ნიკოლ ფაშინიანმა არადიპლომატიურად, საჯაროდ უთხრა ლუკაშენკას, რომ არც მინსკში აპირებს ჩასვლას, სადაც 2025 წელს საბჭოს მორიგი სამიტი უნდა გაიმართოს. ფაშინიანმა გაიმეორა ადრე ნათქვამი, რომ არასოდეს ეწვევა ბელარუსს, ვიდრე ქვეყანას ალიაქსანდრ ლუკაშენკა მართავს.
პოლიტიკის ექსპერტები დაპირისპირების რამდენიმე სავარაუდო მიზეზს ასახელებენ:
- ლუკაშენკამ ფაშინიანის გაკიცხვა გადაწყვიტა პუტინის საამებლად
- ლუკაშენკა არასოდეს მალავდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარესაა
- ბელარუსის ლიდერი აკეთებს ყველაფერს, რასაც მისგან მოსკოვი მოითხოვს
- ფაშინიანმა საკადრისი პასუხით აჩვენა, რომ ხისტად იცავს სომხეთის ინტერესებს
დაწვრილებით: რა მოხდა ЕЭАС-ს სამიტზე
ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს (ЕЭАС) სხდომის მსვლელობისას არ მიიღო ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის მიპატიჟება მინსკში. ნიკოლ ფაშინიანი, დსთ-ს (СНГ) სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდა, რადგან, როგორც სომხეთის ლიდერმა განაცხადა, სამიტის წინა დღეებში დაუდასტურდა COVID-19.
ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანს შეახსენა, რომ მომდევნო სამიტს, 2025 წლის მაისში, მინსკი უმასპინძლებდა. საქმე ისაა, რომ სომხეთი ამთავრებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕЭАС) თავმჯდომარეობას, რომელიც მომავალი წლიდან ბელარუსს გადაეცემა.
„თუ ჩვენი დამკვირვებლებისთვის საინტერესოა ჩვენი გაერთიანება, როგორც თავმჯდომარე, ვთხოვდი მათ, რომ დაესწრონ სხდომებს და ტელევიზორიდან არ მოგვიყვნენ, როგორ ითანამშრომლებენ ჩვენთან“, - თქვა ლუკაშენკამ ფაშინიანის გასაგონად, რადგან მხოლოდ სომხეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა საბჭოს მუშაობაში ვიდეოზარის საშუალებით, თუმცა ლუკაშენკამ განმარტა, რომ მისი ნათქვამი არ ეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრს.
„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არა მხოლოდ წვერი გაიპარსეთ, არამედ ცოტათი ავადაც გახდით. ამიტომ, აღგიქვამთ ჩვენი კავშირის ახალ ახალგაზრდა, გარეგნულად მაინც, წევრად“, - აღნიშნა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ არცთუ სარკაზმის გარეშე.
პასუხად ფაშინიანმა მიუგო, რომ სომხეთი არ ეწინააღმდეგება ЕЭАС-ის შეხვედრის მინსკში გამართვას, თუმცა იქვე დასძინა:
„წინააღმდეგი არ ვართ უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის მინსკში გამართვისა, მაგრამ წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დელეგაცია სხდომაში მონაწილეობას მიიღებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში“.
„რამე პრობლემა გაქვთ? - გაღიზიანება ვერ დამალა ლუკაშენკამ, - შორია მინსკამდე თუ არავინ გყავთ, რომ [მინსკამდე] მოგიყვანოთ? საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას გავუკეთებთ თქვენი დელეგაციის ჩამოყვანას“.
ამის შემდეგ სომხეთისა და ბელარუსის ლიდერებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
ნიკოლ ფაშინიანი: „ალექსანდრ გრიგორის ძე, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გავაკეთე და ეს განცხადება ძალაშია. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმატი ამ საკითხის განსახილველად. უბრალოდ თქვენ შეეხეთ ამ საკითხს და მეც იძულებული გავხდი დაუყოვნებლივ მომეხდინა რეაგირება, რათა არ ყოფილიყო რამე სახის გაუგებრობა“.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა: „განვიხილავთ თქვენს განცხადებას“.
ნიკოლ ფაშინიანი: „რა არის აქ განსახილველი?! თქვენ არ შეგიძლიათ განიხილოთ ჩემი განცხადება, რადგან ჩემი განცხადება არ ექვემდებარება განხილვას“.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა: „კი, განვიხილავთ, იქნებ ტელევიზორი აღარ იყოს, რომ დისტანციურად ისაუბროთ“.
ნიკოლ ფაშინიანი: „პრობლემა არაა, პრობლემა არაა... მესმის თქვენი, შესაძლოა ტელევიზორებთან დაკავშირებითაც შეგექმნათ პრობლემები?! გაგებით ვეკიდები ამას“.
„არასოდეს ჩავალ მინსკში"
როგორც წესი, დსთ-სა და სხვა პოსტსაბჭოთა ინტეგრაციულ სტრუქტურებში გამართული შეხვედრები უღიმღამოა და არაფრით გამოირჩევა ერთმანეთისგან, თუმცა, საყოველთაო შეფასებით, გამონაკლისი გამოდგა 26 დეკემბერს გამართული ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ბოლო სამიტი.
პოლიტოლოგმა და ისტორიკოსმა ალიაქსანდრ ფრიდმანმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან საუბარში განმარტა, თუ რამ გამოიწვია ლუკაშენკასა და ფაშინიანის უხეში სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიტოლოგმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ცდილობს ბელარუსის ლიდერი პუტინისა და რუსი ჟურნალისტების გულის მოგებას.
ექსპერტების აზრით, ლუკაშენკას ისედაც რთული ურთიერთობა აქვს სომხეთის ლიდერთან, ფაშინიანის სანქტ-პეტერბურგში არჩასვლამ და მინსკში მიპატიჟების უარყოფამ კი ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი საერთოდ გამოიყვანა მდგომარეობიდან. თუმცა ალიაქსანდრ ფრიდმანის თქმით, ფაშინიანზე თავდასხმით ლუკაშენკამ პუტინისა და რუსეთის დელეგაციის გულის მოგებაც სცადა:
„ერთი მხრივ, ეს იყო ლუკაშენკას ემოციები, ხოლო მეორე მხრივ, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა გადაწყვიტა ეამებინა პუტინისთვის“.
პუტინი და რუსეთის დელეგაცია, ცხადია, არ იყო კმაყოფილი მათი მორიგი პლატფორმის - ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სამიტის იგნორირებით. არავინ იცის, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ფაშინიანის კორონავირუსით დაავადების ისტორია, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ავად თუ კარგად, სომხურმა მხარემ შეძლო თავისი პოზიციების დაცვა, უთხრა მოსკოვს, არ გშორდებით, მაგრამ არც თქვენს ჭკუაზე სიარულს ვაპირებთო.
„ეს აშკარად არ მოეწონა რუსეთს და ლუკაშენკამაც გადაწყვიტა ფაშინიანის გაკიცხვა, რათა თან ეამებინა პუტინისთვის და თან ნიშნის მოგებით ეთქვა, თქვენ, რუსებს ამის თქმა თავად არ შეგიძლიათ, მე კი შემიძლიაო; რისი გაკეთებაც უფროს ძმას არ უნდა, იმას უმცროსი ძმა გააკეთებსო“, - ამბობს ალიაქსანდრ ფრიდმანი.
- მაინც რატომ გაუარესდა ურთიერთობები მინსკსა და ერევანს შორის?
ქვეყნებს შორის ურთიერთობა დიდი ხანია გაფუჭებულია ლუკაშენკას რეჟიმის პოზიციის გამო, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერს აზერბაიჯანს და არა სომხეთს.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კარგი ურთიერთობა დაამყარა ჯერ ჰეიდარ ალიევთან, შემდეგ კი მის შვილთან, ილჰამ ალიევთან. მათ არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის თანამშრომლობა, არამედ ავტორიტარული რეჟიმების იდეოლოგიური სიახლოვეც აკავშირებთ.
ლუკაშენკას არასოდეს დაუმალავს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარესაა. 2024 წლის მაისში ლუკაშენკა ყარაბაღს აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ ეწვია. პასუხად 2024 წლის ივნისში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის არასოდეს ეწვევა ბელარუსს, ვიდრე ალიაქსანდრ ლუკაშენკა იქნება ხელისუფლების სათავეში.
2024 წლის ივნისში ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბელარუსმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ომში, რაზეც, ფაშინიანის თქმით, ღიად ისაუბრა ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
„ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მონაწილეობდა 44-დღიანი ომის მომზადებაში; ახალისებდა აზერბაიჯანს, სჯეროდა და სურდა მისი გამარჯვება. და ამის შემდეგ მე უნდა წავიდე და რაღაც საკითხებზე ვიმსჯელო ბელარუსის პრეზიდენტთან რამე ფორმატში? - აღშფოთდა მაშინ ნიკოლ ფაშინიანი, - ამიერიდან ბელარუსში აღარ წავალ, ვიდრე პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა. და საერთოდ, ვაცხადებ, რომ ამიერიდან სომხეთის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ წავა, საერთოდ“, - განაცხადა მაშინ ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციაში ბელარუსის საელჩოს მრჩეველმა ალექსანდრ შპაკოვსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსში მშვიდად აფასებენ ნიკოლ ფაშინიანის „იმპულსურ განცხადებებს“.
„ჩვენ კვლავინდებურად პატივს ვცემთ მოძმე სომეხ ხალხს, ვისთანაც ბელარუსი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობითაა დაკავშირებული“, - აღნიშნა ბელარუსელმა დიპლომატმა.
„თუ სომხეთის ხელმძღვანელობა იძულებულია თავი შეიკავოს და გაჩუმდეს რუსეთის ქმედებებზე, რადგან დიდწილად მაინც მასზეა დამოკიდებული, ბელარუსის შემთხვევაში ერევანმა გადაწყვიტა თავი არ შეიკავოს, - განაცხადა პოლიტოლოგმა ალიაქსანდრ ფრიდმანმა, რომლის ვარაუდით, ასევე მნიშვნელოვანია სომხური შიდაპოლიტიკური ფაქტორიც:
„ფაშინიანი იძულებულია აჩვენოს, რომ ხისტი პოლიტიკოსია, რომელიც იცავს სომხეთის ინტერესებს. რუსეთთან ურთიერთობის პერმანენტული გაფუჭება საკმაოდ სახიფათოა, ლუკაშენკას შემთხვევაში კი შეუძლია თავი არ შეიკავოს“.
ფორუმი