აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა მექსიკის მხრიდან საზღვრის უკანონო გადალახვის მცდელობისას დააკავა რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი წევრი ტიმურ პრალიევი.
დაკავების შემდეგ პრალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის მოქალაქეა, თუმცა ყაზახეთის პასპორტთან ერთად მას თან ჰქონდა რუსეთის პასპორტიც. მესაზღვრეებმა დაკავებულს აღმოუჩინეს 4 ათასი დოლარი და 60 ათასი მექსიკური პესო.
დაკითხვისას პრალიევმა აღიარა, რომ იბრძოდა ჯგუფ "ვაგნერის" შემადგენლობაში. აშშ ამ გასამხედროებულ ჯგუფს მიიჩნევს აფრიკის ქვეყნებსა და უკრაინის ტერიტორიაზე მომხდარ ომის დანაშაულებთან, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და ძალადობის სხვა აქტებთან კავშირის მქონედ.
პრალიევს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. მან დანაშაული აღიარა.
მოსამართლემ პრალიევს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმ ვადით, რომელიც მან უკვე გაატარა გუშაგთა მეთვალყურეობის პირობებში, თუმცა დაკავებული ფედერალურ ციხეში რჩება, სანამ ხელისუფლება მის სამომავლო ბედს გადაწყვეტს.
გაურკვეველია მიზეზები და განზრახვები, რატომ ცდილობდა პრალიევი აშშ-ში შესვლას.
ფორუმი