Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა იმიტომ გკლავენ, რომ ქალი ხარ - რატომ ვერ მცირდება ძალადობის და ფემიციდის სტატისტიკა


საქართველოს ხელისუფლებას ფემიციდის საქმეებზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში მიუთითა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
საქართველოს ხელისუფლებას ფემიციდის საქმეებზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში მიუთითა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ

უკანასკნელ ათწლეულში გატარებული არაერთი რეფორმის, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიუხედავად, საქართველოში ისევ პრობლემად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია თუ სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა ან არაეფექტიანი მუშაობა.

უფლებადამცველებსა და იურისტებს ხშირად განსაკუთრებული შრომა უწევთ იმისთვის, რომ მაგალითად, მიაღწიონ ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ოჯახში ძალადობის ან ფემიციდის საქმეზე გენდერული ნიშნის გამოკვეთას, საქმის მასალებზე წვდომას, ფემიციდის მსხვერპლი ქალების შვილების დაზარალებულად ცნობას. ამ საქმეებზე მუშაობისას, ხშირად აწყდებიან უფლებადამცველები ძალადობის მსხვერპლი ქალების მეორეულ ვიქტიმიზაციასაც სამართალდამცავ ორგანოებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ერთ-ერთია, რომელიც ქალთა და ოჯახში ძალადობის, ფემიციდის საქმეებზე წლებია მუშაობს. ამ ორგანიზაციის იურისტებს პირდაპირი შეხება აქვთ როგორც ძალადობის მსხვერპლებთან და მოკლული ქალების ოჯახის წევრებთან, ისე სამართალდამცავებთან თუ სასამართლოსთან.

სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე, დაუგროვდათ არაერთი ისეთი საქმე და გამოცდილება, რის საფუძველზეც ამბობენ, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ფემიციდის საქმეების სამართალწარმოების პროცესში ისევ ბევრი ხარვეზია, მათ შორის სამართალდამცავი უწყებების გულგრილობისა და არაეფექტიანი მუშაობის ფაქტები, რომლებსაც მათი თქმით, არც თუ იშვიათად აწყდებიან.

როცა ხელისუფლებამ ვერ განჭვრიტა საფრთხე

ქალზე ძალადობის, მისი მკვლელობის მცდელობის ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, როდესაც სახელმწიფომ ვერ განსაზღვრა რისკი, 2022 წლის მაისში, თბილისში, საჯარო სივრცეში, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. კაცმა ყოფილი ცოლი, 39 წლის ქალი, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაჭრა. მან ქალს ცივი იარაღით 10 ჭრილობა მიაყენა.

ფემიციდის მცდელობამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ქალმა, ერთ-ერთი ძალადობის შემდეგ, დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, დაიწყო გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს, მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერიც, თუმცა „უფლებები საქართველოში“ ამბობენ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება და გულისხმიერება, რათა საფუძვლიანად გამოეკითხათ დაზარალებული, მისი შვილი და სხვა პირები, რომ მოეპოვებინათ სრული ინფორმაცია ძალადობის ისტორიის შესახებ და ფემიციდის მცდელობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელ ღონისძიებებზე ეზრუნათ:

„სამართალდამცავებს ინფორმაციის სრულად და ზუსტად შეგროვებით, შეეძლოთ შეეფასებინათ ძალადობის ხარისხი, ინტენსივობა და კვლავ განმეორების რისკები. მათ ამ საფრთხეების და რისკების დასაბალანსებლად მინიმუმ შეეძლოთ გამოეყენებინათ ელექტრონული სამაჯური, რაც ფემიციდის მცდელობის თავიდან აცილებას რეალურს გახდიდა.

რისკების არაადაკვეტურად და არასრულად შეფასებამ გამოიწვია ის მოცემულობა, რომ სამართალდამცავმა უწყებამ საჭიროდ არ ჩათვალა ელექტრონული სამაჯურის და სხვა დამატებითი პრევენციული მექანიზმების გამოყენება და მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ფორმალურად გამოცემით შემოიფარგლა“, - წერია „უფლებები საქართველოს“ ანგარიშში „ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში“, რომელიც 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

საქართველოს ხელისუფლებას, სამართალდამცავ უწყებებს, მსგავს საქმეებზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში მიუთითა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

„თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ - ეს არის საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ოჯახში ძალადობის ბრალდებების მიმართ ზოგადი და დისკრიმინაციული პასიურობა, ქმნიდა ხელშემწყობ კლიმატს ქალთა მიმართ შემდგომი ძალადობის განხორციელებისთვის:

„საქართველოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლის მიმართ პრევენციული ოპერატიული ღონისძიებების განუხორციელებლობამ, განურჩევლად იმისა, იყო ეს განზრახ, თუ დაუდევარი მიდგომის შედეგი, ძირი გამოუთხარა მომჩივნისა და მისი ქალიშვილის კანონის წინაშე თანაბარი დაცვის უფლებას“, - ეწერა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ეს არის ფემიციდის პირველი საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ქალის სიცოცხლის უფლების დარღვევა და დისკრიმინაცია დაადგინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს მარიკა წივწივაძეს და მის დედას მინიმუმ 11-ჯერ ჰქონდათ მიმართული პოლიციისთვის და ითხოვდნენ მარიკას დაცვას ყოფილი ქმრისგან, რომელიც მასზე ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. თუმცა, პოლიციამ მას დახმარება არ გაუწია. 2014 წლის 17 ოქტომბერს მარიკა ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის შენობაში მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

უფლებადამცველები თვლიან, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გამოვლენილი დაუდევრობისა თუ უმოქმედობის შემთხვევები პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა და ამბობენ, რომ ამასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია, პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლებისთვის სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, რასაც მომავალში ე.წ. „მსუსხავი“ ეფექტი ექნება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის მიმართ.

განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ქალთა უფლებადამცველები პოლიციელების მხრიდან ჩადენილ ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე.

„A და B საქართველოს წინააღმდეგ“ - ეს არის საქმე, რომელიც ასევე იქცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგნად და რომელმაც 2022 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ „განსაკუთრებით შემაშფოთებელია და გამოძიებისას განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, რადგან შესაძლებელია, სამართალდამრღვევ პოლიციელს ჰქონდეს დაუსჯელობის მოლოდინი და მსხვერპლის/მისი ოჯახის წევრების მიმართ იყენებდეს შესაბამის სამსახურებრივ სტატუსს და ატრიბუტიკას, მაგალითად, ემუქრებოდეს ცრუ ბრალდების წარდგენით ან/და სამსახურებრივი იარაღის გამოყენებით“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის დასკვნაში ამ საქმეზე წერს:

„ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა, უფრო შემაშფოთებელია, რადგან მოძალადე თავად იყო პოლიციელი. უფრო მეტიც, მაშინ, როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად იცოდნენ, რომ ის იყენებდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის სხვადასხვა ატრიბუტს ქალზე ძალადობის განსახორციელებლად (ბევრჯერ შეაშინა ის ტაბელური იარაღით, ამტკიცებდა, რომ მას ვერ დასჯიდნენ მისი ქმედებების გამო, რადგან ის სამართალდამცავი მექანიზმის ნაწილი იყო, იმუქრებოდა, რომ ქალის მამას და ძმას წაუყენებდა ცრუ ბრალდებებს, თუ მსხვერპლი შეატყობინებდა პოლიციას მისი შეურაცხყოფის შესახებ და ა.შ.), პოლიციამ არათუ აღკვეთა უკიდურესი დაუსჯელობისა და თვითნებობის ეს დემონსტრირება, პირიქით, უფლება მისცა სავარაუდო მოძალადეს, მონაწილეობა მიეღო მისი მსხვერპლის დაკითხვაში და მოძალადეს მალევე მიენიჭა უფრო მაღალი საპოლიციო წოდება.

სასამართლო ადგენს, რომ საქმის ეს ასპექტი განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან ის წევრი სახელმწიფოებისგან მეტ სიმკაცრეს მოელის ასეთი საქმეების გამოძიებაში, ვიდრე ჩვეულებრივი დამნაშავეების შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ მოძალადეების ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ სახელმწიფოს მოვალეობას, შეებრძოლოს დამნაშავეების მიერ საკუთარი თანამდებობის გამო განცდილ დაუსჯელობის გრძნობას და შეინარჩუნოს საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი“.

19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლა ყოფილმა ქმარმა, პოლიციელმა. 25 ივლისს, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სალომე ჯორბენაძე გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე, სადაც ის ყვებოდა ყოფილი ქმრის მხრიდან არაერთგზის განხორციელებული ძალადობის შესახებ.

გამოკითხვიდან გამოსულ ქალს ყოფილი ქმარი ქუჩაში აედევნა, თვითმხილველებმა დაინახეს მათი ხმამაღალი ჩხუბი საზოგადოებრივ პარკში. მოულოდნელად კაცმა ამოიღო ტაბელური იარაღი და ახლო მანძილიდან ხუთჯერ ესროლა ქალს მკერდსა და მუცელში. 19 წლის სალომე ჯორბენაძე ადგილზე გარდაიცვალა.

მართალია ბოლო რამდენიმე წელია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა, როგორც „უფლებები საქართველოში“ აცხადებენ, მათ მიერ წარმოებულ ერთ-ერთ სტრატეგიულ საქმეში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზი ძალადობის მსხვერპლი ქალების საქმეების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოძიების თვალსაზრისით:

„ადმინისტრაციულ სამართლებრივი დაცვის მექანიზმები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, კვლავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის დანაყოფების უფლებამოსილებას მიეკუთვნება. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერების გამოცემას, ასევე შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესრულების კონტროლს სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობაზე უზრუნველყოფს არა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არამედ − პოლიცია.

„უფლებები საქართველოს“ მიერ წარმოებულ საქმეზე, მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა მისი გამოცემა მოხდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს და ამ ერთი დღის განმავლობაში მოძალადე პოლიციელი ფსიქოლოგიურად ძალადობდა მსხვერპლზე“, - წერია "უფლებები საქართველოს" ანგარიშში.

რადიო თავისუფლება ამ საქმეში დაზარალებულ ქალს ერთი წლის წინ ელაპარაკა. მაშინ ის გვიყვებოდა:

„მე და ჩემმა ადვოკატმა საგამოძიებო უწყებაში მთელი ღამე გავატარეთ, რომ პოლიციას მოძალადისთვის, რომელიც თავადაც პოლიციელია, შემაკავებელ ორდერთან ერთად დაეწერა ოქმი ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შესახებ. ელექტრონული სამაჯური კი არა, შემაკავებელი ორდერიც ძლივს გამოიწერა. გამოძიების დაწყებაც კი არ უნდოდათ. ცხვირწინ მოგვიკეტეს კარი. არადა კაცი მოკვლით მემუქრებოდა, ძალიან საშიში ადამიანია.

რომ არა ჩემი ადვოკატისა და ჩემი დაჟინებული მოთხოვნა, მასზე ელექტრონული ზედამხედველობა არ დაიწყებოდა. მე დღესაც მჯერა, რომ პოლიციას რომ არ მიეღო გადაწყვეტილება ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შესახებ, შესაძლოა, ახლა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი“.

რადიო თავისუფლება პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების, ოჯახში და ქალზე ძალადობის შესახებ ზუსტად ერთი წლის წინ წერდა.

2023 წლის სექტემბერში, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა, მოქმედმა პოლიციელმა, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ყოფილ მეუღლესა და სიდედრს იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა.

მაშინ „უფლებები საქართველოს“ იურისტი, ელისო რუხაძე რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ დაახლოებით 50 კონსულტაციიდან, რომელსაც ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს უწევს, 7-8 პოლიციელის ცოლი, პარტნიორი ან შვილია. ის ამბობდა, რომ პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ოჯახში ძალადობის დანაშაულის ფაქტები არის გაცილებით მეტი, ვიდრე ეს მედიაში გავრცელებული თითო-ოროლა ინფორმაციიდან და 112-ში შესული ზარებიდან ჩანს:

„იმ ცოლებს, იმ ყოფილ ცოლებსა თუ პარტნიორებს, რომლებზეც პოლიციელი ქმრები თუ ყოფილი ქმრები ძალადობენ, ძალიან უჭირთ და ეშინიათ ამის ამოთქმა. გვქონია საქმე, როდესაც არასრულწლოვანმა შვილმა დარეკა 112-ში. მამამისი სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი იყო და ითხოვა, რომ დაეკავებინათ მამა, რადგან ხედავდა დედის მოკვლის საფრთხეს“.

იურისტი ჩამოთვლის იმ მიზეზებსაც, რომელთა გამოც პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალები ამ დანაშაულებზე ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ:

„პირველ რიგში, მოძალადის მხრიდან მუქარა, რაც მოიცავს ძალის დემონსტრირებას. მათ აქვთ იარაღი, მათ აქვთ ძალაუფლება და ისინი არწმუნებენ მსხვერპლებს, რომ მათ ჰყავთ მფარველები, არავინ მოუსმენს, შესაბამისად, ვერ შეძლებენ დანაშაულის დამტკიცებას და პირიქით, შესაძლოა, აქეთ უჩივლონ ცილისწამებისთვის. ამის გამო მსხვერპლებს უჩნდებათ რწმენა, რომ ისეთ მონსტრს, როგორებიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არიან მოძალადე პოლიციელები და მათ უკან მდგარი ძალაუფლება, ისინი ვერ მოერევიან.

ამას თან ერთვის ფემიციდის გახშირებული შემთხვევები, ის, რომ სახელმწიფო ამ საქმეებს პოსტ-ფაქტუმ იძიებს და პრევენციისთვის არაფერს აკეთებს და ამიტომ ურჩევნიათ, იყვნენ ჩუმად. ამას ემატება ეკონომიკური ფაქტორიც, როდესაც ქალს არ აქვს პირადი შემოსავალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ეშინიათ და საბოლოოდ, იძულებულნი ხდებიან, დადუმდნენ“, - ამბობს ელისო რუხაძე.

რატომ აჭიანურებს ხოლმე პროკურატურა მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას

„უფლებები საქართველოში“ ამბობენ, რომ სამართალწარმოების პრაქტიკა პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით „არაერთგვაროვანი და ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია“.

მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის დაზარალებულად ცნობა ხდება გამოძიების საწყის ეტაპზევე, ხოლო სხვა შემთხვევაში, პირის ბრალდებულად ცნობის შემდეგ. თუმცა, როგორც „უფლებები საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, ხშირად გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის გამოკვეთა და მისთვის სტატუსის მინიჭება საერთოდ არ ხდება.

„ამგვარი არაერთგვაროვანი მიდგომა არსებითად აისახება დანაშაულის მსხვერპლთა უფლებრივ მდგომარეობაზე. დანაშაულის მსხვერპლი ყველა უფლებით მხოლოდ მას შემდეგ აღიჭურვება, რაც პროკურორი შესაბამის სტატუსს მიანიჭებს და მის უფლებებს განუმარტავს. მანამდე კი მას არანაირი უფლება არ გააჩნია, მათ შორის, არ შეუძლია გაეცნოს საქმის მიმდინარეობის დეტალებს, გამოითხოვოს მასალები და სხვა.

ჩვენს მიერ წარმოებული საქმეების უმეტესობაში იკვეთება ეს პრობლემა და, როგორც წესი, დაზარალებულის სტატუსის მოსაპოვებლად ადვოკატების დამატებითი ჩარევა და მხარდაჭერა არის საჭირო“.

სწორედ ამგვარ პრობლემას წააწყდნენ ორგანიზაციის იურისტები გასულ წელს, როდესაც არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც ვირტუალურად გაცნობილი პირი აშანტაჟებდა, იმ დრომდე არ ცნო გამოძიებამ დაზარალებულად, სანამ პროცესში ადვოკატები არ ჩაერთნენ. არასრულწლოვნის დაზარალებულად ცნობას თითქმის ორი წელი დასჭირდა:

„გოგონამ 2020 წელს სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ბიჭი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა ვირტუალური ურთიერთობა, რაც მოიცავდა გარკვეული ინტიმური ფოტოების გაზიარებასაც. ამ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გოგოს პერიოდულად, სხვადასხვა სახელით შექმნილი სოციალური ქსელის გვერდებიდან წერდნენ და ემუქრებოდნენ ამ ფოტოების გავრცელებით და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით.

ერთ-ერთი შემთხვევისას, ფოტოსურათების გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად, მოთხოვნის შესაბამისად, მან სხეულზე თვითდაზიანებაც კი მიიყენა. სამწუხაროდ, სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვიდან და გამოძიების დაწყებიდან ორ წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგაც, დამნაშავის იდენტიფიცირებისთვის და პასუხისგებაში მისაცემად საგამოძიებო ორგანოებს არაფერი ჰქონდათ გაკეთებული. მეტიც, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსიც კი არ ჰქონდა მინიჭებული“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი მკვლელობისას გენდერული მოტივის გამოკვეთა

კიდევ ერთი ხარვეზი, რაზეც „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლები ანგარიშში ამახვილებენ ყურადღებას, ეს არის ქალზე და ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა, რაც ცალკეულ შემთხვევაში იწვევს დანაშაულის დამძიმებას, ხოლო სხვა შემთხვევებში გაითვალისწინება სასჯელის დანიშვნისას.

დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენა არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სპეციალური მაკვალიფიცირებელი ნიშანი განზრახ მკვლელობის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი), თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი) შემთხვევაში.

ხოლო სხვა დანაშაულებთან მიმართებაში გენდერული მოტივის გამოკვეთა უნდა შეფასდეს, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის საფუძველზე.

ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით - ეს არის ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობა იმის გამო, რომ ის ქალია.

„უფლებები საქართველოში“ ამბობენ, რომ დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით ეფექტიანი გამოძიების წარმოების საერთაშორისო ვალდებულების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ დაუძლეველია ამ მხრივ არსებული პრობლემები.

ორგანიზაციის ადვოკატები საუბრობენ 2022 წელს, ბოდბეში მომხდარი ფემიციდის საქმეზე, სადაც ისინი იცავდნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი შვილების ინტერესებს.

2022 წლის 4 სექტემბერს, სოფელ ბოდბეში, კაცმა ცოლი ერთლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცხადი იყო, რომ მკვლელობამდე კაცი ცოლის მიმართ ავლენდა მესაკუთრის დამოკიდებულებას - მაგალითად, ქალს ნებისმიერი ქმედება წინასწარ უნდა შეეთანხმებინა ქმართან და დამორჩილებოდა მის მიერ დადგენილ წესებს. მას სახლიდან გასვლის უფლება ჰქონდა მხოლოდ მეუღლის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადით. მკვლელობამდე კონფლიქტიც სწორედ იმის გამო წარმოიშვა, რომ ქალი მშობლებთან თბილისში ისე წავიდა, რომ ამის შესახებ არ შეატყობინა ქმარს.

მიუხედავად ამ წინაპირობებისა, კაცს გამოძიებამ ბრალი წარუდგინა განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა, გენდერის ნიშანზე მითითების გარეშე.

მხოლოდ სამი თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქმეში ადვოკატები ჩაერთვნენ და პროკურატურას მიმართეს ბრალდების ახალი დადგენილების გამოცემის შესახებ, პროკურორმა ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის ქმედება გადააკვალიფიცირა და მასში ასახა გენდერული ნიშანიც.

2024 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოში რვა ქალი მოკლეს

  • 9 იანვრის ღამეს, თბილისში, ვარკეთილში მოკლა ქმარმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე.
  • რამდენიმე დღით ადრე, ახალი წლის ღამეს, ბათუმში, ქმარმა მოკლა 36 წლის ირმა ბერიძე.
  • 28 თებერვალს, თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილს, 21 წლის ოთარ ცინდელიანმა 59 ჭრილობა მიაყენა დანით. პროკურორის თქმით, ბრალდებულის ინსტაგრამის მიმოწერები ქეთევან ჯავახიშვილთან ადასტურებს, რომ მას გოგო "მიაჩნდა საკუთრებად".
  • 16 მაისს, გარდაბანში, 23 წლის კაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 29 წლის და.
  • "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. ამის გამო, 16 მაისს, ბრალდებულმა დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • 22 მაისს, გიორგი ფირაშვილმა ცოლი და ცოლის დედა რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე, სახლისკენ მიმავალ გზაზე მოკლა. მათთან ერთად იმყოფებოდა მარიამ სოფრომაძისა და გიორგი ფირაშვილის ექვსი თვის შვილიც.
  • 28 აგვისტოს ზვიად ზურაბაშვილმა კახეთში, საკუთარ სახლში, იარაღიდან გასროლით მოკლა ცოლი, ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, ფიქრია ტუგულაშვილი. იმავე დღეს კაცმა მოკლა ორი მეგობარიც. ორი წლით ადრე, კაცმა ცოლს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები, რის გამოც ის სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა. ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი ციხიდან გამოსვლიდან ერთ თვეში მოკლა.

2024 წლის პირველ ექვს თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 4500-მდე შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ოჯახში ძალადობის 5472 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის 1243 და ფსიქოლოგიური ძალადობის - 4081 შემთხვევა.

*თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006

ფორუმი

XS
SM
MD
LG