Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დროა“ 19 მაისს რუსეთიდან ავიარეისს აეროპორტში გააპროტესტებს


ელენე ხოშტარია, პარტია "დროას" ლიდერი
ელენე ხოშტარია, პარტია "დროას" ლიდერი

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსეთიდან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები „არის მორიგი ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე საფრთხის შექმნა კანდიდატის სტატუსისთვის“. ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 19 მაისს აეროპორტში გააპროტესტებენ რუსეთიდან შესრულებულ პირველ რეისს.

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინას და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე. ამიტომ ეს თვითმფრინავი კომფორტულად აქ ვერ ჩამოფრინდება, მშვიდად ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და უნდა ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. ამიტომ, 19 რიცხვში, როდესაც დანიშნულია პირველი რეისი, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, მაგრამ ჩვენ რუსეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოში ტაშით არ ხვდებიან ამ თვითმფრინავს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს, 16 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება აქცია სახელწოდებით: „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ.“

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პირველი ავიაკომპანია, რომელიც თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით იფრენს, არის „აზიმუტი" (Azimuth Airlines).

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი" (Azimuth Airlines) 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, 10 მაისს, შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

XS
SM
MD
LG