Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლის ანის სიკვდილი შსს-მ ხარვეზებით გამოიძია - სახალხო დამცველი


ილუსტრაცია: უგონოდ მყოფი 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა იპოვეს 2023 წლის 17 მარტის ღამეს, სახლთან რამდენიმე მეტრში, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე.
ილუსტრაცია: უგონოდ მყოფი 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა იპოვეს 2023 წლის 17 მარტის ღამეს, სახლთან რამდენიმე მეტრში, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეს უკვე უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია.

ლევან იოსელიანი მიმართავს გენერალურ პროკურორს, დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი - გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე.

სახალხო დამცველის ეს დასკვნა ანი იანუშაიტიტეს ოჯახმა და ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

შემთხვევის ადგილი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 17 მარტს
შემთხვევის ადგილი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 17 მარტს
უგონოდ მყოფი 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა ერთი წლის წინ, 2023 წლის 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, სახლთან რამდენიმე მეტრში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში?

ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესების დამცველმა ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, სახალხო დამცველს ივნისში გაუგზავნეს 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის მასალები და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობის შესწავლა მოითხოვეს.

4 მარტს მიღებულ დასკვნაში წერია, რომ „გამოძიება თავიდან მიმდინარეობდა არაეფექტიანად და დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები“.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების არჩატარებამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და, შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ შესაძლოა, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ახლა უკვე უპერსპექტივოდაც კი ჩანდეს, ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ის მაინც მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

მათ შორის:

  • შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება;
  • შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება;
  • გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა;
  • ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
  • მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა.

იურისტი ლადო მკერვალიშვილი ფიქრობს, რომ დღეს ძნელია იმის თქმა, რა შედეგს მოიტანს ეს გეგმა, თუმცა, ამბობს, რომ არც გამოძიებასა და არც ოჯახს არ აქვთ უფლება, რომ ნებისმიერი დაშვება არ გამოიყენონ და საგამოძიებო მოქმედებები, თუნდაც ერთი წლის თავზე, არ ჩატარდეს:

ლადო მკერვალიშვილი, იურისტი, წარმოადგენს ორგანიზაციას „უფლებები საქართველო“ .
ლადო მკერვალიშვილი, იურისტი, წარმოადგენს ორგანიზაციას „უფლებები საქართველო“ .

„შესაძლოა, სწორედ ამ ქმედებების შედეგად გამოიკვეთოს კონკრეტული მტკიცებულებები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რესურსების მოძიება, რომ ერთი საქმე, მეორე საქმის ხარჯზე კი არ გაკეთდეს, პირიქით, ამ ყველა ქმედებამ ერთ კომპლექსურ მთლიანობაში უნდა იმოქმედოს ეფექტიანად.

სახალხო დამცველის დასკვნაში ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. მხოლოდ იმაზე დაყრდნობა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა და არაფერს აზრი არ აქვს, ეს მიდგომა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორია“.

შემთხვევის ადგილი, 17 მარტი, 2023 წელი
შემთხვევის ადგილი, 17 მარტი, 2023 წელი

სახალხო დამცველი 12 წლის ანის გარდაცვალების საქმის საგამოძიებო მოქმედებების შესწავლისას კიდევ ერთ საყურადღებო დეტალზე აკეთებს აქცენტს და დასკვნაში წერს:

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე, შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში, ნაკლებად სავარაუდო ან საერთოდ გამორიცხულია.

გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. რადგან გასულია ხანგრძლივი პერიოდი, შესაძლოა, ვეღარ მოხდეს ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვება, რაც არსებითად აზიანებს გამოძიების ინტერესებს“.

რა არ გააკეთა გამოძიებამ?

12 წლის ანი იანუშაიტიტეს ოჯახი და მათი ადვოკატები ამბობენ, რომ ბავშვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე გამოძიება საწყის ეტაპზევე განსაკუთრებით ბევრი ხარვეზით წარიმართა.

მაგალითად:

  • გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ორ კვირაში გაიჩეხა შემთხვევის ადგილი;
  • დაიკარგა ანის ფრჩხილში არსებული თმის 3 სმ სიგრძის ღერი, რომლის არსებობაც გარდაცვალების დღეს გადაღებული ფოტოთი დასტურდება;
  • შენახვის პირობების დაუცველობის გამო, დაზიანდა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება;
  • შემთხვევის ადგილთან ახლომდებარე საბავშვო ბაღის ვიდეოკამერების ჩანაწერები არ გამოკვლეულა;
  • მცირე ქრონომეტრაჟის მასალა იქნა მოპოვებული იმ სკვერის ტერიტორიიდან, სადაც ანი ბოლოს ნახეს ცოცხალი, მაშინ როდესაც სხვა ადგილების ჩანაწერები 72 საათის მოცულობით იქნა ამოღებული;
  • რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა შემთხვევიდან ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩატარდა. მაგალითად, საქმესთან სავარაუდო შემხებლობაში მყოფი პირის ფოტორობოტი ანის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 2023 წლის შემოდგომაზე შედგა.

ანის საქმის ბრალდებული ექსპერტი - გაიზრდება ბრალდებულთა წრე?

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა, დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი - გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისა არ არის და ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურის წარდგინებით, ვალდებულია დაიწყოს მოკვლევა:

„სულ მცირე, დისციპლინური, ანუ სამსახურებრივი მოკვლევა მაინც უნდა დაიწყოს, რომ პირველ რიგში, გამოიკვეთოს, ხომ არ იყო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები გამომძიებლის ქმედებებში“, - ამბობს „უფლებები საქართველოს“ იურისტი ხატია რეხვიაშვილი.

ანის სიკვდილის გამოძიების საქმეზე უკვე არსებობს ერთი ბრალდებული, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი.

ანის გარდაცვალების საქმეზე დაზიანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მტკიცებულებები. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ ანის გვამიდან აღებული დნმ-ის ნიმუშის არასწორად შენახვის გამო, ნივთმტკიცება დაზიანდა და გაუჩნდა ობი.

სწორედ ამ ნიმუშების გამოკვლევის შედეგად უნდა დადგენილიყო, იყო თუ არა უცხო პირის დნმ-ის კვალი 12 წლის გოგოს სხეულზე.

მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, 2023 წლის 4 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გასული წლის 17 ოქტომბერს პროკურატურამ სამხარაულის ბიუროს ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

თუმცა, ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას და რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. ეს დანაშაული სასჯელის სახით, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ საქმის სასამართლოში არსებითად განხილვა 2024 წლის 29 თებერვალს დაიწყო. ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ის, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდან გადაყენებულია.

ანის დედა უცხოელი ექსპერტების მოწვევას ითხოვს

„ერთი წელი გავიდა და ჩვენ ისევ ერთ წრეზე დავდივართ“, - ამბობს ანის დედა, ნატო ხუტაშვილი. ერთი წლის წინ, 17 მარტის ღამეს, ორსაათიანი ძებნის შემდეგ, როცა მეზობლებმა სახლთან ახლოს იპოვეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ანი, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ის თავად ცდილობდა შვილის გადარჩენას.

მას დეტალურად აქვს დათვალიერებული შვილის სხეული, აღრიცხული ყველა დაზიანება ბავშვის ცხედარზე და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია. ის ადგილი, სადაც 12 წლის ანი იპოვეს, მის ტანსა და სახეზე არსებული დაზიანებები, ამ ვარაუდის საფუძველს აძლევს.

ანის დედამ და ადვოკატებმა ათი დღის წინ მიიღეს ექსპერტიზისგან გამოთხოვილი ციფრული ფოტოები, რომლებიც მისი შვილის გარდაცვალების ღამესაა გადაღებული. ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ ფოტოების გადიდების შემდეგ, გამოიკვეთა, რომ მის შვილს ყელის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული ჭრილობები:

ნატო ხუტაშვილი, 12 წლის ანის დედა
ნატო ხუტაშვილი, 12 წლის ანის დედა

„ეს ყველაფერი არ იქნა დროულად ნანახი. რა ბასრი საგანი იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, არ მოიძიეს ეს საგანი და არ ამოიღეს. დღემდე არ გაგზავნილა ექსპერტიზაზე ანის ტანსაცმელი, დღემდე არ გაგზავნილა ფოტოექსპერტიზაზე ფოტო, სადაც ბავშვის მარცხენა ხელის თითის ფრჩხილში ჩანს გაჭედილი შავი თმა.

საგამოძიებო უწყების პირველი პირები ამჯობინებენ დუმილს. მათ არ აწყობთ, რომ დადასტურდეს, რომ ეს იყო მკვლელობა. პირველ ღამეს საგამოძიებო უწყებამ გაუშვა გზავნილი, რომ ბავშვი საკვების გადაცდენის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა, უნდოდათ ოჯახის დაჯერება, რომ ეს ბავშვს მოუვიდა თავისით, გაუშვეს პირველი მტკიცებულებები ხელიდან, გაუშვეს დრო და ახლა უკვე უჭირთ ამ ყველაფრის მოძიება და აქედან გამომდინარე ცდილობენ, რომ საქმე ისე მოატრიალდეს, რომ თითქოს ეს არ იყო მკვლელობა“.

გამოძიების მიმართ დაკარგული ნდობის, საგამოძიებო მოქმედებებში აღმოჩენილი ხარვეზების, ბრალდებული ექსპერტის ფონზე, ის შვილის განზრახ მკვლელობის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვს:

„დღეს გამოძიება ჩიხშია შესული. შსს არ ატარებს ქმედით ნაბიჯებს. ერთი გამომძიებელი ამ საქმეს არ ჰყოფნის. ამ საქმეს სჭირდება გამომძიებლების ჯგუფი, საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფი, რათა დროულად შეასრულონ ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ასე აუცილებელია იმ კონკრეტულ მომენტში და არა ერთი წლის შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ, რომ საქმეში ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები“.

ანის ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაებმებიან, სწორედ მათი ძალისხმევით მოხდება იმ მტკიცებულებების მოძიება და გამოკვლევა, რაც ადგილობრივ დონეზე, ამ დრომდე, ვერ მოხერხდა: „ეს მტკიცებულებები მოგვცემს დამატებით ინფორმაციას, რამაც შეიძლება გაგვიყვანოს ამ საქმეში ჩართულ უცხო პირზე“, - ამბობს ხატია რეხვიაშვილი.

მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ანის მშობლებმა კიდევ ერთხელ მიმართეს პროკურატურასთან არსებულ სიცოცხლის ხელყოფის საქმეების განმხილველ საბჭოს და სთხოვეს წერილობითი პასუხი უცხოელი ექსპერტების ჩართვის შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

ფოტორობოტი და დედა, რომელიც შვილის მკვლელს ეძებს

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ანი იანუშაიტიტეს საქმეზე სამართალდამცავები ფოტორობოტის საშუალებით ეძებენ დამნაშავეს. „უფლებები საქართველოს“ იურისტები განმარტავენ, რომ ეს ფოტო ჯერ კიდევ 2023 წლის 20 სექტემბერს შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით.

ანის დედის თქმით, სავარაუდო დამნაშავის ძიება ამ ფოტორობოტის საშუალებით კვლავ გრძელდება:

„მოსახლეობიდან ძალიან ბევრი შეტყობინება შემოვიდა და ყველა ეს შეტყობინება გადამუშავების პროცესშია. მოწმდებიან ის პირები, რომლებზეც შეტყობინებები შემოვიდა. ეს შეტყობინებები ჩემთან შემოდის, შემდეგ მათ გადავცემ გამოძიებას, მაგრამ პროცესი ისევ დროში იწელება. თუკი, მაგალითად, ამ ფოტორობოტის მხრივ მიდის მუშაობა, მაშინ სხვა ყველა სამუშაო ჩერდება, ამიტომ ვამბობ, რომ გამოძიებას რესურსი არ ჰყოფნის“.

12 წლის ანი იანუშაიტიტე 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, სახლთან ახლოს იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ბავშვის გადარჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იმავე დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მოზარდის გარდაცვალების მიზეზი საკვებით ასფიქსია იყო, რომ თითქოს სახლისკენ მიმავალ ბავშვს საკვები გადასცდა და გაიგუდა.

შვილის გარდაცვალების ეს ვერსია ანის დედისთვის პირველივე წამიდან მიუღებელი იყო.

ანის დედა, ნატო ხუტაშვილი, დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია. ბავშვის გვამის გადამალვა კი მკვლელმა ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, მიწისკენ დახრილი ხეების ქვეშ სცადა.

ანის დედას პირველად შვილის გარდაცვალებიდან ორ კვირაში, გასული წლის აპრილის დასაწყისში ველაპარაკეთ. ის მაშინაც და ახლაც გამორიცხავს, რომ მისი შვილი საკვების გადაცდენით გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა. ის ამბობს, რომ ანი ძალადობას ემსხვერპლა.

ანის სხეული დედამ მისხალ-მისხალ დაათვალიერა. ჰყვება, რომ ბავშვს არაერთი დაზიანება უპოვა, მათ შორის, ნაკაწრები მარცხენა ფეხზე, სახესა და ზურგზე:

12 წლის ანის დედა პრესკონფერენციაზე, 15 მარტი, 2024 წელი
12 წლის ანის დედა პრესკონფერენციაზე, 15 მარტი, 2024 წელი

„ჩემს შვილს ყოველთვის გაწკრიალებული, ფითქინა სახე ჰქონდა. ეს ნაკაწრებიც თავისით მიიყენა? ბავშვს მანამდე არანაირი ნაკაწრი არ ჰქონდა სახეზე. დაზიანება ჰქონდა მარცხენა მუხლის ზევით. ნაკაწრი ჰქონდა ზურგზეც, რომელსაც თავისით ვერ მიიყენებდა, რადგან ეცვა გრძელი, ე.წ. ჰუდი ელვა შესაკრავით, შიგნიდან როლინგი. ამდენი ტანსაცმელი ასე მარტივად ვერ წამოეწეოდა. ეს არის ფიზიკური ძალადობის დროს მიყენებული ნაკაწრი“, - ამბობს ანის დედა.

ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი იმ ხეების ქვეშ იპოვეს, სადაც შეუძლოდ მყოფი ბავშვი თავისით ვერ შევიდოდა. მისივე ვარაუდით, ბავშვს პირღებინება არა საკვების გადაცდენით, არამედ ძლიერი სტრესის გამო დაეწყო:

„ბავშვი შეყვანილია გაუვალ ჯაგებში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ანი ვნახეთ, ხეები ქარის ზემოქმედების შედეგად, ფაქტობრივად, მიწაზე დაწოლილი იზრდებოდა. აი, ამ ხეების, ამ მიწაზე დაფენილი ხეების ქვეშ იწვა ბავშვი, გულაღმა, მხოლოდ სულ ოდნავ იყო გვერდზე გადახრილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანის დედამ.

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე გასაჯაროვდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნაც.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილი იყო 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში ჰქონდა მიღებული და ემთხვეოდა მისი გარდაცვალების დროს.

რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, ადვოკატის თქმით, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან:

„თუმცა, ასფიქსია გამოწვეული იყო სხვა პირის ზემოქმედებით, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, არ არის აღნიშნული დასკვნაში, ამიტომ გვიჭირს კონკრეტული პასუხების გაცემა“, - უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას „უფლებები საქართველოს“ იურისტმა.

იმ შემთხვევაში, თუკი საგამოძიებო უწყება გადაწყვეტს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებას და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, მათ შორის, მაგალითად, ანის ცხედრის აღმოჩენის ტერიტორიისა და იქ არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლას, ამას ვეღარაფრით მოახერხებს, რადგან ანის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ოჯახმა და იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ ტერიტორიაზე მთლიანად იყო გაკაფული ხეები და იქ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას წმენდნენ.

შემთხვევის ადგილზე კეთილმოწყობის სამსახურმა ხეები და ბუჩქები მოჭრა, აპრილი, 2023 წელი
შემთხვევის ადგილზე კეთილმოწყობის სამსახურმა ხეები და ბუჩქები მოჭრა, აპრილი, 2023 წელი

თბილისის მერიამ მაშინ განმარტა, რომ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამსახურმა მას შემდეგ დაიწყო სამუშაოები, რაც მათ ტერიტორიის მოწესრიგების თხოვნით კორპუსის ამხანაგობის წერილი მიიღეს.

XS
SM
MD
LG