საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. სააგენტომ ფრენებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას დღეს, 15 მაისს, მისცა. მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი შესრულდება 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებული არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ის საჰაერო ხომალდი, რომლებსაც მწარმოებლის მიერ შეჩერებული აქვთ მხარდაჭერა, არ იფრენენ საქართველოს მიმართულებით.
როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Azimuth Airlines-ი გარდა, ოთხი ავიაკომპანიის (მათ შორის არის ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი") განაცხადია შესული. მისი თქმით, არსებობს განაცხადები, რომლებიც გულისხმობენ ნებართვების მიღებას როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან პირდაპირი ავიარეისებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, 10 მაისს, შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან, 15 მაისიდან, მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.
- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.