Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის დეპუტატი მოითხოვს „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას


კომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი
კომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი

რუსეთის დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავს, გადაამოწმონ ინფორმაცია ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ის პროკურატურას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს კი მიმართავს, შეუჩეროს ლიცენზია „აზიმუტს“.

„გთხოვთ შეამოწმოთ "აზიმუტის" გადაწყვეტილების რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა“, - წერს ზურაბ მაკიევი. მისი თქმით, "შემოსავლების გაზრდის მსურველი კომპანიის" ქმედებამ შესაძლოა, გააჩინოს უარყოფითი პრეცედენტი და „ხვალ კომერციული სარგებლის მიღების გამო, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ამოიღონ ყირიმი, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები“, - მიმართავს დუმის დეპუტატი რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს.

ზურაბ მაკიევი თბილისში დაიბადა, ის რუსეთის დუმაში პარტია "ედინაია როსიას" და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას წარმოადგენს.

მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა" (Azimuth Airlines) რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი - ქვეყნების სიიდან ამოიღო.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი" (Azimuth Airlines) 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, 10 მაისს, შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG