Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოჯახში და ქალებზე იმაზე მეტი პოლიციელი ძალადობს, ვიდრე ვიცით“ - რას ამბობენ უფლებადამცველები


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

18 სექტემბერს, ღამით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა, მოქმედმა პოლიციელმა, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ყოფილ მეუღლესა და სიდედრს იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა. გურამ ქადეიშვილი ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ქადეიშვილმა ყოფილი ცოლი და მისი დედა სამსახურებრივი საშტატო იარაღით დახოცა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტამდე, გურამ ქადეიშვილის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერი არ ჰქონია გამოწერილი.

19 სექტემბერსვე გახდა ცნობილი, რომ პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს, უფლებამოსილების გადამეტების გამო სამსახურიდან დაითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გახარიას პარტიის, „საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა:

ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

„პოლიციელი, დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო, შემდეგ, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა.

მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ რომ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა. საინტერესოა, ასევე, როგორ ამუშავებენ მინისტრის იმ დროს გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში მხილებული პოლიციელის მიმართ დაუყოვნებლივ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი, ჩამოერთმეოდა სამსახურებრივი იარაღი და ხდებოდა დათხოვნა. ზოგადად ფემიციდის ფაქტებმა ხომ მოიმატა უმოქმედობის გამო და მართლა არ მეგონა ამ ნაწილშიც 2017 წლამდე პერიოდს თუ დავუბრუნდებოდით, როცა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ძალოვნების დაუსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო“, - დაწერა ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში.

მის ამ განცხადებას 19 სექტემბერს, ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი. უწყებამ სიცრუე უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელი შინაგან საქმეთა ამჟამინდელმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღადგინა სამსახურში:

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება“.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

18 სექტემბერს მომხდარი დანაშაული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი პოლიციელი ყოფილ ცოლს სამსახურებრივი იარაღით კლავს.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი 2014 წელს, 25 ივლისს, ზესტაფონში, საჯარო სივრცეში, სკვერში მოხდა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.

მკვლელობამდე სალომე ჯორბენაძემ არაერთხელ მიმართა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვა ითხოვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.

პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე, 2022 წლის თებერვალში ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა - სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა.

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის გაცხადებული პოლიტიკისა, ებრძოლონ ოჯახში ძალადობასა და ფემიციდს, არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც მოქმედი თუ ყოფილი პოლიციელები თავად სჩადიან დანაშაულს, ძალადობენ და კლავენ ყოფილ პარტნიორებს, ცოლებსა თუ ოჯახის წევრებს.

მხოლოდ ბოლო ხუთ წელში, მოქმედი თუ ყოფილი პოლიციელის მხრიდან ჩადენილი ოჯახში ძალადობის, მათ შორის, მკვლელობის არაერთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.

2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც, იმ წელს, ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი იქნა მხილებული. მათ მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო კი დისციპლინური სახდელი დაეკისრა 8 პოლიციელს.

მას შემდეგ, მსგავსი სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გამოუქვეყნებია.

2018 წელსვე, შინაგან საქმეთა მინისტრის #995 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ოჯახში ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის მიმართ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემისთანავე, პოლიციელი ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩააბაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ხოლო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია განახორციელოს იარაღის ჩამორთმევა-ჩაბარების კონტროლი.

ამავე წელს მიღებული ბრძანების თანახმად, თუ პოლიციელის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ეს ხდება დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან უპირობოდ გათავისუფლების საფუძველი.

მოქმედი და ყოფილი პოლიციელების მიერ ჩადენილი ოჯახში/ქალზე ძალადობისა და ფემიციდის გახმაურებული საქმეები

2018 წლის 31 მაისს, წერეთლის გამზირზე, მოქმედმა პოლიციელმა, ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა, დაჭრა ყოფილი პარტნიორი, ელენე ბლაგოდარნაია და მოკლა ქალის ყოფილი ქმარი, მამუკა გაგნიძე. დანაშაული საპატრულო ეკიპაჟის თვალწინ მოხდა.

ბინაში, სადაც დანაშაული მოხდა, ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა მას შემდეგ შეაღწია, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა და ელენე ბლაგოდარნაიამაც კარი სწორედ სამართალდამცველთა იმედად გააღო. მანამდე, მოძალადე სახლში შეშვებას უშედეგოდ მოითხოვდა და გარედან ემუქრებოდა მსხვერპლს.

სამართალდამცველთა იქ ყოფნის მიუხედავად, ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით საძინებელში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ყოფილ პარტნიორს, ელენე ბლაგოდარნაიას, ხოლო შემდეგ სამზარეულოში მოკლა მისი ყოფილი ქმარი, მამუკა გაგნიძე. ჯინჭველაშვილი იმ დროს პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მეორე სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა.

2022 წლის 25 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს ქალს პოლიციის ფორმაში ჩაცმული კაცი. კადრები ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ იყო გადაღებული.

მოქმედი პოლიციელი გიორგი ბიგვავა სამართალდამცავებმა ქალზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ვიდეოს გავრცელებიდან მალევე დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმრო 3 თვის თავზე დატოვა.

2022 წლის 27 აპრილს, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ყოფილმა პოლიციელმა, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლის შემდეგ, მძინარე მშობლებს - მამას, ზაზა ბეროზაშვილს და დედას, ლალი თავაძეს თავში ესროლა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ გიორგი ბეროზაშვილმა კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, რის შემდეგ დანაშაულის დასაფარად საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. ფსიქოლოგმა თინათინ კახაძემ, რომელიც ბრალდებულისთვის ჩატარებულ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობდა, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დასკვნის მიხედვით, გიორგი ბეროზაშვილი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს აფექტურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

პროკურატურის ვერსიით, გიორგი ბეროზაშვილმა მამის კუთვნილი 21 000 დოლარი მიითვისა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. მშობლები ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ, რასაც მათ შორის უთანხმოება მოჰყვა.

2023 წლის 6 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში, 67 წლის ყოფილმა პოლიციელმა, ღვთისო პეტრიაშვილმა მოკლა ცოლი და სიდედრი და შემდეგ თავი მოიკლა. დაღუპულებს ცეცხლნასროლი ჭრილობები სანადირო თოფიდან ჰქონდათ მიყენებული.

ელისო რუხაძეს, ორგანიზაცია „უფლებების საქართველოს“ იურისტს, ხშირად უწევს ოჯახში ძალადობის ისეთ საქმეებზე მუშაობა, სადაც მოძალადე პოლიციის თანამშრომელია: „სუსის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულები, პოლიციელების მიმართ გამოყენებული არაერთი შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული სამაჯური, პირადად გვაქვს ამ ტიპის საქმეების გამოცდილება“, - მეუბნება ელისო რუხაძე, რომლის თქმითაც, დაახლოებით 50 კონსულტაციიდან, რომელსაც ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს უწევს, 7-8 პოლიციელის ცოლი, პარტნიორი ან შვილია:

ელისო რუხაძე
ელისო რუხაძე

„ხაზგასმით ვამბობ, რომ საკმაოდ მაღალი მომართვიანობა გვაქვს იმ ქალების, რომლებიც პოლიციელების მხრიდან არიან ძალადობის მსხვერპლნი. გვაქვს საქმეები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები პირები, სუსის თანამშრომლები, ისეთი თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, თავად ჩადიან დანაშაულს როგორც ცოლების, ისე პარტნიორების თუ შვილების მიმართ“.

ელისო რუხაძის თქმით, პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ოჯახში ძალადობის დანაშაულის ფაქტები არის გაცილებით მეტი, ვიდრე ეს მედიაში გავრცელებული თითო-ოროლა ინფორმაციიდან და 112-ში შესული ზარებიდან ჩანს:

„იმ ცოლებს, იმ ყოფილ ცოლებსა თუ პარტნიორებს, რომლებზეც პოლიციელი ქმრები თუ ყოფილი ქმრები ძალადობენ, ძალიან უჭირთ და ეშინიათ ამის ამოთქმა. გვქონია საქმე, როდესაც არასრულწლოვანმა შვილმა დარეკა 112-ში. მამამისი სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი იყო და ითხოვა, რომ დაეკავებინათ მამა, რადგან ხედავდა დედის მოკვლის საფრთხეს“.

იურისტი ჩამოთვლის იმ მიზეზებსაც, რომელთა გამოც პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალები ამ დანაშაულებზე ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ:

„პირველ რიგში, მოძალადის მხრიდან მუქარა, რაც მოიცავს ძალის დემონსტრირებას. მათ აქვთ იარაღი, მათ აქვთ ძალაუფლება და ისინი არწმუნებენ მსხვერპლებს, რომ მათ ჰყავთ მფარველები, არავინ მოუსმენს, შესაბამისად, ვერ შეძლებენ დანაშაულის დამტკიცებას და პირიქით, შესაძლოა, აქეთ უჩივლონ ცილისწამებისთვის. ამის გამო მსხვერპლებს უჩნდებათ რწმენა, რომ ისეთ მონსტრს, როგორებიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არიან მოძალადე პოლიციელები და მათ უკან მდგარი ძალაუფლება, ისინი ვერ მოერევიან.

ამას თან ერთვის ფემიციდის გახშირებული შემთხვევები, ის, რომ სახელმწიფო ამ საქმეებს პოსტ-ფაქტუმ იძიებს და პრევენციისთვის არაფერს აკეთებს და ამიტომ ურჩევნიათ, იყვნენ ჩუმად. ამას ემატება ეკონომიკური ფაქტორიც, როდესაც ქალს არ აქვს პირადი შემოსავალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ეშინიათ და საბოლოოდ, იძულებულნი ხდებიან, დადუმდნენ“.

ელისო რუხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს ერთ-ერთ საქმეს, როდესაც მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფ ქალს, რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ პოლიციის განყოფილებაში იმის მტკიცება, რომ სამართალდამცავებს მოძალადე პოლიციელის მიმართ შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული სამაჯური გამოეყენებინათ:

„მოქმედმა პოლიციელმა ყოფილი პარტნიორის მიმართ ჩაიდინა კონკრეტული ძალადობრივი დანაშაულები, კატეგორიულად ვითხოვდით, რომ იმ საღამოსვე ყოფილიყო გატარებული რაიმე პრევენციული ზომა, ან დაეკავებინათ მოძალადე, ან შემაკავებელი ორდერი გამოეცათ და რისკების შეფასების შემდეგ გამოეყენებინათ ელექტრონული სამაჯური. და მაშინ, როდესაც მოძალადე პოლიციელი და მსხვერპლი, ერთმანეთისგან 500 მეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ და საფრთხე იყო მყისიერი, არსებობდა მოკვლის მუქარის ჩანაწერებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გვეუბნებოდა, მოდი, ახლა წადით სახლში, დაიძინეთ... ჩვენ დაგვჭირდა სამსაათიანი ბრძოლა, მათ შორის, შესაბამისი ზემდგომი უწყებების, მედიის საქმის კურსში ჩაყენება, რათა ღამის 3 საათზე გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი ელექტრონულ სამაჯურთან ერთად, რათა ეს ქალი გადაგვერჩინა“.

გოგა ხატიაშვილისთვის, უფლებადამცველისა და იურისტისთვის, ორმაგად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი, რომელიც უნდა ებრძოდეს ოჯახში ძალადობას, თავად არის ამ დანაშაულში მხილებული. მისი თქმით, მოძალადე სამართალდამცავების მსხვერპლები კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევიან, ვიდრე ძალადობის სხვა მსხვერპლი ქალები და უფრთხიან დახმარების თხოვნას.

გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილი

„რადგან, შესაძლებელია, მოძალადე მსხვერპლთან ურთიერთობისას, ძალადობის ჩადენისას, იყენებდეს სამსახურებრივ მდგომარეობას, გავლენებს და მსხვერპლს ეუბნებოდეს, რომ აზრი არ აქვს ვინმესთვის მიმართვას. გარდა ამისა, სხვა პოლიციელები, რომლებსაც ევალებათ რეაგირება, შესაძლოა, გამოხატავდნენ სოლიდარობას ძალადობაში მხილებული პოლიციელის მიმართ და ამის გამო ობიექტურად და მიუკერძოებლად ვერ შეძლონ საქმის შესწავლა“.

გოგა ხატიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათთვის პრიორიტეტულია ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ჩნდება კითხვა, რამდენად წარმატებულად ართმევს თავს შსს ბრძოლას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სისტემის გარეთ, მაშინ, როდესაც თავად პოლიციელები არიან ოჯახში ძალადობაში მხილებულნი:

„შსს-ს მართებს გააძლიეროს ძალისხმევა უწყების შიგნით იმის საჩვენებლად, რომ ის არ არის ლოიალური და შემწყნარებელი პოლიციელთა მხრიდან მსგავსი ძალადობის ჩადენის დროს. ამ პრობლემის თავი და თავი მოდის იქიდან, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობა შესუსტებულია მენეჯმენტის მხრიდან. ჩვენ ვეღარ ვხედავთ შსს-ს საჯარო პოზიციონირებას, თუ რა ნაბიჯებს დგამს მკაცრი პოლიტიკის გასატარებლად. პრიორიტეტულობა არ გამოიხატება მხოლოდ განცხადებებში. ეს საქმითაც უნდა დადასტურდეს. კონკრეტულ რიცხვებში უნდა იყოს ასახული. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ესა თუ ის საკითხი მენეჯმენტის დონეზეა პრიორიტეტული, რიგითი პოლიციელებიც უფრო ეფექტიანად მუშაობენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ სამ თვეში, ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის 207 შემთხვევა დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში გამოიწერა 183 შემაკავებელი ორდერი.

რაც შეეხება 2023 წლის ფემიციდის სტატისტიკას, ეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურას ჯერ არ გამოუქვეყნებია.

2022 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 19 ქალი მოკლეს. მოკლულ 19 ქალს შორის, ოჯახში დანაშაულისა და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით 10 ქალი მოკლეს. არა ოჯახური ნიშნით - 9 ქალი.

2018-2022 წლებში საქართველოში მოკლეს ან სცადეს მოეკლათ 56 ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია და მისი „ღირსება დასაცავია“.

ფემიციდის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, რომლებიც 2022 წელს პროკურატურამ გააანალიზა, აჩვენებს, რომ ქალების უმეტესობა მხოლოდ იმიტომ მოკლეს და იმიტომ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, რომ მისგან ითხოვდნენ მორჩილებას, მასზე კონტროლს და მკვლელობამდეც მას სისტემატურად ამცირებდნენ.

* ოჯახში/ქალზე ძალადობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 116 006.

XS
SM
MD
LG