Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი აცხადებს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა


ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები: ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები: ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოში იგეგმებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა. სწორედ ეს ვერსია გაავრცელეს სახელისუფლებო არხებმა გუშინ - ისინი ეყრდნობოდნენ წყაროს, რომელსაც თავად არ გაუჟღერებია ეს ინფორმაცია.

დღეს სუსმა განცხადების გავრცელება „მაღალი საჯარო ინტერესით“ ახსნა.

„ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“, - წერია სუსის განცხადებაში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სუსი „იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, 23 ივლისს კი ტელეარხებმა „რუსთავი 2-მა", „იმედმა“ და „პოს ტვ-მ" თქვეს, რომ გაირკვა, რა საქმეს იძიებდა სუსი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოკითხვაზე იბარებდა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს.

ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებების ინტერპრეტაციით, სუსი იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდება. ტელეარხები ამ ვერსიას ავითარებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველისა და მისი ადვოკატის (მიხეილ რამიშვილის) ინტერვიუების ინტერპრეტაციით.

მიხეილ რამიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სუსის გამომძიებლებს მისთვის ფაქტად არ უთქვამთ, რომ საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მიმართ.

„უბრალოდ კითხვები ისმებოდა ყველა მიმართულებით - როგორც პირად ცხოვრებაზე, კომუნიკაციაზეც. ფაქტად არ ყოფილა ნათქვამი, რომ იგეგმება ტერორისტული აქტი... ვნახე, ჩემზე დაყრდნობით როგორ გაშუქდა, თითქოს იგეგმება ტერორისტული აქტი და უნდა მოხდეს... აბსურდია, არ შეიძლება ეს ინფორმაცია [რომ იგეგმება ტერორისტული აქტი] იყოს ჩემზე დაყრდნობით“, - თქვა მიხელ რამიშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG