Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, თავდასხმის შესახებ ევროკომისრის გაფრთხილება, შესაძლოა, ივანიშვილსაც ეხებოდა


ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მკვლელობის მომზადების საქმეზე.

კობახიძემ ივანიშვილის საქმე დაუკავშირა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ახსენა გლობალური ძალები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის უაღრესად შემაშფოთებელი, საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. იცით, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე იყო ტერორიზმის მუხლითაც აღძრული. ისინი მიუთითებდნენ მხოლოდ სხვა მუხლზე და არ მოიხსენიებდნენ ტერორიზმის მუხლს.

ეს ინფორმაცია არის ძალიან შემაშფოთებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება მსოფლიოში. ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი: ერთი სლოვაკეთში და მეორე აშშ-ში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა თავისი საუბარი ევროკომისართან, რომელიც, მისი თქმით, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. თუმცა კობახიძემ ამჯერად ევროკომისართან სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილსაც დაუკავშირა. იგი ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ ევროკომისრის გაფრთხილება, შესაძლოა, ივანიშვილსაც ეხებოდა.

„ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ, როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. ეს არ იყო გაფრთხილება პირადად ჩემ მიმართ, ანუ ჩემ მიმართაც იყო წამოსული ეს გაფრთხილება, მაგრამ გაფრთხილება იყო ზოგადი შინაარსის. შესაბამისად, ის შეიძლება ყოფილიყო მიმართული ნებისმიერ პოლიტიკოსზე საქართველოს ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი. პირველ რიგში სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების გარანტი“, - თქვა კობახიძემ.

24 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში იგეგმებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა. სწორედ ეს ვერსია გაავრცელეს სახელისუფლებო არხებმა ერთი დღით ადრე - ისინი ეყრდნობოდნენ წყაროს, რომელსაც თავად არ გაუჟღერებია ეს ინფორმაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდებოდა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა: ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - აღნიშნა კობახიძემ.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი კობახიძის ბრალდებას ასე უპასუხა: „ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი კონტექსტიდან ამოიგლიჯა“. „ეს არ არის სიმართლე“, - უთხრა მანამდე ამერიკულ გამოცემა Politico-ს ევროკომისიის სპიკერმა „მუქარასთან“ დაკავშირებით.

რობერტ ფიცოს 15 მაისს რამდენჯერმე ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

13 ივლისს, პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დროს, თავს დაესხნენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. ყოფილი პრეზიდენტი სახის არეში მსუბუქად დაიჭრა. დაიღუპა ექსპრეზიდენტის ერთი მხარდამჭერი, ორი კი დაიჭრა. მოკლულია თავად თავდამსხმელიც, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელიც ამავე შტატში ცხოვრობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG