მშობლების ერთი ნაწილის საპროტესტო აქციით დაიწყო სასწავლო წელი თბილისის ერთ-ერთ უბანში, დადიანის ქუჩაზე, სადაც ახალი სკოლის აშენების სანაცვლოდ რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს მეოთხე საჯარო სკოლა და მას მერე იქ ისევ მინდორია. მშობლებს კი ბავშვების ტარება სახლიდან შორს, სხვა უბნის სკოლებში უწევთ.
„ძალიან დაღლილები ვართ, აღარ შეგვიძლია, დაგვიბრუნონ ჩვენი სკოლა“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი, ანა შარაბიძე.
ამ სკოლის მოსწავლეების მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე დანგრეულ სკოლას პანდემიის დასრულებამდე მაინც ააშენებდნენ - დაპირება ასეთი იყო. მაგრამ ჯერჯერობით სკოლის მშენებლობა არც დაწყებულა.
სახლიდან მოშორებულ სკოლებში შვილების ტარება დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. შორ გზაზე მისვლა-მოსვლის გამო ბავშვები ადვილად იღლებიან. არც შემოქმედებით წრეებზე სიარულის დრო რჩებათ.
სარეაბილიტაციოდ გამზადებული და დაკეტილი, ან უკვე დანგრეული სკოლების მოსწავლების მშობლები იმაზეც ჩივიან, რომ სხვა სკოლებთან მიკედლებულობის გამო, შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობაც - ისინი 30 წუთი გრძელდება, რაც მათი თქმით არ არის საკმარისი ხარისხიანი ცოდნის მისაღებად.
განსაკუთრებით რთულდება მშობლის საქმე, თუ ოჯახში ერთზე მეტი მოსწავლეა, რადგან ბავშვებს სწავლა ცვლებში უწევთ. ხშირად ისე ემთხვევა, რომ როცა ერთს გაკვეთილები უმთავრდება, მეორეს ეწყება. ერთი რომ სკოლიდან წამოსაყვანია, მეორე ამ დროს პირველ გაკვეთილზე შედის:
ასეა ნინო აბულაძის საქმეც - უფროსი შვილი პირველი ცვლაა, უმცროსი მეორე.
„საგონებელში ვარ, როგორ გადავჭრა ეს პრობლემა. მუდმივი სტრესია მათი სკოლაში ტარება“, - ამბობს ნინო.
„გამოდის, სულ სკოლასთან უნდა ვიდგე. სხვა არაფერი ვაკეთო. სამსახურიდანაც კი წამოვიდე“, - ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე კიდევ ერთი მშობელი.
მეოთხე საჯარო სკოლა არ არის ერთადერთი, რომელიც ახალი შენობის აშენების მიზნით დაანგრიეს. ეს დიდი პროექტის ნაწილი იყო, რაც 15 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ახსენა.
მან თქვა, რომ გასულ წელს დაწყებული პროგრამა 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას გულისხმობს და ამაში სახელმწიფო, დაახლოებით, მილიარდ ლარს დახარჯავს.
„ჩვენი მიზანია, ჩვენი შვილები სწავლობდნენ ევროპული სტანდარტების სკოლებსა და ბაღებში. ამ სფეროში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მეოთხე საჯარო სკოლის გარდა, ნაძალადევის რაიონში კიდევ რამდენიმე სკოლაშია სწავლა შეწყვეტილი.
მათ შორის, როგორც პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, - მეათე, 113-ე, მე-11, მე-14 საჯარო სკოლებში. სკოლები დაკეტილია თბილისის სხვა უბნებშიც და დედაქალაქს გარეთაც:
„ინფასტრუქტურულ პროექტებს არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს პროცესი ორგანიზებულად უნდა მიდიოდეს - სამსართულიანი სკოლის აშენებას შვიდი წელი არ უნდა დასჭირდეს. მეოთხე საჯარო სკოლა, მაგალითად, უკვე ასეა ოთხი წელია. მის აშენებას კიდევ სამი წელი მაინც ხომ დასჭირდება?“ - ამბობს ის.
ერთდროულად რამდენიმე სკოლის დანგრევით გამოწვეულ სირთულეებზე ლაპარაკობდა ერთი დღით ადრე, 14 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნადირაძეც, რომელმაც საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე ასეთი დანგრეული და აქამდე არაშენებული სკოლის ფოტოც წარმოადგინა და თქვა, რომ არ შეიძლება ერთდროულად 15 სკოლის დანგრევა, სანაცვლოდ კი, არცერთის აშენება:
„და ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ წევრებს თავიანთი შვილები საუკეთესო სასწავლებლებში მიჰყავთ და ამისთვის ასობით ათასი ლარის გადახდისთვის არიან მზად ჩარტერულ რეისებში. ჩვენი შვილებისთვის კი ნორმალური საჯარო სკოლებიც არ ემეტებათ“, - შენიშნა ირაკლი ნადირაძემ.
წელიწადზე მეტია, რადიო თავისუფლება განათლების სამინისტროსგან ითხოვს ზუსტ მონაცემს, რამდენი სკოლა გარემონტდა 2012 წლის შემდეგ, რამდენში გრძელდება ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა ეტაპზეა ისინი, სად და როგორ სწავლობენ ამ სკოლების ბავშვები. თუმცა სამინისტროში გაგზავნილ არცერთ წერილზე პასუხი არ მიგვიღია.
ონლაინპლატფორმა „ფაქტმეტრის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები პროგრამით, იმ 880 სკოლიდან, დაგეგმილია 720-ის რეაბილიტაცია და 80 ახალი სკოლის მშენებლობა.
მათივე მიერ შეგროვილი ინფორმაციით, პროგრამის ხანგრძლივობის წელიწადნახევარიან პერიოდში, მხოლოდ 2 სკოლის მშენებლობა დასრულდა.
7 სკოლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, 52 სკოლა კი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზეა, რისთვისაც ექვსთვიანი პერიოდია განსაზღვრული.
„ფაქტმეტრი“ ასევე წერს, რომ სკოლების სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ხანგრძლივობა 2 წელია. რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი სკოლების აშენებას, უკეთეს შემთხვევაში, სულ მცირე ორწელიწად-ნახევარი დასჭირდება.
„ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თითქმის არც ერთი პროექტი არ დასრულებულა და უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის ვადები ხანგძლივდება“, - წერს „ფაქტმეტრი“.
როგორც ირკვევა, სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიზეზით, საქართველოში ამ ეტაპზე თავიანთი უბნის სკოლის გარეშე დარჩენილია 21 203 მოსწავლე, რომლებიც სხვა სკოლებში არიან გადანაწილებული.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით:
- 2009-2012 წლების შუალედში სააგენტოს მიერ აშენდა 16 ახალი სკოლა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 900-მდე საჯარო სკოლას.
- 2013-2021 წლებში 57 ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
- ამავე პერიოდში განხორციელდა 140-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
მშობელთა ასოციაციის დამფუძნებელი, მეგი კავთუაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კიდევ ერთი პრობლემა, რაც ამ პროცესში სახელმწიფოსა და მშობლებს შორის დგას, კომუნიკაციის არარსებობაა. მათ არასოდეს არავინ უხსნის, რატომ არის ამა თუ იმ სკოლის სრული რეაბილიტაცია საჭირო, ან რატომ დაინგრა კონკრეტულად მათი სკოლა.
„ეს გაურკვევლობა ხშირად ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს. ჩნდება კითხვაც, ეს სკოლები იმისთვის ხომ არ ინგრევა, რომ სხვა მშენებლობებისთვის ადგილი მოსუფთავდეს“.
მეორე პრობლემა, რომელზეც მეგი კავთუაშვილი ყურადღებას ამახვილებს, უხარისხო სასწავლო პროცესია, რაზეც მშობლები ხშირად დუმილს ამჯობინებდნენ. როგორც ჩანს, შენიშნავს მეგი, განათლების სამინისტროს ახლაც ეგონა, რომ მშობლები ამაზეც გაჩუმდებოდნენ, მაგრამ, მისი თქმით, ეს აღარ მოხდება:
„იმდენად არიან გამწარებულები, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და გზა გადაკეტეს. ისინი არ არიან სამოქალაქო აქტივისტები, ისინი არიან მშობლები, დედები. არ მახსენდება ისეთი მთავრობა, რომელმაც დედებს ომი მოუგო“.
მეგი კავთუაშვილის თქმით, ათობით სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებამ და ბავშვების სხვა სკოლებში გადაყვანამ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი მშობლების, განსაკუთრებით კი, დედების ყოველდღიური ცხოვრებაც გაართულა.
ბევრი მათგანი არჩევანის წინ დადგა - სამსახურში იაროს თუ ბავშვები ატაროს სკოლაში. ეს პროცესი, მეგი კავთუაშვილის აზრით, კიდევ უფრო მკაფიო გახდება, რადგან თუ დღეს 200 სკოლის რეაბილიტაცია მიდის, ხვალ მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.
სწორედ ამიტომ მოითხოვენ სხვადასხვა სკოლაში შეხიზნული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან სკოლების რემონტის დროულად დასრულებას და დანგრეული სკოლების იმ სისწრაფით აშენებას, რა სისწრაფითაც შენდება თბილისში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.