Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ - თბილისში აქცია მიმდინარეობს


თბილისი. აქცია პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან
თბილისი. აქცია პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოს პარლამენტის უკან შეკრებილმა პოლიტიკური პარტიების და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერი - „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ.“

დაჩი ნატროშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, განაცხადა: „საქართველოს მოქალაქეები ვართ ღირსეული ადამიანები და ჩვენს თავმოყვარეობას არავის არ შევალახვინებთ".

პარტია „დროას" წევრმა შუშანა მაცაბერიძემ თქვა: „მანამ, სანამ საჭირო იქნება ამის გაკეთება, გავაგონებთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი ირჩევს დასავლეთს".

აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს „ჯორჯიან ეარვეისის" ოფისთან. სწორედ ეს ავიაკომპანია იწყებს 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენებს.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია - „ცალმხრივი ბილეთი მოსკოვში ივანიშვილის რეჟიმს” - გაიმართა „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით. მათ ქაღალდის თვითმფრინავები მიიტანეს.

„ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა: „ეს ხელისუფლება ეხმარება საქართველოს მტერს, რომ მარტოები დავრჩეთ მათ წინაშე. ეს ამბავი არის მხოლოდ მაგისთვის. დანარჩენი ყველაფერი არის მხოლოდ პროპაგანდა, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი მაინც დააბნიოს, რომ ვითომ ზრუნავენ მოქალაქეებზე".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG