Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს - სტანო რუსეთთან ფრენების აღდგენაზე


პიტერ სტანო, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი
პიტერ სტანო, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირში "შეშფოთებას იწვევს" რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება.

"წუხილს გამოვთქვამთ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასულ კვირას ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტა...

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება [ფრენების აღდგენაზე] შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისა და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული" , - თქვა პიტერ სტანომ ბრიფინგზე.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მცირდება საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

"სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების შარშანაც დაბალი მაჩვენებელი 44%-დან წელს, ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე შემცირდა", - შენიშნავს სტანო და ისევ იმეორებს, რომ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სერიოზული შეშფოთება გამოხატა რუსეთის თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხს პიტერ სტანო გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზეც გამოეხმაურა. მან მაშინ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში." მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე.

  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
  • რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
  • 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG