რის გამოც მან „ქართულ ოცნებას“ ერთგვარი ულტიმატუმით მიმართა:
- ან „ქართული ოცნების“ მილიარდერი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბრამდე დაელაპარაკება მას ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ,
- ან ახალი არჩევნები მაინც დაინიშნება - მაგრამ უკვე „ამ რეჟიმის ჩამოშლით“ და ეს ჩამოშლა თავად „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი იქნება.
ეს განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა 23 დეკემბერს და აღნიშნა ასევე, რომ იმავეს თქმას აპირებდა 22 დეკემბერსაც, რუსთაველის გამზირზე, აქციის ათობით ათასი მონაწილის წინაშე, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, იმ დღეს ვიღაცამ ხმის გამაძლიერებლის კაბელები შეგნებულად დააზიანა.
„ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტს უკვე უპასუხეს, რომ ბიძინა ივანიშვილს მასთან არაფერი ესაქმება.
„სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში წავა იქ, სადაც წავა, სადაც თვითონ გაუხარდება. რამდენიმე დღეში ამთავრებს თავის უფლებამოსილებას“, - უთხრა ჟურნალისტებს 24 დეკემბერს, კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.
29 დეკემბერი წყალგამყოფია საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“, - დაწერა X-ზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა - „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ და საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული MEGOBARI აქტის ინიციატორმა. ის ასევე აღნიშნავს, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ“ და არჩეულ პრეზიდენტს ნიშნავს პოსტზე..
X-ზე 26 დეკემბერს გამოქვეყნებულ მეორე პოსტში, სადაც დონალდ ტრამპთან ერთად უილსონმა მომავალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, უშიშროების საკითხებში მრჩეველი და აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან გასატარებელი პოლიტიკის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი მონიშნა, მან ივანიშვილს ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ლიდერი უწოდა, რომელიც ცდილობს საქართველოში დემოკრატია დიქტატურად გარდაქმნას.
29 დეკემბრის თემას X-ზე ასევე გამოეხმაურა შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი.
„გრძელდება მასობრივი პროტესტი თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში. 29 დეკემბრის შემდეგ სიტუაცია პიკს მიაღწევს. ამის შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - წერს კარლ ბილდტი.
რას გეგმავს ზურაბიშვილი?
ბოლო დღეებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან, სადაც, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალი არჩევნებისთვის მოსამზადებელი სპეციალური საბჭოს შექმნის საკითხი განიხილება. საბჭოს შექმნის იდეა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 23 დეკემბერს, ბრიფინგზე გაახმაურა. კერძოდ, მან თქვა, რომ:
- საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი, ეს იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
- მზადდება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობას, რომლებიც არის მინიმალური იმისათვის, რომ ჩატარდეს ძალიან მალე არჩევნები.
როგორც პრეზიდენტის გარემოცვის წარმომადგენლები და შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, საბჭოში პრეზიდენტი მოიაზრებს როგორც პროევროპული ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. რა ფორმულით შეიქმნება საბჭო და რამდენი საბჭო შეიქმნება, ამ ეტაპზე უცნობია. ურთიერთგანსხვავებული ვერსიების ფონზე, თავად პრეზიდენტს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
„ქართულ ოცნებაში“ საბჭოს შექმნის იდეას - „მთავრობანა“ უწოდეს.
მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრის ჩამოყალიბებას და ეს საერთაშორისო მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიდანაც ჩანს.
„ეს არ ნიშნავს ალტერნატიულ ძალაუფლებას, რადგან მე არ მაქვს ძალაუფლება. მე ვრჩები კონსტიტუციის ჩარჩოში... უნდა იყოს ვინმე, ვინც წარმოადგენს იმ ხალხის ხმას - რომელსაც სურს თავისი ევროპული მომავლის შენარჩუნება. ვაპირებ, რომ გავაგრძელო ამის გაკეთება და ვიყო კონტაქტში ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და მედიასთან“, - უთხრა პრეზიდენტმა „ბლუმბერგს“, დეკემბრის დასაწყისში.
რას ურჩევენ პრეზიდენტს?
პრეზიდენტთან შეხვედრებიდან ინფორმაცია ფრაგმენტულად და ვერსიების დონეზე გამოდის. შეხვედრების მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს თავ-თავიანთ იდეებს და რეკომენდაციებს აცნობენ.
ბოლო დღეებში სადავო აღმოჩნდა ორი ასეთი რეკომენდაცია:
- პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები;
- პრეზიდენტი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან 29 დეკემბრის შემდეგ.
„პარლამენტის დათხოვნის იდეას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჯერ ერთი, არანაირ კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს და ამას მოჰყვება ისეთი სამართლებრივი დისკუსია, რომელიც პრეზიდენტს დააზიანებს და არის საფრთხე იმისაც, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობს.
ასეთივე უარყოფითია გახარიას პარტიის პოზიცია სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის სასახლეში 29 დეკემბრის შემდეგ შესაძლო დარჩენის შესახებაც.
„რესპუბლიკა არ საჭიროებს შენობას, როგორც ატრიბუტიკას - ეს არ არის სამეფო და არ არის ტახტი… პრეზიდენტი ლეგიტიმურია და იქნება იმ შენობაში [პრეზიდენტის სასახლე] თუ შენობის გარეთ, ეს არაფერს ცვლის. შენობისთვის ბრძოლას არ გვგონია, რომ აზრი ჰქონდეს. ეს პრეზიდენტისთვისაც დამაზიანებელი იქნება და შესაძლოა, ადმინისტრაციის თანამშრომლებიც შარში გახვიონ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დიმიტრი ცქიტიშვილი და განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, რომელსაც მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
დიმიტრი ცქიტიშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე ბოლოს 24 დეკემბერს იმყოფებოდა და გვეუბნება, რომ იმ დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ იყო მიღებული, ხოლო თავად პრეზიდენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
„გახარია საქართველოსთვის“ ემხრობა საკოორდინაციო ფორმატის, პლატფორმის შექმნას. გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტია წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის საბჭოში.
პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებული იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს.
გვარამია ამბობს, რომ „პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას“ და ეს იქნება ყველაზე სწრაფი, „ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილება სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც იმავდროულად იქნება კონსტიტუციის შესაბამისი“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უფლება მხოლოდ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან მიმართებით აქვს - თუკი პარლამენტი ორ ცდაზე ვერ ახერხებს მთავრობის დამტკიცებას. ეს შესაძლებელია მოხდეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითაც და ეს სქემა „ქართული ოცნების“ თანხმობასაც მოითხოვს.
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის სასახლეში დარჩენის იდეა ანა დოლიძეს ეკუთვნის - „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს.
„ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი“, - განაცხადა დოლიძემ, 25 დეკემბერს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოყვანა, როგორც თავად უწოდებენ, „გამოთრევა“ და დაკავება, „ქართული ოცნების“ მოკავშირეებისა და მხარდამჭერების ღია სურვილია, რომელსაც ისინი არ მალავენ და მათ შორის - სოციალურ ქსელებშიც. „ქართული ოცნება“ კი, სასახლეში დარჩენის შემთხვევაში, „ხელისუფლების მითვისებისთვის“ ციხითაც ემუქრება.
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ბლოგერი დოდი ხარხელი ფეისბუკზე წერს, რომ ძალოვნების მიერ სასახლის გაწმენდის კადრები „იქნება სრულიად უღირსი, დამამცირებელი და უსუსურების მომგვრელი სანახაობა. ეს ცირკი არ არის საზოგადოების დაკვეთა. ამაზე შეიძლება მხოლოდ ქოცი გაერთოს“.
„არ აქვს ადგილს მნიშვნელობა, პრეზიდენტი სად იქნება - გადაწყვეტს აქ დარჩენას თუ გადაწყვეტს და სხვა ადგილს აირჩევს, მე ამ ლეგიტიმაციას შენობას არ ვუკავშირებ, აქ შინაარსშია არსებითი სხვაობა. ამ სასახლეში რომ მიხეილ ყაველაშვილი დასვან, პრეზიდენტი გახდება?“, - უთხრა ჟურნალისტებს, 25 დეკემბერს, იურისტმა ეკა ბესელიამ, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა.
პარალელურად, „ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს ძირითადად „ოცნების“ წევრთა საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მოკრძალებული ინაუგურაციისთვის ემზადება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას „ქართული ოცნება“ 29 დეკემბერს, 11 საათზე, პარლამენტის შენობაში გამართავს. სპეციალურად დაიბეჭდა კონსტიტუციის საინაუგურაციო ვერსია. ღონისძიებაზე არ მიიწვიეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამ გადაწყვეტილების მიზეზად რადიო თავისუფლებას „სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირე“ დაუსახელეს.
ოპოზიციაში კი ამბობდნენ, რომ, მათი ინფორმაციით, ელჩები ისედაც არ გეგმავდნენ ინაუგურაციაზე მისვლას, რაც პარლამენტის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების კიდევ ერთი, მკაფიო სიგნალი იქნებოდა.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამის გამო, პარლამენტს და შესაბამისად - ამ პარლამენტის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს უკანონოდ თვლიან პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ამავე შინაარსის განცხადებები გაკეთებული აქვთ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს.
ფორუმი