Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი


ავთანდილს ცემის შემდეგ გადაღებული ფოტო არ აქვს - ტელეფონი მას დაკავებისას წაართვეს და როცა 7 დღიანი პატიმრობიდან სახლში დაბრუნდა, ხილული დაზიანებები სახეზე უკვე აღარ ემჩნეოდა
ავთანდილს ცემის შემდეგ გადაღებული ფოტო არ აქვს - ტელეფონი მას დაკავებისას წაართვეს და როცა 7 დღიანი პატიმრობიდან სახლში დაბრუნდა, ხილული დაზიანებები სახეზე უკვე აღარ ემჩნეოდა

წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კონსორციუმმა 24 დეკემბერს საქართველოში დემონსტრანტებზე ძალადობის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კონსორციუმი ასკვნის, რომ იმას, რასაც 28 ნოემბრის შემდეგ აკეთებდა პოლიცია აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ, წამება და არასათანადო მოპყრობა ჰქვია.

ამ დასკვნის გამოქვეყნებამდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე აფასებდა 28 ნოემბრის შემდეგ "ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეპრესიებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად". საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი წერს, რომ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.

რადიო თავისუფლება 28 ნოემბერს დაწყებულ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.

ავთანდილ შაბურიშვილი, 33 წლის პროგრამისტი, 29 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით 12-ის ნახევრისთვის დააკავეს პარლამენტის უკან

დაკავების ოქმში მისი დაკავების თარიღად 30 ნოემბრის პირველის 15 წუთია მითითებული. 12-ის ნახევრიდან 1-ის წუთებამდე, სანამ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს გადასცემდნენ დაკავებულის სტატუსით, მას სპეცრაზმის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ.

ავთო 29 ნოემბრის საღამოს დაახლოებით 9 საათისთვის მივიდა აქციაზე მეგობრებთან ერთად, რამდენიმე საათში მოშივდათ და საჭმელად იქვე, პარლამენტის უკან ერთ-ერთ კაფეში ავიდნენ. როცა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან სიმშვიდე იყო, თუმცა სპეცრაზმის დამატებითი ძალების მობილიზაცია შეინიშნებოდა და, სავარაუდოდ, უკვე გამოყენებული იყო წყლის ჭავლის მანქანა, რაზეც სველი ასფალტი მიანიშნებდა.

„სიმშვიდე იყო, არაფერი აგრესიული არ მახსენდება არც ხალხისგან, არც სპეცრაზმისგან. სპეცრაზმელები დგებოდნენ დამატებით ვიწრო ქუჩებზე და ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ალყას კრავდნენ და ნელ-ნელა დავიწყეთ ქვემოთ ჩამოსვლა. თან ვფრთხილობდით, ისევ სპეცრაზმს არ მივდგომოდით, რომელიც ჩიტაძეზე იყო გამაგრებული. უცბად გავიგე ყვირილი, არიქა, მორბიანო, ერთმა სპეცრაზმელმა მალევე ჩამირბინა გვერდით, მერე მეორემ. მეც ავუჩქარე ფეხს და მალევე კეფაში მომხვდა ხელი. წავიქეცი, სამი სპეცრაზმელი მირტყამდა, სახეზე მოვასწარი ხელების აფარება, მაგრამ ზურგში და თავში მირტყამდნენ ფეხებს - რამდენიმე წუთში ჩემი გათრევა დაიწყეს, მერე ერთმა დაიძახა ვინმე მომეხმარეთ, თორე მძიმეა ეს დედამო***ნულიო. სამი-ოთხი მეტრი ასე მათრიეს, მერე ფეხზე წამომაყენეს და შემიყვანეს უკვე პატარა სკვერი რომაა, იმასთან ბორდიურზე. სანამ იქ დამსვამდნენ, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მუშტებს და წიხლებს მირტყამდა, ერთმა ორჯერ ჩამარტყა და მეორემ გააფრთხილა, ამას მეტი აღარ ჩაარტყაო. ალბათ 15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“, - ასე იხსენებს ავთო სამართალდამცველებთან თავის პირველ შეხვედრას. ის იმ დემონსტრანტებს შორის არის, ვისაც პოლიციამ ყველაფერი, მათ შორის, ძვირადღირებული ტელეფონი და პირადი ნივთები ჩხრეკის ოფიციალურად გაფორმების გარეშე წაართვა და რომელიც დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

„ამ ბორდიურზე რომ დაგვყარეს, სულ სამი კაცი ვიყავით, ეგრევე ჩანთების გაქექვა და ჯიბეებიდან რაღაცების ამოღება დაიწყეს - მე ტელეფონი წამართვეს, iPhone 16 pro მქონდა, ძალიან გაეხარდათ, პოლიციელის სამი თვის ხელფასი ღირს დაახლოებით. საყვირი და აირწინაღი დემონსტრაციულად დამიმტვრიეს იქვე. გვაგინებდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, აქ რა გინდათ, ბიჭოო - გვეკითხებოდნენ. მე ვუთხარი, რომ უკეთეს საქართველოში მინდოდა ცხოვრება და მითხრეს, შენ რა იცი, რა არის უკეთესი, ომში არ ხარ ნამყოფი, რატომ გგონია, რომ აქ ვინმე რუსეთის საქმეს აკეთებს, ჰა, ბიჭო, რა ქენით, ჩაი**ით? სუნი მოდის, ჩმორები ხართ და ესეთები. თან პერიოდულად ვიღაცეები მოდიოდნენ და გვირტყამდნენ. ერთი იყო ოდნავ დაბალი, შავებში ჩაცმული, იკითხა, აბა, ხარებას ვინ შეაგინა თქვენგანო და ჯერ მარცხენა მხარეს ჩამარტყა თვალს ოდნავ ქვემოთ, მერე მეორე მხარეს წამოვიდა, მოვასწარი ხელის აფარება, ჩამომაწევინა ეს ხელი და ამ მხარესაც მთელი ძალით ჩამარტყა“, - ჰყვება ავთანდილი და იქვე იხსენებს ბოლო სპეცრაზმელს, რომელიც იმ საღამოს ნახა და რომელმაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისთვის მის გადაცემამდე დამიზნებით მოუქნია მუშტი ზუსტად კუჭის თავში.

„კრიმპოლი კარგად მექცეოდა, თვითონაც ხო ნახეს, რომ აქამდე არანაირი პრობლემა კანონთან არ მქონია, ვარ პროგრამისტი, ვმუშაობ ორ პროექტზე, ცხოვრებაში არავინ არ დამიჩაგრავს, ორი წელია აქციაზე დავდივარ და ერთი კენჭიც კი არ მაქვს ნასროლი, რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო. და ყველა ეგეთი იყო თითქმის, ვინც დაიჭირეს, ვუთხარი კიდევ ამ პოლიციელებს, რას გაძლევთ ჩემი დაჭერა-თქო. აი, ფოიერვერკებს რო ისვრიანო, მითხრეს. ჩვენი, ამ 400 კაცის დაჭერა არაფერს გაძლევთ, ჩვენ იქ ვიდგებით თუ არა, თქვენ ვერანაირ განსხვავებას ვერ იგრძნობთ და ვერც ის ფოიერვერკების მსროლელები-თქო. ბოლოს სასამართლოზეც ვიგრძენი, რომ ცოტა ეწყინათ კიდეც, გამამტყუნებელი განაჩენი რომ გამომიტანეს და ჯარიმის ნაცვლად 7-დღიანი პატიმრობით დავისაჯე. ჩემთვის სულერთი იყო, დამაჯარიმებდნენ თუ დამაპატიმრებდნენ, მაგრამ სასამართლომდე, მახსოვს, ეს პოლიციელები მეუბნებოდნენ, ჯარიმა ჯობია პატიმრობას, ნანუკა [ჟორჟოლიანი - რ.თ.] გადაიხდისო“, - ამბობს ავთანდილი, რომელიც მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დამნაშავედ ცნო პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობაში და 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოდან ის სენაკში გადაიყვანეს, დარჩენილი დღეების იქაურ იზოლატორში გასატარებლად.

„იმ დიდი მიზნისთვის, რისთვისაც მე ქუჩაში ვდგავარ, ეს ერთკვირიანი პატიმრობა სალაპარაკოდ არ ღირს. იქ პოლიციელებს ბევრს ველაპარაკებოდი, მათი ნაწილი სირაქლემას პოზაშია და არ უნდა, დაინახოს, რომ უკანონობას უყურებენ, ზოგი ისეთია, ვისაც მართლა აინტერესებდა და უნდოდა გამომძიებლობა და პოლიციაში მუშაობა; ამბობდნენ, ჩვენ ვართ აპოლიტიკურები, ჩვენ ვიცავთ წესრიგს, ჩვენ არ გვაინტერესებს იქ ზემოთ რა ხდება, ჩვენ რო არ ვიყოთ, ორ დღეში დედას მოუ***ნავთ ამ ქალაქს, ჩვენ მიშას დროსაც ამას ვაკეთებდით, ახლაც ამას ვაკეთებთ, მერეც ამას გავაკეთებთ, ვინც არ უნდა მოვიდეს. მე მაინც მგონია, რომ ესენი ხვდებიან, რასაც აკეთებენ, იციან, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი **ეობაა, მაგრამ ეს რომ თქვან, უნდა ჩამოიშალონ მთელი თავისი რწმენა და ცხოვრება. კოგნიტურ დისონანსში არიან, რა“, - ავთანდილმა იზოლატორი 7 დეკემბერს, შაბათ დღეს დატოვა. ორშაბათს ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა გატაცებული პირადი ნივთების, მათ შორის ტელეფონის უკან დაბრუნების მოთხოვნით განცხადების დასაწერად. იქ უთხრეს, რომ 10 სამუშაო დღეში, ანუ ორ კვირაში დაუკავშირდებოდნენ. ამ ვადის გასვლის შემდეგ ის ვერც უწყების ცხელ ხაზზე ახერხებს დაკავშირებას და არც სამინისტროდან დაჰკავშირებია ვინმე რაიმე სიახლით.

ის უკვე გამოიკითხა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, იზოლატორში ყოფნისას შეხვდა სახალხო დამცველს და მის რწმუნებულსაც.

„ლევან იოსელიანი ჩემ თვალში არც მანამდე არ იყო სახალხო დამცველი და ამ შეხვედრამაც არ შემიცვალა მასზე წარმოდგენა. ეს ადამიანი არის სირცხვილი, იმიტომ რომ ის მემკვიდრეობა, რაც მას დაუტოვეს, ქარს გაატანა 12 000-ლარიანი ხელფასის გამო. გამოწკეპილი დადიოდა ძვირფასი, კოსტუმით და საათით იზოლატორში ნაცემ, დასისხლიანებულ ხალხთან - შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს ახლა ეგ, მაგრამ იქ ესეთი დეტალები მოქმედებს.

იზოლატორებში ისეთი ნაცემი ხალხი ვნახე, ცხვირი რო თვალის ადგილას ჰქონდა და ტუჩი ყურის ადგილას. მართლა ეგეთი ნაცემები იყვნენ, არ ვამეტებ“, - იხსენებს ის.

სასტიკად ნაცემ დემონსტრანტებს შორის არის მისი კოლეგა და მეგობარიც, რომელიც იმავე დღეს დააკავეს, როცა ავთანდილი. მისგან განსხვავებით მეგობარი იზოლატორის ნაცვლად კლინიკაში მოხვდა, ტვინის შერყევით და სახის არეში მძიმე დაზიანებებით. დღეს ის ამბობს, რომ სხვებთან შედარებით უფრო მარტივად არის გადარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ სახისა და ზურგის არეში ტკივილები არაერთი დღის განმავლობაში აწუხებდა.

28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს - ეს ომბუდსმენის დათვლილი სტატისტიკაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციებზე ასზე მეტი პოლიციელიც დაშავდა. რადიო თავისუფლებამ უწყების პრესსამსახურს სთხოვა აქციაზე დაშავებულ პოლიციელებთან ინტერვიუების ჩასაწერად მათთან დაკავშირება, რაზეც უარი მიიღო.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG