ავტორი: დაჩი ლეფსვერიძე
წეღან ასეთი ახალი ამბავი შემხვდა, UFC-ის მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი საქართველოშია და ყვითელი პორშეთი თბილისის ქუჩებში “გონშიკბიჭობსო”.
აი, რა არის სტრესი, ჰო? სხვა ნებისმიერ არადაძაბულ, პოლიტიკურად კულტურულ და ნერვებდაწყნარებულ ვითარებაში (რაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში არ გვინახავს) ისეთი “ნიუსია”, თუ არ გაგიხარდება, დიდად არც გეწყინება. ჩიმაევი, ობიექტურად, ძალიან კარგი სპორტსმენია. სპორტსმენების ევროპულ და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით დაფასება კი ჩვენი ეროვნული სპორტია, ეგ არავისგან არ გვესწავლება.
მაგრამ,
ახლა სტრესი რომ გვაქვს და ვნერვიულობთ და ნერვებზეც ვსხედვართ, ყველაფერს კრიტიკულად ვუყურებთ. ძალიან სწორადაც. ახლა ისეთი ამბავი ხდება, რომ რაღაცები რაც თავის დროზე უნდა “გაიასნებულიყო”, ახლა “იასნდება”. ასეთ დროს კი ყველაფრის მიმართ ყურადღებაა საჭირო.
რა იცი, რა ხდება? იქნებ წელს მაინც დგება ნამდვილი ახალი წელი გამარჯვებით სავსე ქალაქში?
ჰოდა, ერთ-ერთ ვიდეოში ხამზატი რომ ყვირის “საქართველოს გაუმარჯოსო” და ამავე ვიდეოს კომენტარებში გამოთქმული ეჭვი “საქართველოს გაუმარჯოს კი ყვირის, მაგრამ მაინც არ ვენდობიო” ზემოთქმულის უეჭველი დადასტურებაა.
“საქართველოს გაუმარჯოს” ისეთი შეძახილია, ყველაფერს რომ დაამშვენებს. ქორწილსაც, დაბადების დღესაც, ქელეხსაც, საპროტესტო აქციასაც და კაი ნაიქეფარზე ბუნებრივადაც შეიძლება ამოხეთქოს მავანთა ბაგეთგან. მოკლედ, კარგია რა, ყოველ შემთხვევაში, ცუდი არ არის.
მაგრამ არ უხდება ასეთ გარდამავალ პერიოდებს ასეთი სადღეგრძელო შეძახილები, მეტი კონკრეტიკაა საჭირო; თან ეს ისეთი ამბავია, სოციალური კონსტრუქტივიზმი რომ ერთვება საქმეში და აბა, ასეთი რაღაც რომ სადმე ჩაერთვება, იმ საქმიდან მარტივად ვერ გამოვძვრებით, ამიტომ, სრულიად ბუნებრივად ისმის კითხვა - რა არის საქართველო?
ვისთვის, როგორ.
ზოგისთვის მაგალითად “ბუტკაა”, საანგარიშო “ჩოთქით” და პატარა “კასით”. აი, რეტროსპექტივაში რაღაცებს რომ უყურებ, ხვდები, რომ ის “შედი ქალო ბუტკაში, მეტეორი მოფრინავს” ანეკდოტიც არ ყოფილა ხუმრობა, და აგერ, ბუტკის შესასვლელ კართან გაჯიუტებულები კი ვხვდებით მაგ ამბავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ხომ საქართველოს “ბუტკად” აღქმის საკითხს არ ცვლის? ნამდვილად, არ ცვლის.
ზოგისთვის “სოლნიჩნაიაა”, თან საქართველო კი არა “გრუზია”. გაწელილი ელარჯი, ხინკალი, ხაჭაპური და იატაკზე ხალიჩად გაგებული მასპინძელი. აი, ეგეთი საქართველო, იცოცხლე, უყვართ, მარა, რა უყვართ. ის, როგორაა? “იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო”-ო. ორი საქართველო მხოლოდ რუსულ აზროვნებაში არსებობს. ერთი ქვეშგაგებული, რომ უნდა გაუმარჯოს ისეთი, მეორე კი გაბრაზებული და ურჩი, რომ უნდა მოგუდო ისეთი. მაგათ პირველის ერთადერთობა ურჩევნიათ, მაგრამ მეორის არარსებობას მაინც ვერ მიაღწიეს.
ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის საქართველო კია ნამდვილად საქართველო, არავისზე “გრუზად” აკიდებული, ბედნიერი, დამოუკიდებელი და მხოლოდ ევროპული. ასეთ დროსაა კარგი ხინკლის ხვრეპა და კაი ჩაციებული ლუდის დაყოლება.
სხვა ყველაფერი ფიქციაა, ფარსი. ახალი წლის ჩვეულებრივი ღამეა, მაგიდაზე სართულებად დაწყობილი იმდენი საჭმლის მსგავსად, რამდენიც ოთხსულიანი ოჯახის ორი კვირით გამოკვებას ეყოფოდა.
სტუმარ-მასპინძლობასაც აქვს თავისი ზომა-წონა, სიაბდლეში არ უნდა გადაგივიდეს. თორემ მერე უკან მობრუნებას ბევრი წელი, “ბუტკა-ბუტკა” სიარული და იობის მოთმინება სჭირდება. დაიტანჯა მაჯა მარჯნის, მძიმე ჯაჭვის ტარებით.
“გაუმარჯოს საქართველოს” მხარდაჭერას არ ნიშნავს ისევე, როგორც “საქართველო ევროპაა”. ახლა ასეთ კომპლექსურ ჩაშლას “ევროპის” განმარტებებთან დაკავშირებით ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ საერთო აზრი ხომ მაინც გასაგებია?
ასეთ დროს იმ ქვეყანაში რომ ჩადიხარ, რომელიც რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძვის, ქალაქის ცენტრში “ლიხაჩობას”, კადიროვთან ძმაკაცობას, საქართველოში რუსული რეჟიმის ერთ-ერთ შემოქმედთან გადაღებულ ფოტოებსა და sportswashing-ს ერთი “ველიკორუსული” “გაუმარჯოს საქართველო” ვერ გადაწონის.
მეტია საჭირო.
ბებია ყიდის კევებს, ნაირ-ნაირ ფერებს, რომელი ფერი გინდა შენ ამოირჩიე
ფორუმი