Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო უწყება „ეშმაკთან გარიგებას“ უწოდებს საქართველოსთან მიმართებით პუტინის გადაწყვეტილებას


ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს ფრენები საქართველოში და გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ერთგვარი მადლიერებაა მოსკოვისგან საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს და შეანელა სვლა ევროკავშირისკენ.

"ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, გააუქმოს რუსეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგინოს საჰაერო მიმოსვლა, მივიჩნევთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი პოლიტიკურ კომპენსაციად, უკრაინაზე თავდასხმის შედეგად რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებზე უარის თქმისა და ასევე ევროპული ინტეგრაციის შენელების გამო.... რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს. ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ოლეჰ ნიკოლენკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინელი მოხელის თქმით, ნორმალიზაციის ეს კურსი მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, მცოცავ "ბორდერიზაციას" და სადემარკაციო ხაზთან ადამიანების გატაცებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მოახდინოს რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზება ევროკავშირის პოლიტიკასთან და ასევე შემდგომში თავი შეიკავოს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლის უარმყოფელი ქმედებებისგან.

10 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, რომელიც 2019 წლის ივნისში იყო მიღებული.

რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა კიდევ ერთი ბრძანებულება, რომლითაც 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

პუტინის ამ ნაბიჯის პასუხად ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, "რომ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში. ასევე შეინარჩუნოს სიფხიზლე არსებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, განსაკუთრებით, ავიაციის სექტორში", - განაცხადა 10 მაისს ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

XS
SM
MD
LG