„როიტერსს“ აზერბაიჯანიდან ოთხმა წყარომ აცნობა, რომ წინასწარი გამოძიების შედეგად, თვითმფრინავი რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. იმავეს წერს „ევრონიუსიც“ და ისიც აზერბაიჯანის მთავრობას იმოწმებს. წყარომ „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსულ აეროპორტებში დაშვებაზე უარი უთხრეს და კასპიის ზღვის გადაღმა, ყაზახეთში გაუშვეს.
აზერბაიჯანული მედიაორგანიზაცია caliber.az წერს, რომ შესაძლოა დანაშაულის კვალის დასაფარად რუსეთს სურდა თვითმფრინავს ხმელეთამდე ვერ მიეღწია და ზღვაში ჩავარდნილიყო.
კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე რამე ჰიპოთეზების წამოყენება სწორი არ არის.
თვითმფრინავი ზღვის თავზე
25 დეკემბერს, დილით, აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. რუსეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავი ძლიერი ნისლის გამო ვერ მიიღო და გაგზავნა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალისკენ. თვითმფრინავი „უამინდობის გამო“ ვერც მახაჩყალაში დაჯდა და დისპეტჩერებმა ის გაცილებით შორს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსკენ გაისტუმრეს.
თვითმფრინავმა აქთაუმდე მიაღწია და იქ ჩამოვარდა. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა - აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. დაიღუპა 38, მათ შორის ეკიპაჟის წევრები. გადარჩენილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ჩამოვარდნის მიზეზებზე რუსულ პროპაგანდისტულ მედიას თავისი ვერსია აქვს - სავარაუდოდ, თვითმფრინავი ფრინველების გუნდს შეეჯახა. მაგრამ ამ ვერსიას მხარდამჭერები ნელ-ნელა აკლდება. თვითმფრინავის სალონიდან გადაღებულ ვიდეოზეც ჩანს, რომ ძრავის ფერინგის უკანა მხარე მოტეხილია, რასაც ფრინველები ვერ იზამდნენ.
ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მრავალი ნახვრეტი აქვს. OSINT-ის ანალიტიკოსი ოლივერ ალექსანდერი ირწმუნება, ფრინველები რომ შესჯახებოდნენ, ზედაპირზე ნახვრეტები კი არა, ჩაღრმავებები დარჩებოდაო.
ავიაექსპერტი ცერიკ მუხტიბაევი Orda.kz-თან საუბარში ამბობს, რომ როდესაც ეკიპაჟის მეთაურმა დისპეტჩერებს ტექნიკურ პრობლემებზე აცნობა, თვითმფრინავი ისეთ სიმაღლეზე იყო, სადაც ჩიტები არ დაფრინავენ.
ავიაციის ექსპერტმა ვალერი რომანენკომაც „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში განაცხადა, რომ შეუძლებელია 8 ათას მეტრზე ჩიტებს გადაეყარო.
„თან ჩიტები ძრავებში მოხვდებოდნენ, იქ მათი ძვლები და ბუმბული დარჩებოდა. თუ გროზნოს თავზე გადააწყდნენ ჩიტების გუნდს, მაშინ გროზნოშივე უნდა დაესვათ თვითმფრინავი, მაგრამ სადღაც ჯანდაბაში გაგზავნეს, ეს კი უკვე რაღაც განზრახვაზე მიანიშნებს“.
ყველაზე მეტად ექსპერტებს იმის გაგება უჭირთ, რატომ გადაწყვიტა ეკიპაჟმა გაფრენილიყო 450 კილომეტრით დაშორებულ აქთაუში, როდესაც გაცილებით ახლოს რამდენიმე აეროპორტი მდებარეობდა, მათ შორის - მოზდოკის და ვლადიკავკაზის.
ესროლეს დრონს, მოხვდა თვითმფრინავს?
მეორე ვერსიით, თვითმფრინავს რაკეტა მაშინ მოხვდა, როდესაც ჩეჩნეთის თავზე მიფრინავდა. ჩეჩნები ამ დროს დრონებს იგერიებდნენ.
25 დეკემბრის დილას ჩრდილოეთ კავკასიას დრონებით რამდენჯერმე შეუტიეს, სავარაუდოდ, უკრაინამ. დრონები ჯერ ინგუშეთში გამოჩნდა, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩნეთში. ვლადიკავკაზში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა სავაჭრო ცენტრში ხანძარიც კი გააჩინა.
იმავე დღეს ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოფიციალურად განაცხადა, დრონები ჩამოვყარეთ და არავინ დაშავებულაო.
ერთი საათის შემდეგ კი ყაზახეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, ზედაპირზე ისეთი დაზიანებებით, რომელიც ჭურვის კვალს წააგავს.
საგამოძიებო ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის თანადამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა „დოჟდის“ ეთერში თქვა, რომ ასეთ კვალს ზენიტური რაკეტები ტოვებენ და, სავარაუდოდ, ეს იყო Pantsir-S1.
„ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში ექსპერტმა იან მატვეევმაც აღნიშნა, რომ დაზიანებას ზოგან ცილინდრული ფორმა აქვს, რაც სწორედ Pantsir-S1-ს ახასიათებს.
მოძრაობა Niyso-ს აქტივისტები ამბობენ, რომ 25 დეკემბერს ჩეჩნები დრონების წინააღმდეგ Pantsir-S1-საც ისროდნენ. მათ გამოაქვეყნეს ТКБ-1055-ის ფოტო და აღნიშნეს, რომ რაკეტა აეროპორტიდან ათ კილომეტრში ჩამოვარდა.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჯერ კიდევ 2022 წელს მოითხოვა, მისთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემა მიეცათ, რომ რეგიონში დაეყენებინა. კრემლს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი არ გაუცია.
გადარჩენილი მგზავრი სუბხონკულ რახიმოვი Russia Today-ს ეთერში ჰყვება, რომ თვითმფრინავი სამჯერ ეცადა გროზნოს აეროპორტში დამჯდარიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც ფეთქდებოდა.
„აფეთქება იყო, ვერ ვიტყვი, რომ თვითმფრინავის შიგნით... ჟილეტი ავიღე და ვხედავ ჟილეტში ნახვრეტია ნამსხვრევებისგან. აფეთქების შემდეგ სწორედ ფეხებქვეშ გამიარა ნამსხვრევებმა და ჟილეტი დაფლითა“.
უკრაინაში დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ რუსეთის ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დრონების შეტევის დროს რუსეთს სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე უნდა დაეხურა, მას შემდეგ კი, რაც თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა - ჩეჩნეთშივე დაესვა.
ავიაციის ექსპერტი ანატოლი ხრაპჩინსკი ამბობს, რომ შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვაჭრობის საგანი არ გახდა.
„ყაზახეთი რუსეთს აქტიურად ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. ეს ფაქტი ყაზახეთმა შესაძლოა გარკვეული პრივილეგიების მისაღებად გამოიყენოს. მათ შეუძლიათ რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებაში დაადანაშაულონ, ან ყველაფერი ბუნებრივ მოვლენებსა და ტექნიკურ გაუმართაობას დააბრალონ“.
მსგავსი ავიაკატასტროფა მოხდა 2014 წელსაც, როდესაც ბრძოლების დროს დონეცკის ოლქში მალაიზიის თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 298 ადამიანი. ნიდერლანდის სასამართლომ კატასტროფის მიზეზად რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტები დაასახელა.
ფორუმი