ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო გამოეხმაურა კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასა და ფრენების აღდგენაზე.
11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მან მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში."
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ მხედველობაში რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყანამ სანქციები დაუწესეს რუსულ ავიაციის სექტორს - ჩვენ ავკრძალეთ ფრენები რუსეთში, რუსეთიდან და რუსეთის გავლით.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში. ასევე შეინარჩუნოს სიფხიზლე არსებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, განსაკუთრებით, ავიაციის სექტორში".
პიტერ სტანომ ასევე ისაუბრა უსაფრთხოების პრობლემებზე, რომლებიც რუსულ თვითმფრინავებს აქვთ, დღეს დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე:
"უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე.
სანქციების გამო რუსული საჰაერო ფლოტის 95%-ს არ შეუძლია თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია".
რაც შეეხება რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის თემას, ამაზე პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, ისარგებლებენ თუ არა ამით.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. "ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ წერილობით კომენტარში ნათქვამია, რომ რუსეთს, რომელსაც იგი სასტიკ რეჟიმად მოიხსენიებს, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა.
"ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
სანქციებს აღსრულებასთან დაკავშირებით დღეს, 11 მაისს კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, წელიწადზე მეტია, ვრცელდება "ყალბი ინფორმაციები" და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, თუმცა არ დადებულა სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.
"ჩვენ არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა. არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამავე დროს, ჩვენ მოსმენილი გვაქვს, როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი შემთხვევა საქართველოში, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო - არ მომხდარა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.
- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.