"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციად მიიჩნევს ოპონენტების მღელვარებას რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნის გამო და სპეკულანტებს უწოდებს ყველას, ვინც "ცდილობს ამ თემაზე რაღაცნაირი აჟიოტაჟის შექმნას."
კობახიძეს დღეს პარლამენტში ჟურნალისტებმა ჰკითხეს კომპანია "აზიმუტზე", რომელიც საქართველოში პირდაპირ ფრენებს იწყებს და რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, ცალკე სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული ვებსაიტზე. კობახიძემ თქვა, რომ რუსული კომპანიის მხრიდან "მნიშვნელოვანი ჟესტია ამ ჩანაწერების ამოღება ვებგვერდიდან." ავიაკომპანიამ საიტზე ოკუპირებული "ქვეყნები", აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი", მას შემდეგ ამოიღო მიმართულებების სიიდან, რაც გუშინ, 15 მაისს, ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა პოსტების გამოქვეყნება დაიწყეს.
“თავისთავად, ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, ის, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან. სპეკულაციისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნან ამ თემის გამო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები. ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც სპეკულირების არანაირი საბაბი არ არსებობს. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს ეს ადამიანები სპეკულირებენ. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები სპეკულანტები არიან და სახელმწიფოს მტრები. მაშინდელი პრეზიდენტი თავს იწონებდა ამით, პირდაპირ ლარსზე მიდიოდა და პირადად ხვდებოდა, მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში", - თქვა ირაკლი კობახიძემ ამ კითხვის პასუხად.
ირაკლი კობახიძეს ასევე ჰკითხეს, საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებების ფონზე, რამდენად სწორია საქართველოს გადაწყვეტილება, ნება მისცეს რუსულ კომპანიებს საქართველოში ფრენაზე.
"ჩვენ მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მოხდეს აქ სანქცირებული ფრენების მიღება. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ თავიდან ბოლომდე ვითვალისწინებთ და, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავები, ბორტები, კომპანიები არ იქნება მიღებული საქართველოში. ეს იქნება თავიდან ბოლომდე გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა იქნება შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც არის დღეს საერთაშორისო დონეზე დამტკიცებული. აქედან გამომდინარე, სპეკულირებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან არიან სპეკულანტები", - თქვა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას რუსეთიდან პირველი რეისის შესრულების დროს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. საუბარია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ 19 მაისისთვის დაანონსებულ აქციაზე. ამ კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს კიდევ ერთხელ უწოდა სპეკულანტები.
"თქვენ ახსენეთ ვაშაძე და ხოშტარია. მე შეგახსენებთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსული ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად. ისინი არიან უბრალო სპეკულანტები. სადაც სპეკულაციების არანაირი საბაბიც კი არ არსებობს, იქაც კი სპეკულანტობენ", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
დღეს, 16 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება აქცია სახელწოდებით: „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პირველი ავიაკომპანია, რომელიც თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით იფრენს, არის „აზიმუტი" (Azimuth Airlines).
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი" (Azimuth Airlines) 17 მაისიდან კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, 10 მაისს, შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.