Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აცვენილი“, „ავარდნილი“ „ატეხილი“ - როგორ „თარგმნის“ პოლიტიკა სიტყვებს ქალების წინააღმდეგ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

„ერთხელ ფეისბუკში ისეთი უხამსი კომენტარი წავიკითხე ჩემ შესახებ, რომ მის ავტორს მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე და დავურეკე, მომინდა მისთვის მეთქვა, რომ მე რეალური ადამიანი ვარ, არ ვარ ვირტუალური არსება, რომელზეც შეიძლება ყველაფერი თქვა, დააბრალო ათასი რამ... მოერიდა, ბოდიში მომიხადა“...

თამარ კორძაია, დეპუტატი და პლატფორმა „ერთიანობის“ წევრი, წლებია პოლიტიკოსია.

დიდი ხანია მისთვის აღარ არის უცხო ის შეურაცხმყოფელი ფრაზები, კომენტარები თუ გზავნილები, რომლებსაც არა მხოლოდ სოციალურ ქსელში კითხულობს, არამედ ოპონენტი კაცი პოლიტიკოსებისგან ისმენს მისი და სხვა ქალი პოლიტიკოსების მისამართით. მათ შორის არის მიზოგინური, სექსისტური გამონათქვამები, რომლებითაც კაცი კოლეგები ტრიბუნებიდან ცდილობენ დაამცირონ, შეარცხვინონ და გააჩუმონ ქალები.

მაგალითად, Slut-shaming, ანუ სექსუალური ცხოვრების ქონის გამო შერცხვენა - ქალი პოლიტიკოსების, აქტიური ქალების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ამ იარაღებს შორისაა სხეულის გამო შერცხვენა, ეიჯიზმი.

სანამ რამეს იტყვი, ანუ, რატომ არ უნდა თქვა

„პერსონაჟის მეტყველება თავად პერსონაჟს უფრო მეტად აღწერს, ვიდრე მას, ვისაც ეს მეტყველება მიემართება“, - ამბობს მწერალი დათო გაბუნია.

ის კარგად იცნობს იმ ლექსიკურ ერთეულებს, ფრაზებსა თუ სიტყვათწყობებს, რომლებსაც კაცები პასიურ-აგრესიული თუ ღიად შეურაცხმყოფელი მიზნებისთვის იყენებენ „მტერი“ ქალების წინააღმდეგ.

მაგალითად, სიტყვა „აწყვეტილი“ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, არის ის, რაც ააწყვიტეს, ააწყდა, ან რამაც აიწყვიტა - მაგალითად, „აწყვეტილი ღილი“, „აწყვეტილი ქოფაკი“ - ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი სიტყვა. თუმცა, პატრიარქალური საზოგადოებაში გენდერულ სტერეოტიპად დამკვიდრდა. თუკი „აწყვეტილს“ ქალზე ამბობ, ამით ხაზს უსვამ მის სექსუალობას, ამცირებ და მაშინვე სექსისტურ განზომილებას აძლევ.

დავით გაბუნია, მწერალი
დავით გაბუნია, მწერალი

„სიტყვებს აქვთ კონოტაცია და დენოტაცია. დენოტაცია გულისხმობს სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობას, ხოლო კონოტაცია სიტყვის ნაგულისხმევი ან ასოცირებული მნიშვნელობაა. ასევე არსებობს კოლოკაცია, თუ რასთან მიმართებაში, რასთან ახლოს არის გამოყენებული ესა თუ ის სიტყვა და სწორედ ამის მიხედვით იცვლის ეს სიტყვა კონტექსტს.

ჩვენ ძალიან ადვილად ვცნობთ და ვკითხულობთ კონოტაციებს. მათ შორის, ქალებთან მიმართებაში დამკვიდრებულ კონოტაციებს, სტერეოტიპულ, სექსისტურ თუ მიზოგინურ ფრაზებს, რომლებიც მიემართება ქალების დამცირებას, დისკრიმინაციას - „აცვენილი“, „ავარდნილი“, „ნახმარი“, „ატეხილი“... ეს და მსგავსი სიტყვები ნიშნავს, რომ თურმე ქალს აქვს სქესობრივი ცხოვრება, რაც სირცხვილია და ამ სიტყვების გამოყენება მის დასამცირებლად „ძლიერი იარაღია“...

სამწუხაროდ, გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ხედავენ პრობლემას ამგვარი ლექსიკის გამოყენებაში და პირიქით, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. აფექტურ მდგომარეობაში, ყოველთვის შეიძლება რაღაც წამოგვცდეს, მით უმეტეს, გენდერული სტერეოტიპებით განმსჭვალულ, პატრიარქალურ საზოგადოებაში, მაგრამ ბოდიშის მოხდა ყოველთვის შეიძლება და ეს აუცილებელია“, - ამბობს მწერალი დათო გაბუნია.

ბოდიშის მოხდა და განმარტება მოუწია ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს, პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ამ რამდენიმე დღის წინ.

3 სექტემბერს, პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ნათელი სახეებია და ჩამოთვალა ქალი პოლიტიკოსების სახელები, რასაც მოაყოლა ასეთი ფრაზა: „აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

ლაშა ბაქრაძის ამ გამოსვლას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კი მან განმარტა:

„ერთ მხარეს ჩვენი ქალები ვახსენე, რომ ასეთი ნათელი სახეებია ჩვენს მხარეს და მეორე მხარეს საერთოდ ქალებთან დაკავშირებით არც მიფიქრია, ვიგულისხმე, რომ არის უინტერესო, უღიმღამო, შეგვიძლია ვთქვათ, გაცვეთილი სახეები "ქართული ოცნების". აი, ამას ვგულისხმობდი. მეტს არაფერს. ვერც წარმოვიდგენდი, რომ სხვა კონტექსტში შეიძლებოდა გაგებულიყო და სხვა ინტერპრეტაციას ვინმე თუ მისცემდა...“.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა:

„თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღითქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი. არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი”.

„მოუ***ნელი ქალების სინდრომი“ - როცა მმართველი გუნდის წევრები კონტროლს კარგავენ

სექსისტური თუ მიზოგინური გამონათქვამები უჩვეულო არ არის მმართველი გუნდის წევრებისთვის. მიზოგინიასა და სექსიზმს ძირითადად მაშინ მიმართავენ ხოლმე, როდესაც სურთ, დააკნინონ პოლიტიკური „მტერი“ ქალი (და არა მხოლოდ ქალი), ცდილობენ ისინი წარმოაჩინონ არასრულფასოვან, დაბალი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებად.

„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, - თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ამ გაზაფხულზე, მაშინ, როცა პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და საკანონმდებლო ორგანოში ქალთა კვოტირების გაუქმების იდეას აკრიტიკებდა.

მანამდე იყო მმართველი გუნდის დეპუტატი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას ასე მიმართა: „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.

სექსისტური და მიზოგინური გზავნილები არ არის უცხო არც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და არც პარლამენტის თავმჯდომარის, ზაზა პაპუაშვილისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ გენდერთან დაკავშირებული თემების, შეურაცხმყოფელი გზავნილებისა თუ მიმართვების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება, ბოლო წლების ტენდენციადაც იქცა.

სწორედ ეს პრობლემა იკვლიეს გასულ წელს „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მკვლევრებმა 12 თვის მანძილზე და ვრცელი ანგარიშიც გამოაქვეყნეს. მკვლევრები აკვირდებოდნენ როგორც ტრადიციულ მედიას, მათ შორის, ბეჭდურს, ისე სოციალურ ქსელებს - ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლურ, პრორუსულ, რელიგიურ ჯგუფებსა და ინდივიდუალურ ანგარიშებს.

მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ჰომოფობიისა და სექსისტური ენის ყველაზე მკაფიო მაგალითები პოლიტიკურად ტურბულენტურ ფაზებს უკავშირდება - მათ შორის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 2023 წლის მარტი, როცა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტები იმართებოდა. ასევე ზაფხულში, პრაიდის კვირეულის დროს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. სწორედ ასეთ ტურბულენტურ ზონაში, წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფება საქართველო ახლაც.

სექსისტური შინაარსის შემცველი გზავნილების თუ პოსტების ყველაზე დიდი წილი, როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიაში, პოლიტიკას უკავშირდება და მათი სამიზნეები უმეტესწილად ოპოზიციონერი ქალები, ქალი აქტივისტები და უფლებადამცველები ხდებიან.

როცა ახალი ხარ საჯარო პოლიტიკაში

„საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრება წლების წინ, სამოქალაქო აქტივისტის სტატუსით დავიწყე. ამის გამო არაერთხელ გავმხდარვარ ბულინგისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი. შემდეგ დაიწყო კოვიდპანდემია“, - უყვება რადიო თავისუფლებას ანი ქავთარაძე, პროფესიით ექიმი-ანესთეზიოლოგი, კოალიცია „ცვლილებისთვის“, პარტია „ახლის“ წევრი და ამბობს, რომ მის მიმართ შეურაცხმყოფელი გზავნილები გამძაფრდა კოვიდპანდემიის პერიოდში:

ანი ქავთარაძე, ექიმი-ანესთეზიოლოგი, პარტია „ახლის“ წევრი
ანი ქავთარაძე, ექიმი-ანესთეზიოლოგი, პარტია „ახლის“ წევრი

„პროფესიული თვალსაზრისით მაშინ ძალიან აქტიური ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვის პოლიტიკას ღიად ვაკრიტიკებდი. ამის გამო არაერთხელ გავმხდარვარ განსაკუთრებული ბულინგის მსხვერპლი, როგორც ექიმი ქალი. იყო მუქარა, შეურაცხმყოფელი მიმართვები... კაცი ექიმებისგან განსხვავებით, ქალი ექიმები განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები ვიყავით“.

ახლა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკაში გადაინაცვლა, არ გამორიცხავს, რომ როგორც სხვა პოლიტიკოსი ქალები, შესაძლოა ისიც არაერთხელ გახდეს გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებული თავდასხმის მსხვერპლი, თუმცა, გამოცდილებამ მას ერთგვარი იმუნიტეტი გამოუმუშავა:

„როდესაც პოლიტიკაში შემოვედი, უკვე მქონდა ფსიქოლოგიური და მორალური მზაობა, რომ მსგავსი თავდასხმები ისევ იქნებოდა და ახლაც მაქვს ამის მზაობა. სიმართლე უნდა ვთქვა, თავიდან, მსგავსი გზავნილები, თავდასხმები, ჩემზე ძალიან მოქმედებდა და მოქმედებდა არა საკუთარი თავის გამო, არამედ ოჯახის წევრების გამო, მანერვიულებდა, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ღელავდნენ, თუმცა, ამ პროცესის მართვაც ვისწავლე“.

მისი თქმით, ახლა, როდესაც ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები ქვეყანას, აუცილებელია, რომ პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით ოპოზიციურმა სპექტრმა, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საჯარო გამოსვლებისას:

„როგორც გასროლილი ტყვია არ ბრუნდება ლულაში უკან, ისე სიტყვა აღარ ბრუნდება. შემდგომ განმარტებას და ახსნას, ხშირ შემთხვევაში აზრი აღარ აქვს, რადგან ეს სიტყვა ტყვიასავით გავარდა და როგორც არ უნდა განვმარტოთ, მას უკვე აქვს დამაზიანებელი ეფექტი კონკრეტულ პოლიტიკოსზე, მის გუნდზე მთლიანად“.

„დამიჯერეთ, მაინც ძნელია ამასთან გამკლავება“

პირველად რომ უთხრეს, რას აკეთებ ამ შუაღამისას ქუჩაში, აქციაზე, წადი, შვილს მიხედეო, ეს მისთვის იყო მკაფიო გზავნილი და ნიშანი იმისა, რომ ან მართლა „წავიდოდა სახლში“ და ან ბრძოლას გააგრძელებდა როგორც საჯარო პოლიტიკოსი. მან მეორე გზა აირჩია. წლებია, ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ პოლიტიკის წინა ხაზზეა.

„მეც ძალიან მიჭირს თავის შეკავება, როცა ოპონენტი მეუბნება, რას გავხარ, წადი ფსიქიატრთან, ქალს აღარ გავხარ, ძალიან რთულია, რომ იმავენაირად არ უპასუხო და უარესადაც, მაგრამ ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, ხელი არ შევუწყოთ ამგვარი სტერეოტიპების გაღრმავებას და ეს დამოკიდებულებები შევცვალოთ“, - ამბობს ხათუნა სამნიძე, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოებაში, და მათ შორის პოლიტიკოსებში, ფესვგადგმულია სტერეოტიპული გამონათქვამები, რომლებიც ქალებს აქტიურობის, ხმამაღლა ლაპარაკის სურვილს უკარგავს:

ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე

„პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია, რომ ცივი გონებით წარმოვთქვათ თითოეული სიტყვა, რადგან მეორე მხარეს გვყავს ოპონენტი, რომელიც სპეციალურად არ ერიდება ამ სტერეოტიპების გაცოცხლებას, მის ინტერესშია, რომ რაციონალურად და დაგეგმილად დაესხას ქალ პოლიტიკოსებს და ამოატივტივოს ყველა ის სტერეოტიპი, რომელიც მოქმედებს როგორც თავად ქალების, ისე მათი ოჯახის წევრების ემოციებზე.

რაც არ უნდა მომზადებული იყოს ქალი და იცოდეს, რომ პოლიტიკაში შესვლით მათ ეს ელოდებათ, მერწმუნეთ, მაინც ძალიან ძნელია ამასთან გამკლავება, მაგრამ მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ აქვე ვართ ის ქალებიც, რომლებმაც იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, ეს გზა გამოვიარეთ, ვართ ის ქალები, რომლებზეც მადლენ ოლბრაიტმა თქვა, რომ სხვა ქალებს უნდა დავეხმაროთ, თორემ ჯოჯოხეთში განკუთვნილია ჩვენი ადგილი, სპეციალურ ადგილას“, - ამბობს ხათუნა სამნიძე.

მიზანში ამოღებული ქალები

ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ქალი პოლიტიკოსების მიმართ აგრესიულ, დამამცირებელ, სექსისტურ გზავნილებს აქვს, თამარ კორძაიას აზრით, ეს არის „ქალების პოლიტიკიდან განდევნის“ სურვილი. ამბობს, რომ ამ მიზანს ემსახურებოდა გაზაფხულზე გენდერული კვოტის გაუქმებაც.

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

„რეალურად, მმართველ გუნდს არ სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ ქალები და ეს ჩანს ყველგან. თუკი შევხედავთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ღონისძიებას, სცენაზე არ დგას არცერთი ქალი. არცერთი დელეგატი არ არის ქალი. ქალები მხოლოდ ოპოზიციაზე თავდასხმისთვის ჰყავთ. სამწუხაროდ, მათ აზრს არ ეკითხებიან. არცერთი ქალი იდეას არ ახმოვანებს „ქართულ ოცნებაში“.

ოპოზიციის შემთხვევაში, შესაძლოა, ოდნავ უკეთესობაა, მაგრამ მაინც, აქაც კი ცოტანი ვართ ქალები, ესეც თვალსაჩინოა და როდესაც ამას ემატება დაუხვეწავი ლექსიკა, რა თქმა უნდა, ეს ამძიმებს ქალების ვითარებას და ეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. გენდერული ნიშნით ქალების შეურაცხყოფას, დამცირებას, მათი გარიყვის მცდელობას, აუცილებლად უნდა მოჰყვეს საზოგადოების მკაცრი რეაქცია. ეს ყველა პოლიტიკოს კაცს მისცემს საფუძველს, რომ უფრო მეტად იფიქრონ კონტექსტებზე, როდესაც საჯაროდ გამოდიან, როდესაც ქალ პოლიტიკოსებს მიმართავენ და სექსისტური ფრაზებით მათ დამცირებას ცდილობენ“, - ამბობს თამარ კორძაია.

„ამას თავისი მიზეზი აქვს“, - ასე ფიქრობს იდა ბახტურიძე, ქალთა ხმის გაძლიერებისა და ლიდერობის გლობალური მიმართულების ხელმძღვანელი (CARE International / CARE Caucasus) და აგრძელებს: „აბა, გადავხედოთ ქვეყანაში, ბოლო დროის აქტიურ მოვლენებს, რას ვხედავთ? იმას, რომ პარლამენტი იქნება ეს თუ სხვა სივრცეები, ქალი პოლიტიკოსები, ქალი საჯარო პირები არიან მთავარი წინააღმდეგობის ჯგუფები, რომლებიც რეჟიმს განსაკუთრებულად მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ“.

ქალების გასაჩუმებლად და განსადევნად კი, იდა ბახტურიძის თქმით, ერთ-ერთი „საუკეთესო იარაღია“ მათი შეურაცხყოფა, დამცირება, ქალების მიმართ გენდერული დეზინფორმაციის გავრცელება, მათი რეპუტაციის შელახვა:

იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

„ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით ავტორიტარიზმში შესული რეჟიმებისთვის, ქალების და უმცირესობების მიზანში ამოღება, პირველ რიგში იმიტომ, რომ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებზე დაყრდნობით გადაიტანოს ყურადღება რეალური პრობლემებიდან და მეორე იმიტომ, რომ გააჩუმონ ის ჯგუფი, რომელიც ხშირად დიდ წინააღმდეგობას უწევს რეჟიმს“.

იდა ბახტურიძის თქმით, საპარლამენტო თუ სხვა მაღალი ტრიბუნებიდან, პოლიტიკოსების, ქვეყნის პირველი პირებისგან წამოსული დამამცირებელი მიმართვები ქალი პოლიტიკოსებისა თუ აქტიური ქალების წინააღმდეგ, გარდა აქტიური ქალების გაჩუმების მცდელობისა, ახალისებს ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებსაც:

„ჩვენ გვაქვს ქალთა მიმართ ძალადობის ძალიან მაღალი სტატისტიკა, ფემიციდის მაღალი სტატისტიკა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვერ იაზრებენ პოლიტიკური ლიდერები. მათ თითოეულ ფრაზას თუ გამონათქვამს, შესაძლოა, მომაკვდინებელი ეფექტი ჰქონდეს კონკრეტული ქალის ცხოვრებაზე, რადგან ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წახალისება“.

იდა ბახტურიძე პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ასპარეზზე ახლად გამოჩენილებს ურჩევს:

„დაიწყეთ იმ ენის ცვლილებით, რაც დღეს, სამწუხაროდ, დამკვიდრებულია პოლიტიკაში, გადაიაზრეთ სექსისტური ენა და შეცვალეთ. ენა ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია სტერეოტიპების როგორც გასაღრმავებლად, ისე შესაცვლელად, ამიტომ მისი გამოყენება ყველას დიდი სიფრთხილით გვმართებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც საჯარო ტრიბუნებიდან უწევთ საუბარი“.

დღეს მსოფლიოში არსებობს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის კანონმდებლობაში ასახვის გარკვეული მცდელობები, რომლებიც მოიცავს როგორც ცალკე, სპეციალური კანონების შემუშავებას, ისე ამ საკითხის ინტეგრირებას ქალთა მიმართ ძალდობის შესახებ უფრო ფართო საკანონმდებლო ჩარჩოში.

ბოლივია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონი №243 ქალების შევიწროებისა და ქალთა მიმართ პოლიტიკური ძალადობის შესახებ. შემდეგი იყო ეკვადორი, პერუ, კოსტა-რიკა და მექსიკა.

ახალი კანონების შემუშავებაზე ან ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მიმდინარეობს, ძირითადად, ლათინურ ამერიკაში, ასევე, ტუნისში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG