Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სპორტის შავი დღეები - აგრესორი ქვეყანა ყველაფერს ჩამოაშორეს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობს ვარჯიშში რუსეთის ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად სოჭში, 2019 წლის 14 თებერვალს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობს ვარჯიშში რუსეთის ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად სოჭში, 2019 წლის 14 თებერვალს.

ძნელია მოძებნო ისეთი უსუსური მტკიცებითი წინადადება, როგორიცაა, მაგალითად, ეს - „სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ“.

არადა, რამდენჯერ მოგვისმენია ქართველებს, თუნდაც ბოლო ათწლეულში, საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო, ძიუდოს, წყალბურთის თუ ფუტსალის ნაკრებების დაპირისპირებებისას, მოწოდება, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. რამდენჯერ არ დავთანხმებივართ, გავღიზიანებულვართ. რეალურად, ვერაფრით რომ ვერ გაემიჯნებიან, ყველამ იცის, მაგრამ უსუსური ფრაზა დროდადრო მაინც ცოცხლდება ხოლმე.

ასე იყო სულ რამდენიმე დღის წინაც, როდესაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის რეგიონები: დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად, სპორტული სანქციების დაწესების პირველ მომთხოვნებს უმალ გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, გაზეპირებული არგუმენტით.

ორიოდ დღეში უკვე ყველამ დაინახა, რომ სადაც პოლიტიკაა, იქვეა სპორტიც - აგრესორ ქვეყანას თავს დაატყდა აქამდე არნახული სანქციები. რუსი სპორტსმენებისთვის ყველა შეჯიბრების კარი ჩაკეტილია.

პირველი ტალღა - სპორტსმენების პროტესტი

ერთ-ერთი პირველი, ვინც მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ სპორტული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო იყო. „მანჩესტერ სიტის“ უკრაინელმა ლეგიონერმა რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი სოციალურ ქსელში გააპროტესტა. ზინჩენკომ ინსტაგრამის პირად გვერდზე პუტინის ფოტო გამოაქვეყნა და ზედ მიაწერა: „იმედია მალე ჩაძაღლდები ბილწო, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით“.

უკრაინელმა ფეხბურთელმა მალევე, შედარებით ვრცელი განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც სპორტულ საზოგადოებას სთხოვა, უმკაცრესი ზომები მიეღოთ ოკუპანტი ქვეყნის დასასჯელად.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მთელმა სპორტულმა სამყარომ გააპროტესტა. მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების, კლუბების და სპორტული ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებები, შინაარსობრივად ერთმანეთის მსგავსი იყო. აბსოლუტურად ყველა ამბობდა, რომ ემიჯნებოდა აგრესიას და თანადგომას უცხადებდა უკრაინელ ხალხს.

გაბრაზებულ სპორტსმენებს შორის იყვნენ რუსებიც, რომლებმაც სწორად შეაფასეს შექმნილი სიტუაცია. ვეტერანმა ჩოგბურთელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევგენი კაფელნიკოვმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არის ერთი ადამიანის - ვლადიმირ პუტინის სიხარბე და ეს სიხარბე რუსეთში ბევრ დედას აატირებს.

თავიანთი ქვეყნის ბელადის მიერ არჩეული პოლიტიკა კაფელნიკოვის გარდა, კრიტიკულად შეაფასეს ფეხბურთელებმა ფიოდორ სმოლოვმა და ალექსანდრ სობოლევმა, მოციგურავე ევგენია მედვედევამ, საფეხბურთო კლუბ „ცსკა“-ს მწვრთნელმა ვასილი ბერეზუცკიმ, ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლევმა, ბიათლონისტმა ლარისა კუკლინამ, ვეტერანმა ფრენბურთელმა ეკატერინა გამოვამ, ლეგენდარულმა მოჭადრაკემ გარი კასპაროვმა და ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა. ყველაზე მკაცრი რეაქცია კი მოჭადრაკე ვიაჩესლავ ტილიჩევს ჰქონდა - 27 წლის გროსმაისტერმა გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს რუსეთის დროშის ქვეშ გამოსვლას და ამის შესახებ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასაც აუწყა.

პუტინის პოლიტიკის გამო გაეყარნენ ერთმანეთს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია და მისი კლუბი „ცსკა“. უფრო ზუსტად, გადაწყვეტილება მხოლოდ ერთმა მხარემ - ქართველმა კალათბურთელმა მიიღო.

„მაგრად დადექი უკრაინა. ბოროტება ამჯერად ვერ გაიმარჯვებს“, - დაწერა შენგელიამ ფეისბუკის პირად გვერდზე. შემდეგ, კიდევ რამდენიმე განცხადებით დაგმო რუსეთის აგრესია და მოსკოვი დატოვა. მოგვიანებით კი, უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღარ აპირებს არმიის სპორტული კლუბის მაისურით თამაშს.

თორნიკე შენგელიას საპროტესტო გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულმა ლიეტუველმა ჟურნალისტებმა თავიანთ თანამემამულეს მარიუს გრიგონისს მიმართეს, მაგალითი აეღო ქართველი კალათბურთელისგან და მართლაც, სულ მალე „ცსკა“-ს გრიგონისიც გაექცა. მის გარდა, რუსულ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტა კიდევ ორმა ლიეტუველმა კალათბურთელმა და ერთმა მწვრთნელმა გადაწყვიტეს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსული საფეხბურთო კლუბებიც დაკარგავენ უცხოელ ლეგიონერებს. პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციამ წინადადებით მიმართა ფიფას, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ლეგიონერს მიეცეს უფლება, შეწყვიტონ არსებული კონტრაქტები რუსულ კლუბებთან, ყოველგვარი ჯარიმების გადახდის გარეშე.

ფიფას დასტურს არ დალოდებია მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი მარკუს გისდოლი. გერმანელმა სპეციალისტმა ცნობილ გამოცემა Bild-ს უთხრა, რომ არ შეუძლია ისეთ ქვეყანაში მუშაობა, სადაც პრეზიდენტი აგრესიულ ომს აჩაღებს მეზობელ სახელმწიფოსთან.

თავის მხრივ, Bild-მაც გააპროტესტა რუსული აგრესია და აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც სანქცია დააწესა.

პირველი დარტყმა - უარი „გაზპრომს“ და სანქტ-პეტერბურგს

Bild-მა ბოიკოტი გამოუცხადა უეფასა და გერმანიის საფეხბურთო კლუბ „შალკეს“ სპონსორს - რუსულ ნავთობკომპანია „გაზპრომს“.

„აღარ გამოვაჩენთ „შალკეს“ საფეხბურთო მაისურზე დატანილ „გაზპრომის“ ლოგოს. მას გადავფარავთ წარწერით: „თავისუფლება უკრაინას“. ჩვენთვის ასევე მიუღებელია, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნისას ვუყუროთ „გაზპრომის“ რეკლამას, როდესაც პუტინის ჯარი უკრაინას უტევს. „შალკე“ და უეფა ცდილობენ თავი იმით იმართლონ, რომ პოლიტიკა არაა მათი საქმე“, - დაწერა გერმანულმა გამოცემამ.

მოგვიანებით, „გაზპრომთან“ „შალკემ“ და უეფამაც გაწყვიტეს კონტრაქტები, თუმცა იქამდე, უეფამ რუსეთს გაცილებით მძიმე დარტყმა მიაყენა - ჩამოართვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩისთვის სანქტ-პეტერბურგს უნდა ემასპინძლა 28 მაისს, მაგრამ უეფას აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ თამაში სანქტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენის“ ნაცვლად, პარიზის „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.

უეფას აღმასკომისვე გადაწყვეტილებით, რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო კლუბები და ნაკრებები, უეფას ეგიდით გასამართ თამაშებს სხვა ქვეყნებში ჩაატარებდნენ. ლიგის ფინალის წართმევამ და საერთაშორისო შეხვედრების საშინაო კედლებში ჩატარების აკრძალვამ რუსული ფეხბურთის ქომაგები ძალიან გაამწარა, მაგრამ რა იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ შესავალი იყო.

აფიშიდან „VTB“-მდე

ქართული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა რუსეთის აგრესიას საქართველოს რაგბის კავშირი. 27 თებერვალს საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებებს შორის თბილისში გასამართი მატჩის აფიშა რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში უკრაინულ ენაზე გაავრცელა.

„ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი დინამოარენაზე“, - ეწერა აფიშაზე, რომელიც რაგბის კავშირის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში იყო ატვირთული. უკრაინულმა ტექსტმა რუსეთის რაგბის კავშირი გააღიზიანა და საქმეში ევროპის რაგბის კავშირი ჩაერია. სწორედ ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს, რომ არ ეთანხმება თამაშის წინ ასეთი სტრატეგიის არჩევას და სთხოვა, ანონსი აეღოთ.

„ბორჯღალოსნებისა“ და „დათვების“ თბილისური დაპირისპირება ანონსის გარშემო აგორებული სკანდალიდან ერთ დღეში გაურკვეველი ვადით გადაიდო, ისევ ევროპის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით.

ვეტერანმა ფეხბურთელმა, ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თავად „შალკეში“ გამოდიოდა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ, მოედანზე გუნდის სპონსორის - „გაზპრომის“ წინააღმდეგ პროტესტის გამო არ გავიდა. ამ ისტორიით გამოეხმაურა კობიაშვილი „შალკეს“ გადაწყვეტილებას, „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ.

უკრაინას მხარდაჭერა ომის დაწყების მომენტიდან დღემდე, ბევრმა ქართველმა სპორტსმენმა და სპორტულმა ორგანიზაციამ გამოუცხადა. საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჩრდილოეთ მაკედონიაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის დროშები ააფრიალა. ფეხბურთელებმა გიორგი ქვილითაიამ და ბექა მიქელთაძემ კი უკრაინის დროშებით აღნიშნეს კვიპროსისა და ავსტრალიის ჩემპიონატებში გატანილი გოლები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საინტერესო და ბევრისთვის მოულოდნელი პროტესტით გამოეხმაურა შექმნილ სიტუაციას - გაწყვიტა კონტრაქტი გენერალურ სპონსორთან - „VTB ბანკთან“, რომელთანაც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.

ომს შეწირული ქამარი, ორდენი და საპატიო პრეზიდენტობა

რუსეთს 2008 და 2014 წლებში განხორციელებული საბრძოლო ოპერაციები და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია სპორტულმა სამყარომ თითქმის შეუმჩნევლად შეარჩინა. ალბათ, იმავეს ელოდა ოკუპანტი ქვეყნის მთავარსარდალი ჯერ კიდევ მიმდინარე ომის დაწყებისასაც, მაგრამ უეცრად ფართომასშტაბიან და უმკაცრეს სანქციებს შეეჩეხა. მათ შორის, პირადად მისთვის დაწესებულ სასჯელებსაც.

რუსეთის პრეზიდენტს პირველი ინდივიდუალური სანქცია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოუცხადა - ვლადიმირ პუტინს შეუჩერდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი.

ძიუდოისტებს არც ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაცია ჩამორჩა და პუტინს ჩამოართვა 2013 წელს დიდი პატივით გადაცემული მეცხრე დანის შავი ქამარი. შემდეგ კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის ვერდიქტიც გავრცელდა - რუსეთის პრეზიდენტს ოლიმპიური ორდენი ჩამოართვეს.

მოფარიკავე ოლიგარქის ერთგულება

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია ერთადერთი სპორტული ორგანიზაციაა, რომელსაც არათუ სანქციები არ დაუწესებია, არც კი დაუგმია რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება. მეტიც, რამდენიმე დღის წინ, კაიროში გამართულ მსოფლიოს თასის ეტაპზე, უკრაინის მამაკაცთა ნაკრები იმის გამო დაისაჯა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადა.

რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები რაპირით ფარიკაობაში, ერთმანეთს მერვედფინალში უნდა შეხვედროდნენ, რაც უკრაინელი სპორტსმენებისთვის მიუღებელი იყო. მათ პროტესტის შესახებ ორგანიზატორებს აუწყეს და ვერდიქტმაც არ დააყოვნა - უკრაინას ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და რუსეთი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა.

მსოფლიო თასის ეგვიპტურ ეტაპზე კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა - ბელგიელი მოფარიკავე შტეფ დე გრიფი კორეელ მეტოქესთან შეხვედრისას, უკრაინის დროშის ფერებში დამზადებული სამკლავურით ავიდა ფიცარნაგზე. მისი პროტესტი არ მოეწონათ შეჯიბრების რუს, ფრანგ და იტალიელ ტექნიკურ დირექტორებს და სპორტსმენს სამკლავური მოახსნევინეს.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვია.

სამ დღეში განადგურებული რუსული სპორტი

ორი-სამი დღე აღმოჩნდა საკმარისი, რუსეთის სპორტის გარეშე დასატოვებლად. პუტინის არმიას მორიგი ოკუპანტური ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა აშკარად დაგეგმილზე ბევრად მეტად გაეწელა. სპორტი კი ხელიდან თვალის დახამხამებაში გამოეცალა, უიარაღოდ და უსისხლოდ.

სანქტ-პეტერბურგისთვის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩამორთმევის შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ რუსეთის საფეხბურთო კლუბებს და ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ჯერ საერთაშორისო მატჩების საკუთარ ქვეყანაში ჩატარება აუკრძალა, შემდეგ კი, მალევე, საერთოდ მოკვეთა ყველა შეჯიბრებიდან, გაურკვეველი ვადით.

უმკაცრეს სანქციას შეუერთდა ფიფაც - რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ჩამოაშორეს მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფს. უვადო უქმობა მოუწევთ რუსეთის ასაკობრივი ნაკრებებსაც, ისევე, როგორც ქალთა და ფუტსალის ნაკრებებს.

კალათბურთში, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოსკოვის „ცსკა“-ს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტისა“ და ყაზანის „უნიკსის“ გარეშე გრძელდება. ევროთასის გათამაშებას კი ყუბანის „ლოკომოტივი“ ჩამოაშორეს.

ევროლიგის სანქცია კიდევ უფრო დაამძიმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ. რუსეთის ნაკრები გაირიცხა საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველა ტურნირიდან. ასევე, სამი-სამზე კალათბურთის შეჯიბრებებიდან.

ამრიგად, რუსეთის საკალათბურთო ნაკრების გარეშე ჩაივლის ევროპის წლევანდელი და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატები. სექტემბერში, ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს და საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს ერთ ჯგუფში უნდა ეთამაშათ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ქართულ-რუსული დაპირისპირება ევროპის რაგბის კავშირმა რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველი ვადით გადადო. მალევე, რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ (World Rugby) რუსულ რაგბის ყველა სანაკრებო და საკლუბო ტურნირის კარი ჩაუკეტა. რუსეთის რაგბის ფედერაციას კი World Rugby-ის წევრობა შეუჩერა.

რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ უმკაცრეს სანქციებს წინ უძღოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ გავრცელებული განცხადება და რეკომენდაცია საერთაშორისო ფედერაციებისთვის, აღარ დაეშვათ ტურნირებზე რუსეთის ნაკრები და რუსი სპორტსმენები.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ომის დაწყებისთანავე გაავრცელა განცხადება, რომ ომის წამომწყებმა ქვეყნებმა, რუსეთმა და ბელარუსმა დაარღვიეს ოლიმპიური ზავი და ამისთვის მკაცრად უნდა დაისაჯონ.

რუსეთი სპორტის გარეშე დარჩა. IOC-ის პოზიციას თითქმის ყველა საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალური განცხადებით დაუჭირა მხარი. სპორტის ზამთრისა და ზაფხულის თითქმის ყველა სახეობაში, უახლოესი დიდი თუ პატარა შეჯიბრებები რუსეთის გარეშე ჩაივლის. უკრაინასთან ომს შეეწირა ფორმულა 1-ის სოჭში გასამართი გრან პრი, 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა და პროფესიული კრივის ყველა საერთაშორისო შეხვედრა, რომლებისთვისაც რუსეთს უნდა ემასპინძლა.

დაბოლოს...

28 თებერვალს, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია პრეზიდენტის გარეშე დარჩა. რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა და გაავრცელა განცხადება, რომ აჩერებს თავის საქმიანობას ფარიკაობის ფედერაციაში. ოლიგარქ უსმანოვს სჯერა, რომ მალე ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დაბრუნდება.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG