Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჩემოდნებს ალაგებენ, საქართველოს პარტნიორები აფრთხილებენ


რუსეთში იმედი აქვთ, რომ პირდაპირი რეისები მომავალი კვირიდან განახლდება. რუსი ტუროპერატორები მოუთმენლად ელოდებიან ბილეთების გამოჩენას ჯავშნების საერთო სისტემაში. 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი რუსული ავიაკომპანიები, რა პირობებით და რამდენად უსაფრთხოდ დაიწყებენ ფრენას საქართველოში.

2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ "ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის" და "პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან, რუსეთის ჯარი გაიყვანოს".

ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში"

"ქართული ოცნება" მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

მზადება რუსეთში

„რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყება შემდეგი კვირიდან იგეგმება“, - წერს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. კონკრეტული კომპანიები ჯერ არ დასახელებულა, თუმცა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში გაიმეორეს, რომ მიმდინარეობს აქტიური მზადება კვირაში 7 რეისის (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) შესასრულებლად და მხოლოდ „სამამულო წარმოების თვითმფრინავებით“.

იმისათვის, რომ ფრენები განახლდეს, ორი ქვეყნის ნებართვების გარდა, საჭიროა მრავალი ლოგისტიკური საკითხის შეთანხმება, მათ შორის - სიხშირეებთან დაკავშირებით, რაც ქართული მხარის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ზოგ ექსპერტს საეჭვოდ მიაჩნია, რომ ყველაფერი ეს მომავალი კვირისთვის მოესწროს.

11 მაისს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დამატებითი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. 10 მაისის მდგომარეობით კი, როგორც მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რუსული კომპანიებისთვის ნებართვების გაცემა არ იყო დაწყებული. „ამ ეტაპისთვის, არ გვაქვს მომართვა არც ერთი ავიაკომპანიის მხრიდან“, - თქვა მან.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოშიც დაუდასტურეს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა 10 მაისს განაცხადა, რომ ფრენას შეძლებს „ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას“.

ამასობაში, კლიენტებისთვის ახალი ტურისტული პაკეტების შესათავაზებლად უკვე ემზადებიან რუსული ტურისტული სააგენტოები, რომლებიც, წლევანდელი ზაფხულის მიმართულებებს შორის, საქართველოს პირველობას უწინასწარმეტყველებენ.

კომპანია „MAYEL Travel“-ში რუს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ [საჰაერო თუ სახმელეთო გზით] საქართველოს წელს 1.5-დან 3 მილიონამდე რუსი ტურისტი მოინახულებს, რადგან „ბევრი ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის დახურულია“, ხოლო „თურქეთში დასვენება გაძვირდა“. ამ კომპანიაში ვარაუდობენ, რომ პირდაპირი ფრენები ივნისის შუა რიცხვებში განახლდება.

თუმცა რუსებს საქართველოსკენ იაფად მგზავრობის იმედებს ვერ აძლევენ რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირში. ვიცე-პრეზიდენტი, დმიტრი დორინი რუს ჟურნალისტებს ეუბნება, რომ რუსული თვითმფრინავი „მაქსიმუმ 100 ადამიანს იტევს“ და „მოსალოდნელი მაღალი მოთხოვნის“ გამო, ბილეთების გაიაფებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ამ გათვლით, კვირაში [თუკი 7 რეისი იქნება] მხოლოდ 700 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი, რაც საქართველოს ტურისტული ბაზრისთვის, ჯამში, შთამბეჭდავი არ არის.

დორინს ბილეთების გაიაფების ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია ჩარტერული რეისების დამატება. „ახლა ლაპარაკია მხოლოდ რეგულარულ რეისებზე და ისიც განსაზღვრული კვოტით, მაგრამ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების საკითხია“, - ამბობს ის „რია ნოვოსტისთან“.

საავიაციო ოპერატორი კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მგზავრების გადაყვანის შეზღუდული რესურსის გათვალისწინებით, საჰაერო გზით რუსი ტურისტების რიცხვი ისე არ გაიზრდება, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება მოუტანოს ქვეყანას. ექსპერტი მეტ რისკს ხედავს, ვიდრე სარგებელს.

„მთავარი ნაკადი ალბათ ისევ სახმელეთო გზით გავა და შემოვა ქვეყნებს შორის. ეს გაზრდის მცირე ბიზნესის სავაჭრო კავშირებს. მაგრამ, ზოგადად - ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის უკონტროლო ნაღდი ფულის ტრეფიკს და საქართველოს ტრანზიტული როლის რისკებს, მათ შორის კონტრაბანდული და სანქცირებული ტვირთების გადაზიდვაში“, - ეუბნება ასათაშვილი რადიო თავისუფლებას.

გაფრთხილება

საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი ფრენების განახლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ყოფას შეუმსუბუქებს "რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველს". როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რუსეთის სტატისტიკურ სამსახურს [რომლის მაჩვენებლიც დაახლოებით 150 ათასს შეადგენს] მხოლოდ ის ადამიანები ჰყავს აღრიცხული, "ვინც საკუთარ თავს აცხადებენ ქართველებად". კობახიძე ვარაუდობს, რომ დანარჩენები ქართველობას შიშით მალავენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ სრულად ჩაკეტა ცა რუსული ავიაკომპანიებისთვის.
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში კი, რუსეთისთვის თვითმფრინავებისა და საავიაციო ნაწილების მიყიდვა აიკრძალა. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ავიაკომპანიები იძულებულნი არიან, თავიანთი ავიაპარკის ნაწილი დაშალონ სათადარიგო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, ევროპიდან, მხოლოდ სერბეთსა და თურქეთს აქვთ, რომლთა ხელისუფლებები კიდევ ბევრ საკითხში უწევენ ანგარიშს პუტინის ხელისუფლებას.

თურქეთისა და სერბეთის გარდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს, არიან: უზბეკეთი, ბელარუსი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტუნისი, აზერბაიჯანი, ისრაელი, ეგვიპტე, კატარი, ბაჰრეინი, ირანი, ვენესუელა, ერაყი, ჩინეთი, ალჟირი, ავღანეთი, მონღოლეთი და იორდანია.

„ჩვენ ავკრძალეთ ფრენები რუსეთში, რუსეთიდან და რუსეთის გავლით... ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში. ასევე შეინარჩუნოს სიფხიზლე არსებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, განსაკუთრებით, ავიაციის სექტორში", - თქვა 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადებების თანახმად კი, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.

რამდენად უსაფრთხოა?

როგორც რუსეთის მხარე აცხადებს, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს მხოლოდ რუსული წარმოების თვითმფრინავები შეასრულებენ.

დღეს ყველაზე სანდო რუსული ავიაკომპანიების სიაში „აეროფლოტი“ ლიდერობს, რომელიც ფრენების აკრძალვამდე ასრულებდა რეისებს საქართველოში. თუმცა „აეროფლოტსა“ და სხვა კიდევ 20 რუსულ ავიაკომპანიას ვხვდებით ევროკომისიის მიერ 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებულ „შავ სიაში“, რომელიც სარისკო, არაუსაფრთხო ავიაკომპანიებს აერთიანებს. მათ აეკრძალათ ფრენა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში და ასევე - ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებით სარგებლობა.

2022 წლის მაისში - „აეროფლოტი“ დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ამ ჩამონათვალშია ასევე რუსული ავიაკომპანიები - „როსია“ და „ურალის ავიახაზები“,

2019 წლის 8 ივლისამდე, ვიდრე პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა, საქართველოში 6 რუსული კომპანია დაფრინავდა: „აეროფლოტი“, „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.

2023 წლის აპრილში „აეროფლოტს“ ისე გაუჭირდა, რომ თავის ისტორიაში პირველად, თვითმფრინავების გარემონტება ირანში გადაწყვიტა. სანქციების გამო, რუსეთს უარი უთხრა - ჰონკგონგურმა კომპანიამაც (HAECO), რომლის სიმძლავრეებსაც მანამდე იყენებდა.

„აეროფლოტის“ მიერ 1 აპრილს განახლებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კომპანია ამ ეტაპზე ფლობს 179 თვითმფრინავს - „აეობუსებსა“ და „ბოინგებში“ ერთადერთი რუსული წარმოების მცირე ზომის თვითმფრინავია - „სუპერჯეტ 100 - სუხოი“ (Sukhoi SuperJet 100), რომელიც საბჭოთა პილოტის ევგენი ბარაბაშის სახელს ატარებს.

მარტში იუწყებოდნენ, რომ ამ კლასის თვითმფრინავები ძრავის აალების სანთლების დეფიციტის წინაშე დადგნენ. რუსეთისთვის საამაყო ამ „სუპერჯეტებს“ ძრავები რუსულ-ფრანგული წარმოების აქვთ, ხოლო უშუალოდ აალების სანთლები - ამერიკული წარმოების და სანქციების შესაბამისად - ხელმიუწვდომელია. სანთლების გამოცვლა კი, ყოველი 1000 აფრენის შემდეგ არის აუცილებელი.

სანთლების დეფიციტმა ყველაზე მეტად ავიკომპანია „როსია“ შეაწუხა, რომლის სათვალავზეც 80-მდე ასეთი რეგიონალური „სუპერჯეტია“. ავიაკომპანია „როსია“ ყველაზე ცუდი კომპანიების ჩამონათვალში იძებნება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უცხოურმა კომპანიებმა უარი თქვეს მისთვის ახალი „აერობუსებისა“ და „ბოინგების“ მიწოდებაზე. პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა უკან აღარ დააბრუნა უცხოური კომპანიებისგან ლიზინგით აღებული 595 თვითმფრინავი.

ასეთ პირობებში, Sukhoi Superjet-ი იმ ტრანსპორტად რჩებოდა, რომლითაც რუსული ავიაკომპანიები საზღვარგარეთ დაფრინავდნენ.

არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც პროფესიონალების სახიფათო ნაკლებობას უკავშირდება.

2022 წლის სექტემბერში, როდესაც რუსეთში „ნაწილობრივი“ სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, როგორც იუწყებოდნენ, სამხედრო კომისარიატიდან უწყებები სხვებზე ადრე და მასობრივად, ერთ დღეში, რუსეთის ავიაკომპანიებისა და აეროპორტების თანამშრომლებმა მიიღეს, რადგან „მათთვის სამოქალაქო სამუშაო მაინც არ იყო“.

მასშტაბური მობილიზაციის ფონზე, პროფესიონალების მზარდი დანაკლისის გამო, ექსპერტები ხშირად ლაპარაკობენ უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების მზარდ რისკებზე.​

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG