Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების სტატუსით ვერ დავიცავთ ქალებს და ბავშვებს“ - რას აპირებენ უფლებადამცველები


"ჩვენი ნებით არ დავრეგისტრირდებით და მაქსიმალურად ბოლომდე გავაგრძელებთ ძალადობის მსხვერპლი ქალების, ბავშვების დახმარებას“...
"ჩვენი ნებით არ დავრეგისტრირდებით და მაქსიმალურად ბოლომდე გავაგრძელებთ ძალადობის მსხვერპლი ქალების, ბავშვების დახმარებას“...

სალომე და მისი და, ელენე* ის გოგოები არიან, რომლებმაც მრავალწლიანი დუმილის შემდეგ გაბედეს, არასამთავრობო ორგანიზაციას მიაკითხეს და თქვეს, რომ წლების წინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათზე ბიძა სექსუალურად ძალადობდა.

თითქმის ორწლიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში, გოგოების ბიძა, მოსამართლემ უმცროსი დის, ელენეს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად მიუსაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოში დების ინტერესებს იცავდა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისაა“.

„რომ არა ეს ორგანიზაცია და მისი იურისტები, მე ალბათ დავაში შესვლასაც კი ვერ შევძლებდი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სალომე.

ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა ხშირად და უმეტესად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია:

„როდესაც ადამიანი შენს სიმართლეს იურიდიულად ამოწმებს, ეს ძალიან დიდი მორალური და ფსიქოლოგიური დახმარებაა. არც მინდა იმის წარმოდგენა, რომ „აგენტების კანონის“ ამოქმედებით, ამ ტიპის ორგანიზაციებმა თუნდაც დროებით მაინც შეწყვიტონ ფუნქციონირება. ეს ორგანიზაცია იყო ერთადერთი გზა, რომ გაგრძელებულიყო ჩემი ცხოვრება და რაღაცისთვის მიმეღწია, სამართლიანობა აღმედგინა.

ჩვენ ძალადობრივ გარემოში ვცხოვრობთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალებისთვის ასეთი ორგანიზაციების არსებობა".

სალომეს თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ორგანიზაციები ქალებს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან:

"კერძო ადვოკატის აყვანა ძალიან ძვირადღირებული მომსახურებაა და მე ამას ფინანსურადაც ვერ გავწვდებოდი.

ეს ორგანიზაციები უნდა არსებობდნენ, რომ ჩემნაირ ადამიანებს დაეხმარონ. სწორედ უცხოეთის დაფინანსებით გვეხმარებიან ეს ორგანიზაციები, მეგობრულად გვიწვდიან ხელს, გვაძლევენ თანხას იმისთვის, რომ დახმარება გაეწიოს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ბავშვებს და ამ შანსის გამოყენება მნიშვნელოვანია, რომ აღარ იყოს ძალადობრივი გარემო, ამას უნდა მივხვდეთ“, - ეუბნება სალომე რადიო თავისუფლებას.

  • მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოჯახში ძალადობის გამოვლენის სტატისტიკა მზარდია,
  • მაშინ როდესაც მზარდია ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების მაჩვენებელი,
  • მაშინ, როდესაც ქალთა მკვლელობები, ფემიციდი, დაუძლეველ პრობლემად არის ქცეული სახელმწიფოსთვის, რაზეც თუნდაც ბოლო ხუთი თვის სტატისტიკაც (2024 წელს, მაისის ჩათვლით, ფემიციდის 7 შემთხვევა) მეტყველებს, უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ „აგენტების კანონის“ ამოქმედება მძიმედ აისახება დღეს არსებულ ისედაც რთულ ვითარებაზე, ვინაიდან აჩენს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეჩერების საფრთხეს, რომლებიც წლებია, სწორედ ამ ტიპის დანაშაულების პრევენციისთვის, ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისთვის იბრძვიან.

"ეს კანონი ჩვენს ღირსებას ლახავს და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვრეგისტრირდებით"

„ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ დაუმორჩილებლობა, ჩვენი ნებით არ დავრეგისტრირდებით და მაქსიმალურად ბოლომდე გავაგრძელებთ ძალადობის მსხვერპლი ქალების, ბავშვების დახმარებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბაია პატარაია, ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი.

„საფარს“, ისევე როგორც სხვა ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებას უცხოელი დონორებისგან იღებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც პარლამენტმა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან „აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჯარიმის სახით, პირველ ჯერზე, 25 ათასი ლარის გადახდა დაეკისრება და სახელმწიფო ორგანიზაციას „აგენტების რეესტრში“ თავად დაარეგისტრირებს.

დაუმორჩილებლოის გაგრძელების შემთხვევაში, ან თუ "საფარი" საფინანსო დეკლარაციას დროულად არ შეავსებს, სახელმწიფოს უფლება ექნება, 10 ათასი ლარით, ყოველ მომდევნო თვეს, 20 ათას-20 ათასი ლარით დააჯარიმოს ის.

კანონში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ცხადია, არსად წერია, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში, ის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, ავტომატურად დაიხურებიან, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ისინი „აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირებას არ აპირებენ, რაც დროთა განმავლობაში, სწორედ მათ იძულებით დახურვას გამოიწვევს.

ხატია რეხვიშვილი
ხატია რეხვიშვილი

„ძალიან ძნელია საუბარი, რას ვიზამთ. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. თუმცა, ვერც იმას გეტყვით, რომ ჩვენს ორგანიზაციას, ამ ეტაპისთვის, აქვს რაიმე ცალსახა გეგმა შემუშავებული იმისათვის, რომ გადავრჩეთ.

ალბათ, ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანიზაცია, ვფიქრობთ, რომ როგორმე უნდა მივაღწიოთ არჩევნებამდე და შემდეგ უკვე არჩევნების შედეგები აჩვენებს, რამდენად თვლის საზოგადოება, რომ ჩვენი ტიპის ორგანიზაციები ამ ქვეყანაში საჭიროა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „უფლებები საქართველოს“ პროექტების კოორდინატორი ხატია რეხვიაშვილი.

ეს არის კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც წლებია, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ფემიციდის საქმეებზე მუშაობს.

„ჩვენი მუშაობის მნიშვნელობის მასშტაბი გაინტერესებთ?, - ეკითხება რადიო თავისუფლებას ბაია პატარაია, - მარტივია, ყველაფერი რიცხვებშია ასახული. ამაზე მეტყველებს თუნდაც გასული წლის სტატისტიკა. საქმეების, რომლებიც „საფარმა“ სასამართლოში აწარმოა. იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც იურიდიული დახმარება გავუწიეთ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისიცაა, რომ ისინი სამართლებრივ დახმარებას ქალებსა თუ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობენ:

ბაია პატარაია
ბაია პატარაია

„აქცენტს ვაკეთებთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ ძვირადღირებული იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის საშუალება. მათ შორის, სოციალურად დაუცველ ქალებსა და ბავშვებზე.

თუკი „ოცნების“ მიერ მიღებული კანონი საბოლოოდ ჩვენს იძულებით დახურვას გამოიწვევს, უამრავი ქალი დარჩება დახმარების გარეშე. იურიდიული მომსახურება არის ძალიან ძვირი და ამ ღარიბ საზოგადოებაში ამის ფუფუნება ძალიან ცოტას აქვს. მით უმეტეს, ჩვენი ორგანიზაციები ქალებს ძალიან მაღალი ხარისხის სერვისს ვაწვდით და ძალიან მაღალია მოგებული საქმეების რაოდენობის მაჩვენებელიც“, - ამბობს ბაია პატარაია.

კანონის სრული ძალით ამოქმედების შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების, მათთვის მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დარჩენის რისკებზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ბავშვთა, შშმ პირთა და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, თამარ კაპანაძეც.

ამ ორგანიზაციის შემოსავალი სრულად დონორი ორგანიზაციებისგან მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული. კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო და რომელსაც დაუმორჩილებლობას უცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისაც“, მათი ყოფნა-არყოფნის საკითხს აყენებს დღის წესრიგში:

თამარ კაპანაძე
თამარ კაპანაძე

„რა იქნება სექტემბერში? - როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ კანონის ამოქმედებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა, ეს, ამ მომენტში, კანონის ამ კონკრეტულ რედაქციაში, ნამდვილად არ წერია, მაგრამ ჩვენ წინ გვიდევს გამოცდილება რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში, სადაც კანონის ამოქმედების შემდეგ, პირველ რიგში, არასასურველ ორგანიზაციებად გამოცხადნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფიზიკური პირებიც კი.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც, მაგალითად, მსგავსი არადემოკრატიული კანონებია მიღებული და თავდასხმებია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დონორების გარკვეული ნაწილი გადის.

ჩვენი ორგანიზაცია სრულადაა დამოკიდებული დონორებზე და მაინც ხშირად ვყოფილვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც, მაგალითად, არ გვქონია ოფისის ქირის გადასახადი, დაგვჭირვებია დონაცია, ხალხის დახმარება. იმ პირობებში, თუკი დონორები უარს იტყვიან დაფინანსებაზე, ეს კიდევ უფრო გაართულებს არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას“, - ამბობს თამარ კაპანაძე.

შიში, რომ ქალების და ბავშვების პირადი ცხოვრების საიდუმლო ვეღარ იქნება დაცული

თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, რის გამოც „აგენტების კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების (და არა მხოლოდ მათი) ყოფნა-არყოფნის და მათი ეფექტიანი მუშაობის საკითხი.

კანონი სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ამის შესახებ ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითებენ როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამის შესახებ იყო მითითებული ვენეციის კომისიის გადაუდებელ დასკვნაშიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც 21 მაისს გამოქვეყნდა და რომელიც ურჩევდა ხელისუფლებას გაეუქმებინა კანონი არსებული ფორმით, რადგან მისი "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით".

სწორედ ამ საფრთხის შესახებ ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თამარ კაპანაძე, რომელიც ამბობს, რომ კანონის თანახმად, სახელმწიფოს უფლება ეძლევა გამოითხოვოს პირადი სახის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებზე, არამედ მათ ბენეფიციარებზეც:

„როდესაც ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზეა ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან არასდროს მოვა ადამიანი იმისთვის, რომ მას სასამართლოში დავეხმაროთ. ჩვენ ვმუშაობთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებაზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, ქალებთან. ცხადია, მათ მუდმივად ექნებათ შიში, რომ ეს ინფორმაცია ვეღარ იქნება სათანადოდ დაცული“.

ამ საფრთხეზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ხატია რეხვიაშვილიც, „უფლებები საქართველოს“ პროგრამების კოორდინატორიც.

„პრაგმატულად რომ შევხედოთ საკითხს, ამ კანონის მონიტორინგის მუხლში პირდაპირ არის მითითება, რომ სახელმწიფოს ჩვენგან შეუძლია წაიღოს ნებისმიერი ტიპის მონაცემი, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა. ნებისმიერი ტიპის მონაცემში შედის, მათ შორის, პერსონალური მონაცემები და ამ მონაცემების ყველაზე სენსიტიური, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. საკითხავი იქნება, რამდენად მიზნობრივად მოხდება ამ ყველაფრის გამოყენება? რადგან არც კანონში და არც მის განმარტებით ბარათში მითითება არ არის, თუ რას ემსახურება ნებისმიერი ტიპის მონაცემის წაღება“.

ხატია რეხვიაშვილი ამბობს, რომ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურება და ეს უკვე კარგად გამოჩნდა, მაგალითად, პირადად იმ ორგანიზაციის მაგალითზე, რომელშიც ის მუშაობს:

„როგორც კი კანონი მესამე მოსმენით მიიღეს, ჩვენი რამდენიმე იურისტი, მათ შორის, თავად ორგანიზაცია, თავდასხმის ობიექტი გახდა. კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც ძალადობაში არიან მხილებულნი, სოციალურ ქსელში მონიშნეს იურისტები, ორგანიზაცია და დაგვპირდნენ, აბა, ახლაც ვნახოთ, ვის და როგორ დაიცავთო. არაერთი მიმოწერა იყო ადვოკატებთან. გვწერდნენ, მორჩა თქვენი ბოგინიო, რაც ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია“.

ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენიმე ასეულ ქალს გაუწია სამართლებრივი დახმარება. ორგანიზაცია პროექტებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე USAID-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომლის გამოძიება დღესაც გრძელდება და რომელშიც სწორედ „უფლებები საქართველოს“ იურისტები იცავენ დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეა.

როგორც ხატია რეხვიაშვილი ამბობს, სწორედ მათი იურისტების ჩართულობის შემდეგ გახდა შესაძლებელი, 2023 წლის მარტში, დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მისივე თქმით, სწორედ ორგანიზაციის იურისტების ძალისხმევის შედეგად დაიწყო პროკურატურამ გამოძიება მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე:

„თავდაპირველად გამოძიება დაიწყო მხოლოდ გულგრილობის მუხლით, თუმცა, ჩვენი იურისტების არაერთი შუამდგომლობის შემდეგ, მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიება გაგრძელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მუხლით“.

რაც შეეხება ფემიციდის, ფემიციდის მცდელობისა თუ ოჯახში ძალადობის საქმეებს, ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება, ერთი მხრივ, მყისიერი, სიცოცხლისთვის სახიფათო საფრთხის აცილებაში და, მეორე მხრივ, იურიდიულ დახმარებას უწევს, რომ მიიღონ კომპენსაცია ძალადობის შედეგად განცდილი ზიანის გამო:

„ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციები ამ ქალებისთვის არის იმედი იმისა, რომ ერთი - დააღწევენ თავს ძალადობას და ფიზიკურად გადარჩებიან და მეორე - არ მოუწევთ სრულიად ნულიდან ყველაფრის დაწყება. ეს ორგანიზაციები ეხმარებიან ამ ქალებს, მათ შორის, ეკონომიკურ გაძლიერებაშიც. ვეხმარებით სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის მიღებაში“.

„უფლებები საქართველო“, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც დაეხმარა ფემიციდის მსხვერპლი ქალების შვილებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღებაში:

„ეს არის ერთჯერადი კომპენსაცია, 10 000 ლარის ოდენობით. ჩვენი ჩართულობით, ამ ტიპის კომპენსაცია უკვე მიიღო ფემიციდის გამო ობლად დარჩენილმა 9 ბავშვმა“, - ამბობს ხატია რეხვიაშვილი.

„აგენტის სტატუსით სასამართლოებში ვერ დავიცავთ ქალების და ბავშვების უფლებებს“

არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც „აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირების შემთხვევაში, ფაქტობრივად, აზრს კარგავს ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. საქმე ეხება მათ მიერ წარმოებულ სასამართლო დავებს:

„ჩვენი დავები გულისხმობს იმასაც, რომ გვიწევს მოვითხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა მაგალითად რამდენიმე მილიონი ლარით. როდესაც სასამართლოში მიდის ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის სტატუსითაა რეგისტრირებული და ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდას, ამის დაკმაყოფილების პერსპექტივა, ფაქტობრივად, ნულზე დადის, რადგან ეს ნიშნავს, რომ შენ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ და საქართველოს ბიუჯეტთან შემხებლობა არ უნდა გქონდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ კაპანაძე.

სწორედ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ძალისხმევითა და სასამართლო დავის შემდეგ გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დაფინანსება.

კიდევ ერთი სასამართლო დავის შემდეგ კი გაიზარდა შშმ ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება.

„აგენტების კანონის“ ამოქმედება რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებული სასამართლო დავების წარმატებას, ამის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ხატია რეხვიაშვილიც:

„გვაქვს საქმეები, სადაც სახელმწიფოს ვედავებით უმოქმედობაში. ერთ-ერთი ფემიციდის მცდელობის საქმეზე სწორედ სახელმწიფო ორგანოებს ვედავებით უმოქმედობაში, რადგან მათ არასწორად შეაფასეს რისკები, რამაც შეუქცევადი ზიანი მიაყენა მსხვერპლის ჯანმრთელობას. ჩვენ ვედავებით პოლიციას და პროკურატურას, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ გამოყენებულა ქმედითი შემაკავებელი მექანიზმები.

გვაქვს საქმეები, სადაც პოლიციელები არიან მოძალადეები. ასეთ საქმეებზე, სადაც სახელმწიფოს წარმომადგენლებთან გვაქვს დავა, ძალიან რთული იქნება საქმიანობის გაგრძელება „აგენტის“ სტატუსით. სულ მინიმუმ, მსხვერპლს ვეღარ ექნება მოლოდინი, რომ ორგანიზაცია, რომელიც „აგენტების რეესტრშია“ დარეგისტრირებული, შეძლებს მისი ინტერესების დაცვას სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ და, ამასთანავე, ეს ორგანიზაცია შეძლებს, რომ მისი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები დაიცვას საიდუმლოდ“.

არასამთავრობოების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადებიან. ისინი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის სადავო ნორმების გაუქმებას ითხოვენ. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა 30 მაისს გააკეთეს.

„ეს კანონი არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, კონვენციებს, ასევე ჩვენივე კანონებს, მათ შორის, პირადი მონაცემთა დაცვის კანონს, გასულია საკანონმდებლო ჩარჩოდან, სწორედ ამიტომ ვუცხადებთ მას დაუმორჩილებლობას და სწორედ ამიტომ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაია პატარაიამ.

მისი თქმით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ძალაში დატოვებს არსებულ კანონს, არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო სასამართლოს მიაკითხავენ.

ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მინიმუმ ოქტომბრამდე, ისინი დიდი დანაკარგების გარეშე შეძლებენ მუშაობას და მათი ბენეფიციარების უფლებებისათვის ბრძოლას, „არჩევნებზე (26 ოქტომბერი რ.თ.) კი უკვე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რუსული კანონებით უნდა ცხოვრება თუ ევროკავშირი“, - ამბობს ბაია პატარაია.

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.

„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღე ექნებათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

*დების სახელები შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG