Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, ოქტომბრისთვის ემზადება - რატომ აქებს დასავლეთი კიშინიოვს და აკრიტიკებს თბილისს?


მაია სანდუ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე კიშინიოვში - 2024 წლის მაისი.
მაია სანდუ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე კიშინიოვში - 2024 წლის მაისი.

20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეფერენდუმი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაწყებული აქვს - რუსეთის მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიისა და პრორუსული ჯგუფების ძირგამომთხრელ საქმიანობას უსწორებს თვალს.

23 ივლისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვის ხელისუფლებას საგარეო- პოლიტიკური კურსი და რეფორმების გზაზე გადადგმული ნაბიჯები მოუწონეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ კონგრესის რეაქციები საქართველოს მიმართ სხვაგვარ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რადგან არავის უხსენებია, რომ მოლდოვაში „პრაქტიკულად, აღარ არსებობს პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი“ და არავინ მიაქცია ყურადღება ფაქტს, რომ „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა 10-მდე ტელევიზია“.

არჩევნები და "საკვანძო პრიორიტეტი"

2024 წლის 20 ოქტომბერს ექსპერტები ისტორიული მნიშვნელობის თარიღად თვლიან. 2.5-მილიონიან მოლდოვაში ხალხმა არჩევანი კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს პრორუსულ და პროდასავლურ მმართველობას შორის და ასევე უნდა უპასუხოს შეკითხვას - სურს თუ არა გაწევრიანება ევროკავშირში.

„ქვეყნის შიგნით ჩვენი დაყოფის მრავალი მცდელობაა, ცდილობენ დაამახინჯონ ჩვენი მიზნების სურათი. ეს რეფერენდუმი წარმოადგენს კიდევ ერთ დემოკრატიულ ღონისძიებას, რომელიც მოლდოველ ხალხს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს“, - უთხრა რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს, 12 ივლისს, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ.

მინისტრი განმარტავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოლდოვის ხელისუფლება „საკვანძო პრიორიტეტად“ ხედავს და სჯერა, რომ ხალხი ხმას მისცემს „აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს შვილებისთვის, ევროპულ ოჯახში“.

მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის ქვეყანაა, თუმცა ბოლო პერიოდში გაააქტიურა ურთიერთობები ნატოსთან. მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის [დსთ] წევრია, მაგრამ კიშინიოვი თანდათან ემიჯნება რუსეთის ამ გაერთიანების ფარგლებში მოქმედ ხელშეკრულებებს, რასაც, სავარაუდოდ, დსთ-დან გამოსვლა უნდა მოჰყვეს.

პროდასავლურ ძალებს მოლდოვაში მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვა უწევთ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ანტიდასავლური და პრორუსული განწყობისაა. თუმცა მკაფიოდ პროდასავლელი პრეზიდენტის მაია სანდუს მმართველობის დროს მოლდოვამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ ევროკავშირის გზაზე - 2022 წლის ივნისში, უკრაინასთან ერთად - წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ახლახან, გაწევრიანების მოლაპარაკებებიც დაიწყო.

20 ოქტომბრის არჩევნებზე პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ვადით იყრის კენჭს. პრეზიდენტობის მსურველთა სია კიდევ არაერთ კანდიდატს მოიცავს; მათ შორის არიან:

  • ირინა ვლაჰი - პლატფორმა „მოლდოვის“ ლიდერი, გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ყოფილი მმართველი;
  • ტუდორ ულიანოვსკი - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი;
  • ანდრეი ნესტასე - პარტიის „ღირსების პლატფორმა და სიმართლე“ ყოფილი ლიდერი;
  • ნატალია მორარი - ჟურნალისტი;
  • ვლად ფილატი - ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
  • იონ კიკუ - პარტიის „მოლდოვის განვითარება და გაერთიანება“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
  • რენატო უსატი - „ჩვენი პარტიის“ ლიდერი;
  • ალექსანდრ სტოიანოღლუ - ყოფილი გენპროკურორი.

ექსპერტები შენიშნავენ, რომ, მცირედი გამონაკლისის გარდა, სანდუს ძირითადი კონკურენტები პრორუსი პოლიტიკოსები არიან.

მოლდოვის სოციალისტური პარტიის ლიდერმა, მკვეთრად პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას და მხარს დაუჭერს ალექსანდრ სტოიანოღლუს კანდიდატურას.

მკაფიოდ პრორუსული ორიენტაციის კანდიდატად მიიჩნევა გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ყოფილი მმართველი, ირინა ვლაჰი, რომელმაც აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო და მწვავედ უპირისპირდება მაია სანდუს.

ვლაჰის ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება - მშვიდობის დამყარებაა.

„ამ კამპანიაში ვმონაწილეობ მკაფიო ვალდებულებით: მოლდოვის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი გახდება მშვიდობის გარანტი და როცა მშვიდობას არაფერი დაემუქრება, ერთიმეორეზე მიყოლებით, ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა სერიოზულ პრობლემას დავძლევთ“, - საპრეზიდენტო კანდიდატის, ირინა ვლაჰის სიტყვებს Newsmaker-ი ციტირებს.

