Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ვარსკვლავი - "აზიმუტის" მგზავრების ძველი გამოცდილება მოსკოვი-თბილისის ახალი რეისის მოლოდინში 


airlines-inform.ru-ს რეიტინგებში „აზიმუტს“ 5-დან მხოლოდ ერთი ვარსკვლავი აქვს
airlines-inform.ru-ს რეიტინგებში „აზიმუტს“ 5-დან მხოლოდ ერთი ვარსკვლავი აქვს

ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომლის აქციების 25%-ს რუსეთის როსტოვის ოლქის მთავრობა ფლობს, 19 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის კვირაში 1300 მგზავრის გადაყვანას გეგმავს. წლების განმავლობაში უკვე გადაყვანილი რუსი მგზავრების 70%-ს კი „აზიმუტთან“ ბევრი პრეტენზია აქვს.

airlines-inform.ru-ს რეიტინგებში „აზიმუტს“ 5-დან მხოლოდ ერთი ვარსკვლავი აქვს. მგზავრები ბარგის დაკარგვის, უყურადღებო მოპყრობისა და გადახდილი თანხების მითვისების გარდა, „აზიმუტს“ პერმანენტულ დაგვიანებაში, რეისების გადადებასა და სამოგზაურო გეგმების ჩაშლაში ადანაშაულებენ.

ცალკე საკითხია უსაფრთხოება, რომელიც ყურადღების ცენტრში სხვადასხვა მიზეზის გამო ექცევა.

„აზიმუტის“ სათვალავზე ამ ეტაპზე 19 რუსული თვითმფრინავია, ძირითადად - „SuperJet 100“-ები, რომელთა სათადარიგო ნაწილების მწვავე პრობლემა ახლახან გახმაურდა. სანქციების გამო, „აზიმუტს“ ამერიკული თვითმფრინავების მიღება არ დასცალდა და, მედიის ცნობით, წინასწარ გადახდილი თანხაც დაკარგა.

არასოდეს მივმართავ "აზიმუტს", ეს ბოლო იყო...

ერთია ფრენის ნებართვის მოპოვება და მეორეა მგზავრების კმაყოფილება და უსაფრთხოება.

რეიტინგების თანახმად, კომპანია „აზიმუტს“ მგზავრების თითქმის 70% უარყოფითად აფასებს და, შესაბამისად, 5-ვარსკვლავიანი შკალიდან მას მხოლოდ ერთი ვარსკვლავი აქვს.
როსტოვში დარეგისტრირებული ავიაკომპანია „აზიმუტი“, 2017 წლიდან, ჯერ მხოლოდ რუსეთის მასშტაბით დაფრინავდა; ხოლო 2021 წლიდან, მარშრუტებს დსთ-ის ქვეყნები, თურქეთი და ისრაელი შეემატა.

11 მაისით დათარიღებულ კომენტარში, „აზიმუტის“ ერთ-ერთი ყოფილი მგზავრი (რეისი მინვოდი-სტამბოლი) მძიმე გამოცდილებას აღწერს:

  • აეროპორტში კონტროლის შემდეგ, რეისის მგზავრები „გარეკეს“ კაფესკენ, სადაც ერთი სენდვიჩი 400-600 რუბლი (13-19 ლარი) ღირდა. ეს იყო პატარა, უჰაერო სივრცე წარწერით - „არ შეიძლება მობილური ტელეფონების გამოყენება“.
  • რეისი გადაიდო, მაგრამ ტაბლოზე დრო არავინ შეცვალა. ავიაკომპანიის ან აეროპორტის თანამშრომლებიდან ირგვლივ არავინ იყო, ბედის ანაბარა დატოვებულ მგზავრებს რაიმე რომ გაერკვიათ.
  • დარბაზში ტიროდნენ ბავშვები, მოთქვამდნენ უფროსები - მაგრამ მათი დამხმარე, ანდა ამბის მომტანი არავინ ჩანდა.
  • შემდეგ, როგორც იქნა, დაარიგეს წყალი - და მგზავრებს უთხრეს, რომ 40 წუთში გაფრინდებოდნენ. გავიდა კიდევ რამდენიმე საათი.
  • ვიდრე თვითმფრინავთან მივიდოდა, პილოტი მგზავრებთან ერთად იჯდა მოსაცდელ დარბაზში და აფრთხილებდა მათ - არ ეჩხუბათ, გაფრთხილებოდნენ მის ნერვებსა და საკუთარ თავსაც, რადგან - მშვიდობიანი მგზავრობა სწორედ მასზე იყო დამოკიდებული.
  • ბილეთების შემოწმება 4 საათის შემდეგ დაიწყეს. დაღლილი ხალხი ქაოტურად კარისკენ გაიქცა და მათი დაბრუნების მცდელობა ცალკე ქაოსს ქმნიდა.
  • უკვე სალონში, მგზავრების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ მათ ბარათებზე მითითებული ადგილები თვითმფრინავში საერთოდ არ იყო; ხოლო ზოგიერთი ადგილისთვის ჩასხდომის ბარათი ორჯერ იყო გაცემული;
  • როდესაც ჩასხდომის დასრულება გამოაცხადეს და თვითმფრინავის კარიც დახურეს, სალონში აღმოჩნდა სხვა რეისის რამდენიმე მგზავრი. ისინი ჩაუშვეს თვითმფრინავიდან, მაგრამ დაიწყეს დარჩენილების ხელახლა და არაერთხელ გადათვლა-შემოწმება.
  • შემდეგ მთელ თვითმფრინავში, მათ შორის - ტუალეტშიც, ეძებდნენ კიდევ ერთ მგზავრს, რომელიც, როგორც ითქვა, საზღვარზე რეგისტრაციის გარეშე მოხვდა თვითმფრინავში.
  • შემდეგ მოვიდა მესაზღვრე და დაიწყო შტამპების შემოწმება ყველა მგზავრის პასპორტში. იპოვეს თუ არა საბოლოოდ ის „ზედმეტი ადამიანი“, მგზავრებმა ვერავისგან გაიგეს.
  • თვითმფრინავი 6 საათის დაგვიანებით გაფრინდა და, შესაბამისად, ბევრ მგზავრს გაუფუჭდა ბილეთები, რითაც შემდეგ სტამბოლიდან უნდა გაფრენილიყვნენ.
მინვოდის აეროპორტს, სხვადასხვა წყარო „აზიმუტის“ ერთგვარ ჰაბად ასახელებს.

რეისების დაგვიანება და გრაფიკიდან ამოვარდნა, როგორც ჩანს, „აზიმუტისთვის“ იშვიათობა არ არის. 10 მაისით დათარიღებულ კომენტარში ერთ-ერთი მგზავრი ავიაკომპანიას ახალ სლოგანსაც სთავაზობს - „არასდროს დროულად!“. ეს მგზავრი წერს, რომ „აზიმუტის“ მომსახურებით 7-ჯერ ისარგებლა და ჯერ არცერთხელ არ გაფრენილა დროულად.

კომპანიას არაერთი მგზავრი უჩივის იმისთვის, რომ მათ ბარგი დაუკარგეს და პასუხსაც არავინ სცემს; ასევე, არავინ ანაზღაურებს დაგვიანებული რეისების გამო გაფუჭებული ბილეთების საფასურს; სისტემაში არ ხდება დამატებითი ბარგის საფასურის გადახდის ასახვა, რის გამოც მგზავრებს გადახდა მეორედაც უწევთ. „მთელი თვითმფრინავი ყვიროდა. მაინც ყველას მოუწია გადახდა ხელმეორედ“, - წერს კიდევ ერთი მგზავრი.

ცალკე პრობლემებია დამატებით შეკვეთილ კვებასა და სასმელებთან დაკავშირებით. მგზავრები ამბობენ, რომ შეკვეთილი სენდვიჩებისა და ჩაის გარეშე დარჩნენ, ხოლო ფული უკან არავინ დაუბრუნა.

"ეს ბოლოა", "აღარ ვისარგებლებ ამ ავიაკომპანიის მომსახურებით", "არ გირჩევთ", - წერენ მგზავრები "აზიმუტის" შესახებ. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ კომპანია "აზიმუტის "მონოპოლისტური საქმიანობა" მათ ხშირად სხვა არჩევანს არ უტოვებს.

და უსაფრთხოა?

სხვადასხვა წყაროს ცნობით - კომპანია კუთვნილი 19 თვითმფრინავისთვის, ძირითადად - რუსული წარმოების „სუპერჯეტ 100-სუხოისთვის“ (Sukhoi SuperJet 100) ევროპაში წარმოებულ დეტალებს იყენებს, რომელთა მიღებაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრობლემაა.

მარტში იყო ცნობები, რომ „SuperJet 100“-ები შესაძლოა ძრავის აალების სანთლების გარეშე დარჩნენ. რუსეთისთვის საამაყო ამ „სუპერჯეტებს“ ძრავები რუსულ-ფრანგული წარმოების აქვთ, ხოლო უშუალოდ აალების სანთლები - ამერიკული და სანქციების შესაბამისად - ხელმიუწვდომელია. სანთლების გამოცვლა კი, ყოველი 1000 აფრენის შემდეგ არის აუცილებელი.

რუსული წყაროების თანახმად, 2021 წლიდან, „აზიმუტი“ კიდევ რამდენიმე ათეული თვითმფრინავის შესყიდვას გეგმავდა, მაგრამ სანქციებმა შეუშალა ხელი.

„აზიმუტს“ არ ჰყავს „ბოინგები“ და „აერობუსები“. გეგმით, პირველი „აერობუსი“ (A220) თითქოს 2022 წელს უნდა მიეღოთ, ხოლო 2024 წლის ბოლომდე პარკი 6 ასეთი თვითმფრინავით უნდა შეევსოთ, მაგრამ გეგმა ჩაიშალა - ისევ სანქციების გამო. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ამერიკულმა კომპანიამ მათ წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უცხოურმა კომპანიებმა უარი თქვეს მისთვის ახალი „აერობუსებისა“ და „ბოინგების“ მიწოდებაზე. პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა უკან აღარ დააბრუნა უცხოური კომპანიებისგან ლიზინგით აღებული 595 თვითმფრინავი.

„აზიმუტი“ საქართველოში „SuperJet 100“-ით აპირებს ფრენას.

ბოლო დღეებში ბევრმა გაიხსენა 2019 წლის 5 მაისი, როცა მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში, ავიაკატასტროფამ 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ერთი წლის შემდეგ, პილოტმა, ერთადერთ დამნაშავედ ცნობილმა დენის ევდოკიმოვმა, რუსეთის მედიას უთხრა, რომ მომხდარი მხოლოდ თვითმფრინავის გაუმართაობის ბრალი იყო, რადგან ინჟინრებმა თავიდანვე არ გაითვალისწინეს ჯერ კიდევ 2018 წელს, საცდელი ფრენებისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომ თვითმფრინავის შასი - აზიანებდა საწვავის ავზის კედელს და ხანძრის საშიშროებას სწორედ საწვავის დაღვრა ქმნიდა.

დამწვარი თვითმფრინავი „SuperJet 100“- რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტს“ ეკუთვნოდა. 2019 წლის 5 მაისს, თვითმფრინავი მოსკოვიდან მურმანსკისკენ მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა კვლავ მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში.

ვისია "აზიმუტი"?

ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკომპანია „აზიმუტის“ 25%-ს „განვითარების რეგიონალური კორპორაცია“ ფლობს, რომელიც, რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, თავის მხრივ - მთლიანად როსტოვის ოლქის ხელისუფლებას ეკუთვნის.

ავიაკომპანიის 37.46%-იანი წილი კომპანია «Юнокс»-ის საკუთრებაშია, რომელიც რუსული წყაროების თანახმად - ვნუკოვოს აეროპორტის წილის 10%-ზე მეტს ფლობს. „აზიმუტის“ 70%-ს რუსი ბიზნესმენი პაველ უდოდი ფლობს.

„აზიმუტის“ წმინდა მოგება 2022 წელს 6-ჯერ (3.8 მილიარდ რუბლამდე) გაიზარდა.

პაველ უდოდი და ასევე, „აზიმუტის“ გენერალური დირექტორი - პაველ ეკჟანოვი სანქცირებულთა სიაში იძებნებიან. უკრაინის მთავრობის ვებსაიტ sanctions.nazk.gov.ua-ზე გამოქვეყნებულ რეესტრში ისინი მოხსენიებული არიან როგორც იმ რუსული კომპანიის ხელმძღვანელი პირები, „რომელიც უზრუნველყოფს იმ ქმედებების მატერიალურ (სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და სხვა) მხარდაჭერას, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

როგორ იყიდება ბილეთები?

„აზიმუტი“ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად მიიჩნევა. თუმცა მოსკოვსა და თბილისს შორის მგზავრობა არც ისე იაფია.

თბილისი-მოსკოვის რეისზე ერთი გზის მინიმალური საფასური მაისის განრიგში - 17 458 რუბლს (550 ლარი) შეადგენს და 63 933 რუბლამდე (2022 ლარი) მერყეობს. ივნისის განრიგში კი - მინიმალური ფასი 20 838 რუბლია (660 ლარი).

„აზიმუტის“ ყველაზე მსხვილი მეწილე და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პაველ უდოდი ბილეთებზე ფასების კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს და რუსულ მედიას ეუბნება, რომ ახლა მგზავრებს შედარებით ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობენ, რათა უკეთესად მიიზიდონ და შემდეგ ბაზარს დააკვირდებიან.

უდოდის ინფორმაციით, ბილეთები ნორმალურად იყიდება, მაგრამ - „აჟიოტაჟის გარეშე“. 16 მაისს დღის პირველ ნახევარში, მოსკოვი - თბილისის პირველ რეისზე 40 ბილეთი იყო გაყიდული; თბილისი-მოსკოვის რეისზე კი - 30 ბილეთი.

რუსულ „SuperJet 100“-ში სულ 100-103 მგზავრის ადგილია. „აზიმუტი“ ვარაუდობს, რომ დატვირთვა თითოეულ რეისზე 90% იქნება და მოსკოვსა და თბილისს შორის (ორ გზაზე) კვირაში დაახლოებით 1300 მგზავრს გადაიყვანენ.

„აზიმუტი“, რომლის 25% რუსეთის ხელისუფლების მფლობელობაშია, საქართველოში ფრენას იმდენად ესწრაფვის, რომ ქვეყნების ჩამონათვალში მანამდე შეყვანილი ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი ამ სიიდან მალევე გააქრო მას შემდეგ, რაც ამ ამბავს საქართველოში ხმაური მოჰყვა.

მოსკოვის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ სიიდან ამოღებას კი ხმაური მოჰყვა რუსეთში. დუმაში „აზიმუტისთვის“ ლიცენზიის გაუქმებაც მოითხოვეს.

„აზიმუტის“ ავიამიმართულებების ნუსხაში რჩება უკრაინული ქალაქი სიმფეროპოლი, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან. თუმცა, საძიებო სისტემის თანახმად, ამ ეტაპზე ფრენები შეჩერებულია.

2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა „აზიმუტს“ 15 მაისს მისცა; ხოლო 16 მაისს მსგავსი ნებართვა გაიცა „საქართველოს ავიახაზებისთვის“ (Georgian Airways), რომელიც კვირაში ასევე 7 რეისის შესრულებას გეგმავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG