Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შამბა ამბობს, რომ თბილისთან კონფედერაციის საკითხის განხილვას არ გეგმავს


სერგეი შამბა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი
სერგეი შამბა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებები გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვას, რომელშიც მან 2030 წლისთვის საქართველოს გაერთიანებაზე ილაპარაკა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ თბილისს კიდევ 300 წლის განმავლობაში ექნება აფხაზეთის დაბრუნების სურვილი.

„მათ (საქართველოს) 30 წელია სურთ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, ეს ვის უკვირს?! ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ეს ჩვენთვის არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გამტკიცება“, - თქვა შამბამ.

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, სოხუმსა და თბილისს შორის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემაა. „როდესაც ამის დრო მოვა, მაშინ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ამის მზადყოფნა“, - თქვა მან.

შამბამ ასევე ილაპარაკა კონფედერაციის თემაზე: „კონფედერაციის საკითხების ან ამ სახელმწიფოსთან რაღაც სხვა ურთიერთობის განხილვას ჩვენ არ ვგეგმავთ“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოსთან მიერთებაზე ნებისმიერი საუბარი უადგილოა.

„აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან ხანგრძლივ, სისხლიან ბრძოლაში და გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის“, - აცხადებს დე ფაქტო საგარეო უწყება.

26 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება არის აფხაზებთან და ოსებთან ერთად ევროპული ოჯახის წევრობა.

„ჩვენი 'აღთქმული მიწა', ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG