ზარალის სრულად დადგენა მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობისა და გამოძიების შემდეგ მოხერხდება. უკვე ვარაუდობენ, რომ ეს ხანძარი ამერიკას სხვა ხანძრებზე ძვირი დაუჯდება.
ცეცხლის კერები კალიფორნიაში რუკა
ლოს-ანჯელესის ოლქში არა მხოლოდ ცალკეული სახლები, კვარტლებია გადამწვარი, მათ შორის ელიტური უბნებიც. ევაკუირებულია ასი ათასამდე ადამიანი. ძალიან ბევრმა სახლი მხოლოდ აუცილებელი ნივთებით დატოვა. ადგილობრივები ადგილობრივ მედიას უყვებიან, რომ მანქანაში საჩქაროდ ჩაალაგეს რაც ხელში მოხვდათ, ბავშვები ჩასვეს და ცეცხლს გაერიდნენ. ბევრი ხანძარს ისე გაექცა, სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო. „რაც მაშინ მეცვა, ისევ ის მაცვია, გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი არ დამრჩა“, - ტირილით ამბობს CBS NEWS-ის ეთერში ქალი, რომელსაც ხანძარმა საცხოვრებელი გაუნადგურა.
ისედაც დამფრთხალი მოსახლეობა 9 იანვრის საღამოს კიდევ უფრო დაიზაფრა. შეტყობინება ევაკუაციისთვის მზადყოფნის შესახებ მილიონობით ისეთ ადამიანს მიუვიდა, ვისთვისაც ის განკუთვნილი არ იყო. თუმცა, ოფიციალურმა სტრუქტურებმა მალევე მეორე შეტყობინებაც გაგზავნეს - განმარტებით, რომ წინა გზავნილი მათთან შემთხვევით მოხვდა.
ახლა მიტოვებულ უბნებში პოლიცია პატრულირებს და მაროდიორებს აკავებს.
არიან მოხალისეებიც, რომლებიც ცეცხლწაკიდებულ უბნებში დარჩენილი ძაღლების, კატების, ცხენების გამოყვანას ცდილობენ. ხანძარმა დააწიოკა და დახოცა ტყის ბინადრებიც.
ოთხდღიანი ხანძრის შემდეგ კალიფორნიის ზოგიერთი მკვიდრი საკუთარ სახლში იმის გასარკვევად დაბრუნდა, გადარჩა მათი ქონებიდან რამე თუ არა. ბევრმა აღმოაჩინა, რომ არათუ მისი, მეზობლების სახლებიც კი აღარ დგას, არც სკოლა, არც მაღაზიები და ათასი სხვა რამ, რაც ადრე მათი ყოველდღიურობა იყო.
ხანძრისგან ყველაზე მეტად დაზარალდა პასიფიკ-პალისეიდსის რაიონი, სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მათგანის სახლი დაიწვა, მათ შორის მსახიობების სერ ენტონი ჰოპკინსის, ბილი კრისტალისა და ჯონ გუდმენის.
BBC აღწერს ხანძრის კერებსა და არეალს, რომლებსაც ისინი მოიცავენ.
- ხანძარი „პოსეიდონი“ 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა, სანტა მონიკასა და მალიბუს შორის. მას უკვე 80 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი უჭირავს. დაიწვა 5300-ზე მეტი შენობა, ევაკუირებულია 30 ათასზე მეტი ადამიანი.
- ხანძარი „იტონი“ ქალაქ პასადენას სამხრეთით, 55 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. დამწვარია 4 ათასამდე შენობა, არის მსხვერპლი.
- ხანძარი „ჰერსტი“ სან-ფრანცისკოს ხეობაში, 3,4 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.
- ხანძარი „ლიდია“ მოიცავს 1,5 კვადრატულ კილომეტრს, გავრცელებულია აკტონის რაიონში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით.
- ხანძრის ყველაზე ახალი კერა „კენეტი“ პალისეიდსიდან ჩრდილოეთით, ვესტ ჰილზეა გავრცელებული და 4 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა, შტატს რაც საჭიროა ყველაფრით დაეხმარონ. ხანძრის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტიც გადადო.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდარი კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის ბრალია და თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან „აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი მხარე ახლა მიწასთან სწორდება“.
საპასუხოდ ნიუსომმა CNN-ს უთხრა, რომ ტრამპი კატასტროფის პოლიტიზებას ცდილობს, მაშინ როცა: „ხალხი გარბის, ადამიანები სიცოცხლეს გამოესალმნენ, ბავშვებმა სკოლები დაკარგეს, ოჯახები დაიშალა, ეკლესიები კი დაიწვა“.
მეხანძრეები ფიქრობენ, რომ მშრალი ამინდი და ქარი ცეცხლთან ბრძოლას მომავალ კვირაშიც გააძნელებს. თუ ქარი ძლიერი იქნა, თვითმფრინავები შესაძლოა ვერც აფრინდნენ.
კლიმატის გამო კალიფორნიის შტატში ხანძარი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მხოლოდ 2024 წელს სხვადასხვა რაიონში 8 ათასზე მეტი ხანძარი იყო, რამაც საერთო ჯამში დაახლოებით 425 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.
ფორუმი