როდესაც ვლაჰი გაგაუზიის მმართველად იყრიდა კენჭს, 2015 წელს, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მას მოსკოვი უჭერდა მხარს. ის ღიად არ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ომის დასაწყისში კომპრომისების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა. მედიამ შენიშნა, რომ კანდიდატი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავიდა მოსკოვში.

ირინა ვლაჰი მოუწოდებს თავის ამომრჩევლებს, რომ, რეფერენდუმზე, „არა“ უპასუხონ ევროკავშირში გაწევრიანებას.

დეზინფორმაციის მარწუხებში

„ვხედავთ რუსების მკაფიო მოქმედებებს, მიმართულს მოახლოებული არჩევნებისა და რეფერენდუმის ძირის გამოსათხრელად. ისინი იყენებენ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ქსელებს, რათა მოლდოველებს წაართვან უფლება - აირჩიონ თავიანთი მომავალი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კრისტოფერ სმითმა 23 ივლისს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე - რომელიც მოლდოვასა და საქართველოს შეეხებოდა.

სმითი განმარტავს, რომ დეზინფორმაციულ კამპანიას რუსი ოლიგარქები აფინანსებენ და, რომ ეს ძალები ამომრჩევლებს რუსეთთან ომში ჩართვით აშინებენ.

„მესიჯი - ომი იქნება - რასაც საქართველოში „ქართული ოცნება“ იმეორებს, მოლდოვაშიც აქტიურად გამოიყენება - პრორუსული ძალების მიერ. ეს მესიჯი არაფერზეა დაფუძნებული და არგუმენტაცია არ გააჩნია. არავის უნდა მოლდოვაში ომი და ხალხის ხოცვა. ეს თავის ტკივილი არავის ინტერესში არ შედის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი მოლდოვის საკითხებში, მამუკა ჟღენტი - ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში.

ჟღენტი განმარტავს, რომ ომის რეალურ საფრთხეს მოლდოვაში პრორუსული ძალების გამარჯვება უფრო შექმნის, რადგან რუსეთის ღია მხარდაჭერის პირობებში - შესაძლებელია მოლდოვის ოკუპირებული რეგიონიდან - დნესტრისპირეთიდან [რომელიც უკრაინას ესაზღვრება] - რუსმა სამხედროებმა [დაახლოებით - 1000 სამხედრო] უკრაინას დაარტყან, რა შემთხვევაშიც - უკრაინისთვის მოლდოვის ტერიტორია ლეგიტიმური სამიზნე გახდება და ეს გამოიწვევს ომს.

თუმცა მამუკა ჟღენტი, სხვა მრავალი ექსპერტის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ გაიმარჯვებს - „შესაძლოა მეორე ტური გახდეს საჭირო, მაგრამ გაიმარჯვებს აუცილებლად“.

IRI-ს მიერ [მაის-ივნისში] ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, მაია სანდუს პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი - 37% აქვს. მისი მთავარი პრორუსი კონკურენტების მაჩვენებლები 5%-ს არ აღემატება.

23 ივლისს, ვაშინგტონში, სტიმსონის ცენტრში გამოსვლისას, მოლდოვის ელჩმა აშშ-ში, ვიორელ ურსუმ რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოყო, მათ შორის:

  • პრორუსული პროპაგანდის მიერ დეზინფორმაციის ფართო გავრცელება;
  • ამომრჩევლების მოსყიდვა ქვეყნის გარედან შემოტანილი ფულით [როცა 100 დოლარიც ფულია ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყანაში];
  • კიბერშეტევების საფრთხე - მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე.

ელჩი განმარტავს, რომ რუსეთის დეზინფორმაციის არხები თანდათან იხვეწება და თუკი, მაგალითად, ადრე ტროლების დეზინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზე ვრცელდებოდა, ახლა ის ხშირად - გამართულ რუმინულ ენაზეც არის მომრავლებული.

ვიორელ ურსუსთვის აშკარაა, რომ მოლდოვაში რუსულმა პროპაგანდამ თანდათან დიპფეიკების ტექნოლოგიაც დახვეწა და ასეთ ყალბ ვიდეოებში ხშირად, მაგალითად, მაია სანდუ აკეთებს ისეთი შინაარსის განცხადებებს, რასაც რეალობაში არასოდეს იტყოდა.

ელჩი ურსუ აღნიშნავს, რომ თანდათან სულ უფრო ღრმავდება ურთიერთობები მოლდოვასა და აშშ-ს შორის და მოლდოვის დღევანდელ ხელისუფლებას პრობლემების დაძლევაში აშშ-ის მტკიცე იმედი აქვს.

როცა მოლდოვას საქართველოს ადარებენ

23 ივლისს, წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო მოლდოვის საპირისპიროდ იქცევა და, როცა მოლდოვა დასავლეთთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის, საქართველოს მთავრობა შორდება მას.

საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკის მისამართით კონგრესმენებმა მწვავე შეფასებები გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს მიმართ უსამართლოდ იქცევიან და მოლდოვაში მიმდინარე ამბებზე თვალს ხუჭავენ.

„ამ განხილვის დროს არავის უხსენებია, რომ მოლდოვაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა 10-მდე ტელევიზია და საერთოდ არ ყოფილა ეს განხილვის საგანი ამერიკის კონგრესსა და სენატში. არავის უხსენებია ის, რომ მოლდოვა დღემდე რჩება დსთ-ის სახელმწიფოდ. არავის უხსენებია ის, რომ პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის კუთხით არის სერიოზული პრობლემები მოლდოვაში. პრაქტიკულად, აღარ არსებობს პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.

„ხედავთ, როგორი უსამართლობაა, დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვა, ნული პოლიტიკური და მედიაპლურალიზმით, დემოკრატიის, კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებით, აქვს მოლაპარაკებები გახსნილი და ჩვენ არა, ეს არის სრული უსამართლობა. ერთადერთი ახსნა და მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ უსამართლობას, ეს არის განსხვავებული ინტერესები“, - ესეც ირაკლი კობახიძის სიტყვებია.

საქართველოს მიმართ „განსხვავებულ ინტერესებში“ „ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები გულისხმობენ "გლობალური ომის პარტიის" ჩანაფიქრს - საქართველოს ომში ჩართვას, რასაც საერთაშორისო პარტნიორები შეთქმულების თეორიად თვლიან.

ექსპერტები ხშირად სვამენ რიტორიკულ შეკითხვას - მაშინ რატომ არ ჩაითრია იმავე „გლობალური ომის პარტიამ“ ომში მოლდოვა და როგორ მოხდა, რომ კანდიდატის სტატუსი მაინც მიანიჭა.

მოლდოვაში ტელევიზიების დახურვის ფორმას მამუკა ჟღენტი საკამათოდ თვლის, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, მოლდოვის ხელისუფლება ცაიტნოტში იყო - მკვეთრად პრორუსული მძლავრი პროპაგანდის შესაჩერებლად, რომელიც მოლდოვის სახელმწიფო ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს.

ექსპერტი მცდარს უწოდებს ინფორმაციას, რომ მოლდოვაში მედიაპლურალიზმი არ არსებობს. მისი განმარტებით, მოლდოვაში მოქმედი ტელეარხები ურთიერთგანსხვავებულ კონტენტს ავრცელებენ და ქვეყანაში არ არსებობს ტელეარხი, რომელიც ხელისუფლების რუპორის როლს ასრულებს ანდა ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს სტუმრობაზე.

„მოლდოვაში არ არსებობს თუნდაც ერთი ტელევიზია, რომელიც ასრულებს ისეთ ფუნქციას, რასაც საქართველოში - „იმედი“, რომელიც ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, მხოლოდ სახელისუფლებო პოზიციების. [მოლდოვაში] არიან ტელევიზიები, რომლებიც უფრო კეთილგანწყობილნი არიან ხელისუფლების მიმართ, მაგრამ კრიტიკულ ექსპერტებს თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იქ არავინ ბლოკავს - აშუქებენ და იწვევენ კიდეც ყველა ამ არხზე“, - ამბობს მამუკა ჟღენტი.

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ინფორმაციით, 2022/2023 წლებში მოლდოვაში 12 ტელევიზია დაიხურა.

2022 წლის 19 დეკემბრიდან მოლდოვაში ერთდროულად 6 არხი დაიხურა:
Primul in Moldova, RTR-Moldova, NTV-Moldova, Accent TV, TV6 და Orhei TV. გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების კომისიამ მიიღო, რომელიც მოლდოვაში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ამოქმედდა. რეგულაციებთან გარკვეული შეუსაბამობის გარდა, ერთ-ერთ მიზეზად უკრაინაში მიმდინარე ომის არაკორექტული გაშუქება დასახელდა.

„ეროვნული საინფორმაციო სივრცის დაცვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია დესტაბილიზაციის მცდელობების აღსაკვეთად, რომელიც წამოიწყეს საერთაშორისო დონეზე სანქცირებულმა ადამიანებმა“, - მაია სანდუს მაშინდელ განცხადებას „დოიჩე ველე“ ციტირებს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია TV6-სა და Orhei TV-ს შესახებ, რომლებსაც მსჯავრდებულ, ქვეყნიდან გაქცეულ პრორუს პოლიტიკოსთან, ილან შორთან აკავშირებდნენ.

2024 წლის ივნისში „მითების დეტექტორი“ წერდა, რომ მოლდოვაში ტელეარხების დახურვაზე ინფორმაცია "უკონტექსტოდ ვრცელდება". გამოცემამ ვრცელი ანგარიში მიუძღვნა მაისში, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ - თითქოს, ტელევიზიების დახურვა მოლდოვაში მედიის დევნით არის განპირობებული.

ხუთივე არხი, რომლებსაც მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდება, პრორუს და ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან არის კავშირში“, - წერს „მითების დეტექტორი“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG