Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა დათანხმდეს ძალადობის მსხვერპლი ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას


სალომე 38 წლისაა. რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ მის ყოფილ პარტნიორს ძალადობისა და ადევნების მუხლებით, წელიწადითა და 6 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. კაცი მასზე ნახევარი წლის განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

ოთხი თვის წინ, სალომეს გაუჩნდა შიში, რომ ადრე თუ გვიან, მას კაცი მოკლავდა. მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები, რომელსაც ის ყოფილი პარტნიორისგან იღებდა, ზაფხულის მიწურულს პოლიციაში მიიტანა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე პრიმა, ძალადობისა და ადევნების მუხლებით დაიწყო.

როგორ მიაღწია სალომემ მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთებას?

სალომე ერთ-ერთია საქართველოში ძალადობის იმ სულ რამდენიმე ათეულ მსხვერპლს შორის, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას დათანხმდა. უფრო ზუსტად, მან და მისმა ადვოკატმა, ხელახალი ძალადობის ან უფრო მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებლად, შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული სამაჯურის გამოყენება მოითხოვეს.

როგორც სალომე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, მას და მის ადვოკატს, საგამოძიებო უწყებაში მთელი ღამე დასჭირდათ იმის დასამტკიცებლად, რომ პოლიციას მოძალადისთვის შემაკავებელ ორდერთან ერთად დაეწერა ოქმი ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შესახებ. მოძალადე კაცი პოლიციელია და ქალს ჰქონდა განცდა, რომ საგამოძიებო უწყება მისთვის ხელის დაფარებას ცდილობდა:

„ელექტრონული სამაჯური კი არა, შემაკავებელი ორდერიც ძლივს გამოიწერა. გამოძიების დაწყებაც კი არ უნდოდათ. ცხვირწინ მოგვიკეტეს კარი. არადა კაცი მოკვლით მემუქრებოდა, ძალიან საშიში ადამიანია. რომ არა ჩემი ადვოკატისა და ჩემი დაჟინებული მოთხოვნა, მასზე ელექტრონული ზედამხედველობა არ დაიწყებოდა. მე დღესაც მჯერა, რომ პოლიციას რომ არ მიეღო გადაწყვეტილება ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შესახებ, შესაძლოა, ახლა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი“.

სალომესა და მის ყოფილ პარტნიორზე ელექტრონული ზედამხედველობა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა:

„არანაირი დისკომფორტი არ მქონია. პირიქით, მშვიდად ვგრძნობდი თავს. გარეთ რომ გავდიოდი, ვიცოდი, რომ არსად გადავეყრებოდი. ვიცოდი, რომ ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება იმ სამაჯურზე იყო დამოკიდებული, რომელიც მოძალადეს ეკეთა. მთელი იმ ხნის განმავლობაში, ერთხელაც არ უცდია ჩემთან მოახლოება. კარგად იცოდა, რომ თუ მომიახლოვდებოდა, მას აუცილებლად შეექმნებოდა პრობლემები“.

კანონმდებლობა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწებისა და განხორციელების შესახებ, საქართველოში 2020 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს.

დარგის სპეციალისტებისა და ქალთა უფლებადამცველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ზედამხედველობა მსხვერპლის დაცვის 100%-იან გარანტიას იძლევა, საქართველოში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ოფიციალური მონაცემებით, 2020-2021 წლებში ელექტრონული ზედამხედველობა მხოლოდ 21 პირზე დაწესდა. უფრო ნაკლებია ეს მაჩვენებელი 2022 წელს.

დღევანდელი მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 ერთეული ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა აქვს.

პირველი ელექტრონული სამაჯური მოძალადის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის ამოქმედებიდან 12 დღეში, 2020 წლის 12 სექტემბერს გამოიყენა.

37 წლის კაცი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა. ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ, სამართალდამცავებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების შესახებ.

კანონმდებლობის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობის დასაწესებლად მხოლოდ რისკების შეფასება და პოლიციისა და მოსამართლის გადაწყვეტილება არ კმარა. ზედამხედველობის დაწესებას თავად მსხვერპლიც უნდა დათანხმდეს, რადგან ეს მექანიზმი მსხვერპლის უსაფრთხოების დასაცავად მასზე ზედამხედველობასაც გულისხმობს. მსხვერპლს გადაეცემა მცირე ზომის, ტელეფონის მსგავსი მიმღები მოწყობილობა, რომელიც მან თან უნდა ატაროს და მოძალადის მიახლოების შემთხვევაში, 112-ისგან გამაფრთხილებელი სიგნალი მიიღოს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში დაბალია ელექტრონული სამაჯურების გამოყენების მაჩვენებელი ისაა, რომ ქალები ზედამხედველობის დაწესებას არ თანხმდებიან. თუმცა, როგორც ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, ქალების ამ წინააღმდეგობას ახსნა აქვს. მათი თქმით, პოლიციელები მსხვერპლებს ვერ ან ძალიან ზედაპირულად აწვდიან სათანადო ინფორმაციას ელექტრონული სამაჯურის მნიშვნელობის შესახებ და შედეგად მსხვერპლები დაცვის ამ მექანიზმის გამოყენებაზე უარს ამბობენ.

ამას გვეუბნება ელისო რუხაძეც, ორგანიზაცია „უფლებების საქართველო“ - ს იურისტი. მას შემდეგ, რაც საქართველოში ამოქმედდა კანონმდებლობა ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ, ელისომ რამდენიმე მსხვერპლის შემთხვევაში მიაღწია ელექტრონული სამაჯურის გამოყენებაზე დასტურს. თუმცა, გარდა ქალებისა, მას პოლიციელების დარწმუნებაც დასჭირდა, რომ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება მსხვერპლების უსაფრთხოებისთვის უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენდა:

ელისო რუხაძე
ელისო რუხაძე

„ძალადობის სამ სხვადასხვა საქმეზე დავაწესებინე ელექტრონული სამაჯური. ამას იმდენი დრო, ენერგია და ნერვები სჭირდება, რომ მომდევნო დღეები ძალაგამოცლილი ვარ ხოლმე. პოლიციისთვის მიწევს მტკიცება, რომ მოძალადე მსხვერპლს ემუქრება, რომ მარტო შემაკავებელი ორდერის გამოყენებას შეიძლება არ ჰქონდეს ეფექტი და აუცილებელია ელექტრონული სამაჯურის გამოყენებაც“.

ელისო რუხაძის თქმით, 2022 წელს, ფემიციდის მცდელობის ერთ-ერთი შემთხვევა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პოლიციამ ვერ აუხსნა ძალადობის მსხვერპლ ქალს ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მნიშვნელობა, ამასთანავე საგამოძიებო უწყებამ სათანადოდ ვერ შეაფასა რისკები და რამდენიმე დღეში მოძალადემ ქალი ავტობუსის გაჩერებაზე დაჭრა:

„ამ ფაქტზე გარკვეულ უწყებებთან პრეტენზიებიც გვექნება. ამ საქმეში ფიგურირებს შშმ ქალი. შემაკავებელი ორდერის პარალელურად, შსს-მ მის დასაცავად არ გამოიყენა ელექტრონული სამაჯური, 10 დღეში კი მოძალადემ ქალის მკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩავერთეთ, რაც ფემიციდის მცდელობა მოხდა. თუკი ამ საქმეზე შსს სათანადოდ გამოიკვლევდა გარემოებებს, სათანადოდ აუხსნიდა ქალს სამაჯურის გამოყენების მნიშვნელობას, მაშინ ეს შემთხვევა თავიდან იქნებოდა არიდებული“.

ფემიციდის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც მოძალადეს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, 2022 წლის 9 ოქტომბერს, თელავში მოხდა. ყოფილმა პარტნიორმა 26 წლის ქალი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. კაცი ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა.

რა არის ელექტრონული ზედამხედველობა და როდის შეიძლება გაუკეთდეს მოძალადეს ელექტრონული სამაჯური?

ელექტრონული ზედამხედველობა არის პოლიციელის მიერ დაწესებული ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება, რომელიც აკონტროლებს მოძალადის მსხვერპლთან მიახლოებას.

ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და ასევე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს.

ელექტრონული ზედამხედველობა წყდება შემაკავებელი ორდერის, ანუ 30-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

კანონმდებლობის თანახმად, ყველა მოძალადე, რომელსაც გამოეწერება შემაკავებელი ორდერი, არ ექვემდებარება ელექტრონულ ზედამხედველობას.

როგორც შს მინისტრის 2020 წლის ბრძანებაში ვკითხულობთ, ელექტრონული ზედამხედველობა წესდება განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე და ამასთანავე, ელექტრონულ ზედამხედველობაზე მსხვერპლის თანხმობა. ძალადობის განმეორების საფრთხეს პოლიციელი აფასებს რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.

კითხვარი, რომელიც შემაკავებელი ორდერის გამოწერასა და ელექტრონულ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი, სულ 19 კითხვისგან შედგება. მათგან რამდენიმეა ის კითხვა, რომლებზეც დადებითი პასუხის გაცემისა და ჯამში 15 ქულის დაგროვების შემთხვევაში, პოლიციელს აქვს ვალდებულება, რომ გამოწეროს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმი.

  • იყო თუ არა წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ამავე ან სხვა მსხვერპლის მიმართ?
  • ფიქსირდება თუ არა მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევის შესახებ ინფორმაცია?
  • ჩადენილი აქვს თუ არა მოძალადეს წარსულში ძალადობრივი დანაშაული?
  • აქვს თუ არა მოძალადეს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი?

ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალი, რომლებზეც დადებითი პასუხისა და 15 ქულის დაგროვების შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელი იღებს გადაწყვეტილებას, რომ რისკებიდან გამომდინარე, მოძალადეზე უნდა დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.

იმ შემთხვევაში, თუკი კითხვარის შევსების შემდეგ, ქულათა რაოდენობა 10-დან 15-მდეა, პოლიციელი თავად წყვეტს, უნდა დაწესდეს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა მოძალადეზე.

თუკი პასუხების თანახმად, რისკები ჯამში 10 ქულაზე ნაკლებით შეფასდა, ელექტრონული ზედამხედველობა არ წესდება.

ელექტრონული ზედამხედველობის აღჭურვილობა - ელექტრონული სამაჯური, ორი გადამცემი
ელექტრონული ზედამხედველობის აღჭურვილობა - ელექტრონული სამაჯური, ორი გადამცემი

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს მსხვერპლის თანხმობაც (წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედამხედველობა არ წესდება), მხარეები, მსხვერპლიცა და მოძალადეც, აღიჭურვებიან შესაბამისი მოწყობილობებით. მოძალადეს წვივზე უმაგრდება ელექტრო სამაჯური და ამასთანავე გადაეცემა მიმღები მოწყობილობა. მსგავსი ტიპის მიმღები მოწყობილობა გადაეცემა მსხვერპლსაც.

პოლიციის მიერ გამოწერილი ელექტრონული ზედამხედველობის ოქმი მომდევნო 24 საათის განმავლობაში იგზავნება სასამართლოში, რომელიც მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე არ დაამტკიცებს ოქმს, ელექტრონული სამაჯური იხსნება და ზედამხედველობა წყდება.

როგორ მუშაობს მსხვერპლის მიმღები აპარატი?

მსხვერპლის მიმღები აპარატი ითვლის მსხვერპლსა და მოძალადეს შორის არსებულ დისტანციას და მსხვერპლს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მოძალადის მოახლოებას.

მსხვერპლის მიმღებ აპარატს აქვს დახმარების (SOS) ღილაკის ფუნქცია. დახმარების ღილაკის გააქტიურების შემთხვევაში, განგაშის სიგნალი იგზავნება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში.

დისტანცია, რომელიც მოძალადემ მსხვერპლისგან უნდა დაიცვას

ელექტრონული ზედამხედველობის დროს კონტროლი მსხვერპლსა და მოძალადეზე ხორციელდება 24 საათის განმავლობაში. მათ გადაადგილებას თვალყურს ადევნებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში - 112-ში განთავსებულ მონიტორთან მომუშავე თანამშრომელი.

ელექტრონული ზედამხედველობის დროს, 112-ისგან სიგნალი მისდის მსხვერპლსა და მოძალადეს იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადე, თუნდაც შემთხვევით, აღმოჩნდება მსხვერპლთან 500-მეტრიან რადიუსში.

კანონმდებლობის თანახმად დადგენილია სტატიკური და დინამიკური საგანგაშო/ბუფერული ზონები. სტატიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა გულისხმობს წინასწარ მითითებულ ადგილებთან (სახლი, სამსახური და ა.შ.) არსებულ გეოგრაფიულ ზონებს. ხოლო დინამიკური საგანგაშო/ბუფერული ზონაა მსხვერპლის გადაადგილებისას მისი ადგილმდებარეობის შესაბამისად წარმოქმნილი გეოგრაფიული ზონა.

ბუფერულ ან საგანგაშო ზონებში მოხვედრისთანავე, მოძალადე 112-ის თანამშრომლის მიერ იღებს გაფრთხილებას ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვების შესახებ. მოძალადე ვალდებულია, დატოვოს შესაბამისი ტერიტორია.

რატომ უნდა დათანხმდნენ მსხვერპლები ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას?

საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ელექტრონულ ზედამხედველობას მინიმუმამდე დაჰყავს ძალადობის განმეორების რისკი. ითვლება, რომ ელექტრონული ზედამხედველობა, ანუ ელექტრონული სამაჯური, მსხვერპლს 100%-ით იცავს მოძალადისგან.

საქართველოში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული ზედამხედველობის კანონმდებლობაზე მსჯელობა 2014 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით დაიწყო.

მოგვიანებით, როდესაც უკვე კანონმდებლობა შემუშავდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შეიძინა 100 ელექტრონული სამაჯური, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. მათივე მხარდაჭერით გადამზადნენ 112-ის თანამშრომლებიც.

ირინა ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის პროგრამის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე გადაწყდა, რომ კანონმდებლობაზე მუშაობისას საქართველოს ესპანეთის მაგალითი უნდა გაეზიარებინა:

„ესპანეთზე კი იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ეს ქვეყანა ძალადობის გავრცელების მონაცემებით ძალიან ჰგავდა საქართველოს. გარდა ამისა, ესპანეთს ჰქონდა და აქვს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემა. თუკი ამერიკის მაგალითს მოვიყვანთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მოძველებულ მოდელს მისდევს, როდესაც ელექტრონული ზედამხედველობა მოძალადეს უკრძალავს მსხვერპლთან მიახლოებას კონკრეტულად რამდენიმე ადგილას. ესპანეთსა და ახლა უკვე საქართველოშიც, სიგნალი მოქმედებას იწყებს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოძალადე თუნდაც უნებლიედ უახლოვდება მსხვერპლს, რათა თავიდან იქნას აცილებული დამატებითი რისკები. ესპანეთის მაგალითი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო იმითაც, რომ ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, არც ერთხელ აღარ დაფიქსირებულა ძალადობის განმეორებითი ფაქტი იმ მსხვერპლებთან, რომლებიც ამ სისტემაში იყვნენ ჩართულები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს მექანიზმი იძლევა მსხვერპლის დაცვის 100%-იან გარანტიას“.

ამავეს იმეორებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უფლებადამცველი და იურისტი გოგა ხატიაშვილი, რომელიც, ამასთანავე, ერთ-ერთი ავტორია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისა და განხორციელების შესახებ კანონმდებლობის.

როგორც ის გვეუბნება, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ როდესაც ქალთა და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობა წესდება, მინიმუმამდე დადის ფემიციდის, ფემიციდის მცდელობისა და ძალადობის ახალი ფაქტების ჩადენის რისკები.

სხვა უფლებადამცველების მსგავსად, გოგა ხატიაშვილიც ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მსხვერპლი ქალები უარს ამბობენ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებაზე, ეს ინფორმაციის ნაკლებობაა, რაზე პასუხისმგებელიც შინაგან საქმეთა სამინისტროა:

გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილი

„ქალებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ელექტრონული სამაჯურების სარგებლის შესახებ. არადა, ამ ინფორმაციის დეტალური გაზიარება მარტივადაა შესაძლებელი ადგილზევე და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. პოლიციელმა უნდა აუხსნას მსხვერპლს, რომ ელექტრონული ზედამხედველობა არ არის დაკავშირებული გადაჭარბებულ ტვირთთან. რომ ასეთ დროს არ ხდება ადამიანების კონტროლი და მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა, რადგან მოქალაქეებს აქვთ შიში, რომ სამართალდამცავი უწყებები მათ პირად ცხოვრებაში ჩაერევიან. პოლიციელმა ასევე უნდა აუხსნას მსხვერპლს, რა რისკებთან და საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ მექანიზმზე უარის თქმა. მჯერა, რომ სწორი კომუნიკაციის პირობებში, მინიმუმამდე დავა ის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები სამაჯურის გამოყენებაზე უარს იტყვიან“.

რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო?

საქართველოში ფემიციდის უკანასკნელი ფაქტის შემდეგ, რომელიც თერჯოლაში 24 ნოემბერს მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვაზე ალაპარაკდა.

მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 25 ნოემბერს განაცხადა, რომ შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს.

ალექსანდრე დარახველიძე
ალექსანდრე დარახველიძე

„მზად ვართ, მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება. პროგრესისა და მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, სამწუხაროდ, ხდება მძიმე ფაქტები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კონკრეტულად რა ცვლილებებს გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო რისკების შეფასების ინსტრუმენტსა და ელექტრონული სამაჯურის გამოყენების წესში, ამ კითხვებზე პასუხი უწყებისგან რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო.

ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი, დღევანდელი მონაცემებით, ხორციელდება თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა ძალადობის რომელიმე მსხვერპლსა და მოძალადეზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელექტრონული სამაჯურების გამოყენების შესახებ შექმნილ ინფორმაციულ ვაკუუმზე ამახვილებს ყურადღებას ჩვენთან საუბრისას გოგა ხატიაშვილიც.

„ორ წელზე მეტია, რაც ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი მუშაობს და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებისგან, რამდენად კარგად მუშაობს ეს ინსტრუმენტი. მაგალითად, მე მაინტერესებს, თუ აღირიცხება სტატისტიკა, რამდენმა მსხვერპლა თქვა უარი ელექტრონული სამაჯურის გამოყენებაზე და რამდენ შემთხვევაში იყო რეალურად ის გამოსაყენებელი. ასევე, მაგალითად, საინტერესოა, არღვევენ თუ არა მოძალადეები ელექტრონული ზედამხედველობისთვის დაწესებულ წესებს, ან რამდენი შემთხვევა იყო, როდესაც მოძალადემ სცადა მისი დარღვევა და რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა. საინტერესოა ისიც, ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შემთხვევაში, გვქონდა თუ არა დანაშაულის განმეორების შემთხვევა. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ სამ შემთხვევაში, სასამართლომ არ დაამტკიცა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების ოქმი. მაინტერესებს რა იყო ამის მიზეზი? ცოტა ხნის წინ ვთხოვე სასამართლოს, რომ მოეწოდებინათ გადაწყვეტილებები ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ და მაშინ მითხრეს, რომ ამ სახის ინფორმაციას არ აღრიცხავენ. ახლა სამინისტრო ალაპარაკდა, რომ გარკვეული ხარვეზები აქვს რისკის შეფასების ინსტრუმენტს და ეს არის გადასახედი. არ გამოვრიცხავ, რომ ხარვეზები რეალურად არსებობდეს, რადგან შესაძლოა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ კითხვარში არსებული კონკრეტული კითხვები ელექტრონული ზედამხედველობის გრაფაშია გადასატანი, რომ უფრო მეტი კითხვა იყოს ისეთი, რომელიც პოლიციელს საფრთხის განსაზღვრაში დაეხმარება. შესაძლოა, ქულათა სისტემაა გადასახედი. თუკი სამინისტრო ფიქრობს, რომ ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ხარვეზებია, მაშინ დროულად უნდა გამოასწოროს“.

შესაბამისი კანონმდებლობის არსებობის მიუხედავად, ელექტრონული სამაჯურების გამოუყენებლობის შესახებ ინფორმაცია მოხვდა სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალურ ანგარიშშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ მსხვერპლების მხრიდან უარის თქმა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე, შესაძლოა განპირობებული იყოს ცნობიერების დაბალი დონით, მოძალადის ,,დანდობის“ საფუძვლით, საზოგადოების სტერეოტიპული, უარყოფითი დამოკიდებულებით და ა.შ.

სახალხო დამცველის შეფასებით, „სამართალდამცავმა უწყებებმა, უპირველეს ყოვლისა, სათანადოდ უნდა შეაფასონ ქალის მიმართ ან ოჯახში ძალადობის გამეორების რისკი. ამასთანავე, სახელმწიფოს ვალდებულებაა როგორც დაზარალებული ქალების ინფორმირება რისკის შესახებ, ისე მათი ცნობადობის ამაღლება ელექტრონული სამაჯურების გამოყენების მიზნების და სარგებლიანობის შესახებ, ასევე მათი დარწმუნება - ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან“.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ფემიციდის მიმართულებით და ფემიციდი რიგ შემთხვევაში, უვადო პატიმრობასაც გულისხმობს, ქვეყანა ქალთა მკვლელობების სტატისტიკას ვერ ცვლის. 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, საქართველოში 190-მდე ქალია მოკლული. 2022 წლის 11 თვეში, ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა, 17 ქალი მოკლა.

XS
SM
MD
LG