Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებს სომხეთი მონაწილეობას ამერიკულ სამხედრო წვრთნებში?


Defender 2023 ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებით ტარდება. ფოტო: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი
Defender 2023 ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებით ტარდება. ფოტო: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 6 აპრილს სომხეთი ამოიღო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომლებიც, დეპარტამენტის თანახმად, მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის წინამძღოლობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში.

არადა, რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ პრეს-რელიზში მითითებული იყო, რომ შეერთებული შტატების ჩათვლით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებდა 26 სახელმწიფო, მათ შორის სომხეთი.

რა არის Defender 2023?

„მცველი 2023“ (Defender 2023), არის ყოველწლიური, დაახლოებით ორთვიანი წვრთნები, რომელიც, თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ფოკუსირებულია „ამერიკაში განთავსებული ძალების სტრატეგიულ გადასროლაზე, არმიის წინასწარ გამზადებული მარაგების მიწოდებაზე და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავსებადობაზე“.

„წვრთნები შექმნილია, რათა მოახდინოს დემონსტრირება აშშ-ის არმიის შესაძლებლობისა, სწრაფად გადაისროლოს [ველზე] საბრძოლო სამზადისში მყოფი ჯარისკაცები და აღჭურვილობა, რათა მხარი დაუჭიროს მოკავშირეებს, შეაჩეროს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნის ევროპის მშვიდობას და რათა დაიცვას კონტინენტი აგრესიისაგან“, - აცხადებს პენტაგონი.

პენტაგონი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობა არლინგტონში
პენტაგონი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობა არლინგტონში

უწყების თანახმადვე, „მცველი 2023“, რომელიც 2023 წლის 22 აპრილიდან 23 ივნისამდე გაგრძელდება, უჩვენებს „ევროპული ქვეყნების მონდომებას, გაზარდონ საკუთარი სამხედრო ძალების მასშტაბები, შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა“.

გასულ წლებში „მცველის“ წვრთნებს რუსეთის ფედერაცია „შეშფოთებით ადევნებდა თვალს“.

ვინ მონაწილეობს?

„წვრთნებში დაახლოებით 9000 ამერიკელი სამხედრო პირი მიიღებს მონაწილეობას, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 17 000 ჯარისკაცთან ერთად. წვრთნების ჩატარების არეალი 10 სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ტერიტორიაა“, - განაცხადა პენტაგონის ვიცე-პრესსპიკერმა, საბრინა სინგჰმა 5 აპრილს.

პრესრელიზის განახლებულ ტექსტში სომხეთი ამოღებულია და, შტატების ჩათვლით, 25 მონაწილე სახელმწიფოა ჩამოთვლილი. მონაწილეები ძირითადად ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, ასევე, ტდიდი ბრიტანეთი, მოლდოვა და საქართველო.

ორი დღის განმავლობაში გაურკვეველი იყო, რამ გამოიწვია თავდაცვის დეპარტამენტის პრესრელიზში ცვლილება სომხეთთან დაკავშირებით - ეს იყო ტექნიკურ შეცდომა, სომხეთმა პირველადი თანხმობის შემდეგ უარი თქვა მონაწილეობაზე, თუ რაიმე სხვა მოხდა.

„რადიო თავისუფლება“ დაუკავშირდა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შეკითხვებით და მათ პასუხებს ელოდება.

განახლება: „ამერიკის ხმის“ სომხური რედაქცია იუწყება, რომ პენტაგონიდან მისწერეს, რომ ეს იყო „მედიის შიდა ჯგუფის შეცდომა“ და სომხეთი „არ უნდა ყოფილიყო მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში“.

„მივიღებთ მონაწილეობას სხვა 2 წვრთნაში“

„მცველთან“ დაკავშირებით არა, მაგრამ აშშ-სთან ერთად სხვა წვრთნებზე გააკეთა კომენტარი სომხეთის სამინისტრომ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ ტოროსიანმა სომხური გამოცემა „არმენპრესის“ კითხვაზე პასუხად განაცხადა:

  • „სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, მონაწილეობა მიიღეს ორ სხვა სამხედრო წვრთნაში, რომელიც ორგანიზებულია ევროპაში შეერთებული შტატების არმიის სარდლობის მიერ - KFOR-სა („კოსოვოს ძალა“) და Saber Junction-ში („ხმალთშეერთება“).

მოგვიანებით მან იგივე ინფორმაცია დაწერა ტვიტერზე.

„კოსოვოს ძალა“ (KFOR) არის ნატოს წინამძღოლობით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალა კოსოვოში, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს. მისიაში 29 - ნატოს წევრი თუ არაწევრი - სახელმწიფოს ჯარისკაცები მონაწილეობენ. სომხეთს იქ 2004 წლიდან ჰყავს სიმბოლური წარმომადგენლობა: 40 ჯარისკაცი.

რაც შეეხება Saber Junction-ს: ეს არის შტატების ევროპა-აფრიკის სარდლობის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური წვრთნა, რომელიც სამხრეთ გერმანიაში ტარდება ხოლმე. სომხეთს ამ წვრთნებშიც მიუღია მონაწილეობა.

ორივე ეს წვრთნა ნაკლებად მასშტაბურია, ვიდრე „მცველი 2023“.

პუტინისა და ფაშინიანის დიალოგი

7 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კვლავ დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში მე-4 სატელეფონო ზარია მათ შორის.

პრეზიდენტისა და პრემიერის საუბარი, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, შეეხებოდა „ჰუმანიტარულ კრიზისს ყარაბაღში, აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის ფონზე“.

ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სოჭში
ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სოჭში

კრემლის თანახმად, ლიდერებმა, გარდა იმისა, რომ „გააგრძელეს მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების სხვადასხვა ასპექტის განხილვა“, „კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება“ 2020 წლის ომის შემდგომი შეთანხმებების მიმართ.

კრემლის ცნობითვე, პუტინი და ფაშინიანი „შეეხნენ ორმხრივი ურთიერთობების თემატურ საკითხებს“. ფაშინიანის ოფისიც იუწყება, რომ მათ განიხილეს „სომხურ-რუსული ურთიერთობები და მიმდინარე მოვლენები ამ ურთიერთობებში“.

„მიზეზია საინტერესო“

პოლიტიკის ანალიტიკოსი სომხეთიდან, ჰაკობ ბადალიანი „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურთან საუბარში ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მონაწილეებში სომხეთის მითვლა და შემდეგ ამოღება „ტექნიკურ შეცდომას“ უკავშირდებოდეს:

„არა მგონია… და ძალიან მნიშვნელოვანია შეკითხვა, რატომ მოხდა ეს“, - ამბობს იგი.

სომხეთი წლებია, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე, 2020 წლის ომის შემდეგ, ორ ქვეყანას ურთიერთობები დაეძაბა.

რუსი სამხედროები ყარაბაღში. 2020 წლის 13 ნოემბერი
რუსი სამხედროები ყარაბაღში. 2020 წლის 13 ნოემბერი
  • სომხური მხარე რუს მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც ყარაბაღის მეორე ომის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან ყარაბაღში, „უმოქმედობაში“ ადანაშაულებს.
  • ერევანი შეშფოთებულია 2022 წლის შემოდგომაზე, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმის მიუხედავად, რუსეთის უარით, მის გარშემო შეკრული ალიანსის, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხო-ს, ОДКБ-ს), პროცესში ჩართვაზე.
  • პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში კუხო-ს წვრთნების ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს; სომხეთმა გააუქმა კუხო-ს დაგეგმილი წვრთნები სომხეთში და ასევე უარი თქვა ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განთავსებაზე;
  • 2023 წლის დასაწყისიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის თხოვნით, ევროკავშირის დამკვირვებლები განთავსდნენ;
  • სომხეთში შესვლა აეკრძალათ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს;
  • სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 26 მარტის გადაწყვეტილებით მწვანე შუქი აუნთო რომის წესდების რატიფიცირებას. რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი შეუერთდება ჰააგის სასამართლოს, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა უკრაინასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულის გამო. მოსკოვში „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდეს ერევნის გადაწყვეტილებას;
  • 31 მარტს რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა მათი „დაბალი ხარისხისა და საფრთხის შემცველი პროდუქტების“ გამოყენების საბაბით;

პარალელურად, სომხეთი აცხადებს, რომ იგი ზეწოლის ქვეშაა აზერბაიჯანის მხრიდან და მიუთითებს მთიანი ყარაბაღის თითქმის 4-თვიან ბლოკადაზე. ხუთი ადამიანის სიკვდილით დასრულდა შეიარაღებული ინციდენტი 5 მარტს. ერევანი აცხადებს, რომ აშფოთებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის „მუქარის შემცველი“ განცხადებები.

რუსეთი, თავის მხრივ, უკრაინაში შეჭრისა და ომის წარმოების ფონზე, ირწმუნება, რომ შეშფოთებულია ნატოსა და შეერთებული შტატების „მზარდი მტრული დამოკიდებულებით“.

იგი ასევე შეშფოთებას გამოხატავს სომხეთში, აზერბაიჯანის საზღვარზე, ევროკავშირის შეუიარაღებელი სადამკვირვებლო მისიის განთავსებით და მას „კონტრპროდუქტიულს“ უწოდებს.

რასმუსენის ვიზიტი სომხეთში

რამდენიმე კვირის წინ, 14-17 მარტოს შუალედში, სომხეთს სტუმრობდა ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, რომელიც ამ პოსტს 2009-14 წლებში იკავებდა.

რასმუსენის თქმით, იგი სომხეთში ჩავიდა, რათა ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობების გაძლიერებაში დაეხმაროს. ევროკომისიის გამჭვირვალობის რეესტრის თანახმად, რასმუსენი სომხეთის მთავრობას ჰყავს კონსულტანტად დაქირავებული.

ანდერს ფოგ რასმუსენი სომხეთში, ჯერმუკში, აზერბაიჯანის საზღვართან. 2023 წლის 14 მარტი
ანდერს ფოგ რასმუსენი სომხეთში, ჯერმუკში, აზერბაიჯანის საზღვართან. 2023 წლის 14 მარტი

რასმუსენი შეხვდა ნიკოლ ფაშინიანს, სხვა მაღალჩინოსნებს, ჩავიდა ლაჩინის დერეფანთან და აზერბაიჯანს ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა; რაც ყველაზე მთავარია, იგი გამოვიდა ინიციატივით, დასავლეთმა სომხეთს იარაღი და უსაფრთხოების გარანტიები მიაწოდოს.

„ევროკავშირს აქვს სპეციალური ფონდი, „ევროპული მშვიდობის ფონდი“, EPF, რომელიც ძირითადად უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება, მაგრამ შეიძლება სომხეთის დასახმარებლადაც ვიფიქროთ მისი გამოყენება“, - სომხური მედიის ცნობით, თქვა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური იხსენებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სომხეთის არმია 2021 წელსაც „ახლოს იყო“ „მცველის“ წვრთნაში მონაწილეობასთან, თუმცა „ბოლო წუთს განაცხადა უარი“.

მოსკოვში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი სომხეთის დაგეგმილ/გაუქმებულ მონაწილეობაზე აშშ-ისა და მოკავშირეების წვრთნებში.

XS
SM
MD
LG