Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკომპანიებს რუსეთიდან ფრენების დაწყება საქართველოს სამივე აეროპორტში უნდათ


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა არა მარტო რუსულმა, ასევე ქართულმა კომპანიამაც. მან მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა, რომ კომპანიებს ფრენების დაწყება უნდათ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან.

"დღეისათვის მოთხოვნაა როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით - ამ სამივე აეროპორტიდან როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან... დღის ბოლომდე დავასრულებთ დოკუმენტების შესწავლას", - აღნიშნა მან.

მოგვიანებით მინისტრმა დააზუსტა, რომ განაცხადები შესულია სამი რუსული და ერთი ქართული კომპანიისგან, თუმცა მათი სახელები მედიისთვის არ უთქვამს.

"არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული ამ ქვეყნის ბაზარზე - ჩვენ, როგორც სანქცირებულ კომპანიებს, გამოვრიცხავთ, ევროკავშირს აქვს სია, ე.წ. შავი სია. ასევე კონკრეტული მწარმოებელი კომპანიების სანქციებია ("ბოინგი", "ეარბასი"), რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება... ბორტები, რომელსაც არ აქვს წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებაზე და სერვისზე, რა თქმა უნდა, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ... ჩვენ ყველა იმ კომპანიას, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საშუალებას მივცემთ განაახლონ ფრენები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მანვე დასძინა, რომ რუსეთში ფრენების დაწყების შემთხვევაში ქართულ კომპანიას სანქცირება არ ემუქრება. მისივე თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველო ტურიზმიდან დამატებით 400 მილიონამდე შემოსავალს მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ, 10 მაისიდან, ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა. ჯერ არ არის ცნობილი, რომელი ავიაკომპანიები შეასრულებენ ამ რეისს. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან, 15 მაისიდან, მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG