Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ფრენები ვაჭრობის ნაწილია... EU-სგან ომის დროს $270 მილიარდი შეუვიდა რუსეთს


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზოდ ჩასვლის შესაძლებლობის გაჩენას. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ეს შეზღუდვები მოხსნა.

"რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობა. ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებდნენ.

როცა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ და მანამდეც ბევრი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ ქმედება არ მოჰყოლია, ბუნებრივია, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, გავაანალიზეთ და ვთქვით: ფრენები არის, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი.

ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის, დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარი, მაქსიმუმ. რა ხდება ევროპის შემთხვევაში?!. რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში - ევროკავშირი, [რომელმაც] არ მოიწონა ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან... შარშან 270 მილიარდი დოლარი, თითქმის 300 მილიარდი დოლარი, შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს, ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით ევროკავშირიდან..." - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკით ხელმძღვანელობს.

"2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას - ეს არის სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა. ეს პოლიტიკა - სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა - მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე...

ვაჭრობა ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ, თუ ნამდვილად არიან ჩვენი მეგობრები და თუ მართლაც სხვა განზრახვა და სხვა მიზანი არ აქვთ", - აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ახსენა 2008 წლის აგვისტოს ომიც:

"მე შემთხვევით არ მომიყვანია ის ფაქტი, რაც წეღან ვთქვი. აგვისტოს ომის შემდეგ 2,5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა EU-მ რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც. შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ. შარშანაც ჰქონდათ, შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ. ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო? თუ ხალხი არ ვართ, თუ ჩვენ არ გვინდა არსებობა და განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა?"

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG