პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნაწილი ამ რისკს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაზე კითხვის დასმაც კი აღიზიანებს, მწვავედ რეაგირებს და „მუქარად“ და „შანტაჟად“ აღიქვამს.
პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც კი ამბობს, რომ არაღიარების პოლიტიკა, - რაც საქართველოს საგარეო სტრატეგიის ქვაკუთხედის შემადგენელია, - „პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი“.
მარტივად აგიხსნით,
- რა არის არაღიარების პოლიტიკა
- ვინ როგორ უჭერს მხარს ამ პოლიტიკას
- როგორ სპეკულირებს „ქართული ოცნება“ ამ საკითხით.
დავიწყოთ „ოცნების“ რეაქციებით
როგორ იმოქმედებს „აგენტების კანონი“ არაღიარების პოლიტიკაზე?
ეს კითხვა დასვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, წევრმა, მიხეილ დაუშვილმა 27 მაისს, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავდა.
დეპუტატმა მომხსენებელს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს მიმართა:
„იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და, ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალიტარული ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში როგორ ფიქრობთ, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას?“
როგორც კი ეს კითხვა დასვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების რისხვა დაიმსახურა.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დაუშვილს ამ შეკითხვის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
„ვინმეს აღიარებაზე არის დამოკიდებული ჩვენი ტერიტორიები, ისტორიული მიწა-წყალი?! ცოტა დაფიქრდით, რა განცხადებას აკეთებთ, ხალხო... როგორ შეიძლება ასეთი შეკითხვის დასმა?! ... რას გვეუბნებით, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დამოკიდებულია კონკრეტულ გამჭვირვალობის საკითხზე?“ - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტარმა დაუშვილმა განაგრძო:
„თუ რეალიზდა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე, კითხვა არის შემდეგი: ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ნაწილში ამ კუთხით პასუხისმგებელი ვინ არის?... ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა უდიდესი რისკია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრების გარეშე ჩვენ დაცული ვერ ვიქნებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავუშვათ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა“.
„სენსიტიურობიდან გამომდინარე“, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დაუშვილის შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
„ოცნების“ კრიტიკა კი მხოლოდ გაგრძელდა.
„არაღიარება: არა პოლიტიკა, არამედ სამართალი“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იმავე დღეს ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, დაუშვილის ნათქვამი „გამაოგნებელიაო“:
„გამაოგნებელია იმ მხრივ, რომ ოპოზიცია რაღაცებს თავისით არ ლაპარაკობს და მესიჯებს სხვადასხვა ჯგუფები აჟღერებინებენ“.
მას არ დაუზუსტებია, რომელ „ჯგუფებს“ გულისხმობს - ან გულისხმობს თუ არა „გლობალური ომის პარტიას“.
მან ასევე განაცხადა: „როდესაც ჩვენ არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი. აქ არავისგან არაფერი არც დასამადლებელი და არც დასაშანტაჟებელი არ გვაქვს“.
შემდეგ დასძინა: „თურმე რაღაცაზეა დამოკიდებული, რომ ქვეყნებმა საერთაშორისო სამართალს პატივი სცეს… [თურმე] უპირატესობა და პრიმატი სართაშორისო სამართალს კი არ აქვს და ვიღაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმიტომ კი არ უჭერს მხარს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, არამედ შეიძლება იმიტომ უჭერდეს ან არ უჭერდეს, რამდენად ეკომფორტულება მას ესა თუ ის მთავრობა და ამა თუ იმ მთავრობის პოლიტიკა“.
არაღიარების პოლიტიკის 16 წელი
„ძალიან ლეგიტიმური იყო პარლამენტარი მიხეილ დაუშვილის კითხვა და სრულიად არაადეკვატური იყო ხელისუფლების რეაქცია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე.
„დემოკრატიული საზოგადოება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს პატივს სცემს. თუმცა ყველა ქვეყანა არ არის დემოკრატიული. რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ეს პრინციპები მუდამ დაარღვიოს და ეცადოს, რომ მხარდამჭერები მოიპოვოს აღიარების გზაზე“, - ამბობს იგი.
თითქმის 16 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის კვალდაკვალ, საქართველოს ტერიტორიები, - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც დღემდე სამხედრო ძალით აქვს დაკავებული, - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო.
„გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრიცნიპები და აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, მან ასევე დაიწყო ინტენსიური კამპანია საერთაშორისო მასშტაბით, რომ სხვა სახელმწიფოებიც ჩაეთრია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე თურმანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.
„რამდენიმე დაიყოლია კიდეც“, - ამბობს თურმანიძე, რომელიც „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია.
ანალიტიკოსის განმარტებით, 2009 წლიდან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ინტენსიურად დაიწყო არაღიარების პოლიტიკის გატარება: „ეს ნიშნავდა ძალისხმევას, დაგვერწმუნებინა სახელმწიფოების უმეტესობა, რომ არ დაჰყოლოდნენ რუსეთის არც თხოვნას, არც მუქარას, და არ ეღიარებინათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“.
საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უკანასკნელი, 2019-22 წლების სტრატეგია, სტრატეგიულ მიზნებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ასახელებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების უზრუნველყოფას“.
თორნიკე თურმანიძის თქმით, „ამ საკითხში საქართველოს ძირითადი მოკავშირეები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ძირითადი სახელმწიფოები - მათი მოკავშირეობა, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყო წარმატებული“.
2017 წლიდან შეერთებული შტატების ასიგნებების აქტები ხაზგასმით კრძალავს შეერთებული შტატების მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.
მოსკოვის, ასევე, ცხინვალისა და სოხუმის მცდელობების მიუხედავად, დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, ამჟამად ოთხ ქვეყანას აქვს აღიარებული. ესენია:
- ნიკარაგუა (2008)
- ნაურუ (2009)
- ვენესუელა (2009)
- სირია (2018)
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას 2011 წლიდან აღიარებდა ოკეანეთის კიდევ ორი ქვეყანა - ვანუატუ და ტუვალუ.
თუმცა 2014 წელს ორივე მათგანმა პოლიტიკა შეცვალა და თბილისთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
ბურკინა-ფასოს შემთხვევა
ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც 2016-დან 2019 წლამდე იყო პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებას ეუბნება:
„ფაქტია, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის აღიარების კამპანიასთან დაპირისპირება იყო ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც წინა და ახლანდელი მთავრობის დიდი ძალისხმევით მიმდინარეობდა, - მათ შორის, დიპლომატიური სამსახურების, გაეროში ჩვენი წარმომადგენლობის და ა.შ. და საკვანძო იყო დახმარება პარტნიორების მხრიდან, რომ ცალკეულ ქვეყნებთან ვითარება არ გაგვქცეოდა სადავეებიდან“.
დიმიტრი ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს კონკრეტულ მაგალითს, როდესაც საფრანგეთისა და გერმანიის ჩართულობით, ერთ-ერთმა აფრიკულმა ქვეყანამ უარი თქვა სოხუმთან „ოფიციალური“ ურთიერთობების დამყარებაზე.
„ერთი შემთხვევა, რომელშიც მე თვითონ ვმონაწილეობდი, იყო ბურკინა-ფასოს შემთხვევა. ეს იყო დაახლოებით 2018-19 წლებში, როდესაც დაგეგმილი იყო ოფიციალური შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბურკინა-ფასოს მაშინდელ ხელისუფლებას შორის. თუ არ ვცდები, იყო მემორანდუმის გაფორმებაც დაგეგმილი“, - ამბობს იგი.
„ეს იქიდან ვიცი, რომ მომიწია უშუალოდ ჩასვლა ბურკინა-ფასოში. ჩვენი გერმანელი პარტნიორების მეშვეობით შედგა საუბარი… ამ პროცესში ჩართული იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდათ და მათი შუამდგომლობაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ, ჩავიდნენ თუ არა აფხაზები არ ვიცი, მაგრამ ფორმალური შეხვედრა აღარ შემდგარა“.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ ყოფილა სხვა შემთხვევებიც, როდესაც პარტნიორების მხარდაჭერა საკვანძო იყო არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად, - „უბრალოდ დეტალების მოყოლა არ არის მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაზე თავისუფლად მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობ, რადგან ბურკინა-ფასოში გადატრიალება მოხდა და დემოკრატიული ხელისუფლება აღარ არის“.
ბურკინა-ფასო დასავლეთაფრიკული ქვეყანაა, - საფრანგეთის ყოფილი კოლონია ნიგერისა და მალის მეზობლად. ამ სამ ქვეყანაში ბოლო სამ წელიწადში სამხედრო გადატრიალებები მოხდა, - რასაც რეგიონში ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ოპერაციები უძღოდა წინ.
რას ამბობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
გარდა იმისა, რომ არაღიარების პოლიტიკა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ქვაკუთხედის ნაწილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც, ხაზს უსვამდნენ ამ პოლიტიკაში დასავლეთის დახმარებას.
ვლადიმერ კონსტანტინიდი, საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე, 2019 წელს, - მაშინ იგი საგანგებო დავალებათა ელჩი იყო, - რადიო თავისუფლებას უხსნიდა, რამდენად რთული იყო რუსეთის „აღიარების“ პოლიტიკასთან ბრძოლა:
- „რუსეთი არჩევდა მოწყვლადი ეკონომიკისა და მყიფე პოლიტიკური სისტემების ქვეყნებს და წნეხს ახორციელებდა მათზე, რომ მისი მაგალითი გაეზიარებინათ…
- აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა განსაკუთრებით ოკეანეთში, კარიბის ზღვის კუნძულოვან სახელმწიფოებთან და აფრიკის ქვეყნებთან.
- იყო ასევე პირდაპირი მოსყიდვის ფაქტები, იყო დაპირებები, რომელთა ნაწილი აღარც შესრულებულა“.
აი, კიდევ ერთი ციტატა რადიო თავისუფლების 2019 წლის არქივიდან:
„ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, არაღიარების პოლიტიკა დიდ შრომასა და მუდმივ კომუნიკაციას მოითხოვს და ეს მაინც ვერ მოხერხდებოდა დასავლელი პარტნიორების - ევროპული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების გარეშე. მისი განმარტებით, ასევე ძალიან დიდი იყო ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ზეგავლენა, ვანუატუსა და ტუვალუს მიერ გადაწყვეტილებების უკან წაღებისთვის“.
ეს კი საგარეო საქმეთა კომიტეტის ახლანდელი თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძეა 2024 წლის 2 თებერვალს:
„საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. მზად ვართ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“.
იქვე ისიც განაცხადა, რომ არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით საჭიროა ევროკავშირთან ერთად „ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირის დახმარების მიმღები ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პრევენციას“.
ფორუმი