ოლეჰ ნიკოლენკო, უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს ტვიტერზე გამოეხმაურა. მან ქართულად დაწერა, რომ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის.
„მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.
- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.