Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოუ***ნელი“, „აწყვეტილი“, „გასუქებული“ - სექსისტური ენა და გამოგონილი ამბები ქალების წინააღმდეგ


ფოტოილუსტრაცია: "სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია", „მედიის განვითარების ფონდის" გამოკვლევა
ფოტოილუსტრაცია: "სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია", „მედიის განვითარების ფონდის" გამოკვლევა

გენდერთან დაკავშირებული თემების, შეურაცხმყოფელი გზავნილებისა თუ მიმართვების პოლიტიკური ბრძოლისთვის, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება, ბოლო წლების ტენდენციად იქცა.

ბრძოლის ამ მეთოდს არა მხოლოდ ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული ჯგუფები იყენებენ, არამედ პარლამენტარებიც. განსაკუთრებით, მმართველი პარტიის წევრები, თუმცა, სექსისტური, მიზოგინური ფრაზებით გაჯერებული გზავნილები, არც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვისაა უცხო.

ერთ-ერთი ბოლო და "სანიმუშო" მაგალითი ქალების შეურაცხყოფისა "ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბექა ოდიშარიას ეკუთვნის.

„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, - თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაშინ, როცა პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და საკანონმდებლო ორგანოში ქალთა კვოტირების გაუქმების იდეას აკრიტიკებდა.

საჯარო სივრცეში აქტიური ადამიანების - პოლიტიკოსების, დიპლომატების, აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტადაა ქცეული გენდერული დეზინფორმაციაც.

სწორედ ეს საკითხები იკვლიეს შარშან „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მკვლევრებმა 12 თვის მანძილზე და ვრცელი დოკუმენტი გამოაქვეყნეს. მკვლევრები აკვირდებოდნენ როგორც ტრადიციულ მედიას, მათ შორის, ბეჭდურს, ისე სოციალურ ქსელებს - ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლურ, პრორუსულ, რელიგიურ ჯგუფებსა და ინდივიდუალურ ანგარიშებს.

„აწყვეტილი ქალი“ - თავდასხმა მორალური კრიტერიუმებით

მკვლევრები ამბობენ, რომ სექსისტური და ჰომოფობიური ხასიათის 5700-მდე კომენტარიდან, უმრავლესობა, 3900-ზე მეტი, ტრადიციულ მედიაში გამოვლინდა.

ჰომოფობიისა და სექსისტური ენის ყველაზე მკაფიო მაგალითები პოლიტიკურად ტურბულენტურ ფაზებს უკავშირდება - მათ შორის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 2023 წლის მარტი, როცა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტები იმართებოდა. კიდევ, ზაფხულში, პრაიდის კვირეულის დროს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

ფოტოილუსტრაცია MDF-ის ანგარიშიდან
ფოტოილუსტრაცია MDF-ის ანგარიშიდან

კვლევით, სექსისტური შინაარსის შემცველი კომენტარებისა თუ პოსტების ყველაზე დიდი წილი, როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიაში, პოლიტიკას უკავშირდება და მათი სამიზნეები უმეტესწილად საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი ქალები, ქალი აქტივისტები და უფლებადამცველები ხდებიან.

როგორც გამოკვლევის ავტორები ამბობენ, ყველაზე ხშირად, ქალებს მორალური (სლატშეიმინგი) კრიტერიუმებით ესხმიან თავს. მათ წინააღმდეგ მიმართული გენდერული სტერეოტიპები ამკვიდრებს აზრს, "რომ ქალები ისტერიულები და სექსუალურად დაუკმაყოფილებლები არიან. რომ ქალის ნდობა არ შეიძლება და მათი ადგილი ოჯახშია".

მორალური კრიტერიუმებით თავდასხმისას, მაგალითად, ოპოზიციონერ ქალებს ასეც მიმართავდნენ: „აწყვეტილი ქალი“, „მეძავი“, „აშვებული“, „დასაბმელი“, „5-ლარიანი ძუკნები“, - ეს ფრაზები ხშირად ისმოდა პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოსა“ და პროპაგანდისტული მედიის პოსტ ტვ-ის სატელევიზიო ეთერში.

დასავლელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს კი ეძახდნენ „ახუნტრუცებულ“, „სექსუალურად გაუკუღმართებულებს“.

ოპონენტი ქალების მიმართ წარმოებული პოლიტიკური ბრძოლის 2023 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი ეკუთვნის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას, რომელმაც დამოუკიდებელ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა სექსისტური სიძულვილის ენით. მისი „რისხვა“ თეონა აქუბარდიას მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას მოჰყვა.

2023 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის სხდომაზე, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა. თქვა, რომ მიზეზი, რის გამოც აქუბარდია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზების კასკადი კი დაასრულა ფრაზით: „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.

მორალური კრიტერიუმით გაკიცხვის სუბიექტი იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომლის მიმართ სექსისტური სიძულვილის ენა პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური არხის, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკას, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას, კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერ ევროპულ ტურნეს უკავშირდებოდა: „კახპა“, „შვილის ნათლიაზე გათხოვილი“, „ვნებას აყოლილი“, „ავხორცი“, - ასე მოიხსენიებენ მას პრორუსულად განწყობილი ფეისბუკანგარიშები, სატელევიზიო გადაცემები და ბეჭდური მედია.

ფოტოილუსტრაცია MDF-ის ანგარიშიდან
ფოტოილუსტრაცია MDF-ის ანგარიშიდან

ეიჯიზმი - „სალომე ბაბო“

სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოიყენება ეიჯისტური ტერმინებიც - მაგალითად, „სალომე ბაბო“ (ასავალ-დასავალი), „ლიბერასტი ბაბო“ (კონსერვატიული ფლანგი).

ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას დაექვემდებარა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც. ამგვარი დისკრიმინაცია მის ჩაცმულობასა და საჯარო გამოსვლებს უკავშირდებოდა.

დიტო ჩუბინიძე, სეზონი ტვ-ის თანაწამყვანი: „სამარცხვინო მდგომარეობაა. ქალბატონია, ბებიაჩემის ხნისაა ეს ქალი და რა უბედურებაა, რანაირად დადიხარ. ამაზე იტყვიან, რომ აშვებულიაო“.

ეიჯისტური კომენტარები კეთდებოდა მომღერლების - თამრიკო ჭოხონელიძის, ირმა სოხაძისა და ნანი ბრეგვაძის მიმართაც, რისი მიზეზიც მათი მხრიდან ლგბტქი+ თემის საჯარო მხარდაჭერა გახდა.

ნანი ბრეგვაძის შემთხვევაში კი ამგვარი მიმართვის მიზეზი "დრეგ ბოლში" მონაწილეობის განაცხადი იყო, რასაც მომღერლის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი კამპანია მოჰყვა:

დიტო ჩუბინიძე, სეზონი ტვ-ის თანაწამყვანი: „ქალბატონო ნანი, მე მინდა, მოგმართოთ, სად მიდიხართ ეს ასაკოვანი ქალბატონი? იქ გინდა კაბაში გამოწყობილი ელტონ ჭყონია ნახოთ?“

ფოტოილუსტრაცია MDF-ის ანგარიშიდან
ფოტოილუსტრაცია MDF-ის ანგარიშიდან
დრეგ ბოლი - ქვიარ კულტურის ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, სადაც განსხვავებული რასის, სქესისა თუ ორიენტაციის ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება ეძლევათ და მას უკვე დიდი ხნის ტრადიცია აქვს.

დაცინვა გარეგნული მახასიათებლების გამო

გასულ წელს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიური ქალები, გარკვეულ შემთხვევებში, თავდასხმის სამიზნეები მასკულინური თვისებების და ნაკლები ფემინურობის გამოც ხდებოდნენ.

გზავნილებში დასცინოდნენ ქალების გარეგნობას, ხმის ტემბრს, ჩაცმის სტილს, წონას, ვარცხნილობას.

მრავალფეროვანია იმ შეურაცხმყოფელი, სექსისტური, მიზოგინური ეპითეტების ჩამონათვალი, რომელსაც სატელევიზიო თუ ბეჭდურ მედიაში (ასავალ-დასავალი) იყენებენ როგორც გადაცემების წამყვანები, ისე მათი რესპონდენტები:

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: „ანა წითლიძე რომ პოლიტიკაში ეყოლება პარტიას, ანაკლიის ჭაობის ბაყაყი და ის... სალომე სამადაშვილი, დინგმონგრეული ღორი“.

შალვა რამიშვილი, პოსტ ტვ-ის წამყვანი: „აზრი არა აქ ამ ქალის [ანა ბუჩუკური] ლაპარაკის მოსმენას, ისე გაუშვით, უხმოდ... მე უბრალოდ ვუსურვებდი, რო რაღაც უფრო სერიოზული მაკიაჟი და ვარცხნილობა, რა“.

MDF-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული ფეისბუკის ანგარიშები გარეგნობის გამო ყველაზე ხშირად კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს დასცინოდნენ. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულმა ფეისბუკის გვერდმა „ლურჯი ვირი“ გააზიარა ვიდეო, სახელწოდებით „წუნწკლიანი“.

სახელისუფლებო ანგარიშმა „სირცხვილის კორიდორი“ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავების ამსახველი ფოტო გაავრცელა, კომენტარით: „რავა გასუქებულა ვარდენას ქალიშვილი“.

გენდერული დეზინფორმაცია - მისი ყველაზე ხშირი სამიზნე

გენდერული ნიშნით დეზინფორმაციის ყველაზე მეტი შემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, საიდანაც ჰომოფობია დომინირებდა.

მას მოსდევს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გენდერული დეზინფორმაცია, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე ჰომოფობიური შინაარსის იყო.

მაგალითად, გენდერულ დეზინფორმაციას, სლატშეიმინგს (მორალური ნიშნით დევნა) მიმართავდნენ საქართველოში ახლად დანიშნული ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის წინააღმდეგ. მისი ვიდეო პროგრამულად დაამუშავეს, თითქოს ის წარსულში პორნოვარსკვლავი იყო.

მასთან ერთად სლატშეიმინგის სამიზნე გახდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, რომლის წინააღმდეგაც რუსული მედიების გავრცელებული ფოტო, მტკიცებით, რომ ის ახალგაზრდობაში პროფესიონალი მეძავი იყო, რეალურად, რუს პორნო მოდელს, მარტინა მინკს ასახავდა.

სლატშეიმინგის სამიზნე გახდა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაც - გავრცელდა შიშველი ფოტო, თითქოს ის ევროპაში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებდა, სანამ მისი ქმარი „ევროპაში იარაღს იხვეწებოდა“. ეს ფოტო რეალურად ტელეწამყვან ელენა ლენინას ეკუთვნოდა.

გასულ წელს გენდერული დეზინფორმაციის ყველაზე ხშირი სამიზნე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გახდა, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე ფოტომანიპულაცია გავრცელდა. ნიუ-იორკში TSX აპლიკაციით Times Square-ის ერთ-ერთ დიდ ეკრანზე განთავსდა გიული ალასანიასა და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ჩალაძის ფოტოები, რომელზეც მათ დაქორწინებას ულოცავდნენ. ტელეკომპანია პოსტ ტვ-იმ და სხვა სახელისუფლებო მედიებმა ეს მონტაჟი რეალურ ფაქტად გააშუქეს.

ჰომოფობიური დეზინფორმაცია - ბაიდენი ფერადი საცურაო კოსტიუმით

გასულ წელს ჰომოფობიური დეზინფორმაციის სამიზნეები გახდნენ დასავლელი პოლიტიკოსები. მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი. დეზინფორმაციის წყაროები კი იყვნენ პრორუსულად განწყობილი ქართული ფეისბუკანგარიშები - მაგალითად, „ჯო ბაიდენს ტრანსგენდერების მხარდასაჭერად ფერადი საცურაო კოსტიუმი აცვია“, ვოლოდიმირ ზელენსკის, შარლ მიშელისა და ურზულა ფონ დერ ლაიენის ფოტო მამაკაცის სასქესო ორგანოს მქონე ქალის ქანდაკების ფონზე.

ფოტოილუსტრაცია MDF-ის ანგარიშიდან
ფოტოილუსტრაცია MDF-ის ანგარიშიდან

2023 წელს არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში, ბავშვებსა და სქესობრივ განათლებას უკავშირდებოდა.

მაგალითად, ასეთი:

  • ამერიკის სკოლებში ლგბტქ+ იდენტობის კვოტირება ხდება;
  • დასავლეთში გენდერული იდენტობის შეცვლა მშობლების ნებართვის გარეშე ხდება;
  • დასავლეთში პედოფილიის ლეგიტიმაცია ხდება;
  • დასავლურ სკოლებში სექსუალური განათლება = გარყვნილებას.

ანტილიბერალური და პრორუსული ჯგუფების სამიზნე იყო ქალების უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობაც. ვრცელდებოდა ყალბი ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოში, პატიმარი კაცების უმეტესობა ოჯახური ძალადობის მუხლით ზის და მათი 90% ისჯება არა ძალადობის, არამედ ყვირილის, ცოლის გაბრაზებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.

ეს დეზინფორმაცია ამკვიდრებს გზავნილს, რომ ოჯახში ძალადობის მუხლით კაცების სამართლიანი დევნა მიზანმიმართულად და უსაფუძვლოდ ხდება.

XS
SM
MD
LG