„ჩვენი მიზანია, ჩვენი შვილები სწავლობდნენ ევროპული სტანდარტების სკოლებსა და ბაღებში. ამ სფეროში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, სწავლის დაწყების დღეს და დაამატა, რომ 2022 წელს მთავრობამ დაიწყო 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან „დაახლოებით მილიარდი ლარი დაიხარჯება“.
საკუთარი ბიუჯეტიდან 13-წევრიან მთავრობაში, ყველაზე მეტს შვილების განათლებისთვის, მათ მიერვე შევსებული ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, თავად ირაკლი ღარიბაშვილი და განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ხარჯავენ.
განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია რამდენიმე მიზეზს ჩამოთვლის, რის გამოც საქართველოში შეძლებული ოჯახების ჯგუფი და მათ შორის პოლიტიკოსები ცდილობენ, საკუთარი შვილები საჯარო სკოლებში არ ატარონ. მათ შორისაა - უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა; მეტად უსაფრთხო გარემო; სოციალური კაპიტალის დაგროვება, რომელიც სამომავლოდ დასაქმებას გაუმარტივებთ.
"გასაგებია ის, რომ საკუთარი შვილებისთვის ადამიანებს საუკეთესო უნდათ და ეძებენ ისეთ სკოლებს, რომელიც მათთვის ყველაზე მისაღებია.... [პოლიტიკოსების შემთხვევაში] ეს ამცირებს მათ წარმოდგენას, თუ რა ხდება საჯარო სკოლებში და მიკერძოებული ხდებიან გადაწყვეტილებების მიღების დროს... [გადაწყვეტილების მიმღების] შვილი ისეთ სკოლაში რომ სწავლობდეს, რომელიც დაანგრიეს, ცხადია, სხვანაირად მოიქცეოდა, დააჩქარებინებდა პროცესებს და სკოლაც მეტ სარგებელს მიიღებდა", - ეუბნება სიმონ ჯანაშია რადიო თავისუფლებას.
იმის დასადგენად, რამდენს ხარჯავენ გადაწყვეტილების მიმღებები, მინისტრთა კაბინეტის წევრები საკუთარი ოჯახის წევრების განათლებაში, რადიო თავისუფლებამ მათი ბოლო დეკლარაციები შეისწავლა.
მონაცემებმა აჩვენა:
- 13 მინისტრიდან მინიმუმ 5 შვილისთვის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას ირჩევს;
- 2 მინისტრს (თეა ახვლედიანს და ვახტანგ გომელაურს) ზრდასრული (18 წელზე უფროსი) შვილები ჰყავს;
- 2 მინისტრის შემთხვევაში (თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი) დაზუსტებით იმის თქმა შეუძლებელია, დეკლარაციაში მითითებული განათლებაში დახარჯული თანხა მოხმარდა შვილებს თუ თავად მათ ან მათ მეუღლეს (მათი უწყების პრესსამსახურებთან ამ ინფორმაციის დაზუსტება ვერ მოხერხდა);
- 1 მინისტრს (რატი ბრეგაძეს) 1 ზრდასრული და 2 ბაღის ასაკის შვილები ჰყავს;
- 3 მინისტრს (ზურაბ აზარაშვილს, ლაშა ხუციშვილს, ირაკლი ქარსელაძეს) სასკოლო ასაკის შვილები ჰყავს, თუმცა მათი სასწავლო ხარჯები მითითებული არ არის (ინფორმაცია ვერც მათი უწყების პრესსამსხურის თანამშრომლებთან დაზუსტდა).
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ცოლმა ნუნუ თამაზაშვილმა სულ მცირე 24 000 ლარი და 5400 დოლარი დახარჯეს ორი შვილის სწავლაში 2021 წელს. საჯარო დოკუმენტები - ქონებრივი დეკლარაცია, სადაც პრემიერის ოჯახის 2022 წლის ხარჯები და შემოსავლები იქნება აღწერილი, ჯერ არ გამოქვეყნებულა.
2022 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაცია ასახავდა წინა წლის ხარჯებს, როცა პრემიერის ოთხი შვილიდან დანარჩენი ორი (ნინო და გაბრიელი) 5 და 6 წლის ასაკისები იყვნენ. მონაცემების განახლება ირაკლი ღარიბაშვილს ერთ თვეში - 2023 წლის ოქტომბერში უწევს - მასში უნდა გამოჩნდეს შვილების განათლებაში 2022 წელს გაწეული ხარჯები.
კიდევ უფრო გვიან, 2024 წლის ოქტომბერში გახდება საჯარო პრემიერის უფროსი ვაჟის აშშ-ს სასწავლებელში ჩაყვანის ხარჯი. ამ დრომდე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პრემიერმა შვილი ევროპამდე სამთავრობო თვითმფრინავით ჩაიყვანა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ხარჯი, დაახლოებით 34 000 ევრო (დაახლოებით 95 ათასი ლარი) დაფარა ტარიელ ღარიბაშვილმა - ირაკლი ღარიბაშვილის მამამ. ამას უნდა დაემატოს ევროპიდან აშშ-მდე ფრენისა და უკან დაბრუნების ხარჯიც.
მთავრობის სტრატკომი და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ყველა ხარჯი ასახული იქნება პრემიერის დეკლარაციაში. დიდი ალბათობით, იმის გარკვევა შეუძლებელი იქნება, რა თანხა დაიხარჯება ნიკოლოზ ღარიბაშვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლაში - პრემიერს კანონი აძლევს შესაძლებლობას, თუ ისევ მისი მამა დაფარავს შვილიშვილის ხარჯებს, ეს ინფორმაცია არ ასახოს, რადგან ამ დროს ნიკოლოზ ღარიბაშვილი (ცალ-ცალკე ცხოვრების გამო) მის ოჯახის წევრად აღარ ჩაითვლება. პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლის და ცხოვრების საშუალო ხარჯი, ღია წყაროების მიხედვით, 2023-2024 საწავლის წელს, გრანტისა და ფინანსური დახმარების გარეშე, წლიურ 80 ათას დოლარს აღემატება
გიორგი ამილახვარი - განათლების მინისტრი
განათლების მინისტრს ორი სასკოლო ასაკის შვილი ჰყავს. მხოლოდ 2022 წელს შვილების განათლებაში მან 25 000 ლარი და 5900 დოლარი დახარჯა.
ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი
ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მრავალშვილიანი მამაა. ჯუანშერ ბურჭულაძის რვა შვილიდან ხუთი, დეკლარაციის მიხედვით, მასთან ცხოვრობს, 2022 წელს 4 სკოლის მოსწავლე იყო და მათ განათლებაში მინისტრის ოჯახმა 20 000 ლარი დახარჯა.
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსსა და ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ორი სასკოლო ასაკის, ორი კი - სკოლამდელი. უფროსი შვილების განათლების წლიურ ხარჯად დეკლარაციაში 5646 ლარია მითითებული, უმცროსებისთვის კი - 1694 ლარი.
ოთარ შამუგია - სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი
ოთარ შამუგიას სამი ვაჟი ჰყავს - 14, 11 და 8 წლის. დეკლარაციაში მხოლოდ უმცროსი შვილის სკოლის გადასახადია მითითებული - 5096 ლარი.