Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო არხები: სუსი იძიებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას


ბიძინა ივანიშვილი (მარჯვნივ) და „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ) და შალვა პაპუაშვილი
ბიძინა ივანიშვილი (მარჯვნივ) და „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ) და შალვა პაპუაშვილი

ტელეარხები „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პოს ტვ“ ამბობენ, რომ გაირკვა, რა საქმეს იძიებს სუსი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, გამოკითხვაზე იბარებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს.

ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის ინტერპრეტაციით, სუსი იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდება. ტელეარხები ამ ვერსიას ავითარებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველისა და მისი ადვოკატის ინტერვიუების ინტერპრეტაციით.

გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს ინტერვიუ დღეს მას შემდეგ მისცეს, რაც სუსმა უკრაინაში მებრძოლი სასამართლოში გამოჰკითხა.

„კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ 'ქართული ოცნების' მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი 'ქართული ოცნების' საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება“, - თქვა კამერების წინ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.

მასთან და გამოკითხვაზე მყოფ უკრაინაში მებრძოლ ქართველთან ინტერვიუ ჩაწერეს ოთხი არხის („რუსთავი 2“, „იმედი“, „პოს ტვ“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი) ჟურნალისტებმა. ოთხივე არხზე საინფორმაციო გამოშვება ამ საკითხის გაშუქებით დაიწყო. საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა, რომ ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებაზე ისაუბრა მიხეილ რამიშვილმა.

  • „პირველი არხი“: „ახალი დეტალები ხდება ცნობილი ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. როგორც ერთ-ერთი გამოსაკითხი პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, ტერორისტული აქტი ჯერ ისევ მზადების პროცესშია და ის 'ქართული ოცნების' საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და 'ქართული ოცნების' სხვა ლიდერების წინააღმდეგ მზადდება“.
  • „პოს ტვ“: „რამდენიმედღიანი დუმილი დარღვეულია. ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებულებმა საქმის მთავარი დეტალები საზოგადოებას ვეღარ დაუმალეს. გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა დღეს თქვეს, რომ გამოძიება ბიძინა ივანიშვილისა და 'ქართული ოცნების' ლიდერების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს“.
  • „რუსთავი 2“: „მხოლოდ მედიის კითხვებისა და მცდელობის შედეგად, დღეს გამოკითხვიდან გამოსულმა კახაბრიშვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა საჯაროდ დაადასტურეს, რომ გამოძიება 'ქართული ოცნების' საპატიო თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს“.
  • „იმედი“: „მზადდება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და 'ქართული ოცნების' სხვა ლიდერების მიმართ. განცხადება ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა...“ „ოთხდღიანი დუმილი დარღვეულია. გამოკითხულები და მათი უფლებადამცველები საქმის მთავარ დეტალებს ვეღარ მალავენ“.

მიხეილ რამიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სუსის გამომძიებლებს მისთვის ფაქტად არ უთქვამთ, რომ საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მიმართ.

„უბრალოდ კითხვები ისმებოდა ყველა მიმართულებით - როგორც პირად ცხოვრებაზე, კომუნიკაციაზეც. ფაქტად არ ყოფილა ნათქვამი, რომ იგეგმება ტერორისტული აქტი... ვნახე, ჩემზე დაყრდნობით როგორ გაშუქდა, თითქოს იგეგმება ტერორისტული აქტი და უნდა მოხდეს... აბსურდია, არ შეიძლება ეს ინფორმაცია [რომ იგეგმება ტერორისტული აქტი] იყოს ჩემზე დაყრდნობით“, - ამბობს მიხელ რამიშვილი.

მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმების მსგავსებაზე.

„არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც სადღაც დაიგეგმა, არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ, საბედნიეროდ, და ღმერთის წყალობით, მათ შორის. სხვას ვერაფერს დააბრალებ ტრამპის გადარჩენას. ბოლომდე არ ხდება ის, რაც მათ აქვთ დიდ სურათში დანახული და დაგეგმილი. საქართველოში გაიშიფრა. ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ეს გაგრძელებაა იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით. ახლა იგეგმებოდა თურმე ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი აფეთქებები“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

რადიო თავისუფლებას სურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიეღო ინფორმაცია, იძიებს თუ არა საქმეს, რომელიც შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას. პრესსამსახურმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გუშინ, 22 ივლისს კი, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ სუსში ტერორიზმისა და შეთქმულების კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლ ქართველებს იბარებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG