Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეშმაკისეული მსჯელობა“ - რას აჩვენებს „ოცნების“ რიტორიკაზე რეაქციები მოსკოვიდან


„ეშმაკისეული მსჯელობაა“, - ამბობს გრიგორი კარასინი „ქართული ოცნების“ დაპირებაზე, 2030 წელს ერთიანი საქართველო ევროკავშირში შევიდეს
„ეშმაკისეული მსჯელობაა“, - ამბობს გრიგორი კარასინი „ქართული ოცნების“ დაპირებაზე, 2030 წელს ერთიანი საქართველო ევროკავშირში შევიდეს

„როგორ დაიბრუნებს საქართველო 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან, ნამდვილად არ მესმის“, - ასე უპასუხა რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქართული ოცნების“ დაპირებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.

„ეშმაკისეული მსჯელობაა“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა.

საკითხის განხილვაზეც კი უარი თქვეს საოკუპაციო რეჟიმებმა:

  • აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ჰიპოთეტური კონფედერაციის განხილვასაც გამორიცხავს და ამბობს: „არ ვაპირებთ“.
  • ცხინვალი კი „რეალობაში დაბრუნებას“ ურჩევს საქართველოს მმართველ პარტიას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საარჩევნოდ გამოყენება სცადა, თუმცა მოსკოვიდან ამის საშუალებაც კი არ მისცეს.

აღიარების გაწვევა?

„საერთოდ, რაიმენაირი დათმობა, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევა რუსეთის მხრიდან არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. შეუძლებელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.

ის განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს განიხილავს, როგორც „საქართველოზე ზეწოლის ბერკეტს და ამ ბერკეტს ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს“.

„ერთადერთი, რის შემდეგაც ეს შეიძლება მოხდეს, არის სტრატეგიული მარცხი უკრაინაში“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელია.

„2030: ერთიანი საქართველო ევროკავშირში“

ბოლო პერიოდში, დასავლეთისგან დისტანცირებისა და იქიდან გამწვავებული კრიტიკის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფიციალურ რიტორიკაში გაჩნდა მინიშნება „ერთიან საქართველოზე“.

თავდაპირველად 29 აპრილს, „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ „ქართული ოცნების“ „საერთო-სახალხო შეკრებაზე“ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა:

„თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, - ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ“.

მოგვიანებით, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც იმავენაირად განმარტა „ქართული ოცნება“, - საორიენტაციოდ კი 2030 წელი აიღო:

„ჩვენი "აღთქმული მიწა", ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.

მის კვალდაკვალ „ოცნების“ სხვა ლიდერებმაც მსგავსი განცხადებები გააკეთეს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 26 მაისსვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს „მთავარი მიზნები და პრიორიტეტები“: „ჩვენი ძლიერი და ერთიანი სამშობლო“.

„დაპირებები“?

„ქართული ოცნების“ ამ რიტორიკამ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან ერთად - მათ შორის, დასავლეთისგან დისტანცირების პროცესის „აგენტების კანონის“ მიღებით დასრულებამ, - ანალიტიკოსების ნაწილს აფიქრებინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ შეიძლება რაიმე განაცხადის გაკეთებას გეგმავდეს.

ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა: „დიდი სიფხიზლეა საჭირო. რუსეთი შეიძლება არაერთ სიკეთეს დაგვპირდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დაპირებების შესრულება მუდამ პრობლემური იყო და ამასვე ეცდება ახლაც“.

იგი შესაძლო დაპირებებს შორის არ გამორიცხავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს მიერ კონფედერაციის შექმნაზე საუბრებს, - რასაც მიიჩნევს „მეტად სახიფათოდ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს“.

GSAC-ის წარმომადგენელი ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ არ სჯერა, რუსეთის ფედერაცია ასეთ შეთავაზებაზე წავიდეს, თეორიული მსჯელობისას კი რუსეთის მაქსიმუმს ასე განსაზღვრავს:

„მაქსიმუმ, რაც შეიძლება რუსეთმა შემოგვთავაზოს, არის ის, რასაც სთავაზობდნენ უკრაინას. ეს იყო ლუგანსკისა და დონეცკის, - ყირიმი არ იყო შეთავაზებაში, - კონფედერაციული სახით გაერთიანება უკრაინულ სახელმწიფოში ორი პირობით:

  1. დონეცკს და ლუგანსკს უნდა ჰქონოდათ ექსკლუზიური უფლება საგარეო-პოლიტიკური კურსის ფორმირებაზე;
  2. მათ ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო განლაგებული ე.წ. გარანტიებისთვის რუსული სამხედრო ძალები“.

ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC-ის) გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი.
ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC-ის) გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი.

ანალიტიკოსი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მსგავსი წინადადება არ არსებობს და სავარაუდოდ არც იქნება, - თუმცა მაინც განმარტავს, რომ „ნებისმიერი კონფედერაცია ნიშნავს იმას, რომ ჯერ საქართველომ უნდა ცნოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა“, - რაც სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. ის ასე აღწერს ამ რისკებს:

  • „თუ კონფედერაციას ვინმესთან ქმნი, ეს ნიშნავს, რომ იურიდიული სტატუსი კონფედერაციის შემქმნელებისა ერთი და იგივე უნდა იყოს;
  • ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და მათ ცნობას სხვადასხვა კონტინენტიდან, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ესეოდენ გაგვიფუჭდა ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ არაღიარების პოლიტიკას… ჩვენ თუ ვცანით, სხვებმა რატომ არ უნდა სცნონ;
  • კონფედერაცია გაგრძელდება ერთი-ორი წელი, შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხელებს გაშლიან და იტყვიან: კი ბატონო, ვეცადეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ არ გამოდის და დავუბრუნდეთ მაშინ პირვანდელ წერტილს, ქართველები დაუბრუნდნენ საკუთარ დამოუკიდებლობას, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს დამოუკიდებლობასო. ასე დამთავრდება ეს ყველაფერი“.

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ რუსეთისგან მსგავსი შეთავაზების მოლოდინიც კი არ უნდა არსებობდეს.

ეს მოსაზრება არგუმენტებით მოსკოვიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რეაქციებმაც გაამყარა.

რეაქციები მოსკოვში

ერთ-ერთი პირველი, ვინც „ქართული ოცნების“ ახალ რიტორიკაზე კომენტარი გააკეთა, - 26 მაისსვე, - გრიგორი კარასინი იყო, - აბაშიძე-კარასინის (აწ უკვე ამოწურული) ფორმატის ყოფილი მონაწილე.

კარასინმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელია და საქართველოს საკითხებს კურირებს, განაცხადა:

„საქართველოს ვერავინ აუკრძალავს დისკუსიას, თუ როგორ იცხოვროს 2030 წელს. მათ სურთ, იცხოვრონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად, ან შესაძლოა სხვა ქვეყნებთან ერთადაც - დისკუსია მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერისთვის ახლა მთავარია, კანონით განისაზღვროს ადამიანები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოები ინახავენ და რომლებიც პოლიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობას ეწევიან“.

გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატი
გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატი

„ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ, დანარჩენი ეშმაკისგან ნაკარნახევი მსჯელობაა“, - განაცხადა კარასინმა.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, კარასინმა ამ განცხადებით „მიუთითა, რომ [ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა] ფანტაზიების სფეროს მიეკუთვნება და ურჩია ბატონ კობახიძეს, რომ ჯობია, ამ კანონის მეშვეობით დააზუსტოს, რომელი ორგანიზაციები მოქმედებენ უცხო ქვეყნების კარნახით. ანუ მიუთითა პირდაპირ, რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ" და რასაც საკუთრივ აკეთებენ კიდეც“.

მოგვიანებით, 27 მაისს, ამ საკითხზე განცხადება გააკეთა რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა, - რომელიც დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა:

„არ ვიცი, რამ შთააგონა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. როგორ დააბრუნებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და აღიარებულნი არიან, ნამდვილად არ მესმის“.

კონსტანტინ ზატულინი, დუმის დეპუტატი
კონსტანტინ ზატულინი, დუმის დეპუტატი

ზატულინმა კობახიძის ნათქვამი საქართველოს შიდა პოლიტიკას, შიდა პოლიტიკურ ბრძოლას დაუკავშირა და თქვა, რომ რჩება შთაბეჭდილება, „ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, კიდევ ერთხელ მოახდინოს პოზიციონირება, როგორც პოლიტიკოსმა, რომელიც არანაირად არ დათმობს ოპოზიციასთან ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებს“.

ზატულინის მოსაზრებით, ასეთი განცხადებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „თავს იმართლებს შიდა ოპოზიციის და დასავლეთის წინაშე“.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე წერს, რომ „თავისთავად დამამცირებელია ის ფაქტი, რომ ნომინალურად ქვეყნის პირველი პირის განცხადებას [მოსკოვში] ასეთ დაბალ დონეზე უპასუხეს“.

რეაქციები სოხუმსა და ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს „შეუქცევადი არჩევანი“ უწოდა ნაბიჯებს „სუვერენული სახელმწიფოებრიობის ასაშენებლად და რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების განსამტკიცებლად“.

ცხინვალის პოზიციით, „ბატონი კობახიძის მეოცნებე განწყობა უნდა განელდეს“ და „ის და სხვა "მეოცნებეები" რეალობაში უნდა დაბრუნდნენ“.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ ჯერ თქვა, რომ არავის უკვირს, რომ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება უნდა: „30 წელია სურთ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ“.

შემდეგ თქვა, რომ „როდესაც ამის დრო მოვა, მაშინ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ამის მზადყოფნას“.

ბოლოს კი კონფედერაციის ჰიპოთეტურ იდეაზეც უარი თქვა: „კონფედერაციის საკითხების ან ამ სახელმწიფოსთან რაღაც სხვა ურთიერთობის განხილვას ჩვენ არ ვგეგმავთ“.

„დაუკითხავად“

ისტორიკოს ბექა კობახიძის შეფასებით, ბოლო ორ დღეში მოსკოვიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაკეთებულმა განცხადებებმა გამოაჩინა, რომ „ქართულ ოცნებას“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული რიტორიკა, - რაც, ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრებით, მოსკოვთან შეთანხმებული შეიძლება ყოფილიყო, - რუსეთთან შეთანხმებული არ აქვთ.

„[ეს საკითხი] არ აქვთ რუსებთან შეთანხმებული, თუნდაც გაჭირვებაში პროპაგანდისტულ დონეზე საყვირლად. თბილისში გაკეთებულმა განცხადებებმა სეპარატისტთა შორის შიში გამოიწვია, ემანდ მოსკოვთან ჩვენი გვერდის ავლით ხომ არ შეათანხმესო. მათ დასაწყნარებლად გამოვიდნენ რუსეთის დაბალჩინოსნები და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყური აუწიეს“, - წერს ბექა კობახიძე.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის „არავის მიუცია "ტერიტორიული მთლიანობით" ჟონგლიორობის უფლება და როცა დაუკითხავად გამოიყენა ეს არგუმენტი, რუსებს სეპარატისტების სასარგებლოდ მოუწიათ განმარტებების გაკეთება… ახლა მოგიწევს წინააღმდეგობის დაძლევა ტერიტორიული მთლიანობის არგუმენტის გარეშეო“.

„კი არის მათ შორის კონტრაქტი, რომ საქართველოში გაფორმდება ავტორიტარული რეჟიმი, საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს, იქნება ახალი "რკინის ფარდის" მიღმა და რუსეთისთვის ისეთი მოსაწონი ქვეყანა, სადაც შემოსვლა და "დალაგება" არ მოუნდებათ, რადგან ბიძინამ უკვე "დაალაგა". თუმცა, 2002 წელს რუსეთისგან პუტინს გამოქცეული ივანიშვილი არ ენდობა რუსეთს (რუსეთის დასაბალანსებლად შემოყავთ საქმეში ჩინეთი, თურქეთი და ინარჩუნებენ სამხედრო თანამშრომლობას ამერიკასთან); თავის მხრივ, არც რუსები ენდობიან მას, რომ სადმე შუა გზაში არ გადააგდოს“, - მიიჩნევს ისტორიკოსი.

„ჩინეთის მედიაციით“?

უახლოეს განცხადებებში არა, მაგრამ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ წრეებში პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები საჯაროდ განიხილავენ აბსტრაქტულ იდეას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვის შესახებ, - საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევებით.

ანალიტიკოსები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემოყვანას „სრულიად აბსურდულ იდეას“ და „საღ აზრს მოწყვეტილს“ უწოდებენ.

GSAC-ის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ როდესაც ამაზე საუბრობენ, „ეს უბრალოდ იმითაა გამოწვეული, რომ სერიოზული გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არ გააჩნიათ“.

ის რამდენიმე გარემოებას ჩამოთვლის:

  • „ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ერთობლივი განცხადება, რომელიც შეთანხმებით გაფორმებული არ გვაქვს; ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ საუბარი ამაზე და ჩამოაყალიბონ, რეალურად რას ხედავენ და გულისხმობენ ამ პარტნიორობაში, რადგან ბევრი რამ არ არის ნათელი.
  • უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ურთიერთობები რუსეთთან, ვიდრე ურთიერთობები საქართველოსთან;
  • რუსეთისადმი მის დამოკიდებულებას ვხედავ იმ პოლიტიკურ კურსში, რასაც ჩინეთი ატარებს უკრაინა-რუსეთის ომის დარეგულირების კონტექსტში.
  • ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩინეთსაც უნდა უნდოდეს, მიიღოს მონაწილეობა ასეთ მოლაპარაკებებში, რასაც მე ვერ ვხედავ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG