ფარიკაობაში უკრაინის მამაკაცთა ნაკრები იმის გამო დაისაჯა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადა.
კაიროში, მსოფლიოს თასის ეტაპზე, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები რაპირით ფარიკაობაში ერთმანეთს მერვედფინალში უნდა შეხვედროდნენ, რაც უკრაინელი სპორტსმენებისთვის მიუღებელი იყო. მათ პროტესტის შესახებ ორგანიზატორებს აუწყეს და ვერდიქტმაც არ დააყოვნა - უკრაინას ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და რუსეთი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა.
მსოფლიოს თასის ეგვიპტურ ეტაპზე კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა - ბელგიელი მოფარიკავე შტეფ დე გრიფი ერთ-ერთ შეხვედრაში, რომელშიც ის კორეელ მეტოქეს უპირისპირდებოდა, უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, ხელზე უკრაინის დროშის ფერებში დამზადებული სამკლავურით ავიდა ფიცარნაგზე. შუა შეხვედრისას, მისი ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა რუსეთის ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა ილგარ მამადოვმა. მას უმალ აუბეს მხარი ფრანგმა და იტალიელმა ტექნიკურმა დირექტორებმა და ბელგიელ სპორტსმენს სამკლავური მოახსნევინეს.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციას, სპორტის ბევრი სხვა სახეობის საერთაშორისო ფედერაციისგან განსხვავებით, რუსეთის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ დაუწესებია. ჯერ კიდევ ძალაში რჩება აპრილსა და მაისში რუსეთში გასამართი საერთაშორისო ტურნირები.
ფედერაციას ფარიკაობის მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სთხოვენ მკაცრი ზომების მიღებას, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ ელიან ოფიციალურ პასუხს.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვია.