Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალების მარში


ირანში მოჰამედ რასულოფის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟისორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სახალხო პროტესტებში, რომლებიც მაჰსა ამინის, ირანელი ახალგაზრდა ქალის დაღუპვის შემდეგ გაიმართა.
ირანში მოჰამედ რასულოფის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟისორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სახალხო პროტესტებში, რომლებიც მაჰსა ამინის, ირანელი ახალგაზრდა ქალის დაღუპვის შემდეგ გაიმართა.

„წმინდა ლეღვის თესლი“ (რეჟისორი მოჰამედ რასულოფი)

საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო წელს თბილისის კინოფესტივალი შეზღუდული ფორმატით ჩატარდა. ქვეყანას კინოს დრო ნამდვილად არ ჰქონდა. თუმცა მოჰამედ რასულოფის „წმინდა ლეღვის თესლის“ ნახვას თუ მოახერხებდით, ვფიქრობ, აუცილებლად იგრძნობდით ქუჩისა და კინოდარბაზის თითქმის მაგიურ მთლიანობას - რეალურად, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, წარმოუდგენელი სიზუსტითაა ასახული ირანელი რეჟისორის ფილმში.

რასულოფმა, რომელსაც მაისის დასაწყისში ირანში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. იმასაც მიაღწია, რომ ფილმი, რომელსაც ჯერ კიდევ შინაპატიმრობაში ყოფნის დროს იღებდა, უჩვენეს კანის ფესტივალზე (სადაც ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა), მერე კი - თითქმის ყველგან, ერთნაირი წარმატებით.

ირანში მოჰამედ რასულოფის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟისორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სახალხო პროტესტებში, რომლებიც მაჰსა ამინის, ირანელი ახალგაზრდა ქალის დაღუპვის შემდეგ გაიმართა. 2022 წლის 16 სექტემბერს მაჰსა საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც იგი დააპატიმრა „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კოდექსის დარღვევის გამო. ამინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას გადაუარა საპროტესტო ტალღამ, რომლის მამოძრავებელ ძალად ქალები იქცნენ. სწორედ ქალები ხდებიან რასულოფის ფილმის მთავარი პერსონაჟები. თუმცა მოქმედი პირი „წმინდა ლეღვის თესლში“ მამაკაცია, იმანი, ორი ქალიშვილის მამა, ირანის რევოლუციური სასამართლოს გამომძიებელი, რომელსაც ბოლომდე აქვს გააზრებული რაოდენ უსამართლო სისტემას ემსახურება, მაგრამ მაინც აგრძელებს რეჟიმის სამსახურს და გამოაქვს სიკვდილით დასჯის განაჩენები.

ერთხელაც იმანი აღმოაჩენს რომ სატაბელო იარაღი დაკარგა. ეჭვი თავისი ოჯახის წევრებზე აქვს - ცოლსა და ქალიშვილებზე, რომლებიც ამბოხებულ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. ახლა უკვე იმანს ემუქრება პატიმრობა, თუკი არ დაუბრუნებს სახელმწიფოს ამ თითქოს გაცვეთილ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ბუნებრივად გაცოცხლებულ ფალოიდურ სიმბოლოს, სახეს ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმისა.

მოგეხსენებათ, წლების მანძილზე ირანული კინოს არსებობას იგავური კონსტრუქციები, ალეგორიები, მეტაფორები განსაზღვრავდნენ. თუმცა ბოლო დროს მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ირანულ „პოეტურ კინოს“ რესურსები ამოეწურა. მით უმეტეს, იმ ცვლილებების ფონზე, რომლებსაც განიცდის აქაური საზოგადოება, დაირღვა პროპორცია რეალურ სინამდვილესა და მხატვრულ სინამდვილეს შორის.

„წმინდა ლეღვის თესლი“ იშვიათი ფილმია, რომელშიც ტოტალიტარული სისტემის დეჰუმანიზაცია უკიდურესად შეზღუდულ სივრცეში, მინიმალისტურ დეკორაციებსა და ახლო, საშუალო ხედებში გამოიხატება. ეს შეზღუდულობა ამავე დროს დრამატურგიის ორგანული ნაწილი ხდება. ინტერიერი ბინისა, რომელშიც ცხოვრობს ოჯახი, თანდათან იხსნება გარე სამყაროსთვის. მაგრამ უბედურება ისაა, რომ სრულიად იზოლირებულია თავად ეს გარე სამყარო, მთელი ქვეყანა. იზოლაციას კი შეუძლია ჭკუიდან შეშალოს ადამიანი, მთელი საზოგადოება. წესიერი, კანონმორჩილი კაცი იქცევა ურჩხულად, რადგანაც პროპაგანდამ ის დაარწმუნა, რომ „უფალს ემსახურება“, „ქვეყნის დამოუკიდებლობას ემსახურება“ და, რაც მთავარია, „ღირსეულად ემსახურება“. ფილმის ბოლო ნაწილში რეჟისორი უბრუნდება ირანული კინოს ტრადიციას და მთელ მოქმედებას მეტაფორებზე აგებს (თანაც „იშველიებს“ დიდ ციტატას სტენლი კუბრიკის ფილმიდან „ნათება) - მამა რეჟიმის სიმბოლოდ გადაიქცევა („იმანი“ ნიშნავს „რწმენას“). მამა ატყვევებს ქალებს და ძალადობს შვილებზე, მოგვევლინება სატურნის სახით, რომელიც მზადაა შეჭამოს თავისივე შვილები. ავტორი პირდაპირ, დარწმუნებით გვახსენებს, რომ გადარჩენა შვილებშია, გადარჩენა ახალგაზრდობაშია. ხეს, რომელიც 300 წლამდე ცოცხლობს, „წმინდა ხეს“, ბოლოს და ბოლოს მისივე ნაყოფი გაახმობს.

დიქტატურას კინოში, როგორც წესი, მსხვერპლის ხედვის წერტილიდან იღებენ. „წმინდა ლეღვის თესლში“ პირიქითაა. ხედვის წერტილი თავად მოძალადეზე გადის. მამას, რომელიც გამომძიებლად მუშაობს, ერთადერთი ფუნქცია აქვს - დატყვევებული ადამიანების იძულება აღიარონ დანაშაული. სახლში, თითქოს, სულ სხვანაირია - ცდილობს არაფერი მოაკლოს ცოლს და შვილებს - ტანსაცმელი, საკვები, განათლება. მაგრამ ვერ ახერხებს მთავარს - თავისი შვილების სიყვარულს, რადგანაც იმ რელიგიის მსხვერპლია, რომელიც გადაქცეულია პოლიტიკური ძალაუფლების, პიროვნების განადგურების ინსტრუმენტად. ოჯახის ერთიანობის კულტი ჩვენ თვალწინ ინგრევა. ოჯახურ სიამტკბილობას ცვლის ეჭვი, უნდობლობა, პარანოია. ოჯახური დრამა, გათამაშებული შექსპირის, სოფოკლეს ასოციაციებით, ნელ-ნელა ტრილერში გადაიზრდება.

მე პირადად ჟანრის ასეთი ფერისცვალება და ფინალი, რომელიც რადიკალურად ცვლის რეგისტრს, ნაკლებად დამაჯერებელი მგონია. ავტორის სურვილი, გააძლიეროს ფილმის ემოციური ზემოქმედება, ზოგჯერ ავნებს შესანიშნავ ეპიზოდებს, მაგალითად, მართლაც რომ უნიკალურ სცენას, როცა ნაჯმე, იმანის ცოლი, ახალგაზრდა მეამბოხის სახიდან ტყვიის ამოღებას ცდილობს. ეს ხანგრძლივი ახლო ხედი სისასტიკის მსხვერპლისა, მართლაც რომ ხატს ემსგავსება, თუმცა სიმღერა, რომელიც კადრს მიღმა ისმის, პათეტიკით ტვირთავს ფილმს, რომლის მთელი ხიბლი მისი ასკეტიზმი და მინიმალიზმია.

ნაჯმეს როლის შემსრულებელი, ისევე როგორც ფილმში გადაღებული მსახიობების უმრავლესობა, პრემიერის შემდეგ იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო და ევროპაში გადასახლებულიყვნენ.

„რეპრესიების მასშტაბებმა და ინტენსივობამ მიაღწია სისასტიკის ისეთ დონეს, რომ ხალხი ყოველდღე ელოდება შეიტყოს მთავრობის მიერ ჩადენილი ახალი ამაზრზენი დანაშაულის შესახებ“, - ამბობს რასულოფი. შესანიშნავადაა ფილმში გამოხატული ეს კონტრასტი იმათ შორის, რასაც ხელისუფლება თავის მედიაში გადმოსცემს და რასაც ხალხი სოციალური ქსელებით იგებს. პოლიციის ძალადობა რეჟისორმა მობილური ტელეფონით გადაიღო. ეს კადრები მთელი ამ საოჯახო ისტორიის ფონია. თუმცა ფონი აქ ყველაფერს ხსნის.

ერთი საინტერესო დამთხვევა.

ამერიკული „ოსკარის“ ნომინაციაზე „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ ერთდროულად წარდგენილია ბრაზილიელი რეჟისორის, ვალტერ სალესის „მე ისევ აქ ვარ“ და რასულოფის „წმინდა ლეღვის თესლი“. თუკი ირანული ფილმი გასაოცრად ზუსტად ეხმიანება იმას, რაც დღეს ხდება რუსთაველის პროსპექტზე, სალესის შედევრი (ვფიქრობ, 2024 წლის საუკეთესო ფილმი) გვიჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს ხვალ, თუკი რეჟიმები მაინც მოახერხებენ თავის გადარჩენას.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG